განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------– ნ-–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--- მ------- ძე უ--–--ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- პ-------–---–-- ქ. #1--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 7 სექტემბრის და 2018 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდები)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 7 სექტემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, ირაკლი აბაშიძისა და არაყიშვილის ქუჩების კვეთასთან ნ--- უ--–--ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა პ------ გ---–-----ზე. ძალადობის შედეგად პ------ გ---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2.2018 წლის 5 ოქტომბერს, დღის საათებში, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი #2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ--- უ--–--ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა პ------ გ---–-----ზე. ძალადობის შედეგად პ------ გ---–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინანსასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ნ--- უ--–--ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას: დაზარალებულ პ------ გ---–-----ის და მოწმეების - თ-------- მ----ს, ნ--- უ--–--ას გამოკითხვის ოქმებს, ამოცნობის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, თავად ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ--- უ--–--ას მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს.
3.3. უდავო მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ნ--- უ--–--ამ 2018 წლის 7 სექტემბერს და იმავე წლის 5 ოქტომბერს ფიზიკურად იძალადა პ------ გ---–-----ზე. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობა და ამ ძალადობით გამოწვეული ტკივილი დასტურდება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. 2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებაში სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის’’ პაციენტის სამედიცინო ბარათი #4---ის ჩანაწერის და კლინიკური დიაგნოზის საფუძველზე პ------ გ---–-----ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 08.09.2018წ. 14:56 საათზე. პაციენტს სახის არეში და მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა. 10.09.2018წელს ექსპერტმა პირადად შეამოწმა მოქალაქე პ------ გ---–-----ი. პირადი შემოწმებისას შესამოწმებელ პირს აღენიშნებოდა დაზიანება კისრის წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. შემოწმების მომენტში დაზარალებული უჩიოდა ტკივილს. 2018 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდთან მიმართებაში სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დასტურდება, 05.10.2018 წელს ექსპერტიზის ფარგლებში ექსპერტმა პირადად შეამოწმა მოქალაქე პ------ გ---–-----ი. პირადი შემოწმებისას შესამოწმებელ პირს აღენიშნებოდა დაზიანებები ცხვირის მიდამოში სისხლნაჟღენთის, ზედა ტუჩის ლორწოვანზე ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და ქვედა ტუჩის მიდამოში სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. შემოწმების მომენტში დაზარალებული უჩიოდა ტკივილს თავის მიდამოში, გულისრევის შეგრძნებას, სუნთქვის გაძნელებას.
3.4.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.6. სასამართლომ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ--- უ--–--ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდი (სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის 7 სექტემბრის და 2018 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდები), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ--- უ--–--ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე (ორი ეპიზოდი) და ქმედების ჩადენა საჯარო ადგილზე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. პასუხისმგებლობას ამძიმებს ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა არაერთხელ - ჩადენილია 2 ეპიზოდით გათვალისწინებული ძალადობრივი ქმედება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ორივე შემთხვევაში დანაშაული ჩადენილი იქნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ქუჩაში, ადამიანების თანდასწრებით, რაც ასევე ამძიმებს პირის პასუხისმგებლობას.
5.4.დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს - ნ--- უ--–--ა აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან ბრალის აღიარებით, აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის შემრიგებლური პოზიცია აისახება სასჯელის მოხდის წესზე. სასამართლოს შეფასებით ჯარიმა, რომლის განსაზღვრას ბრალდებული ითხოვს, ვერ იქნება ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე.
5.5. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ნ--- უ--–--ას დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს მაქსიმალური სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- უ--–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. ნ--- უ--–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ--- უ--–--ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. გაუქმდეს ნ--- უ--–--ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა