გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210017001900693
№ 2/1036-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ივნისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - სს ”სა---------–--------ი“;
წარმომადგენელი - გი------ ცხ----ა;
მოპასუხე - მი----–ი შა---–---ი, გ-- სი-----–-ძე (არ გამოცხადდა);
გ-- სი-----–-ძის წარმომადგენელი - მი----– შა---–---ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N2805063P სესხზე - 5782.94 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 2436.86 ლარს, სარგებელი - 2350.37 ლარს, ჯარიმა - 995.71 ლარს. სოლიდარული თავდების გ-- სი-----–-ძის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თავდებობის თანხით - 3000.00 ლარით.
1.2. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით 2 ლარის გადახდა.
1.3. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, ჯარიმის სახით 24.37 ლარის გადახდა.
1.4. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასური - 100.00 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 22 მარტს, სს „პრივატბანკსა“ და მი----– შა---–---ს შორის გაფორმებული N48001002687/22032103 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე ერთი წლის ვადით გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 2500,00 ლარს, წლიური საპროცენტო სარგებლის 30% დარიცხვის პირობით. ხელშეკრულება, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებდა ჯარიმას, სრული თანხის 1% ოდენობით ყოველდღიურად. 2013 წლის 22 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გ-- სი-----–-ძესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 3000 ლარით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებელი არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და ვადებს. აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ შეწყვიტა სესხებზე ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს „სა---------–--------ისა“ და სს „პრივატბანკის“ შერწყმა. შესაბამისად, სს „სა---------–--------ი“ წარმოადგენს სს „პრივატბანკის“ უფლებამონაცვლეს. 2015 წლის 03 ნოემბერს სს „სა---------–--------მა“ მი----– შა---–---ის და გ-- სი-----–-ძის წინააღმდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპონდენტებმა წარადგინეს პროტესტი, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის მოტივით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფატქობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 22 მარტს, სს „პრივატბანკსა“ და მი----– შა---–---ს შორის გაფორმებული N48001002687/22032103 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე ერთი წლის ვადით გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 2500,00 ლარს, წლიური საპროცენტო სარგებლის 30% დარიცხვის პირობით, ხელშეკრულება, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებდა ჯარიმას, სრული თანხის 1% ოდენობით ყოველდღიურად. 2013 წლის 22 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გ-- სი-----–-ძესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 3000 ლარით.
მტკიცებულებები:
- საკრედიტო ხელშეკრულება N 48001002687/22032103 (ს.ფ.20-25);
- ანკეტა-განაცხადი (ს.ფ. 27);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N 21001004160/22032013 და განცხადება (ს.ფ. 28-34);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 02 აპრილის მდგომარეობით, ანუ სარჩელის შემოტანის დროისათვის, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 7224.02 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო - 2436.86 ლარი, სარგებელი - 2350.37 ლარი, ჯარიმა - 2436.79 ლარი. 2017 წლის 28 აპრილის მი----– შა---–---მა გადაიხადა 1441.08 ლარი, რომლითაც დაიფარა ჯარიმის თანხის ნაწილი.
მტკიცებულებები:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ.127, 172-174);
- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან (ს.ფ.44-52);
3.2.2. დადგენილია, რომ სს „სა---------–--------მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის მოთხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაზეც 2016 წლის 16 მაისის ბრძანებით უარი ეთქვა, რესპონდენტის პროტესტის გამო.
მტკიცებულებები:
-2016 წლის 16 მაისის ბრძანება (ს.ფ.57);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 390-ე, 398-ე, 417-418-ე, 411-412-ე, 867-868-ე, მუხლები.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 22 მარტს, სს „პრივატბანკსა“ და მი----– შა---–---ს შორის გაფორმებული N48001002687/22032103 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 2500,00 ლარს, წლიური საპროცენტო სარგებლის 30% დარიცხვის პირობით, მოპასუხემ მიიღო თანხა, თუმცა იგი არ დაუბრუნებია, შესაბამისად, მოსარჩელის დავალიანებამ შეადგინა სესხის ძირითადი თანხა - 2436.86 ლარი, სარგებელი - 2350.37 ლარი, ჯარიმა - 2436.79 ლარი, 2017 წლის 28 აპრილს მი----– შა---–---მა გადაიხადა 1441.08 ლარი, რომლითაც დაიფარა ჯარიმის თანხის ნაწილი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ჯარიმის თანხა არის ძალიან დიდი, შესაბამისად, ჩარიცხული თანხით მხოლოდ პირგასამტეხლო არ უნდა დაფარულიყო. სასამართლო იზიარებს მოპასუხის ამ განმარტებას და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე“. (საქმე №ას-252-2019. 8 მაისი, 2019 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მიხედვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%, რაც შეუსაბამოდ დიდი ოდენობაა და უნდა შემცირდეს 0.07%, ანუ 170.57 ლარამდე. ამდენად, დავალიანებას სესხის ძირითად თანხას - 2436.86 ლარი, სარგებელს - 2350.37 ლარი და ჯარიმას - 170.57 ლარი უნდა გამოაკლდეს სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ გადახდილი 1441.08 ლარი, რის შემდეგაც დავალიანების ოდენობა გახდება 3525.8 ლარი (სესხის ძირითადი თანხა - 2436.86 ლარი, სარგებელი - 1088.14 ლარი).
მოსარჩელე ასევე ითხოვს სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან, 2017 წლის 24 აპრილიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეებზე ყოველდღიურად 24.37 ლარის დაკისრებას, რაც ასევე შეუსაბამოდ დიდ ოდენობად მიაჩნია სასამართლოს და მიიჩნევს, რომ იგი უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხის 0.03%-მდე, რაც ერთ დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 0.24 ლარს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891–ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892–ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
ამავე კოდექსის 895–ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896–ე მუხლით, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 22 მარტს საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, გ-- სი-----–-ძესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 3000 ლარით. ვინაიდან ძირითადმა მსესხებელმა ვერ დაფარა დავალიანება, მოსარჩელის მოთხოვნა სოლიდარული მოვალეების მიმართაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს იმ ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მხარეთა შეთანხმებით წლიური საპროცენტო განაკვეთი 30% განისაზღვრა კრედიტის ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. მართალია, საკრედიტო ბარათის მეშვეობით მიღებული თანხა სესხს წარმოადგენს, ბარათით სარგებლობისას განსხვავებულია სესხის გადახდის და ბანკისათვის სარგებლის გადახდის პირობები. სტანდარტული სესხის ხელშეკრულების პირობებში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი, შეთანხმებული ოდენობით და წესით. საკრედიტო ბარათის მოხმარების პრინციპიდან გამომდინარე, სარგებლის გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ბარათს გამოიყენებს და გახარჯავს მასზე დარიცხულ თანხას. შესაბამისად, მსესხებელმა წლიური საპროცენტო სარგებელი უნდა გადაიხადოს არა ანგარიშზე თანხის დარიცხვის გამო, არამედ დარიცხული თანხის ათვისების შემთხვევაში. ასეთ პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა საკრედიტო ბარათზე შემოსავლის მიღების გარდუვალობა. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ გაცემული სესხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში ბანკს გაუჩნდებოდა დამატებითი წყარო შემოსავლის მისაღებად, სასამართლოს საკრედიტო ბარათზე სამომავლოდ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძვლად არ მიიჩნია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ბოლო გადახდა დავალიანების დასაფარად (სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე) განახორციელეს 2014 წლის 31 ოქტომბერს, ვალდებულება კი დაარღვიეს 2014 წლის 01 ნოემბერს, ამ პერიოდიდან მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება მოპასუხეების მიმართ და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, იგი უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 01 ნოემბერს, თუმცა მანამდე 2017 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რითაც შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის დინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1042.74 ლარი, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა 3788.6 ლარის ნაწილში, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 113.65 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 929.08 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3525.8 ლარის გადახდა, საიდანაც სოლიდარული თავდების გ-- სი-----–-ძის პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თავდებობის თანხით - 3000.00 ლარით.
1.2. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 27 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს დღეში 0.24 ლარის გადახდა.
1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.4. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასური - 100.00 ლარი.
2. მი----– შა---–---ს და გ-- სი-----–-ძეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 113.65 ლარი, ხოლო დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხა -929.08 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე