გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310519002885228 (3/48-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
მოსარჩელე - ზა---------–--ა
წარმომადგენელი - ვა---------------ა
მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ლ-–----------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02----------–------ საოქმო გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 08----------–------ განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე, 12--- კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ზა---------–--ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკამყოფილებაზე.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოება
3.1.1. 2017 წლის 2------------ს ზა---------–--ამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე 12--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 2---- კვ.მ. განაშენიანების ფართზე (ხის ფიცრულ სახლზე) საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ზა---------–--ას განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 2---------ს განხორციელდა მიწის ადგილზე დათვალიერება და შედგა ოქმი.
კომისიის წევრების მიერ ოქმში მართებულად აღინიშნა, რომ მიწის ნაკვეთი არის შემოკავებული, თუმცა მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი არც აშენებული და არც დანგრეული სახით, მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სამშენებლო მასალები, რომლებიც მიწასთან არ არის მყარად დაკავშირებული და არც იძლევა იმის ვარაუდს, რომ წარმოადგენენ სახლის ნანგრევებს.
ოქმში მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, საქმეში წარმოდგენილია ფოტო-სურათები, რომელთა დაყრდნობით იგი თვლის, რომ სურათებში ასახულია სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე ხის ფიცრული სახლი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აშენებულია კომისიის მიერ ადგილის დათვალიერების შემდგომ, წარმოადგენს თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიწის დათვალიერების ოქმი;
-ფოტო-სურათები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 14.05.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2.2. 2018 წლის 0------------–- გაიმართა კომისიის სხდომა.
საქმის ზეპირი განხილვის შედეგად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მართლზომიერად, 2018 წლის 0------------–- მიიღო ჯერ №-- საოქმო გადაწყვეტილება ზა---------–--ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო შემდგომ 2018 წლის 08-----------–- იმავე შინაარსის მქონე №-- განკარგულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სარჩელის სათანადო გარემოებებითა და მტკიცებულებებით დასაბუთება. აღსანიშნავია, რომ ზა---------–--ას მიერ ვერ იქნა დადასტურებული, თუ რატომ ეწინააღმდეგება კანონს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და ისინი რა ზიანს აყენებს მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიწის დათვალიერების ოქმი;
-N51 საოქმო გადაწყვეტილება;
-N55 განკარგულება;
-ორთოფოტოები;
-ფოტო-სურათები;
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. 14.05.2019 წლის სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები ერთობლიობაში წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე 12--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ 2---- კვ.მ. განაშენიანების ფართზე (ხის ფიცრულ სახლზე), როგორც თვითნებურად დაკავებულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარება. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უპირველი ამოცანაა დაადგინოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე დაინტერესებული პირის სტატუსს და არის თუ არა იგი იმავე კანონით გათვალისწინებული უფლების მოსარგებელე.
აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული პირს წარმოადგენს ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).
იმავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტში ვკითხულობთ, რომ თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007 წლამდე) ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
აღნიშნული ნორმა გამოხატავს დაინტერესებული პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტის რამდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთ-ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ უნდა დადასტურდეს საქმის განხილვით იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ზა---------–--ას მოთხოვნა არ შეესაბამება არცერთ შემთხვევას, რამეთუ ჯერ ერთი, მის მიერ წარმოდგენილ სურათებში დაფიქსირებული ქონება არ არის აღნიშნული კანონის მიზნებისათვის ტერმინის - ,,შენობის’’ შესატყვისი და წარმოადგენს ,,დროებით შენობას’’, რადგან იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ფოტო-სურათებზე ასახული ნაგებობა არის მყარი, მონოლითური ჩამაგრებით აშენებული, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ამასთან, ეს უკანასკნელი გარემოება არ დასტურდება თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებითაც. გარდა ამისა, სურათზე არსებული ნაგებობის დროებითი შენობის სტატუსს ადასტურებს როგორც მოწის ჩვენება, ისე წარმოდგენილი ფოტოილუსტრაცია, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ ნაგებობა აშენებულია ხის მასალის ანაკრები ელემენტებისაგან.
სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტების დებულებისაგან, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა, ხოლო დროებითი შენობა განმარტებულია, როგორც ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
ის გარემოება, რომ სადავო - 12--- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არ მდებარეობს კანონისმიერი მნიშვნელობით განსაზღვრული შენობა, დადასტურებულია არა მხოლოდ ზემოთ დაფიქსირებული მსჯელობით, არამედ საქმეში არსებული ორთოფოტოებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფოტო-სურათებზე ასახული ფიცხული შენობა მოსარჩელის მიერ აშენებულია კომისიის წევრების მიერ მიწის ნაკვეთის დათვალიერების შემდგომ.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის შემოკავებას, მხოლოდ შემოკავება, როდესაც იგი არ არის განხორციელებული დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, არ იძლევა დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის შემადგენლობას.
ამდენად, იმისათვის, რომ სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პირი მივიჩნიოთ დაინტერესებულად, იგი კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად უნდა დაეუფლოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ისეთ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) და არა დროებითი შენობა, რასაც ზა---------–--ას შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ზა---------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა