გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
010210017001982902
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001982902

2-2352/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24/04/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს ,,მ-------–----ი“

წარმომადგენელი: მ------------–--ე

მოპასუხე: თ------ ნ-------ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

შპს ,,მ-------–----ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს თ------ ნ-------ას მის სასარგებლოდ დაეკისროს 3300 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 25 ივლისს შპს ,,ო--–-----------სსა“ და თ------ ნ-------ას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ------ ნ-------ამ შპს ,,ო--–-----------სისაგან“ 31 დღის ვადით სესხად მიიღო 1500 ლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს გაცემული სესხის 0.50% დღეში. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 2 %. ასევე ორ დღემდე ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარი, 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის ჯარიმა 100 ლარი.

 

თ------ ნ-------ამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სესხი არ დაფარა, რის გამოც სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1500 ლარი, სარგებელი - 217,50 ლარი და პირგასამტეხლო 4940 ლარი. პირგასამტეხლოს მოსარჩელე ამცირებს 1582,50 ლარამდე და საერთო ჯამში მოითხოვს მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს 3300 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. თ------ ნ-------ა სარჩელს სცნობს ძირი თანხის და სარგებელის ნაწილში. პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალს და მოითხოვს მის შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 25 ივლისს შპს ,,ო--–-----------სსა“ და თ------ ნ-------ას შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ------ ნ-------ამ შპს ,,ო--–-----------სისაგან“ 31 დღის ვადით სესხად მიიღო 1500 ლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს გაცემული სესხის 0.50 % დღეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-26

3.1.2. 2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 2 %. ასევე ორ დღემდე ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარი, 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის ჯარიმა 100 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულება. ს.ფ. 17-26

3.1.3. თ------ ნ-------ამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სესხი არ დაფარვა. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1500 ლარი, სარგებელი - 217,50 ლარი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა. ს.ფ. 30

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. შპს ,,ო--–-----------სა“ თ------ ნ-------ას მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო შპს ,,პრობლემური აქტივების ბიუროს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შეთანხმება სესხზე ბმოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. ს.ფ. 64

 

3.1.5. შპს ,,პრობლემური აქტივების ბიურომ“ თ------ ნ-------ას მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო შპს ,,მ-------–----ს“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ. ს.ფ. 84

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შეთანხმება პირგასამტეხლოზე არაგონივრულია და იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივრულ შესაბამისობაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თ------ ნ-------ამ შპს ,,ო--–-----------სისაგან“ მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1500 ლარი, სარგებელი - 217,50 ლარი და პირგასამტეხლო 1582,50 ლარი, რასაც თ------ ნ-------ა არ იხდის. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს მოპასუხეს სესხი სრულად დაფარული აქვს თუ არა. თუ დადგინდა, რომ მან სესხი არ დაფარა, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის დაკისრება.

 

6.2. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ო--–-----------სსა“ და თ------ ნ-------ას შორის ვალდებულება წარმოიშვა 2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 31 დღის ვადით თ------ ნ-------ას ასესხა 1500 ლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა ყოველდღიურად 0.50 %. მსესხებელი ვალდებული იყო ყოველი თვის 31 დღის შემდეგ გადაეხადა სესხის ძირიცა და სარგებელიც. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ თ------ ნ-------ასგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ თ------ ნ-------ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. თ------ ნ-------ამ დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 1500 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, თ------ ნ-------ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. თ------ ნ-------ას უნდა გადაეხადა ყოველდღიურად 1500 ლარის 0.50 %. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. თ------ ნ-------ამ სარგებელის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 217,50 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხად გაცემული თანხის 2 %, ორ დღემდე ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარი, 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის ჯარიმა 100 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ თ------ ნ-------ამ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 4940 ლარი, შემცირებული 1582,50 ლარი.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 2 %, ასევე ორ დღემდე ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარი და 30 დღემდე ვადაგადაცილებისათვის ჯარიმა 100 ლარი, ეწინააღმდეგება გონივრულობას. თ------ ნ-------ა ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელემ შეამცირა, მაგრამ მისი ოდენობა კვლავ არ შეესაბამება გონივრულ ოდენობას. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაში მოყვანის მიზნით პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 700 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოპასუხემ სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნო 1717.50 ლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივად სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 52,04 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს. ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი ნაწილი თანხა კი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,მ-------–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. თ------ ნ-------ას შპს ,,მ-------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

· ძირთადი თანხის - 1500 ლარის გადახდა.

· სარგებელის - 217,50 ლარის გადახდა.

· პირგასამტეხლოს სახით 700 ლარის გადახდა.

3. თ------ ნ-------ას, შპს ,,მ-------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 23,98 ლარის, ანაზღაურება.

4. შპს ,,მ-------–----ს“ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 23,98 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს შპს ‘’ო--–-----------სის’’ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი (საგადასახადო დავალება 85, გადახდის თარიღი - 16/06/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ა ფუტკარაძე