გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8064-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - ს-----–--- ლ---------ო
წარმომადგენლები - ტ------------------- და ს------------–------
მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ს--------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №3- სხდომის ოქმი, ს-----–--- ლ---------ოს ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.3. მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის დახმარების დანიშვნის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი ს-----–--- ლ---------ოს შრომის წიგნაკით დგინდება, რომ იგი, 1979 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობდა „ვ-------------------------------------------–------–----------–---–-----–--------------ში, ს--------–--------------–------------დ, ხოლო 1988 წლის 5 თებერვალს გათავისუფლდა ავადმყოფობით პენსიაზე გასვლის გამო.
დადგენილია, რომ ს-----–--- ლ---------ო არის მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უვადოდ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შრომის წიგნაკი (ს.ფ. 12);
- საპენსიო მოწმობა (ს.ფ. 88-91).
3.1.2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ, 2017 წლის 1 ნოემბრის №3- სხდომაზე, ს-----–--- ლ---------ოს (პ/ნ: 0----------), მის მიერ წარდგენილ 2017 წლის 21 აპრილის №4---- და 20 ივლისის №7---- განცხადებებზე უარი უთხრა დახმარების დანიშვნაზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად, რადგან წარდგენილი დოკუმენტები და კომისიის ხელთ არსებული მასალები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს (ვერ სრულდებოდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობები).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 21 აპრილის №4---- განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 70-73);
- 2017 წლის 20 ივლისის №7---- განცხადება, თანდართული მასალით (ს.ფ. 57-69);
- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №3- სხდომის ოქმი (ს.ფ. 16);
3.1.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0------- წერილით ს-----–--- ლ---------ოს განემარტა, რომ 2017 წლის 1 ნოემბრის სხდომაზე მას უარი ეთქვა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად დახმარების დანიშვნაზე, რადგან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა დახმარების დანიშვნის პირობებს, ვერ სრულდებოდა ზემოაღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლით განსაზღვრული პირობები (შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში, რომელსაც უფლებამონაცვლე არ ჰყავს, აგრეთვე, არ იყო წარმოდგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ფულადი გასაცემლის მიღების უფლება და კომისიის ხელთ არსებული მასალებითაც არ დასტურდებოდა, რომ სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემული იყო ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარული იყო დავალიანება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0------- წერილი (ს.ფ. 14-15).
3.1.4. დადგენილია, რომ 2006 წლის 19 სექტემბერს, ს-----–--- ლ---------ომ განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის უფროსს, სადაც მიუთითა, რომ მე-2 ჯგუფის პროფტექდაავადების ინვალიდობის საფუძვლით, 1988 წლის 5 თებერვალს გათავისუფლდა „ვ--------------“ კომბინატიდან და დაენიშნა პენსია. ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან ჰქონდა 28 წლიანი მუშაობის სტაჟი ეკუთვნოდა სტაჟის 10 ლარი, ხოლო შემდგომ, 2006 წლის 16 ოქტომბერს განმეორებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის უფროსს და მიუთითა, რომ აღარ სურდა 10 ლარიანი დახმარების მიღება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2006 წლის 19 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 145-147);
- 2006 წლის 16 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 143-144).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს-----–--- ლ---------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №3- სხდომის ოქმი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0------- წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ს-----–--- ლ---------ოს მოთხოვნა - მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის დახმარების დანიშვნის შესახებ.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე დახმარების მიმღებ პირთა წრეს, დახმარების ოდენობებს, დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს დახმარების ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ამავე წესის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დახმარება არის პირის ფულადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა ამ წესით დადგენილი ოდენობითა და პირობებით.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის თანახმად, დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.
ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ბენეფიციარის (საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ამ წესის შესაბამისად დანიშნული აქვს დახმარება - აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი) უფლება-მოვალეობები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბენეფიციარს უფლება აქვს: ა) მიიღოს დახმარება ამ წესით დადგენილი პირობებით; ბ) დამატებით მიიღოს სხვა არაფულადი სარგებელი ან/და სხვა ფულადი გასაცემლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს დახმარების გაცემის შეწყვეტა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
სასამართლო მიუთითებს, რომ დახმარების მიმღებ პირთა წრეს, ოდენობებს და დაფინანსების წყაროს განმარტავს ზემოაღნიშნული წესის მე-5 მუხლი. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის არსებითი გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელე წარმოადგენდა თუ არა დახმარების მიღების უფლების მქონე პირს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს-----–--- ლ---------ო 1979 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობდა „ვ-------------------------------------------–------–----------–---–-----–--------------ში, ს--------–--------------–------------დ, ხოლო 1988 წლის 5 თებერვალს გათავისუფლდა ავადმყოფობით პენსიაზე გასვლის გამო.
დადგენილია, რომ 2006 წლის 19 სექტემბერს, ს-----–--- ლ---------ომ განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის უფროსს, სადაც მიუთითა, რომ მე-2 ჯგუფის პროფტექდაავადების ინვალიდობის საფუძვლით 1988 წლის 5 თებერვალს გათავისუფლდა „ვ--------------“ კომბინატიდან და დაენიშნა პენსია. ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან ჰქონდა 28 წლიანი მუშაობის სტაჟი ეკუთვნოდა სტაჟის 10 ლარი, ხოლო შემდგომ, 2006 წლის 16 ოქტომბერს განმეორებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანი-ნაძალადევის ფილიალის უფროსს და მიუთითა, რომ აღარ სურდა 10 ლარიანი დახმარების მიღება.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესით“ გათვალისწინებულ ბენეფიციარს, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს დახმარების მიღების უფლებით ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №3- სხდომის ოქმი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა და ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის დახმარების დანიშვნის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს-----–--- ლ---------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილების შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2017 წლის 1 ნოემბრის №3- საოქმო გადაწყვეტილება, ს-----–--- ლ---------ოს ნაწილში.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის დახმარების დანიშვნის შესახებ.
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი