გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
130310919003024655
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-44-2019

(130310919003024655)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ

11 ივნისი 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე

განმცხადებელი - მ---- ნ-------ი

წარმომადგენელი - ლ--–- ქ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ-------- ნ-------ი

წარმომადგენელი - მ--- პ------–-–---–ი

მოთხოვნა – დამცავი ორდერის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 3 ივნისს მ---- ნ-------მა განცხადებით მომართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს ნ-------- ნ-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და მიუთითა, რომ მისი შვილი ნ-------- ნ-------ი არ აძლევს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას, ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც ხდება აგრესიული და ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ეჩხუბება. ნ-------- ნ-------მა იგი გამოაგდო ორსართულიანი სახლიდან და ეზოში მდებარე დამხმარე სათვსოში ათენებს ღამეებს. ეუბნება, რომ „როდის მოკვდება, რომ სახლი გაუყიდოს“. ნ-------- ნ-------ი არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს საცხოვრებელი სახლის ოთახებით, რომელიც დაკეტილი აქვს, ასევე, გადაუკეტა ონკანი და არ აძლევს წყლით სარგებლობის უფლებას.

 

განმცხადებლის მითითებით, მან არაერთხელ მიმართა პოლიციას, რომელიც ხელწერილით აფრთხილებდა ნ-------- ნ-------ს, ასევე, დააჯარიმა 250 ლარით. 2019 წლის 3 მაისს გამოძახებულ იქნა პოლიცია, რომელმაც გამოსცა შემაკავებელი ორდერი. აღიშნულ ორდერს მოქმედების ვადა გასდის 2019 წლის 3 ივნისს, რის გამოც აქვს შიში იმისა, რომ მოძალადე კვლავ დაიწყებს მასზე ზეწოლას და შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ---- ნ-------ი ითხოვს ნ-------- ნ-------ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას 6 თვის ვადით შემდეგი პირობებით: ნ-------- ნ-------ს აეკრძალოს მ---- ნ-------თან, მის სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება; ნ-------- ნ-------ს დაევალოს არ შეზღუდოს მ---- ნ-------ი, რომ თავისუფლად ისარგებლოს პირადი ნივთებით, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის.

 

მ---- ნ-------მა და მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს განცხადებას და მოითხოვეს დამცავი ორდერის გამოცემა 6 თვის ვადით.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ ნ-------- ნ-------ს დედამისისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და პირიქით ადგილი აქვს მ---- ნ-------ის მხრიდან მის წყევლას. იგი, თავის შვილის მ-–-- ნ-------ის წაქეზებით, ცდილობს ნ-------- ნ-------ი გააგდოს სახლიდან. მ---- ნ-------თან კონფლიქტის გამო მისი ცოლ-შვილი მრავალი წელია წასულია სახლიდან. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ოთახების და პირველი სართულიდან ერთი ოთახის გასაღები მ---- ნ-------ს აქვს და პირიქით იგი არ უშვებს ამ ოთახებში. ნ-------- ნ-------ს შვილის ქორწილი როდესაც ჰქონდა, მხოლოდ პოლიციის დახმარებით მოხერხდა ამ ოთახების გაღება, რომ სტუმრებისათვის ემასპინძლა და შემდეგ ისევ დაკეტა მ---- ნ-------მა. რაც შეეხება სასმელ წყალს, ეზოში არის ონკანი, რომელიც მუშა მდგომარეობაშია და მოდის წყალი. საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი შენობა მ---- ნ-------მა თვითონ აირჩია სამყოფელად და არავის არ გამოუგდია სახლიდან.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე კანონის მე-11 მუხლით თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3-31 მუხლების თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ნ-------- ნ-------ის მხრიდან მ---- ნ-------ის მიმართ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, მ---- ნ-------ი უთითებს რამდენიმე წლის წინათ მომხდარ ფაქტზე, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოდგენილა. გარდა ამისა, საქართველოს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის და 2015 წლის 27 თებერვლის წერილებიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანომ ნ-------- ნ-------ის ქმედებაში ვერ დაადგინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობა.

 

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა პირებმა ვ-–-------- მ-------მა, ნ-----–- ნ-------მა, ბ--- ნ------ემ, ნ----- ნ-------მა, მ--–---- ნ-----მა განაცხადეს, რომ ნ-------- ნ-------ის მხრიდან მ---- ნ-------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თვითონ განმცხადელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიდან ერთ-ერთმა ს----- ს-----ემ განაცხადა, რომ უშუალოდ არ დაუნახია ძალადობის ფაქტი. მან მხოლოდ დაადასტურა მხარეთა შორის კონფლიქტის არსებობა რამდენიმე წლის წინ. მოწმე ვ--–---- ნ-------მა, რომელიც განმცხადებლის შვილი და ნ-------- ნ-------ის ძმაა, დაადასტურა ძალადობის ფაქტი, თუმცა არა უკანასკნელ პერიოდში, არამედ გარკვეული ხნის წინ. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემული მოწმე საქმის ბედით დაინტერესებული პირია, რადგან მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება ქონებასთან (საცხოვრებელ სახლთან) დაკავშირებით, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს. ვ--–---- ნ-------მა თვითონვე განაცხადა სხდომაზე, რომ მას და ნ-------- ნ-------ს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობაა და მისთვის იგი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

 

ეკონომიკურ ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მოწმეებმა განმარტეს, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ყველა ოთახის და პირველ სართულზე ერთი ოთახის გასაღები მ---- ნ-------ს გააჩნია. მას აქვს, ასევე, ეზოში შესასვლელი ჭიშკრის გასაღები, ეზოში ონკანი გამართულ მდგომარეობაშია და მოდის წყალი. ეზოში მდგარი შენობა მ---- ნ-------მა თვითონ აირჩია სამყოფელად (რაც მას სხდომაზე არ უარყვია). აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ მიაჩნია დადასტურებულად ეკონომიკური ძალადობის ფაქტი.

 

გარდა ამისა, როგორც სასამართლომ დაადგინა და განმცხადებელი მხარეც არ უარყოფს, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მ---- ნ-------ი ცხოვრობდა რუსთავში შვილთან მ-–-- ნ-------თან და დაბრუნდა 2019 წლის 3 მაისს. მოცემულ დღეს იგი სახლში მიუსვლელად გამოცხადდა ა----ის პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა სახლში, სადაც იმყოფებოდა ნ-------- ნ-------ი. პოლიციამ ნ-------- ნ-------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი 1 თვის ვადით, რომლითაც ნ-------- ნ-------ს აეკრძალა მ---- ნ-------თან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ---- ნ-------ი იმყოფება. მართალია ეს შემაკავებელი ორდერი არ გასაჩივრებულა, თუმცა სასამართლოს სხდომაზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 მაისს ნ-------- ნ-------ს არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია. მ---- ნ-------ი ადასტურებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნ-------- ნ-------ს მისი პირობები არ დაურღვევია და არც შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ განუხორციელებია რაიმე ძალადობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი და დამცავი ორდერი არის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს ღონისძიება არ გამოიყენება განუსაზღვრელი დროით, არამედ დამცავი ორდერის გამოცემა ხდება 6 თვემდე ვადით და ამ ვადის გასვლის შემდეგ სასამართლო აუცილებლობის შემთხვევაში მხარის თხოვნით ხელახლა იხილავს მისი მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელების საკითხს. მოძალადისათვის გარკვეული მოქმედების შეზღუდვის კონკრეტული ვადის დაწესება გულისხმობს, რომ მოძალადეს ეძლევა ვადა გამოასწოროს თავისი ქცევა, აღარ განახორციელოს ძალადობა და თუ შესაძლებელია ნორმალური ურთიერთობა აღადგინოს მსხვერპლთან. ასეთ შემთხვევაში, ორდერი მოქმედების ვადა აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ასეთი შეზღუდვის ღონისძიების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოებები, რაც ფაქტობრივად არსებობდა მხარეთა შორის და წინ უსწრებდა საქმის განხილვას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში და მისი ვადის გასვლის შემდეგაც ნ-------- ნ-------ს არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია. ამდენად, შემაკავებელ ორდერს ჰქონდა ეფექტი და მიღწეულია კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნები. მხოლოდ ვარაუდზე (რომ შესაძლებელია ძალადობა კიდევ განმეორდეს) დაყრდნობით პირისათვის გარკვეული უფლებების (მათ შორის საკუთარ სახლში შესვლის და საკუთრებით სარგებლობის) აკრძალვა, კონკრეტული მტკიცებულებების არსებობის გარეშე, არ ემსახურება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების და უსამართლოდ და არათანაზომიერად ზღუდავს პირის კანონით გარანტირებულ უფლებებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- ნ-------ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მას უარი უნდა ეთქვას დამცავი ორდერის გამოცემაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---- ნ-------ის (პირადი N4----------) განცხადება ნ-------- ნ-------ის (პ/ნ 4----------) მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი