გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2019
საქმის ნომერი
180210018002726155
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/9---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ს---------–-–--ა

 

სხდომის მდივანი ე--------------ი

 

მოსარჩელე - შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ა’’

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,მ--------------------------------------------ა“

წარმომადგენელი - ნ--------------–ი, ა---–------–---–ი

 

დავის საგანი: დავალიანების დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 შპს ,,მ--------------------------------------------ას“ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 55849,50 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს ,,მ--------------------------------------------ას“ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 1675.50 ლარის გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლები:

 

შპს ,,მ--------------------------------------------ამ“ ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ას“ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 15 იანვარს. იმავე წლის 21 იანვარს შპს ,,მ--------------------------------------------ის“ მისამართზე, ყ--------------–----–-------ს (ყოფილი დ--–----ს რაიონი) სოფელი გ---------ში განხორციელდა სასმელი წყლის მრიცხველის გადალუქვა, სააბონენტო ბრჯენი #3------ (აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი #1-----). მომხმარებელმა არ მოაწერა ხელი აღრიცხვის კვანძის დალუქვის აქტს. მისი განმარტებით მრიცხველი, რომელიც გადაილუქა დამონტაჟებულია 25 ტონიან რეზერვუარში შემავალ მილზე (მრიცხველის ჩვენება 16489 კუბური მეტრი). რეზერვუარიდან გამავალი მილი შედის მათ მიერ მოწყობილ სატუმბო სადგურში, რომელიც ემსახურება გათოვლიანების აპარატს, მომხმარებელს აქვს დამონტაჟებული ელექტრონული მრიცხველი (მრიცხველის ტიპი ,,სიმენს მაგ 5000, მრიცხველის ჩვენება 7792 კუბური მეტრი). მრიცხველის ჩვენებები ერთმანეთს არ ედრება, ვინაიდან ძირითადი მრიცხველი დამონტაჟდა უფრო ადრე, ვიდრე ელექტრონული მრიცხველი. ამასთან, 25 ტონიან რეზერვუარზე დამონტაჟებული ტივტივა იყო გაფუჭებული და წყალი გადმოდიოდა რეზერვუარიდან.

 

დღეის მდგომარეობით, მომხმარებლის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს 55849,50 ლარს. აღნიშნული წარმოადგენს შპს ,,მ--------------------------------------------ის მიერ მოხმარებულ სასმელ წყალს, რომელიც მას მიაწოდა შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ამ“.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული წყლის დავალიანების ოდენობა, ვინაიდან გაუმართავი სისტემის გამო მრიცხველზე ხდებოდა არა მოპასუხის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული წყლის ჩვენების, არამედ ამავე დაზიანებული სისტემის გამო დაღვრილი წყლის ჩვენების ასახვაც. კერძოდ, 2015 წლის ბოლოს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ მოეწყო აღრიცხვის კვანძი შპს ,,მ--------------------------------------------ის’’ მართვაში არსებული გათოვლიანების სისტემის წყალმომარაგების მიზნით, რისთვისაც მათ მიერვე გაკეთდა 25 ტონიანი რეზერვუარი და მრიცხველი დამონტაჟდა აღნიშნული რეზერვუარის გარეთ; შესაბამისად, მრიცხველი დამონტაჟებული იყო იმგვარად, რომ აღრიცხავდა რეზერვუარში შემავალი წყლის მოცულობას; ამასთან, არ დასტურდება რა პერიოდში მოხდა სადავო თანხის დარიცხვა, მაშინ როცა მოსარჩელე მხარის ვალდებულება იყო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა ეწარმოებინა ყოველთვიურად. ამასთან, დასახელებულ თანხაში ჩათვლილია დაზიანებული რეზერვუარიდან დაღვრილი წყლის ჩვენებაც. მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა მოპასუხისთვის წყლის მიწოდება განეხორციელებინა კანონმდებლობისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ წყალმომარაგებისთვის მოწყობილი სისტემა უნდა ყოფილიყო გამართული და სწორად აღერიცხა მოპასუხის მიერ მოხმარებული წყალი, ხოლო დაღვრილი წყალი ვერ ჩაითვლება მოპასუხის მიერ მოხმარებულ წყლად. ,,ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილების საფუძველზე მომხმარებლის კანონმდებლობით დადგენილი წესით წყალმომარაგება, შესაბამისი კვანძის მოწყობა, მისი მოხმარებული წყლის აღრიცხვა წარმოადგენს მიმწოდებლის, მოსარჩელის ვალდებულებას, წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი ვალდებულია არასწორად ასახული აღრიცხვა გაასწოროს და შესაბამისად, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში (იხ. სხდომის ოქმი, საპაექრო სიტყვა).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 შპს ,,მ--------------------------------------------ამ“ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ას’’ აბონენტად რეგისტრაციის თხოვნით მიმართა 2016 წლის 14 იანვარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 14 იანვრის N0---- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. 2016 წლის 21 იანვარს შპს ,,მ--------------------------------------------ის“ მისამართზე დ--–----ს რაიონი, სოფელი გ---------ი, განხორციელდა სასმელი წყლის მრიცხველის გადალუქვა, სააბონენტო ბრჯენი #3------ (აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის #1-----), მომხმარებელმა ხელი არ მოაწერა აღრიცხვის კვანძის დალუქვის აქტს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის #1----- აქტი

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.3. 2015 წლის 06 აპრილიდან შპს ,,მ--------------------------------------------ის“ საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მდებარე დ--–----ს რაიონი, სოფელი გ---------ი, ს/კ 7-----------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.1.4. მოპასუხე მხარის მიერ ხელოვნური გათოვლიანების აპარატთან დამონტაჟებული ელექტრონული მრიცხველი არ არის საქართველოში რეგისტრირებული;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #1------- ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულება;

- მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ მოეწყო აღრიცხვის კვანძი მოპასუხე შპს ,,მ--------------------------------------------ის“ მართვაში არსებული გათოვლიანების სისტემის წყალმომარაგების მიზნით, რისთვისაც მათ მიერვე გაკეთდა 25 ტონიანი რეზერვუარი და მრიცხველი დამონატაჟდა აღნიშნული რეზერვუარის გარეთ, მრიცხველი დამონტაჟებული იყო იმგვარად, რომ აღრიცხავდა რეზერვუარში შემავალი წყლის მოცულობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.2.2. ამასთან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მოწყობილი 25 ტონიანი რეზერვუარი იყო დაზიანებული, კერძოდ, არ მუშაობდა წყლის დონის მარეგულირებელი ტივტივა და ხდებოდა წყლის გადმოღვრა; შესაბამისად, წყალი მოედინებოდა და ხდებოდა რეზერვუარზე დამონტაჟებულ მრიცხველზე შესაბამისი ჩვენების ასახვა, რაც ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისთვის;

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მხარეთა ახსნა-განმარტებბისა და მოწმის ჩვენების ურთიერთშეჯერების საფუძველზე; კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითა შპს ,,მ--------------------------------------------ის’’ გ---------ის მართვის დეპარტამენტის სასრიალო გზების მომზადების სამსახურის გათოვლიანების სისტემის მენეჯერი გ---------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ 25 ტონიანი რეზერვუარის დამონტაჟება მოხდა 2015 წელს იმ მიზნით, რომ მოპასუხე მხარისთვის უზრუნველეყო წყლის მიწოდება, რომელსაც ეს უკანასკნელი იყენებდა გათოვლიანების სისტემისთვის. მოწმის განმარტებით სხვა დანიშნულება აღნიშნულ რეზერვუარს არ ჰქონია; მისივე ჩვენებით, ტივტივა დაზიანდა დამონტაჟებიდან დაახლოებით ერთ კვირაში, რის თაობაზეც ეცნობა მოსარჩელე მხარეს და მათი მხრიდან გამოყოფილი ორი წარმომადგენლისა და მოპასუხე კომპანიის თანამშრომლების დახმარებით ღამისთევით არეგულირებდნენ რეზერვუარში წყლის დონეს. წყალმომარაგების კომპანიის მიერ ორჯერ შეკეთდა ტივტივა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება თურქეთიდან ჩამოეტანათ ახალი ტივტივა, რაც დღემდე არ შეუსრულებიათ. კომპანიებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება ზეპირსიტყვიერად მიმდინარეობდა; მოწმის განმარტებით, შპს ,,მ--------------------------------------------ამ’’ 2017 წლიდან დაამონტაჟა ასევე მეორე, ამჯერად უკვე თავის ბალანსზე არსებული 80 ტონიანი რეზერვუარი, რომელშიც ინახავენ მოსარჩელე კომპანიის მიერ მოწოდებულ წყალს იმ შემთხვევისთვის, თუ წყლის მიწოდებისას რაიმე პრობლემა შეიქმნება.

 

3.2.3. შპს ,,მ--------------------------------------------ა“ აბონენტად დარეგისტრირდა 2016 წლის იანვარში, ხოლო 2016 წლის ივლისის თვეში დაერიცხა წყლის საფასური - 55.849.50 ლარი. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის დასტურად, თუ რა პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურს ასახავს 2016 წლის ივლისის თვეში აბონენტის ბარათზე დარიცხული თანხა, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- აბონენტის ბარათი

- მხარეთა ახსნა განმარტება

 

3.2.4. შპს ,,მ--------------------------------------------ამ“ 2016 წლის 09 ნოემბერს, უკვე წერილობით მიმართა შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ას’’, რომლითაც გააპროტესტა მიწოდებული წყლის საფასურის ოდენობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ--------------------------------------------ის“ წერილი

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

3.4. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-319-ე, 361-ე, 477-ე მუხლებით;

,,ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილება

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

,,ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება, სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

 

წესების მე-4 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის სასმელი წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს განაცხადში ასახული მონაცემები და სასმელი წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს სასმელი წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და სასმელი წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

 

ამავე წესების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე, ხოლო მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მეშვეობით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შინაარსს, კერძოდ, სადავო არაა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულია სასმელი წყლის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც წყლის გამყიდველია მოსარჩელე, ხოლო მყიდველი - მოპასუხე. ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურებას, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ასაბუთებს რა პერიოდის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა მოხდა 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, მაშინ როცა მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარე მათ აკისრებს დაღვრილი წყლის და არა ფაქტობრივად მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო რაიმე წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა სასამართლოში იმის დასტურად, თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მხარეები 2016 წლის იანვრამდე, ვიდრე მოპასუხე მხარემ განცხადებით არ მიმართა კომპანიას აბონენტად რეგისტრაციის შესახებ. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება კი იმასთან დაკავშირებით, რომ მთელმა რეგიონმა იცოდა, თუ როგორ მოიხმარდა გათოვლიანების სისტემისთვის შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ მიწოდებულ წყალს შპს ,,მ--------------------------------------------ას“ ჯერ კიდევ 2015 წლიდან ყოველგვარი სამართლებრივი ურთიერთობის გარეშე, რის გამოც მათ აქვთ უფლება მოითხოვონ მიწოდებული წყლის საფასურის დაკისრება, დაუსაბუთებელი და საფუძველსმოკლებულია.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხევევაში სადავო არაა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ მოეწყო სადავო რეზერვუარი და ტივტივა; ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ მოეწყო სადავო რეზერვუარი და ტივტივა, თუმცა აღნიშნულის მონტაჟი განხორციელდა მოპასუხის ინტერესების გათვალისწინებით, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ უკანასკნელისთვის წყლის მიწოდება. ამასთან, მათ არ ჰქონდათ დაზიანებული ტივტივას შეკეთების ვალდებულება, რადგან როგორც რეზერვუარი, ისე ტივტივა არის მოპასუხის საკუთრება, მის შიდა ქსელში შემავალი და მოსარჩელე კომპანიას არ აკისრია ვალდებულება განახორციელოს აბონენტის შიდა ქსელში არსებული ხარვეზების გამოსწორება. სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული არგუმენტი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს ,,ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებიდან, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მიმწოდებელი პასუხისმგებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ18 ნაწილის თანახმად სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემა ეს არის - წყლის მიღების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელის (მილსადენები, რეზერვუარები, ღია და დახურული არხები, საჭიროების შემთხვევაში სატუმბავი და სხვა) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება წყლის მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მისაწოდებლად. აღნიშნული დანაწესის თანახმად, ცალსახად დგინდება, რომ სადავო რეზერვუარი, მასზე არსებული ტივტივით დამონტაჟდა შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ მიერ სწორედ იმ მიზნით, რომ მომხმარებელი (კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,მ--------------------------------------------ა“) უზრუნველეყო სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგებით;

 

6.3. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დასახელებული 25 ტონიანი რეზერვუარი უშუალოდ მათ მიერ იქნა დამონტაჟებული, ასევე ორჯერადად მათი კომპანიის წარმომადგენლების მიერ შეკეთდა დაზიანებული ტივტივა, რომელიც წყლის დონეს ვერ არეგულირებდა და ხდებოდა წყლის გადმოღვრა. ამასთან, არადამაჯერებლია მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტივტივას შეკეთება მოსარჩელე კომპანიის მიერ განხორციელდა კეთილი ნების საფუძველზე; აღნიშნული არ არის გამყარებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით და წინააღმდეგობაში მოდის წესების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესთან, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემას და მის შემადგენელ დანადგარებსა თუ მოწყობილობებს, მათ შორის გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის მოწყობილობებს, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელის წყალმომარაგება. აქვე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელე კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო რეზერვუარის მონტაჟის აქტი და დოკუმენტი თუ ვის ბალანსზე აღირიცხა იგი, აღრიცხვის კვანძის მოწყობის, ასევე, წყალმომარაგების სისტემის შემოწმებისა და შეკეთების დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტები;

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის ნოემბრამდე მოპასუხე მხარეს არ მიუმართავს შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ისთვის’’ დაზიანებული ტივტივას შეკეთების მოთხოვნით, რადგან როდესაც 2016 წლის იანვრის თვეში მოხდა აბონენტად რეგისტრაცია და აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის შედგენა, მოპასუხის წარმომადგენელმა ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, რითიც დასტურდება, რომ იგი არ ეთანხმებოდა იმ დროისთვის მრიცხველზე არსებულ ჩვენებას; მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ დასახელებული აქტი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან მასში არ არის მითითება მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციასთან დაკავშირებით შენიშვნის გრაფაში, რაც საეჭვოს ხდის ამ დროისთვის მრიცხველის ჩვენების სისწორეს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

6.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ა’’ 2016 წლიდან აწვდის წყალს მოპასუხე მხარეს, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, ხოლო მოპასუხე თავის მხრივ, ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული წყლის საფასური; ამასთან, სადავოა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ დაზიანებული წყალმომარაგების სისტემის (რეზერვუარი, ტივტივა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა მათი ვალდებულება არ იყო, ასევე ვერ დაადასტურა 2016 წლის ივლისის თვეში დარიცხული წყლის საფასური აბონენტად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდს ასახავს, თუ ეს არის აბონენტად რეგისტრაციამდე მიწოდებული წყლის საფასური. აღნიშნულის მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებებით მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

6.5. წესების მე-9 მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად., ხოლო ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.

 

წესების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი, ამ წესების შესაბამისად, ვალდებულია შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში, სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში).

 

ამდენად, აბონენეტის ბარათიდან ყოველთვიურად მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა და ამის საფუძველზე საფასურის დარიცხვა არ დასტურდება. თუ აბონენტი არ იხდის მოხმარებული წყლის საფასურს, კომპანია უფლებამოსილია შეუწყვიტს აბონენტს წყლის მიწოდება, რასაც კონკრეტულ შემთვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ა’’ მოპასუხეს აწვდიდა სასმელ წყალს, ამასთან, გამყიდველს გაყიდული საქონლის ფასის მოთხოვნის უფლება იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ მას შესრულებული აქვს სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ,,ს----------–-----------------------–---–-----------------------–-------–------------–----------ს 2008 წლის 26 ნოემბრის #32 დადგენილებით დამტკიცებული სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში, გამყიდველს (მოსარჩელეს) უნდა დაედასტურებინა, რომ მრიცხველის ჩვენება და თანხის დარიცხვა ხორციელდებოდა გამართული წყალმომარაგების სისტემის პირობებში, ამასთან, რა პერიოდში მიწოდებული ფაქტობრივად მოხმარებული წყლის ოდენობას ასახავს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული სასმელი წყლის საფასური; მოსარჩელე მხარემ თავის მტკიცების საგანში შემავალი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

 

ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------------------–--–---–----------------------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ს---------–-–--ა