გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
010210116001603983
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210116001603983

№2-3601/2016წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 აპრილი, 2019 წელი ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - შპს ,,ფუ-–------ი“ (შპს ,,FU--------” )

წარმომადგენელი - რო-–--------–--–-

მოპასუხე - შპს ,,ვი------“ (დირექტორი - რა----–-----)

წარმომადგენელი - ო----------–---–ი

მოპასუხე - ამ-----------–--ე

წარმომადგენლი - ა---- თო---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს ,,ფუ-–------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს „ვი------ს“ და ამ-----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ 7 612 9 (საიდანაც ძირი თანხა -2200 ლარი, პირგასამტეხლო -5 412 ლარი) ლარის გადახდა.

1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2016 წლის 23 თებერვალს (№03.12) მოსარჩელესა და შპს „ვი------ს“ შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მიქირავებული იქნა 90 ცალი სამშენებლო მასალა - ფანერა დაწებებული ფირით. ერთი ცალი ფანერას ქირის ფასი განისაზღვრა 15 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულება დაიდო 20 დღის ვადით. ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალები 2016 წლის 26 მაისს დამქირავებლის მიერ დაბრუნებული იქნა სრულად. ქირის თანხა კი გადახდილი იქნა ნაწილობრივ, ხოლო დარჩენილი ქირის დავალიანება შეადგენს 2200 ლარს, რომელიც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაბრუნებული არ იქნა დამქირავებლის მიერ.

- გარდა საიჯარო დავალიანებისა, მოპასუხეებს მართებთ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 3 %-ის ოდენობით (ქირავნობის ხელშეკრულების 4.2 მუხლი), რომელიც დღეის მდგომარეობით აღემატება 10 000 ლარს, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე ამცირებს პირგასამტეხლოს ოდენობას და მოითხოვს 1.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2200*1.5%=33) 33 ლარს, ხოლო მთლიანი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს (164*33=5412) 5 412 ლარს. შესაბამისად საერთო დავალიანება შეადგენს 7 612 ლარს.

- დასახელებული ქირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ვალდებულებებზე სრულად, სოლიდარულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას შპს „ვი------სთან“ ერთად ღებულობს ფიზიკური პირი ამ-----------–--ე.

- ქირავნობის ხელშეკრულების 5.5. მუხლის შესაბამისად, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. შპს „ვი------ს“ წარმომადგენელი ო----------–---–ი სარჩელს არ ცნობს. განამრტავს, რომ მის მარწმუნებელს სხვადასხვა დროს მოსარჩელისაგან ქირავნობით მიღებული აქვს გარკვეული სახის საგანი, მაგრამ ეს ქირავნობის საგანი მთლიანად დაბრუნებულია და ასევე მთლიანად დაფარულია ქირის თანხა. 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ შპს „ვი------“-ს არანაირ გარიგება არ გაუფორმებია შპს „ფუ-–------თან“, შპს „ვი------ს“ და-----------ის სახელზე არ გაუცია მინდობილობა, რომლის საფუძველზეც და-----------ეს შეეძლო შპს „ვი------ს“ სახელით შპს „ფუ-–------თან“ გაეფორმებინა ქირავნობის ხელშეკრულება. მინდობილობა, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, შპს „ვოგორამ“ და-----------ის სახელზე გასცა მინდობილობა მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ო----------ის მერიაში წარსადგენად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებაში, შპს „ვი------ს“ წარმომადგენლად მითითებულია მისი დირექტორი რა----–----- და არსად არ არის მითითებული შპს „ვი------ს“ წარმომადგენლად და-----------ე, ხელშეკრულებაზე არ არის დირექტორ რა----–----ის ხელმოწერა, და-----------ე კი შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი ხელმოწერაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით არ დასტურდება, რომ შპს „ფუ-–------ა“ და შპს „ვი------ს“ შორის არსებობდა რაიმე სახის გარიგება, განსახილველ შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულება. სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2.2. ამ-----------–--ის წარმომადგენელი ა---- თო--- სარჩელს არ ცნობს. განამარტავს, რომ ვინაიდან საქმის მასალებიდან ამოირიცხა 2016 წლის 15 მარტის და 5 აპრილის შეთანხმების აქტი, მოპასუხე მხარე თავის შედავებას აყალიბებს შემდეგი სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ამ-----------–--ის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ვინაიდან ამ-----------–--ეს არანაირი სოლიდარული პასუხისმგებლობა აღარ გააჩნია შპს „ფუ-–------თან“, კერძოდ 23.02.2016 წლის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე წარმოადგენდა მოპასუხე დამქირავებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებებთან დაკავშირებით სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს. ანუ ფაქტობრივად ძირითადი მოვალის სოლიდარული პასუხისმგებლობით თავდებ პირს წარმოადგენდა და ამ ხელშეკრულებით მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ 23.02.2016 წლის მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებებით, რაც შესრულებულია სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად და რაც დასტურდება კიდევაც საქმის მასალებით.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავო გარემოებებია:

- 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებაზე რა----–----ის ხელმოწერა.

- მოსარჩელისაგან შპს ,,ვი------ს“ მიერ გადასახდელია თუ არა ქირის თანხა 2200 ლარის ოდენობით;

- და-----------ეს ჰქონდა თუ არა უფლებამოსილება შპს „ვი------ს“ სახელით შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადავო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის.

 

3.2.3. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადავოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ შპს „ვი------სთან“ ნამდვილად დადო ხელშეკრულება და-----------ის წარმომადგენლობით. ამ გარემოების დადასტურება შეიძლება ხელშეკრულებით, თუმცა შპს „ვი------მ“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერების თაობაზე განმარტა, რომ არ არის დირექტორ რა----–----ის მიერ ხელმოწერილი და შპს „ვი------ს“ და-----------ის სახელზე არ გაუცია მინდობილობა, რომლითაც და-----------ეს უფლებამოსილება ენიჭებოდა შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება შპს „ვი------ს“ სახელით. ამიტომ მხოლოდ ხელშეკრულება და მინდობილობა ვეღარ გამოდგება ქირავნობის ხელშეკრულების დადების მტკიცებულებად. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ და-----------ეს ჰქონდა უფლებამოსილება შპს „ფუ-–------თან“ შპს „ვი------ს“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა რა----–-----ს ეკუთვნის.

 

3.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.6. როგორც ზემოთ განმარტა, შპს „ვი------მ“ ქირავნობის ხელშეკრულების დადება უარყო. ამტკიცებს, რომ მას და-----------ის სახელზე არ გაუცია მინდობილობა, რომლითაც მას უფლებამოსილება ჰქონდა მისი სახელით შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება. შესაბამისად არ მომხდარა ქირავნობის ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულებაზე რა----–----ის ხელმოწერა არაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი;

- შპს „ვი------ს“ წარმომადგენლის ო----------–---–ის განმარტებები სხდომის ოქმში;

 

3.2.7. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერის კუთვნილება და და-----------ის შესაბამისი უფლებამოსილების არსებობა (შპს „ვი------ს“ მიერ გაცემული მინდობილობით და-----------ე იყო თუ არა უფელბამოსილი შპს „ვი------ს“ სახელთ შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებებია. მათზეა დამოკიდებული დადგენა საკითხისა - გაფორმდა თუ არა შპს „ფუ-–------სა“ და შპს „ვი------ს“ შორის ქირავნოის ხელშეკრულება. თვით ხელშეკრულება სადავო მტკიცებულებაა და იგი ინდივიდუალურად აღარ გამოდგება ქირავნობის გარიგების მტკიცებულებად. საქ. სსკ-ის 137-ე მუხლით მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სხვა მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება გარკვეული ფაქტის დამტკიცება.

 

წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გარიგება ისე უნდა დაედო, რომ სადავოობისას დაემტკიცებინა ხელწერის ნამდვილობა. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ხელშეკრულება რა----–----ის მიერაა ხელმოწერილი. დოკუმენტზე ხელმოწერის კუთვნილება და და-----------ის სახელზე გაცემული მინდობილობა სადავო და ბუნდოვანია. მათი სადავოობისა და ბუნდოვანების გამო, მოპასუხის შპს „ვი------სთვის“ მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. მასზე პასუხი უნდა აგოს შემდგენმა - შპს „ფუ-–------მა“. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 23.02.2016წ. შპს „ვი------სთან“ დადო ქირავნობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქირავნობის ხელშეკრულება N03/12;

- 2016 წლის 23 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი;

- 2016 წლის 6 იანვრის N12 მინდობილობა;

 

3.2.8. მოსარჩელის განმარტების, რომ შპს „ვი------სთან“ და-----------ის (მინდობილობით) მეშვეობით გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება, მიღების შემდეგ მოსარჩელეს დაეკისრა საპროცესო მოვალეობა წარმოადგინოს სხვა მტკიცებულებები და დაამტკიცოს რომ შპს „ვი------სთან“ დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება 2016 წლის 23 თებერვალს. მოსარჩელე შეეცადა წარმატებით დაეძლია დასახელებული საპროცესო ვალდებულება და წარმოადგინა შპს „ვი------ს“ მიერ და-----------ის მიმართ 2016 წლის 6 იანვარს გაცემული N12 მინდობილობა. წარმოდგენილ მინდობილობაში კი მითითებულია - შპს „ვი------ს“ დირექტორმა რა----–-----მ და-----------ის მიმართ გასცა მინდობილობა, მასზედ, რომ და-----------ე უფლებამოსილია შპს „ვი------ს“ სახელით შეასრულოს ყველა, მოქმედება, რაც დაკავშირებულია ფირმის საქმიანობასთან, ხელი მოაწეროს შპს „ვი------ს“ დირექტორის სახელით ნებისმიერ კომერციულ გარიგებას, გააფორმოს ხელშეკრულება შპს „ვი------ს“ სახელით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შემსყიდველ ორგანიზაციებთან, შეასრულოს სხვა ნებისმიერი ქმედება ფირმის სახელით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში;

-2016 წლის 6 იანვრის N12 მინდობილობა;

 

3.2.9. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 6 იანვრის N12 მინდობილობის საფუძველზე და-----------ეს ჰქონდა უფლება შპს „ფუ-–------თან“ შპს „ვი------ს“ დირექტორის რა----–----ის სახელით დაედო ქირავნობის ხელშეკრულება. მინდობილობის შინაარსიდან გამომდინარე, მინდობილობა გაცემულია მხოლოდ სახელმწიფო შეყიდვებთან დაკავშირებით გარიგებების დადების მიზნით.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო ასევე აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით, მინდობილობით დასტურდება და სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ და-----------ეს არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება შპს „ვი------ს“ დირექტორის რა----–----ის სახელით შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს „ფუ-–------სა“ და შპს „ვი------ს“ შორის 2016 წლის 23 თებერვალს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება და შპს „ვი------ს" სრულად არ გადაუხდია ქირა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მინდობილობა;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ფუ-–------ის“ (შპს ,,FU--------” ) სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს 2016 წლის 23 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა თუ არა ქირავნობის ხელშეკრულება, თუ 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულების არარსებობა არ წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. ხელშეკრულების დადების ისინი თავისუფლების პრინციპით სარგებლობენ. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის საფუძვლიდან. რომლის მიხედვითაც ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ერთერთი ქვაკუთხედია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც კრედიტორს უფლებას ანიჭებს მოვალეს მოსთხოვოს გარკვეული მოქმედების შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი მოითხოვს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

წინამდებარე დავაც სწორედ ამ ნორმების ჭრილში უნდა იქნას განხილული. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დათქმული ქირის გადახდის მოთხოვნისათვის აუცილებელია სარგებლობაში ნივთის განსაზღვრული ვადით გადაცემა. მხოლოდ ნივთი განსაზღვრული ვადით გადაცემა წარმოშობს საქ. სკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე დათქმული ქირის მოთხოვნას. ქირავნობის ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულად ითვლება გამქირავებლის მიერ დამქირავებლისთვის ნივთის განსზღვრული ვადით გადაცემის შემდეგ. ნივთის განსზღვრული ვადით გადაცემის შემდეგ გამქირავებელს უჩნდება დათქმული ქირის მოთხოვნის უფლება. თუ დამქირავებელმა გამქირავებელისაგან მიიღო განსზღვრული ვადით ნივთი, მას გაუჩნდება საპასუხო ვალდებულება - დათქმული ქირა გადაიხადოს შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მოსარჩელე, მხოლოდ ნივთის განსაზღვრული ვადის გადაცემის შემდეგ შეიძენს მოთხოვნის უფლებას - შპს „ვი------ს“ მოსთხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ასეთი უფლება მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. სახლეშეკრულებო ვალდებულებაში მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ კუთვნილი მოვალეობის აუცილებელი შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებისა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში. მართალია, გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით დადების საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სკ-ის 103-114 მუხლები), თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობენ და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ საზოგადოების დირექტორები, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი). მითითებული კანონი ცალსახად განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება ამ პირთათვის დასახელებულ უფლებამოსილებათა მინიჭება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-6 პუნქტი) და რა მოთხოვნათა დაცვაა აუცილებელი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ნამდვილობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ვი------ს“ მიერ და-----------ის მიმართ 2016 წლის 6 იანვარს გაიცა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც და-----------ე უფლებამოსილია შპს „ვი------ს“ სახელით შეასრულოს ყველა, მოქმედება, რაც დაკავშირებულია ფირმის საქმიანობასთან, ხელი მოაწეროს შპს „ვი------ს“ დირექტორის სახელით ნებისმიერ კომერციულ გარიგებას, გააფორმოს ხელშეკრულება შპს „ვი------ს“ სახელით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შემსყიდველ ორგანიზაციებთან, შეასრულოს სხვა ნებისმიერი ქმედება ფირმის სახელით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

 

აღნიშნული მუხლი მოიცავს პირის როგორც სხვისი სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედების, ასევე ნამდვილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტების შემთხვევებს. უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას ადგილი აქვს, როდესაც ხელშეკრულების დადებისას პირს თავიდანვე ჰქონდა ხელშეკრულების კონკრეტულ შინაარსზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თუმცა თავისი ინიციატივით გასცდა მის ფარგლებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ და-----------ეს არ ჰქონდა უფლებამოსილება შპს „ვი------ს“ დირექტორის რა----–----ის სახელით შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხეშეკრულება, შესაბამისად და-----------ემ გადაამეტა წარმომდგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებს, თუ მან დადო ასეთი გარიგება.

 

სამოქალაქო სამართალში არსებობს მერყევად ბათილი გარიგება, რომელიც დადების მომენტში ბათილია და მისი ნამდვილობა დამოკიდებულია შემდგომში უფლებამოსილი პირის მიერ მის მოწონებაზე, ანუ თუ გარიგება არ იქნება მოწონებული, იგი ბათილი იქნება დადების მომენტიდან და შესაბამისად არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ და-----------ემ შპს „ვი------ს“ დირექტორის რა----–----ის სახელით შპს „ფუ-–------თან“ დაედო ქირავნობის ხელშეკრულება, რაც უფლებამოსილი პირის შპს „ვი------ს“ მიერ მოწონებული არ ყოფილა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ 2016 წლის 23 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ვი------ს“ შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება. ასევე არ დგინდება, რომ 2016 წლის 23 თებერვალს შპს „ფუ-–------მა“ შპს „ვი------ს“ განსაზღვრული დროით გადასცა ნივთი, შესაბამისად მას არც მოთხოვნის უფლება არ აქვს. ნივთის განსაზღვრული დროით გადაცემის გარეშე დათქმული ქირის დაბრუნების მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, შპს „ვი------ს“ მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ქირავნობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ, ამ-----------–--ესთან დადო თავდებობის ხელშეკრულება. თავდებმა პირმა იკისრა ვალდებულება შპს „ვი------სთან“ ერთად პასუხი აგოს ქირავნობის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. დავის გადაწყვეტისათვის ამოსავალი პრინციპი საქ. სკ-ის 893-ე მუხლის პირველი წინადადებაში დევს. დასახელებულმა ნორმამ დაადგინა, რომ თავდების ვალდებულებისათვის ძირითადი ვალდებულების არსებობაა განმსაზღვრელი. ანუ არ არსებობს თავდების ვალდებულება ძირითადი ვალდებულების გარეშე. წესითა და რიგით ძირითადი ვალდებულება უნდა იყოს ის ვალდებულება, რაც უნდა წარმოშობილიყო 2016 წლის 23 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ვი------ს“ შორის ქირავნობის ხელშეკრულების დადებით. საქმის მასალებით არ დადგინდა მათ შორის ქირავნობის ხელშერულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ძირითადი ვალდებულება. მისი არარსებობა გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობას. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 229 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 150 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ამ-----------–--ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის (740 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, მდებარე - ქ. ო----------ი, დ-----------–-----–-- ქუჩა (ს/კ #26.26.58.0---, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფუ-–------ი“-ს (შპს ,,FU--------”) სარჩელი მოპასუხეების - შპს „ვი------ს“ და ამ-----------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ამ-----------–--ეს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის (740 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, მდებარე - ქ. ო----------ი, დ-----------–-----–-- ქუჩა (ს/კ #26.26.58.0---, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე