გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
330210018002764515
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/36097-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე შპს „B--------------“

წარმომადგენელი თი-------–---------, და----------–--–---–-, ვ---------------

მოპასუხე აა--------–----------–--------------------------------------

წარმომადგენელი გი----------------–-–---–-

დავის საგანი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე აა--------–----------–--------------------------------------სათვის მოსარჩელე შპს „B--------------“-ს სასარგებლოდ 230 108 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 28 ივნისს, ა----------–----------–----------------------------------------“ და

შპს „B--------------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0-------- ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტისა და დანართი N1-ის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა, ქ. თბილისში, ნ----–---------------ში, ხ----–---------------------ში (საკადასტრო კოდი: 81.-----.4---- ა---–-------–-------------ის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში 2018 წლის 23 აგვისტოს შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 501 172. 75 ლარი.

ხელშეკრულების მე-3 მუხლისა და დანართი N2-ის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების ხელმოწერის (გაფორმების) დღიდან და დაესრულებინა არაუგვიანეს 12 თვის ვადაში (2018 წლის 28 ივნისამდე). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ექსპერტიზის დასკვნისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

 

ობიექტის საბოლოო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 10 აგვისტოს. 2018 წლის 29 აგვისტოს, მხარეთა შორის გაფორმდა ე.წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, ს---------მ ჩაიბარა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ბოლო ეტაპი. აქტის მიხედვით, ამ სამუშაოთა ღირებულება შეადგენდა 977 534. 31 ლარს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არა აქვთ.

 

2018 წლის 11 მაისიდან 25 ივნისის პერიოდში, თბილისში, ფიქსირდებოდა უხვი ნალექი 30 დღის შემთხვევაში. ამ დღეების განმავლობაში, შეუძლებელი იყო სახურავის საიზოლაციო, გარე ფასადის სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება, რის შესახებაც მოპასუხე ინფორმირებული იყო. აღნიშნულმა ფორსმაჟორულმა გარემოებამ განაპირობა 30 დღით სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება.

 

2018წლის 09 თებერვალს, მოსარჩელემ შეიტანა განაცხადი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით. სს „თ--–----“ ელექტრონერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები დაასრულა მხოლოდ 2018 წლის 03 ოქტომბერს. ამ მიზეზით, მნიშვნელოვნად შეფერხდა კომპანიის მიერ ელექტრონერგიის გარე ქსელის მოწყობა და შიდა ქსელების სამუშაოების დასრულება.

 

სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე, გადიოდა საკანალიზაციო ქსელი, რომლის ჩაღრმავებაც შეადგენდა დაახლოებით 30 სმ-ს. ამ მიზეზით, ვერ ხერხდებოდა სათანადო ნიშნულზე შენობის გარე ღიობის საძირკველის მოწყობა. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს თხოვნით, მიეღო სათანადო ზომები საკანალიზაციო ქსელის შესაბამის საპროექტო ნიშნულზე დაწევისათვის, რათა არ შეფერხებულიყო ღობის მოწყობის სამუშაოები. საპასუხოდ, მოპასუხემ გაგზავნა მოთხოვნა შესაბამის ორგანოებში, რის შედეგადაც საკანალიზაციო ქსელმა დაიწია საპროექტო ნიშნულამდე.

 

წითელი ხაზების დადგენის მიზნით, ობიექტის გარე პერიმეტრის დაკვალვის სამუშაოების ჩატარების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ობიექტის ტერიტორიაზე იყო განთავსებული ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი. მისი გადატანის გარეშე, შეუძლებელი იყო შენობის შიდა ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა, რის გამოც შეფერხდა შენობის გარშემო საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, გარე წყალსადენის ქსელის მოწყობა, ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება და ასფალტის საფარის მოწყობა. აღნიშნულმა ასევე იმოქმედა ობიექტის დასრულების ვადებზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ მოსარჩელემ არაერთხელ აცნობა ს---------ს და მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 2018 წლის 10 აგვისტომდე.

 

2018 წლის 03 სექტემბრის წერილით, ს---------მ მოითხოვა მოსარჩელისაგან სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გადახდა 230 108.10 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 04 სექტემბერს, ს---------მ განახორციელა საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელესთან, რომლის ფარგლებშიც პირგასამტეხლოს თანხა გამოაკლო შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ ღირებულებას (977 534.31 ლარი) და მოსარჩელეს გადაუხადა 747 426. 21 ლარი.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიუთითებს მის არაგონივრულობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადაოდ გადახდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება ვერ უზრუნველყო, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, ს---------მ იმოქმედა ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის შესაბამისად და მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაარიცხა პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 28 ივნისს, ა----------–----------–----------------------------------------“ და შპს „B--------------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0--------

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტისა და დანართი N1-ის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა, ქ. თბილისში, ნ----–---------------ში, ხ----–---------------------ში (საკადასტრო კოდი: 81.-----.4---- ა---–-------–-------------ის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში 2018 წლის 23 აგვისტოს შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 501 172. 75 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

2018 წლის 23 აგვისტოს შეთანხმება.

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლისა და დანართი N2-ის მიხედვით, მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების ხელმოწერის (გაფორმების) დღიდან და დაესრულებინა არაუგვიანეს 12 თვის ვადაში (2018 წლის 28 ივნისამდე).

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 ივლისის N3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით, განისაზღვრა 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

2018 წლის 31 ივლისის შეთანხმება.

 

3.1.3. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ექსპერტიზის დასკვნისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

3.1.4. 2018 წლის 10 აგვისტოს წერილით მოსარჩელემ აცნობა ს---------ს სამუშაოების დასრულების თაობაზე.

 

2018 წლის 29 აგვისტოს, მხარეთა შორის გაფორმდა ე.წ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, ს---------მ ჩაიბარა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ბოლო ეტაპი. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 977 534. 31 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 10 აგვისტოს წერილი.

2018 წლის 29 აგვისტოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.

 

3.1.5. 2018 წლის 03 სექტემბრის წერილით, ა-----------–----------–----------------------------მ მოითხოვა მოსარჩელისაგან სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გადახდა 230 108.10 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 04 სექტემბერს, ს---------მ განახორციელა საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელესთან, რომლის ფარგლებშიც პირგასამტეხლოს თანხა გამოაკლო შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ ღირებულებას (977 534.31 ლარი) და მოსარჩელეს გადაუხადა 747 426. 21 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

მოპასუხის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 03 სექტემბრის წერილი.

საგადახდო მოთხოვნები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაში არ ჩაითვლება იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დაჭირდება სსიპ „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის (ცნობის) გასაცემად).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

3.2.2. შპს „B--------------“-მ სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია და 46 დღის დაგვიანებით შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 230 108.10 ლარის გაქვითვას პირგასამტეხლოს ანგარიშში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება მისი ბრალით არ არის გამოწვეული და გადაცილების მიზეზად ასახელებს შემდეგ გარემოებებს: 1. 2018 წლის 11 მაისიდან 25 ივნისის პერიოდში ფიქსირდებოდა უხვი ნალექი 30 დღის განმავლობაში. 2. სს „თ--–----“ დაარღვია ელექტრონერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების შესრულების ვადა; 3. სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე გადიოდა საკანალიზაციო ქსელი. 4. ობიექტის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამდენად, მოვალეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული მისი ბრალეული მოქმედების შედეგად.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: მოსარჩელის 2018 წლის 09 ივლისის წერილი; სსიპ გარემოს ეროვნული ს---------ს მიერ მიწოდებული, ქ. თბილისის ვ-–-–-------ს მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები ნალექების შესახებ, ქ. თბილისში, 2018 წლის 11 მაისიდან 25 ივნისამდე პერიოდში; შპს „B--------------“-ს 2018 წლის 09 თებერვლის განაცხადი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ; შპს „B--------------“-ის 2018 წლის 04 სექტემბრის წერილი. შპს „B--------------“-ის 2018 წლის 23 ივლისისა და 27 ივლისის წერილები.

 

ხელშეკრულების მე-7 მუხლისა და დანართი 2-ის მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, სატენდერო დოკუმენტაციის დამატებებში მოცემული სამუშაოების შესაბამისად. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, რომლიდანაც დადგინდებოდა თითოეულ ეტაპზე კონკრეტულად რა სახისა და მოცულობის სამუშაოები იყო შესრულებულიყო.

 

ს------------------------–-------------ს მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2018 წლის 11 მაისიდან - 25 ივნისამდე პერიოდში, დღისით ნალექიანი ამინდი იყო 20 შემთხვევაში. მოსარჩელის განმარტება უხვი ნალექის გამო, სახურავის საიზოლაციო, გარე ფასადის სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოების შეფერხების თაობაზე, ადასტურებს, რომ 11 მაისისათვის არ იყო შესრულებული აღნიშნული სამუშაოები. მოსარჩელეს არ მიუთითებია და შესაბამისად არც წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მითითებულ პერიოდში ნალექის არარსებობის პირობებში, ეს ვადა საკმარისი იყო ამ სამუშაოების შესასრულებლად.

 

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 28 ივნისს იწურებოდა სამუშაოების შესრულების ვადა და შესრულებული არ იყო მითითებული სამუშაოები, ამასთან, არ დგინდება ის გარემოება, რომ 11 ივნისიდან დაახლოებით ორ კვირაში მოსარჩელე შეძლებდა აღნიშნული სამუშაოების შესრულებას, მოსარჩელის აპელირება მისი ბრალის გარეშე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაზე უსაფუძვლოა და სასამართლო არ იზიარებს.

 

2019 წლის 09 თებერვლის განაცხადით დგინდება, რომ მოსარჩელემ მიმართა სს „თ--–---- სამშენებლო ობიექტის მისამართზე, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით. 2018 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელემ, წერილი გაუგზავნა სს „თ--–----, რომელშიც აღნიშნავს, სს „თ--–----“ მიერ ვადების დარღვევაზე და ითხოვს ქსელზე მიერთებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

მოსარჩელე 2018 წლის 09 ივლისის წერილში აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები არ იყო დასრულებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება სს „თ--–----“ მიერ სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის, მისი ვადების დროში გაგრძელებისა და ამ სამუშაოების შესრულების შემაფერხებელი გარემოებების არსებობა. ამასთან, არ დგინდება, რა ეტაპზე უნდა შესრულებულიყო მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის შიდა და გარე ქსელების სამუშაოები.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რა ვადაში დაასრულა სამუშაოები სს „თ--–----“ და რომ სწორედ დაერთების სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებამ გამოიწვია კონკრეტულად ამ სამუშაოების ვადის დარღვევა.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების მიზეზად საკანალიზაციო ქსელისა და ელექტროენერგიის გადამცემი ბოძის არსებობაზე, სასამართლო ამ გარემოებებსაც არ იზიარებს ვაგადაცილებაში მოსარჩელის ბრალის გამოსარიცხად, რადგან არ დგინდება, სამშენებლო ობიექტზე განთავსებული საკანალიზაციო მილი რა სიღრმეზე იყო რეალურად განთავსებული, შეეძლო თუ არა ამ მილს, მისი მდებარეობის გათვალისწინებით ხელი შეეშალა ასფალტის საფარის, გარე კიბეებისა და გარე ღობის სამუშაოების შესრულებისათვის.

შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტება და მოწმის ჩვენება ზემოთ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რადგან ეს გარემოებები სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და აქედან გამომდინარე შესაბამისი დარგის სპეციალისტის კვლევის საგანია. ამასთან, არ დგინდება გარემოებები საკანალიზაციო ქსელის მდებარეობის შეცვლის და ამ სამუშაოების შესრულების თარიღის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მხარის განმარტებასა და მოწმის ჩვენებას არ იზიარებს სამშენებლო ობიექტზე დენის ბოძის არსებობის გამო შიდა ტექნიკის შეყვანის შეფეხებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც ცალსახად დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 ივნისისათვის, მოსარჩელეს არ ჰქონდა დასრულებული სახურავის საიზოლაციო, გარე ფასადის სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის, ელექტრონერგიის გარე და შიდა ქსელების მოწყობის, შენობის გარე ღობის საძირკველის მოწყობისა და საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელების მოწყობის სამუშაოები. ამასთან, არ დგინდება, იმ გარემოებების არსებობა, რასაც შეეძლო მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად შეეშალა ხელი სამუშაოების ვადაში შესრულებისათვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, მე-400, 361-ე, 417-ე, 420-ე, 442-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნარდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს ევალებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეესრულებინა სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს ეკისრებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა 977 534.31 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც ანაზღაურებულია 747 426.21 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ემყარება ხელშეკრულების შესრულების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არსიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შესრულებაშია. ვალდებულების შეუსრულებლობისას მოვალეს _ შპს „B--------------“-ს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაშიც მას ბრალი მიუძღვის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება _ პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ვადაგადაცილებით, რაც ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად განხილება. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, არსებობს მოსარჩელეზე პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, დარღვევის შედეგებს მიეკუთვნება არა მხოლოდ ქონებრივი ზიანი, არამედ კრედიტორის არაქონებრივი უფლებებისადმი მიყენებული ზიანი. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის წარდგენის პირობებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე საერთოდ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობას და ამასთან, სადავოდ ხდის მის ოდენობასაც. სასამართლომ დაადგინა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები არსებობს. რადგან პირგასამტეხლოს ოდენობაც შეცილებულია, სასამართლომ მის ოდენობაზე უნდა იმსჯელოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2 501 172.75 ლარის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულიოდენობაა 23 010.08 ლარი. (10-ჯერ შემცირებული). შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე უნდა განისაზღვროს ამ თანხით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დადგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ ანუ, სასამართლოს მიერ ვალდებულების არსებობის ფაქტისა და დადასტურების შემდგომ.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 230 108 ლარი. მოსარჩელეს ა-----------–----------–--------------------------------------ს მიმართ, სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს 23 010.8 ლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილია, ხოლო 207 097.2 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არა აქვს ანაზღაურებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს „ B--------------“-ს წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით და კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი აქვს ნარდობის საფასურის სახით 207 097.2 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 90%, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 4500 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 2500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ B--------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ა-----------–----------–--------------------------------------ს მოსარჩელე შპს „ B--------------“-ს სასარგებლოდ 207 097.2 ლარის გადახდა.

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა 23 010.8 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა-----------–----------–--------------------------------------ს მოსარჩელე შპს „B--------------“-ს სასარგებლოდ 4500 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 2500 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია