გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210310118002755594
საქმე №3/119-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05.06.2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: გ--- ხ-----–---–ი;
წარმომადგენელი: ნ----–- ხ----–---–ი
მოპასუხე: სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი: შ--–-- ბ----------ე;
მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი: ც---- მ-----–---–ი
მოპასუხე: ვ-------ი ვ-------–---–ი;
წარმომადგენელი: თ------ ბ-–-–---–-
დავის საგანი: ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს- თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომის ოქმი №22 მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2007 წლის 29 ივნისს ვ------- ვ-------–---–ის სახელზე გაცემული №1579 მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 09 ნოემბრის №16/9002 წერილი.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ----–- ხ----–---–მა განმარტა, რომ მოსარჩელე გ--- ხ-----–---–მა 1986 წელს ააშენა სახლი ქ. წ-----–ი, ბ----–-–---ის ტერიტორიაზე, ნ----–---–-ს ქ.N1--ში, რომელიც დღემდე მის მფლობელობაშია. იმ დროიდან მისი ეზოს ფართის მიმდებარე ადგილი და ჭიშკარში შესასვლელი ტერიტორია, რომელიც მიერთებულია ეზოს ფართთან, შეღობილი აქვს, ფლობს და იყენებს დღემდე, რომელიც აქვს დაუკანონებელი. მოსარჩელემ მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რათა მოეხდინა მის მფლობელობაში არსებულ ეზოსთან მიერთებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება, მას უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ზედდება, უძრავ ნივთებზე რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან ს/კ 56.04.55.0--. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №22 სხდომის ოქმით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე. მოპასუხე ვ------- ვ-------–---–ს დარეგისტრირებული აქვს მისი ეზოს ფართი და ასევე, გარშემო მდებარე მთელი ტერიტორია და მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი ეზოს ფართი და მიმდებარე ადგილები მთლიანად ისე, რომ ჩახაზული აქვს მისასვლელი საუბნო გზებიც. ვ------- ვ-------–---–ის გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება სახნავი მიწის ფართზე, რის საფუძველზეც ვ-------–---–ს იჯარით აქვს აღებული სახნავი მიწის ფართი 1.5 ჰა-ს ოდენობით ბ----–-–---ის მარჯვენა მხარეს. აღნიშნული ხელშეკრულება უდევს საფუძვლად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2007 წლის 29 ივნისის თარიღით გამოცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N1579-ს. ამ ოქმის საფუძველზე მოახდინეს ვ------- ვ-------–---–ის სახელზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის (საძოვრის და არა სახნავი მიწის ფართის) პრივატიზება 1.07 ჰა საძოვრის სახით, ამავე ოქმში პრივატიზების საფუძვლად მითითებულია არა N407, არამედ, სულ სხვა საიჯარო ხელშეკრულება N1-97/07, რაც არ არსებობს პრივატიზების საბუთებში. აღნიშნული N1579 ქონების შეძენის ოქმით, პრივატიზებული ფართი, არასოდეს არ ყოფილა საძოვრის კატეგორიის. ის დღემდე წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის თაობაზე გ--- ხ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა 21.03.2018 წელს და მან დაუყონებლივ კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მოითხოვა პრივატიზების კანონიერების შესწავლა და მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის N1579 ბათილად ცნობა. ადმინისტრაციულ საჩივარზე 13 ნოემბერს ჩაბარდა ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის პასუხი N16/9002, სადაც დადასტურებულია, რომ პრივატიზება განახორციელეს საიჯარო ოქმი N407 21.05.1997 წლის საფუძველზე, მაგრამ რატომ არის დაფიქსირებული მათ მიერ პრივატიზების საფუძვლად გამოცემულ მიწის შეძენის დამადასტურებელ N1579 ოქმში სხვა საიჯარო ხელშეკრულების ნომერი კერძოდ N1-97/07 ახსნილი არ არის. ასევე გაურკვეველია, რატომ მიიჩნიეს 1997 წელს გაცემული ფართი საძოვრად, როდესაც საიჯარო ხელშეკრულებაში გარკვევით არის დაფიქსირებული, რომ საიჯარო ფართი გახლდათ სახნავი კატეგორიის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა შ--–-- ბ----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კომისიაში წარმოდგენილ ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო უძრავ ნივთთან ს/კ;56.04.55.0-- და შესაბამისად განმცხადებელ უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ გ “ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის “ მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
2.2. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ც---- მ-----–---–მა განმარტა, რომ 1997 წლის 21 მაისს სიღნაღის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე ვ------- ვ-------–---–ს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის N407 ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომლის მიხედვით მას გადაეცა სიღნაღის რაიონის ქალაქ წ-----–ი, ბ----–-–---ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1.5 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი). 2007 წლის 21 მაისს ვ------- ვ-------–---–მა საქართველოს კანონის საფუძველზე განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სახელზე იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 29 ივნისის N1-59 ბრძანებით ვ------- ვ-------–---–ის სახელზე გაიცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1579 ოქმი, რომლის თანახმად ვ------- ვ-------–---–ს საკუთრების უფლებით გადაეცა ქალაქ წ-----–ი ბ----–-–---ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1.07 ჰა (დაუზუსტებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი). აღნიშნული მიწის ნაკვეთი პრივატიზაციამდე და მის შემდგომაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია საძოვრის კატეგორიად. ვ------- ვ-------–---–მა უძრავი ქონების შესაძენი თანხის 50% -ი 2007 წლის 29 ივნისს შეიტანა შესაბამის ანგარიშზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად რეგისტრირებულია 2007 წლის 21 მაისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1579 ოქმი. შესაბამისად პრივატიზების პროცესში საქართველოს ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო დაეყრდნო საიჯარო ხელშეკრულებას, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ექსპლიკაციას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. შესაბამისად, სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.3. მოპასუხე ვ-------ი ვ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ კანონი არ იცნობს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დამკავებლის უფლების დარღვევას. მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი 1997 წლიდან იჯარით ქონდა აღებული, და იჯარის ვადის გასვლისთანავე 2007 წელს სახელმწიფოსაგან შეიძინა საკუთრებაში და სრულიად კანონიერად გაატარა რეესტრში. მოსარჩელეს კანონის შესაბამისად უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან მიწა შეძენილია სახელმწიფოსაგან და ამჟამად არის კერძო საკუთრებაში.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 1997 წლის 21 მაისს სიღნაღის რაიონის გამგეობას და მოპასუხე ვ-------ი ვ-------–---–ს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოიჯარემ 10 წლის ვადით იჯარით მიიღო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი შეადგენდა 1,5 ჰექტარს და იჯარის სხვა ობიექტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-1997 წლის 21 მაისის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება;
3.2. 4.4. 2007 წლის 21 მაისს ვ------- ვ-------–---–მა საქართველოს კანონის საფუძველზე განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სახელზე იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 29 ივნისის N1-59 ბრძანებით ვ------- ვ-------–---–ის სახელზე გაიცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1579 ოქმი, რომლის თანახმად ვ------- ვ-------–---–ს საკუთრების უფლებით გადაეცა ქალაქ წ-----–ი, ბ----–-–---ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1.07 ჰა (დაუზუსტებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი). უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ვ------- ვ-------–---–ს სახელზე, ს/კ 56.04.55.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება;
- სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 29 ივნისის N1-59 ბრძანება;
- 2007 წლის 21 მაისის მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1579 ოქმი;
3.3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ნოემბრის საკუთრების უფლების N983 მოწმობის საფუძველზე გ--- ხ-----–---–ის და ლალი ხ-----–---–ის თანა საკუთრებაში დარეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე: სიღნაღის რაიონი, ქალაქ წ-----–ი, ნ----–---–-ს ქ.N1--ში, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანა საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1-47 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 56.04.55.1---
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.4. 2018 წლის 13 თებერვალს გ--- ხ-----–---–მა მიმართა სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ნახაზის მიხედვით ქ. წ-----–ი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1-14 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების მოწმობის გაცემა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N22 საოქმო გადაწყვეტილებით გ--- ხ-----–---–ს ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილ ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან ს/კ 56.04.55.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება
3.5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N22 ოქმი.
3.5. 2018 წლის 02 აპრილს გ--- ხ-----–---–მა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N22 საოქმო გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 2007 წლის 29 ივნისს ვ------- ვ-------–---–ის სახელზე გაცემული №1579 ოქმის კანონიერების შემოწმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 02 აპრილის ადმინისტრაციული საჩივარი;
3.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 09 ნოემბრის N16/9002 წერილით მოქალაქე გ--- ხ-----–---–ს აცნობეს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რაიმე სახის რეაგირება და განცხადებაში მითითებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სასამართლოს განხილვის საგანს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 09 ნოემბრის N16/9002 წერილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--- ხ-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი “, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “ კ “ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით. სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონთან შესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2 ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №22) მოსარჩელეს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ კომისიაში წარდგენილი ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია უძრავ ნივთთან ს/კ;56.04.55.0--, რომელიც იმყოფება მოპასუხე ვ-------ი ვ-------–---–ის საკუთრებაში.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე “, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კომისიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთოდეს საჭირო დოკუმენტაცია, დაინტერესებული პირი კი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება; ამავე მუხლის ,, გ'' ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ “ მე-3 მუხლის პირველი ნაწილი უთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია ანუ მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მიწა უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება და იგი არ უნდა იყოს განკარგული სახელმწიფოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის განკარგვა სახელმწიფოს მიერ განხორციელდა მოპასუხე ვ------- ვ-------–---–ზე 2007 წელს, კერძოდ 2007 წლის 29 ივნისის N1-59 ბრძანებით ვ------- ვ-------–---–ის სახელზე გაიცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1579 ოქმი, რომლის თანახმად ვ------- ვ-------–---–ს საკუთრების უფლებით გადაეცა ქალაქ წ-----–ი, ბ----–-–---ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1.07 ჰა (დაუზუსტებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი) ს/კ 56.04.55.0--. ამ ფაქტიდან გამომდინარე სიღნაღის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ საკუთრების აღიარების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადაო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის
მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფოს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი.
შესაბამისად, უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბერს №3/119-2018 წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, მოპასუხე ვ-------ი ვ-------–---–ს(პ/ნ 4----------) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული, ქ.წ-----–ი მდებარე საკადასტრო კოდით 56.04.25.0-- უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთვა და გასხვისება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-10, 17–ე 22-ე, 32-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601, 96-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ--- ხ-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბერს №3/119-2018 წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად, მოპასუხე ვ-------ი ვ-------–---–ს(პ/ნ 4----------) აეკრძალა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მის საკუთრებაში რიცხული, ქ.წ-----–ი მდებარე საკადასტრო კოდით 56.04.25.0-- უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთვა და გასხვისება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე პაატა ნოზაძე