გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310018002557226
N3/93-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ელენე თაგაური
მოსარჩელე - ემ----------------–-ილი;
წარმომადგენელი - ხათ-------------–-ილი;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - კახ---------------–იძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის N892018139104-14 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივნისის N8892018139104-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N299388 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ემ----------------–-ილს დმ-----ს გან----დის თემის გამგებლის 1998 წლის 10 მარტის N4 ბრძანებით გამოეყო მიწის ნაკვეთი 0,15 ჰა ფართობი, მდებარე დმ-----ს რაიონი სოფელ გან----დში, თუმცა აღნიშნული ბრძანება ვერ იქნა მოძიებული. აღნიშნული ფაქტი ასევე დასტურდება გან----დის თემის 2001 წლის 29 ოქტომბერს გაცემული N228 ცნობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთით ფლობს და სარგებლოს მოსარჩელე.
მოსარჩელე ემ----------------–-ილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით სადაო მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად, საჯარო რეესტრმა აღნიშნული განცხადება გადააგზავნა დმ-----ს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში განსახილველად, აღიარების კომისიამ განიხილა განცხადება და ემ----------------–-ილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე არ იდგა საცხოვრებელი სახლი ასეთ შემთხვევაში კომისიას უფლება არ აქვს მიწის ნაკვეთის აღიარების.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რის გამოც მოითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო განცხადებას და განმარტა, რომ სადაო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 თებერვალს, ემ----------------–-ილმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დმ-----ს მუნიციპალიტეტის, სოფელ გან----დში მდებარე 1467 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო 1467 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, პირადი განცხადება, რომლითაც მოითხოვა დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 19 თებერვლის განცხადება;
4.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დოკუმენტაცია მიმართვით გადაუგზავნა დმ-----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 13 მარტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N119148 მიმართვა.
4.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მარტს, ემ----------------–-ილმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო №228 ცნობა. 2018 წლის 2 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა № 150995 წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივს და მოითხოვა სააგარაკო მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე გან----დის თემის გამგეობის 1998 წლის 10 მარტის № 4 ბრძანება. საქართველოს ეროვნულ არქივში აღნიშნული ბრძანება ვერ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 2 აპრილის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის № 150995 წერილი;
- საქართველოს ეროვნულ არქივის მიმართვა;
4.1.4. ქალაქ დმ-----ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 23 მაისის № 49 განკარგულებით, ემ----------------–-ილს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. აღნიშნულის გამო, 2018 წლის 4 ივნისს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ № 892018139104–16 გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 23 მაისის № 49 განკარგულება;
- 2018 წლის 4 ივნისის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის № 892018139104–16 გადაწყვეტილება.
4.1.5. დადგენილია, რომ ემ----------------–-ილს გან----დის თემის გამგეობის 1998 წლის 10 მარტის № 4 ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი ჰქონდა 0.15 ჰა სააგარაკო მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2001 წლის 29 ოქტომბერს გან----დის თემის გამგებლის მიერ გაცემული №228 ცნობა;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ემ----------------–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის N892018139104-14 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივნისის N8892018139104-16 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N299388 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 96-ე, მე-601 მუხლი;
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი;
,,საჯარო რეესტრის შესახებ ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება;
საქართველოს კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ .
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 2018 წლის 19 თებერვალს, ემ----------------–-ილმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დმ-----ს მუნიციპალიტეტში, სოფელ გან----დში მდებარე 1467 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოირკვა, რომ მან მარეგისტრირებელ ორგანოს ვერ წარუდგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ ემ----------------–-ილს გან----დის თემის გამგეობის 1998 წლის 10 მარტის № 4 ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი ჰქონდა 0.15 ჰა სააგარაკო მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ბრძანება ვერ მოიძებნა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ დადგინდეს თუ რამდენად წარმოადგენდა ემ----------------–-ილის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზანს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალიწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალიწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ წესში მითითებულია მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტითაც“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისთვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს დაუფლებული ნივთს და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი გან----დის თემის გამგებლის მიერ 2001 წლის 29 ოქტომბერს გაცემული №228 ცნობით დგინდება, რომ ემ----------------–-ილს გან----დის თემის გამგეობის 1998 წლის 10 მარტის №4 ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი ჰქონდა 0.15 ჰა სააგარაკო მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სარგებლობს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. სასამართლო განმარტავს, რომ ემ----------------–-ილმა განცხადებას დაურთო მართლზომიერი მფლობელობის სხვა დოკუმენტები, რომელთა სათანადო და არსებითი გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს ექნებოდა შესაძლებლობა სწორად შეეფასებინა წარდგენილი დოკუმენტები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ იკვეთება არც საჯარო და არც კერძო პირთა ინტერესის არსებობა.
8. საპროცესო ხარჯები;
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
g a d a w y v i t a ;
1. მოსარჩელე ემ----------------–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
_ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის N892018139104-14 გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 ივნისის N8892018139104-16 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 ივლისის N299388 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე