განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
020100119002997393
დავის ტიპი
151
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002997393

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/284-19 13 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ი-----–--------------------------------------–-------–-–------------------------–----------–------------------------------–----–----------–----------------------–--------------–-----------------------------------–-----–--------------------–--------–----––----–------------------------------------------------–----------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

2.2. ადვოკატი გ---–--–--–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2019 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კ-----–- ი-----–----------- ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაემუქრა დას -თ---------------- სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა, რომ „ერთი კაცი უკვე მოვკალი და შენც მოგკლავო“, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში მოწმე გ------------------, დაზარალებულ თ---------------- და ბრალდებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ი-----–----------- და დაზარალებული თ--------------- არიან და და ძმა.

 

2.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).

ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით რომ დაემუქრა დაზარალებულ თ----------------, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის, მოწმეების: თ----------------, გ------------------, ი-----–-----------ს, ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულის შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

2.3. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

ის, რომ ბრალდებულის მუქარით დაზარალებულს შეექმნა სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე, დასტურდება დაზარალებულისა და მოწმე გ------------------ ჩვენებებით. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ თ----------------, გ------------------ გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ერთობლიობით დასტურდება, რომ თ---------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

სსკ-ის 151-ე მუხლი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ის, რომ ბრალდებული დაემუქრა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით და აღნიშნული მუქარით დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულის, მოწმეების: თ----------------, გ------------------ ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულის მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული და დაზარალებული არიან ოჯახის წევრები, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად.

ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ი-----–-----------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ი-----–----------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. ამდენად, ი-----–-----------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულში შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სიცოცხლის მოსპობის მუქარის ვერბალურად განხორციელება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შიშის განცდის გაჩენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების, კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება და ბრალდებულს უნდა შეეფარდოს უმკაცრესი სახის სასჯელი. ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ზომად გამოყენებულ უნდა იქნეს უმკაცრესი სასჯელი.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსაც, იმას, რომ სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულისთვის.

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც, აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქმედების წინაპირობების, დაზარალებულისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს დანიშნულ სასჯელზე მეტი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ განხორციელდა ნასვამ მდგომარეობაში. ამდენად, კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, ი-----–-----------ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი, გაიაროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ პროგრამა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–----------- საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად,ი-----–-----------ს დაეკისროს მოვალეობა, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლი, გაიაროს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი სპეციალური ტრენინგ პროგრამა.

პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ი-----–-----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე თვალყურის დევნა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ი-----–-----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 29 აპრილიდან იმავე წლის 13 ივნისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია