გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
130310519002894339
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-18-2019

(130310519002894339)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ივნისი 2019 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე - ა--- თ------ი

წარმომადგენელი - ჯ--- თ------ი, გ---- ღ-------–---–ი

მოპასუხე - ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ი----- ფ-----ე

მესამე პირი (ასკ-ის მე-16მ. II ნ.) - გ--- ქ---------ი

წარმომადგენელი - თ----- ლ-----ე

დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N44 სხდომის ოქმი და 2018 წლის 28 ივნისის N1999 განკარგულება გ--- ქ---------ის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში და 2018 წლის 28 ივნისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N505;

 

(იხ. მოთხოვნის დაზუსტება, 2019 წლის 17 მაისის სხდომის ოქმი 15:13:15-15:15:18).

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ა-–------------–------ში აქვს მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული სახლით. 2018 წლის აგვისტოში სოფელში ჩასვლილას სახლში დახვდნენ უცხო პირები, რომლებმაც განუცხდეს, რომ სახლი ეკუთვნოდა გ--- ქ---------ს. საჯარო რესტრში გადამოწმებით დაადგინა, რომ აღიარების კომისიის მიერ გაცემული N505 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 69.07.52.3--) დარეგისტრირებულია გ--- ქ---------ის სახელზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა და ზიანს აყენებს მის ინტერესებს და საკუთრების უფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კომისიას 2018 წლის 19 მარტის წერილით გადმოეგზავნა გ--- ქ---------ის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ქონების თვითნებურად ფლობის ფაქტის დასადგენად და საკუთრების უფლების ასაღიარებლად. დაინტერესებულმა პირმა კომისიას წარმოუდგინა ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფლების შესახებ. სადავო მიწის ნაკვეთი სისტემური რეგისტრაციის მონაცემების მიხედვით, არავის სახელზე არ ფიქსირდებოდა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ უცნობებია კომისიისათვის, რომ ამავე ნაკვეთზე ადრე რეგისტრირებული იყო ი---- თ------ის საკუთრების უფლება, რომელიც სააგენტომ გააუქმა 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მე-3 პირმა გ--- ქ---------მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სადავო ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობდა და ის და მამამისი შეუდგნენ ფლობას. ამ სახლზე, მას შემდეგ რაც იგი ფლობს, პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მაგრამ დოკუმენტები რომ ვერ იქნა მოძიებული, საკითხი განიხილა აღიარების კომისიამ, რომელმაც მოახდინა ადგილზე დათვალიერება მოწმეთა თანდასწრებით და დაადგინა ნივთის ფლობის ფაქტი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. 2017 წლის 22 ნოემბერს გ--- ქ---------მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ა-–-----------–------ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელი სახლი და 3306კვ.მ. მიწის ნაკვეთი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მან სარეგისტრაციო წარმოების პროცესში 2018 წლის 18 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით და მიუთითა, რომ აღნიშნულ ქონებაზე არ გააჩნდა დოკუმენტები და ითხოვა განცხადების გადაგზავნა აღიარების კომისიისათვის (იხ. აღიარების კომისიის შესაგებლის მე-16 და მე-19-27-ე ფურცლები).

 

4.2. 2018 წლის 19 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ--- ქ---------ის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, იმ საფუძვლით, რომ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე გ--- ქ---------ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. მოპასუხის შესაგებლის მე-13 ფურცელი).

 

4.3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე გ--- ქ---------ის საკითხის განხილვა გადაიდო იმ საფუძვლით, რომ წარმოსადგენი იყო დამატებითი დოკუმენტები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები. 6 ივნისს გ--- ქ---------მა წარადგინა მოწმეთა (ა---- ჯ--------ე, ა---------– ნ-------–---–ი) ნოტარიულად დამოწმებული ჩვენება (იხ. კომისიის 2018 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი; ასევე, 2018 წლის 6 ივნისის განცხადება თანდართული დოკუმენტებით - მოპასუხის შესაგებლის 33-ე-მე-40 ფურცლები).

 

4.4. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომაზე (ოქმი N44) გ--- ქ---------ის განცხადება დაკმაყოფილდა. კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N1999 განკარგულებით დამტკიცდა 14 ივნისის სხდომის ოქმი და ამ განკარგულების საფუძველზე, გ--- ქ---------ის სახელზე 2018 წლის 28 ივნისს გაიცა N505 საკუთრების უფლების მოწმობა (იხ. კომისიის 2018 წლის 14 ივნისის N44 სხდომის ოქმი და 28 ივნისის N1999 განკარგულება - მოპასუხის შესაგებლის 41-45-ე ფურცლები, ასევე, 2018 წლის 28 ივნისის N505 საკუთრების უფლების მოწმობა - ს.ფ. 11).

 

4.5. N505 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში 2018 წლის 4 ივლისს სოფ. ა-–----------–------ში მდებარე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა გ--- ქ---------ის საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდი 69.07.52.3-- (ს.ფ. 14-15).

 

4.6. გ--- ქ---------ის საკუთრების უფლება, ასევე, რეგისტრირებულია სოფ. ა-–-----------–------ში მდებარე 4503კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი 69.07.52.2--) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით. ამ რეგისტრაციის საფუძველია 1997 წელს გაცემული N119 მიღება-ჩაბარების აქტი და 2016 წლის 30 მარტს გაცემული საარქივო ცნობა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 69.07.52.2-- საკადასტრო გეგმასთან ერთად).

4.7. საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 30 მარტის N AA2016025519-04 ცნობის თანახმად, ხაშურის რაიონის ხ--–--ის საკრებულოს სოფ. ა-–-----------–------ს 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხება გ--- ქ---------ი.

კომლს პირად საკუთრებაში აწერია 20კვ.მ. საცხოვრებელი სახლი აშენებული 1975 წელს. მონაცემები მიწის შესახებ არ ფიქსირდება.

 

(იხ. საარქივო ცნობა - მოპასუხის შესაგებლის მე-14 ფურცელი).

 

4.8. 1997 წელს შედგენილი N119 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, გ--- ქ---------ს გადაეცა სოფ. ა-––------ში მდებარე მის სარგებლობაში გამოყოფილი მიწები 2 ნაკვეთად, კერძოდ, მიწის რეფორმამდე არსებული ნაკვეთები 0,58ჰა და 0,06ჰა (იხ. მიღება-ჩაბარების აქტი N119).

 

4.9. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 30 ნოემბრის N AA2018029068-05 ცნობის თანახმად, ხაშურის რაიონის ღ-----ის სასოფლო-საბჭოს სოფ. ა-–-----------–------ს 1958-1960 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, ა-–---------- თ------ის კომლის შემადგენლობა ასეთია:

1. ა-–---------- ა------ის ძე თ------ბი - ოჯახის უფროსი;

2. ფ-------- ა-–----------ს ასული თ------ი - ცოლი;

3. ნ--------- ა-–----------ს ძე თ------ი - შვილი;

4. პ----- ა-–----------ს ძე თ------ი - შვილი;

5. ზ------ ა-–----------ს ძე თ------ი - შვილი;

6. ი---- ა-–----------ს ძე თ------ი - შვილი;

7. ა--- ა-–----------ს ასული თ------ი - შვილი.

კომლს პირად საკუთრებაში აწერია 20კვ.მ. საცხოვრებელი სახლი აშენებული 1948 წელს და მიწის ნაკვეთის 0,26ჰა.

 

4.10. ხაშურის მუნიციპალიტეტის ხ--–--ის საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე 3306კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ 69.07.52.0--), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იყო ი---- თ------ის საკუთრების უფლება. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ი---- თ------ი ა--- თ------ის ძმაა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით, პირობითი განცხადებით დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება 2018 წლის 25 იანვარს და 2018 წლის 9 მარტს გააუქმა რეგისტრაცია (იხ. მოპასუხის შესაგებლის 52-55-ე ფურცლები).

 

4.11. გ--- ქ---------ის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოების დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურმა მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს სამსახურებრივი ბარათით, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ--- ქ---------ის განაცხადზე (N8-----------) წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ეკლექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე 2018 წლის 9 მარტის მდგომარეობით საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო (იხ. მოპასუხის შესაგებლის მე-17 ფურცელი).

 

4.12. 2018 წლის 9 მარტს შედგენილი სიტუაციური ნახაზის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან ამოღებული ორთოფოტოს და ი---- თ------ის სახელზე 2012 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის ურთიერთშეპირისპირებით ირკვევა, რომ ამჟამად გ--- ქ---------ის სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ნივთის (ს/კ 69.07.52.3--) ადგილმდებარეობა, კონფიგურაცია და ფართობი ზუსტად ემთხვევა ი---- თ------ის სახელზე 2018 წლის 9 მარტამდე რეგისტრირებული უძრავი ნივთის (ს/კ 69.07.52.0--) საკადასტრო მონაცემებს (იხ. მოპასუხის შესაგებლის მე-18, 52-ე და 55-ე ფურცლები).

 

4.13. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამჟამად გ--- ქ---------ის სახელზე რეგისტრირებული ქონება არის ის უძრავი ნივთი, რომელიც საარქივო ცნობის მიხედვით, ირიცხებოდა ა--- თ------ის და ი---- თ------ის მამის ა-–---------- თ------ის კომლის ქონებად. სასამართლო ეყრდნობა საქმეზე წარმოდგენილ სიტუაციურ ნახაზს და საკადასტრო გეგმებს, მოწმე ნ---- ტ-------ის ჩვენებას, რომელიც ამჟამად არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ხ--–--ის თემიდან, ხოლო ადრე მუშაობდა ამავე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. სასამართლო მე-3 პირის პოზიციის დასასაბუთებლად საკმარისად არ მიიჩნევს მოწმეების ა---- ჯ--------ის, ა---------– ნ-------–---–ის, ა---- პ-----–---–ის და გ------- ლ-----ის ჩვენებებს, რადგან ისინი ადასტურებენ მხოლოდ გ--- ქ---------ის მიერ გარკვეული პერიოდის მანძილზე საცხოვრებელი სახლის ფლობას, თუმცა ვერ იძლევიან ინფორმაციას სახლის ამშენებლის, ასევე, ა-–---------- თ------ის კომლის არსებობის პერიოდში სახლის მფლობელთა შესახებ. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებები გარკვეულ ურთიერთსაპირისპირო მონაცემებს შეიცავს და არადამაჯერებელია.

 

4.14. ამავე დროს, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მესამე პირის გ--- ქ---------ის სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მისმა ბიძამ 1960-იან წლებში იყიდა ა-–---------- თ------ისაგან, თუმცა რაიმე დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე არ შექმნილა (იხ. 2019 წლის 30 მაისის სხდომის ოქმი, 15:51:22-15:53:18).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა რა საქმეზე არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ... კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ რომ გასაჩივრებული აქტები კანონს ეწინააღმდეგება და არ იქნა მიღებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა ნაკვეთთან დაკავშირებით სადავო აქტის გამოცემამდე.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა.

 

7.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კომისიის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე იქნა გადაწყვეტილება მიღებული გ--- ქ---------ის განცხადებათან დაკავშირებით. კომისიას შესაძლებლობა ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოეთხოვა ინფორმაცია მოცემულ მიწის ნაკვეთზე ადრე რეგისტრირებული უფლებების და დაინტერესებული პირების შესახებ, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ი---- თ------ის ინტერესის სფეროში შემავალ ქონებას და რომ ამ პირის სახელზე 2018 წლის 9 მარტამდე იყო ეს ქონება რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ ამ რეგისტრაციის გაუქმება მოხდა ისე, რომ ი---- თ------ი არ იყო ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში. ი---- თ------ი წარმოადგენს მოსარჩელე ა--- თ------ის ძმას და მასთან ერთად ა-–---------- თ------ის კომლის წევრს. ი---- თ------ის შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, კომისიისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში არსებობდა ინფორმაცია ა-–---------- თ------ის კომლის კუთვნილი ქონების შესახებ, რომელიც მდებარეობდა სოფ. ა-–-----------–------ში და როგორც დადგინდა ემთხვეოდა გ--- ქ---------ის მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებას.

 

7.5. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკომლო წიგნიდან ამონაწერი წარმოადგენს მიწის მართზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, ა--- თ------იც და მისი ძმა ი---- თ------იც, როგორც კომლის წევრები იყვნენ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთი უნდა ჩაითვალოს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთად და არა თვითნებურად დაკავებულად.

 

7.6. გარდა საარქივო ცნობისა, კომისიას შეეძლო გარკვეული პირების გამოკითხვით გაერკვია საქმის გარემოებები, კერძოდ, საქმეზე მოწმედ დაკითხული ნ---- ტ-------ე ამჟამად არის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი არჩეული იმ თემიდან, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოფ. ა-–-----------–------, ხოლო უფრო ადრე მუშაობდა ამავე ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად. როგორც სასამართლოს სხდომაზე მან დაადასტურა, სადავო ფართი მოსარჩელის მამის ა-–---------- თ------ის კომლის საკუთრებას წარმოადგენდა, შესაბამისად, ამ ინფორმაციის მოპოვება აღიარების კომისიისათვის ხელმისაწვდომი იყო. ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--- ქ---------მა თვითონვე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე სადავო მიწის ნაკვეთის წინათ თ------ების მართლზომიერ მფლობელობაში ყოფნის ფაქტი.

 

7.7. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, თუ არსებობს ამავე მიწის მართლზომიერი მფლობელი, ანუ მართლზომიერი მფლობელობის უფლება უპირატესია მიწის თვითნებურად დამკავებლის უფლების მიმართ. ამდენად, კომისია (სრულყოფილად რომ გამოეკვლია გარემოებები) არ იყო უფლებამოსილი მიეღო დადებითი გადაწყვეტილება გ--- ქ---------ის განცხადებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა.

7.8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კომისია ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიის გადაწყვეტილება გ--- ქ---------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონსაწინააღმდეგოა და ზიანს აყენებს ა--- თ------ის კანონიერ ინტერესებს. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ აქტი აღმჭურველია, არ არსებობს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა, რადგან გ--- ქ---------ისათვის თავიდანვე იყო ცნობილი მოცემულ ქონებაზე სხვათა უფლების არსებობის შესახებ. ამდენად, კომისიის გადაწყვეტილება გ--- ქ---------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცსო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე გამოყენებულ არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ა--- თ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება - 2018 წლის 14 ივნისის N44 სხდომის ოქმი და 2018 წლის 28 ივნისის N1999 განკარგულება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ა-–-----------–------ში მდებარე 3306კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე გ--- ქ---------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და 2018 წლის 28 ივნისს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N505;

 

3. დაეკისროს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ა--- თ------ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი