გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210019002910562
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6085-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,S--------"

წარმომადგენელი - ნ----–---–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

წარმომადგენელი - ზ--------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მოსარჩელე შპს ,,S--------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 22 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის N----------- ფარგლებში დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუნაზღაურებელი თანხა, 14827.92 ლარი.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

2017 წლის 22 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის N----------- ფარგლებში დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა (შემსყიდველი) და მეორე მხრივ, შპს ,,S--------“-ს (მიმწოდებელი) შორის. დანართი N2-ის შესაბამისად, რომელშიც მითითებულია მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (მე-6 პუნქტი), მუშის რიცხოვნობა განსაზღვრულია ოთხი ერთეულით. ერთი ერთეულის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 650 ლარით, რაც შემდგომ დაკორექტირდა და საბოლოოდ ერთი ერთეული მუშის თანხა განისაზღვრა 617.83 ლარით, რაც ჯამურად შეადგენდა თვეში 2471.32 ლარს.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირდა შეცდომა და ოთხი ერთეული მუშის ყოველთვიური ანაზღაურების ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მიმწოდებელ კომპანიას სხვა ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიურად ურიცხავდა მხოლოდ ერთი მუშის სახელფასო თანხას 617.83 ლარს.

 

შეცდომის აღმოჩენის შემდეგ მიმწოდებელმა კომპანიამ აცნობა მთავრობის ადმინისტრაციას აღნიშნულის შესახებ, 2018 წლის 15 ოქტომბერსაც წერილით აცნობა მოსარჩელემ მოპასუხეს, რომ კომპანია სამი მუშის ხელფასს იხდიდა საკუთარი ბიუჯეტიდან, მაგრამ უშედეგოდ. დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს 14827.92 ლარს, 2018 წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით. სექტემბრის თვიდან მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გადარიცხულ იქნა ოთხი ერთეული მუშის ხელფასი. 2018 წლის 6 ნოემბრის N---/3 შეთანხმებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ჩაიწერა ოთხი ერთეული მუშა, თუმცა დავალიანება დარჩა დაუფარავი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარემ დაადასტურა მხარეთა შორის 2017 წლის 22 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც შპს ,,S--------”-ის ვალდებულებას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

მოპასუხე მხარე წარმოდგენილ შესაგებელში განმარტავს, რომ მომსახურების გაწევა უნდა მომხდარიყო 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, მიმწოდებელი შპს ,,S--------”-ის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებსა და ანგარიშსწორების დოკუმენტებში მითითებული იყო საანგარიშო პერიოდში გაწეული მომსახურების სრული ხარჯი, რომელიც მოიცავდა ერთი მუშის ხელფასს 617.83 ლარს. ხოლო ოქტომბრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებისა და ანგარიშსწორების დოკუმენტების მიხედვით, მითითებული საანგარიშო პერიოდების გათვალისწინებით გაწეული მომსახურების საფასური მოიცავდა ოთხი ერთეული მუშის ხელფასს. მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშსწორების დოკუმენტების წარმოდგენას უზრუნველყოფდა თავად მოსარჩელე. შესაბამისად, მის მიერ შედგენილი დოკუმენტების მიმართ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შენიშვნები ან/და პრეტენზიები არ გამოუთქვამს. რაც შეეხება, წერილის შემდეგ ოთხი ერთეული მუშის ხელფასის გადახდას, აღნიშნული ხორციელდებოდა წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და რადგანაც ოქტომბრის თვიდან მათ მიერ მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითებოდა ოთხი მუშის ხელფასი, ხდებოდა მოთხოვნილი თანხის ანაზღაურება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 დეკემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის N----------- ფარგლებში შპს ,,S--------”-ს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19)

 

3.1.2. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ხელშეკრულების ფარგლებში, შემსყიდველის საჭიროებისამებრ გაწეულ მომსახურების ღირებულებათა ჯამს - 154421.72 ლარს.

 

ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტის თანახმად, მომსახურების საერთო ღირებულების დეტალური ჩაშლა წარმოდგენილია ხელშეკრულების დანართ N2-ში.

 

ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველი თვის ბოლოს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის და დეფექტური აქტების შემდეგ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 7.4 პუნქტში განმარტებულია, რომ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის (შეთანხმება) სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19)

 

3.1.3. 2017 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების დანართი N2-ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების ხარჯთაღრიცხვით მუშის რაოდენობა განისაზღვრა ოთხი ერთეულით, ერთეულის ღირებულება - 650 ლარი, ჯამური ღირებულება ყოველთვიური - 2600 ლარი, წლიური - 31200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულების დანართი N2 (ს.ფ. 23)

 

3.1.4. 2018 წლის 6 ნოემბერს ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბერის N--- ხელშეკრულებაში და მომსახურების ღირებულებათა ჯამი განისაზღვრა 167921.72 ლარით. ხელშეკრულების დანართი N2 შეიცვალა ცვლილების შეტანის შეთანხმებაზე დართული დანართი N2-ით, სადაც მუშათა საჭირო რაოდენობად განსაზღვრულია ოთხი ერთეული , ერთეულის ღირებულება - 617.83 ლარი, ჯამური ღირებულება ყოველთვიური - 2471.32 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულების დანართი N3-1 (ს.ფ. 25)

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ N---/3 შეთანხმების დანართი N2 (ს.ფ. 63)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მომსახურებას ახორციელებდა ოთხი ერთეული მუშა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19)

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის N--- ხელშეკრულების დანართი N2 (ს.ფ. 23)

- 2018 წლის 2 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 57-58)

- 2017 წლის 28 დეკემბრის წერილი #--------, დანართით (ს.ფ. 91-93)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 317-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხაროს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. 649-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, ნარდობა წარმოადგენს ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები.

 

ნარდობა წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომლის დასადებად აუცილებელი ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ნარდობის ხელშეკრულება, გაფორმებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და შპს ,,S--------”-ს შორის, რომელიც დადებულია 2017 წლის 22 დეკემბერს, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარმოუდგინოს ყოველი თვის ბოლოს ფაქტიური ხარჯები, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი და განხორციელდება ანგარიშსწორება. ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს დანართები, რომელითაც მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების არსებით პირობებზე, გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა, მომსახურე პერსონალის დასახელება, რაოდენობა და ერთეულის ღირებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველმყოფ სამუშაოებში 4 ერთეული მუშის მონაწილეობა. საქმეში წარმოდგენილია შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, სადაც მუშათა რაოდენობად მითითებულია 4 ერთეული, ერთეულის ღირებულება - 650 ლარი. 2017 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2018 წლის 6 ნოემბრის შეთანხმების დანართში დაკორექტირდა მუშათა ერთეულის ღირებულება, თუმცა რაოდენობა მითითებულია ასევე 4 ერთეული, სამუშაო საათები - 09:00-18:00 საათამდე.

 

საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია შპს ,,S--------”-ის დირექტორის 2017 წლის 28 დეკემბრის წერილი #-------- დანართით, სადაც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს მიმართავს, ტექნიკური მომსახურების შეუფერხებლად გაწევის მიზნით, წერილის დანართში მითითებული, შპს ,,S--------”-ის თანამშრომლები ყოველდღიურად დაუშვას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული წერილის დანართით მუშათა რაოდენობად განსაზღვრულია 4 ერთეული: ი---------------–---–----------------–--–---–--------------–---–--------------------–---–-.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მენარდის მიერ მიწოდებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად განახორციელა ანგარიშსწორება და მას დამატებით თანხის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება. მხარეები ვალდებული არიან, ნარდობის ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა ტექნიკური მომსახურების გაწევის სამუშაოში 4 ერთეული მუშის მონაწილეობა ყოველდღიურად 09:00-18:00 საათამდე.

 

აღნიშნული გარემოების გაბათილების მიზნით მოპასუხე მხარის მიერ რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი (მითითებული 4 მუშის ყოველდღიურად დაწესებულებაში შესვლა-გამოსვლის აღრიცხვის შესახებ არსებული მონაცემები).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 495 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ დავის საგნის ღირებულებაა 14827.92 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელია 444.83 ლარი, აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილი 50.17 ლარი უნდა დაუბრუნდეს შპს ,,S--------”-ს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,S--------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შპს ,,S--------“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 14827.92 ლარის გადახდა.

 

3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შპს ,,S--------“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 444.83 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. შპს ,,S--------“-ის (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 20.03.2019 წელს სს ,,თიბისი ბანკში” (საგადასახადო დავალება N0) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 495 ლარიდან - 50.17 ლარი (ორმოცდაათი ლარი და 17 თეთრი), (გადამხდელი - ნ----–---–--ე (პ/ნ 0----------), გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე