განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე----–----–---–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვლ-------- ა-–----- ამ-------ი (დაბადებული - 1--- წლის 1-------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, გ-–-----ს მ-----, მე-- მი------------ნი, კორპუსი #---, ბინა #---ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი.
ადვოკატი - ნი-------------აძე
თარჯიმანი - ხა-------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2--- წლის 0------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნი, კორპუსი #--, ბინაN#---ში ვლ-------- ამ-------ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მისი ოჯახის წევრს - დის შვილს ად--– ბრ-----ს, რომელთანაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ვლ-------- ამ-------ის ქმედების შედეგად, ად--– ბრ-----ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით ვლ-------- ამ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვლ-------- ამ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულმა ად--– ბრ-----მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 9 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნი, კორპუსი #--, ბინა #---ში, მისმა ოჯახმა პაპის საპატივცემულოდ (დედის მამის) აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. სუფრასთან ისხდნენ - თვითონ, დედა - ზ--ა ამ-------ი, დედის ძმა - ვლ-------- ამ-------ი, რომელიც ცხოვრობდა მათ საცხოვრებელ სახლში, მეუღლე - მ--- ბრ-----ი და მეზობელი - ნ------- ალ-------–---–ი. სუფრის მიმდინარეობისას დედამისს ბანკიდან მოუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის თანახმადაც, ბანკი მას ჩუქნიდა 5 ლარს, რაც დედამისს ძალიან გაუხარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბიძამისმა დედამისს მისცა 50 ლარი და უთხრა: „მათხოვარი ხომ არ იყო, წასულიყო და სრულად გადაეხადა თანხა“. აღნიშნულთან დაკავშირებით მასსა და ბიძამისს - ვლ-------- ამ-------ს შორის მოხდა კამათი, რა დროსაც დაზარალებულს ეგონა, რომ ბიძამისს დანა ეჭირა ხელში, რის გამოც იფიქრა რომ მოკლავდა და გაიქცა. ამის შემდგომ პროკურორის კითხვაზე, დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბიძამისმა - ვლ-------- ამ-------მა აიღო მისი კუთვნილი შავის ფერის დანა, რომელიც მას საძინებელ ოთახში აქვს ხოლმე შენახული და გამოეკიდა, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მას შეეშინდა და გაიქცა გასასვლელი კარისაკენ, რა დროსაც მათ შუაში ჩადგნენ მისი მეუღლე - მ--- ბრ-----ი და დედამისი - ზ--ა ამ-------ი, რომლებიც ვლ-------- ამ-------ს სთხოვდნენ, რომ თავი დაენებებინა მისთვის. იგი გავიდა გარეთ, დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. მისი განმარტებით, ბიძამისის მხრიდან დანით გამოკიდებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას მისი ოჯახის წევრებთან ერთად შეესწრო მათი მეზობელი და ნათესავი ნ------- ალ-------–---–ი.
3.2. დაზარალებულ ად--– ბრ-----ის მეუღლემ - მ--- ბრ-----მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 9 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნო, კორპუსი #--, ბინა #---ში, მისი ოჯახი აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. სუფრასთან ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავად გავიდა თავის ოთახში, რა დროსაც შემოესმა კამათის ხმა. როდესაც გავიდა, ნახა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მისი მეუღლე და ბიძა - ვლ-------- ამ-------ი, რომელიც ცხოვრობდა მათთან სახლში, ჩხუბობდნენ. იგი ჩადგა შუაში და ვლ-------- ამ-------ი და მისი მეუღლე გააშველა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გაიქცა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული კონფლიქტის დროს ვლ-------- ამ-------ს ხელში დანა არ სჭერია. მოწმემ დადასტურა გამოკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა და აღნიშნა, რომ გამოძიებაში გამოკითხვისას იყო აღელვებული და გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა თითქოს ვლ-------- ამ-------ს დანა ეჭირა ხელში.
3.3. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პ------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თე----- აბ---–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 10 მაისს, პირადი კონტაქტის მეშვეობით მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნი, კორპუსი #--, ბინა #---ში მცხოვრები, ვლ-------- ამ-------ი, რომელიც მხილებული იყო დანის გამოყენებით დისშვილის - ად--– ბრ-----ის მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, იმყოფებოდა ზემოაღნიშნული კორპუსის მე-3 სადარბაზოს პირველ სართულზე და აპირებდა მიმალვას. მან აღნიშნულის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოკითხულ იქნა მოწმის სახით.
3.4. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პ------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ირ---–- ბე---მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 10 მაისს, გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ად--– ბრ-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით, მათი თანამშრომელის მიერ მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად, მუქარის განმახორციელებელი პირი - ვლ-------- ამ-------ი, რომელმაც არ იცოდა ქართული ენა, იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნის 8--- კორპუსის მე-3 სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა მიმალვას. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, თარჯიმანთან და თანამშრომელ გი------ და------–---–თან ერთად, გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ვლ-------- ამ-------ის ბრალდებულის სახით დაკავება. დაკავებისას ბრალდებულს, ასევე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნა ამოღებულა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულს განემარტა უფლებები, ადგილზე შედგენილ იქნა დაკავების ოქმი, რის შემდეგაც დაკავებული გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც ბრალდებულს გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. მოწმემ დაადასტურა დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.5. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პ------–- განყოფილების გამომძიებელმა გე----- ბა---–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2--- წლის 0------ს, გვიან ღამით, გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე ად--– ბრ-----ი, რომელმაც განმარტა, რომ ბიძა ვლ-------- ამ-------ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ად--– ბრ-----ის განცხადების საფუძველზე მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება ად--– ბრ-----ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ იქნენ განმცხადებელი ად--– ბრ-----ი და მისი მეუღლე - მ--- ბრ-----ი, ასევე, ად--– ბრ-----ის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ვლ-------- ამ-------ის საძიენებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა დანა, რაზეც მის მიერ დანიშნულ იქნა ტრასოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულს წარუდგინა ბრალი, ასევე, დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.6. დაზარალებულ ად--– ბრ-----ის დედამ და ბრალდებულ ვლ-------- ამ-------ის დამ - ზ--ა ამ-------მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შვილთან - ად--– ბრ-----თან მას და მის ფსიქიკურად დაავადებულ შვილს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. აღნიშნულის გამო, მისი ძმა ვლ-------- ამ-------ი, მისი თხოვნის საფუძველზე საცხოვრებლად გადავიდა მასთან სახლში. ამასთან, მის ძმას უკრაინიდან ჩამოტანილი ჰქონდა დანა, რომელსაც ინახავდა მის საძინებელ ოთახში, ჩაკეტილ მდგომარეობაში, რამდენადაც სახლში ჰყავთ ბავშვები. საჭიროების შემთხვევაში კი ისინი - როგორც მისი ძმა, ასევე თავადაც აღნიშნულ დანას იყენებდნენ და შემდეგ ისევ ინახავდნენ ჩაკეტილ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით, ვინაიდან მამამისი იყო სამამულო ომის მონაწილე, მის ოჯახს აქვს 0------თან დაკავშირებული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია. 2--- წლის 0------ს, აღნიშნული დღესასწაულის აღსანიშნად მან და მისმა ძმამ ზემოაღნიშნული დანის გამოყენებით მოამზადეს კერძები, რის შემდეგაც მისმა ძმამ დანა კვლავ თავის ოთახში შეინახა. სადღესასწაულო სუფრას მიუსხდნენ ოჯახის ყველა წევრი და მეზობელი ნ------- ალ-------–---–ი. სუფრის მიმდინარეობისას, იმ დროს როდესაც მისი შვილიც და ძმაც კარგად ნასვამები იყვნენ, საკრედიტო ორგანიზაცია „ვივუსი“-დან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დარჩენილი 50 ლარიდან პატიობდნენ ხუთ ლარს, რაც ძალიან გაუხარდა და ხმამაღლა გამოხატა კმაყოფილება. აღნიშნულზე მისმა ძმამ - ვლ-------- ამ-------მა უთხრა, „მათხოვარი ხომ არ ხარ“-ო და მისცა 50 ლარი, რომ სრულად გადაეხადა, ხოლო მის შვილს სიტყვა „მათხოვარი“ არ მოეწონა, რის გამოც ბიძამისთან მოუვიდა შელაპარაკება. თავის მხრივ, მან შვილს უთხრა, რომ და-ძმის საქმეში ნუ ერეოდა და თავიანთ საქმეს თვითონ მოაგვარებდნენ, თუმცა მისმა შვილმა ვლ-------- ამ-------ს დაუწყო ლანძღვა-გინება. შემდეგ ისინი - მისი ძმა და შვილი გავიდნენ სადარბაზოში, სადაც გაჰყვნენ აგრეთვე თვითონ, მისი რძალი - მ--- ბრ-----ი და მეზობელი - ნ------- ალ-------–---–ი, საიდანაც მისი შვილი - ად--– ბრ-----ი წავიდა სადღაც, ხოლო ვლ-------- ამ-------ი შეიყვანეს სახლში. მან იფიქრა, რომ მისი შვილი ეზოში ჩავიდა, დამშვიდდებოდა და ამოვიდოდა, როგორც მამამისთან ჩხუბის დროს ხდებოდა ხოლმე, თუმცა მოგვიანებით მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მისი ძმა დააკავეს. მოწმის განმარტებით, ზემოაღნიშნული კონფლიქტს იგი დაწყებიდან დასრულებამდე ესწრებოდა და კატეგორიულად შეუძლია თქვას, რომ ძმას - ვლ-------- ამ-------ს დანა არ ჭერია, ასევე, მისი მხრიდან მისი შვილის - ად--– ბრ-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა არ ყოფილა.
3.7. მოწმე ნ------- ალ-------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის ზ--ა ამ-------ის კარის მეზობელი. 2--- წლის 9 მაისის მდგომარეობით ზ--ა ამ-------ის სახლში ცხოვრობდა მისი ძმა ვლ-------- ამ-------ი, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. 2--- წლის 9 მაისს, ვლ-------- ამ-------მა იგი მიიპატიჟა მამამისის, რომელიც იყო სამამულო ომის მონაწილე, საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე. სუფრის მიმდინარეობისას ზ--ა ამ-------მა ბანკიდან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლის თანახმად დარჩენილი 50 ლარიდან ბანკი 5 ლარს პატიობდა, რაც ზ--ა ამ-------ს ძალიან გაუხარდა და სუფრის წევრებს შეატყობინა. აღნიშნულზე ძმამ - ვლ-------- ამ-------მა უთხრა, რომ „მათხოვარი ხომ არ იყო“, ის მისცემდა 50 ლარს და სრულად გადაეხადა ბანკის ვალი. აღნიშნულზე ად--– ბრ-----ი გაბრაზდა, დედაჩემს მათხოვარი რატომ უწოდეო და ამ უკანასკნელსა და ვლ-------- ამ-------ს ერთმანეთთან მოუვიდათ შელაპარაკება. შემდეგ ისინი გავიდნენ სადარბაზოში, სადაც დაახლოებით სამ წუთში თავადაც გაჰყვა, რათა მათი კამათი სერიოზულ ჩხუბში არ გადაზრდ--–იყო. როდესაც გავიდა სადარბაზოში, იქ დახვდა მხოლოდ ვლ-------- ამ-------ი, ხოლო ად--– ბრ-----ი იქ აღარ იყო. მან ვლ-------- ამ-------ი შეიყვანა სახლში, ხოლო როგორც მოგვიანებით გაარკვია ად--– ბრ-----ი აღელვების ნიადაგზე პოლიციის განყოფილებაში წასულა. მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა აღნიშნული შელაპარაკების დროს ვლ-------- ამ-------ის ხელში როგორც დანის ჭერის ფაქტი, ასევე, მისი მხრიდან ად--– ბრ-----ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელება. მოწმემ ასევე, აღნიშნა, რომ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ად--– ბრ-----ი ზოგადად ხდება ფსიქიკურად გაუწონასწორებელი. მას ხშირად გაუგია ერთი მხრივ, ად--– ბრ-----სა და მეორე მხრივ, დედამისს - ზ--ა ამ-------სა და მის ფსიქიკურად დაავადებულ დას შორის კონფლიქტი. მისი თქმით, ად--– ბრ-----ი ზოგადად არის კონფლიქტური პიროვნება.
3.8. მა----- კო------მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული ვლ-------- ამ-------ი არის მისი ძმა. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, საიდანაც მათი - დების თხოვნით ჩამოვიდა და ჯერ ცხოვრობდა მასთან, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მეორე დასთან - ზ--ა ამ-------თან, რამდენადაც მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შვილთან - ად--– ბრ-----თან, რომელიც არის აგრესიული, კონფლიქტური პიროვნება. 2--- წლის 0------ს დაურეკა დამ - ზ--ა ამ-------მა და უთხრა, რომ მისმა შვილმა - ად--– ბრ-----მა და ვლ-------- ამ-------მა იჩხუბეს და სთხოვა, რომ მისულიყო მათთან. იგი ცხოვრობს დასთან ახლოს და მასთან მივიდა ძალიან მალე, რა დროსაც ნახა, რომ მისი ძმა ვლ-------- ამ-------ი იყო ძალიან აღელვებული, ხოლო მისი დისშვილი, სახლში არ იყო. მისი მისვლიდან დაახლოებით 20 წუთში სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და მისი ძმა გამოსაკითხად წაიყვანეს პოლიციის განყოფლებაში, თუმცა, მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი ძმა დააკავეს.
3.9. ბრალდებულმა ვლ-------- ამ-------მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში. შემდეგ დების თხოვნის საფუძველზე, რომელთაც მისი დახმარება სჭირდებოდათ, ჩამოვიდა საქართველოში. თავდაპირველად ცხოვრობდა მა----- კო------თან, ხოლო შემდეგ, მეორე დის - ზ--ა ამ-------ის თხოვნით, საცხოვრებლად გადავიდა მასთან, რადგან ამ უკანასკნელსა და მის შვილს - ად--– ბრ-----ს შორის იყო უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა. 2--- წლის 9 მაისს, იგი სამსახურიდან დაბრუნდა დაახლოებით 17:00 საათზე. ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, დის - ზ--ა ამ-------ის დახმარებით მოამზადა კერძები, რა დროსაც გამოიყენა დანა, რომელსაც იმის გამო, რომ სახლში ჰყავდათ პატარა ბავშვები, ინახავდა თავის საძინებელ ოთახში არსებულ კარადაში, ჩაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო კერძების მომზადების შემდეგ, მან კვლავ იმ ადგილას შეინახა აღნიშნული დანა. შემდეგ მიიპატიჟეს მეზობლად მცხოვრები ნ------- ალ-------–---–ი და ამ უკანასკნელთან ერთად სუფრას მიუსხდნენ ოჯახის ყველა წევრი. სუფრის მიმდინარეობისას მისმა დამ - ზ--ა ამ-------მა მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ბანკი 5 ლარს პატიობდა, რაც ზ--ას ძალიან გაუხარდა და ხმამაღლა გამოხატა. აღნიშნულზე დას უთხრა, რომ „მათხოვარი ხომ არ იყო“, მისცა 50 ლარი და უთხრა, რომ სრულად გადაეხადა იგი. აღნიშნულზე მასსა და ად--– ბრ-----ს შორის მოხდა შეკამათება, რაც გაგრძელდა სადარბაზოში, თუმცა მისი მხრიდან დანით გამოკიდებას ან რაიმე სახის მუქარას ადგილი არ ჰქონია. დანა რომელზეც ად--– ბრ-----მა მიუთითა, ზოგადად ინახება მის საძინებელ ოთახში და აღნიშნული კონფლიქტის დროსაც, შენახული ჰქონდა თავის საძინებელ ოთახში არსებულ კარადაში. მისი თქმით, სადარბაზოდან ად--– ბრ-----ი გაიქცა, რის შემდეგაც დაახლოებით 20 წუთში მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფლებაში და მოხდა მისი დაკავება. ბრალდებულის განმარტებით, ად--– ბრ-----ს არ უნდოდა, რომ ბრალდებულს მის საცხოვრებელ სახლში ეცხოვრა და ამიტომ ამხილა ცრუდ დანის გამოყენებით მუქარის განხორციელებაში. მან ასევე განმარტა, რომ ად--– ბრ-----ს აქვს ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც ალკოჰოლის მიღების შემდეგ იგი ხდება არაადეკვატური, სადარბაზოში კი გაიყვანა იმის გამო, რომ მაგიდასთან რაიმე არ დაეზიანებინა.
3.10. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვლ-------- ა-–----- ამ-------ი დაკავებულ იქნა 2--- წლის 10 მაისს 01:10 საათზე, ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნის კორპუსი #---ის მე-3 სადარბაზოს პირველ სართულზე. ვლ-------- ამ-------ს დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.
3.11. ალკოტესტით შემოწმების შესახებ 2--- წლის 10 მაისის ოქმის თანახმად, ალკოტესტის მეშვეობით შემოწმებულ იქნა მოქალაქე ვლ-------- ამ-------ი, რომელსაც დაუდგინდა სიმთვრალე - 2,148 პროცენტული მაჩვენებლით.
3.12. ამოღების ოქმის თანახმად, 2--- წლის 10 მაისს, 02:00 საათიდან - 02:30 საათამდე დროის შუალედში, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პ------–- განყოფილების გამომძიებლის გე----- ბა---–---–ის მიერ, ირ---–- ბე---ს და ზ--ა ამ-------ის მონაწილეობით, ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნი, კორპუსი #--, ბინა #---იდან, კერძოდ, ვლ-------- ამ-------ის საძინებელ ოთახში არსებული თაროდან, ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავტარიანი დანა, რომელიც მოთავსდა ერთ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შესაბამისი ლუქით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.
4.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.12. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პ------–- ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).
4.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2--- წლის 0------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, გ-–-----ს მე-3 მი------------ნში, კორპუსი #--, ბინა N#---ში ვლ-------- ამ-------ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მისი ოჯახის წევრს - დის შვილს ად--– ბრ-----ს, რომელთანაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე პირებიდან - დაზარალებულმა ად--– ბრ-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია და განმარტა, რომ 2--- წლის 0------ს, მათ ოჯახში გაშლილი სუფრის მიმდინარეობისას, მასსა და ბიძამისს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს, ეს უკანასკნელი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო მეორე პირმა - ბრალდებულმა ვლ-------- ამ-------მა დაადასტურა აღნიშნულ დღეს მასსა და ად--– ბრ-----ს შორის სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტი, თუმცა, კატეგორიულად უარყო დანის გამოყენებით დისშვილის მიმართ რაიმე სახის - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი და დაზარალებულის მხრიდან მისი ცრუდ მხილება დაუკავშირა დაზარალებულის სურვილს, რომ ბრალდებულს არ ეცხოვრა მათთან სახლში. ამ ფონზე, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია დაზარალებულის მეუღლის - მ--- ბრ-----ის ჩვენება, რომელმაც უარყო დაზარალებულ ად--– ბრ-----სა და ბრალდებულ ვლ-------- ამ-------ს შორის კონფლიქტისას ამ უკანასკნელის ხელში დანის ჭერის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნული კონფლიქტის დროს ვლ-------- ამ-------ს ხელში დანა არ სჭერია. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგეილ იქნა კონფლიქტის თვითმხილველი პირები: დაზარალებულ ად--– ბრ-----ის დედა და ბრალდებულ ვლ-------- ამ-------ის და - ზ--ა ამ-------ი და სუფრასთან მიპატიჟებული ნეიტრალური პირი - მეზობელი - ნ------- ალ-------–---–ი, რომელთაც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს როგორც კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები, ასევე, უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობა, კერძოდ, აღნიშნულმა მოწმეებმა სრულად დაადასტურეს ბრალდებულ ვლ-------- ამ-------ის ჩვენების სისწორე და კატეგორიულად გამორიცხეს აღნიშნული კონფლიქტისას ვლ-------- ამ-------ის მხრიდან როგორც დანის ხელში ჭერის ფაქტი, ასევე ად--– ბრ-----ის მიმართ რაიმე სახის მუქარის განხორციელების ფაქტი.
4.15. სასამართლო დაზარალებულ ად--– ბრ-----ის ჩვენების უტყუარობის კონტექსტში ყურადღებას გაამახვილებს სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას საწყის ეტაპზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მასსა და ბიძამისს - ვლ-------- ამ-------ს შორის მოხდა კამათი, რა დროსაც დაზარალებულს ეგონა, რომ ბიძამისს დანა ეჭირა ხელში, რის გამოც იფიქრა რომ იგი მოკლავდა და გაიქცა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პროკურორმა გამოაქვეყნა მისი გამოკითხვის ოქმიდან ფრაზები, მან დაადასტურა ვლ-------- ამ-------ის ხელში შავტარიანი დანის ჭერის ფაქტი, ასევე, აღნიშნული დანის გამოყენებით მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. ამდენად, გარდა იმისა, რომ დაზარალებულ ად--– ბრ-----ის ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, ცალკე აღებული მისი ჩვენებაც არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, რის გამოც მისი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს.
4.16. რაც შეეხება ბრალდებულ ვლ-------- ამ-------ის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ დანას, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა და მისმა დამ ზ--ა ამ-------მა აღნიშნა, გამომძიებლის მიერ ამოღებული დანა ბრალდებულს ჩამოტანილი ჰქონდა უკრაინიდან და ვინაიდან სახლში ჰყავდათ პატარა ბავშვები, ვლ-------- ამ-------ს იგი შენახული ჰქონდა თავის საძინებელ ოთახში, კარადაში, ჩაკეტილ მდგომარეობაში. ცხადია აღნიშნული დანის არსებობისა და განთავსების ადგილის შესახებ ცნობილი იყო დაზარალებულ ად--– ბრ-----ისთვისაც და გამოკითხვისას თავისი პოზიციის უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის მიუთითა აღნიშნული დანის განთავსების ადგილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით გამომძიებელი დანას იღებს სწორედ იმ ადგილიდან, რა ადგილსაც უთითებს თავად, დაზარალებული, თუმცა, სასამართლოსთვის გაუგებარია, საიდან უნდა სცოდნოდა ად--– ბრ-----ს სად იქნებოდა დანა, თუკი მან ბოლოს იგი ნახა აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ბიძის ხელში, რომელიც მას მისდევდა და მოკვლით ემუქრებოდა, ხოლო როდესაც სახლში დაბრუნდა, მას უკან უკვე მოყვნენ პოლიციელები.
4.17. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, თუმცა, მოცემულ საქმეზე გამოძიება წარიმართა ცალმხრივად და არაობიექტურად, რამდენადაც გამოძიება დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულ - ად--– ბრ-----ის და მისი მეუღლის - მ--- ბრ-----ის ჩვენებებს და უპირობოდ გაიზიარა მათგან მიღებული ინფორმაცია, მაშინ, როცა არავითარი ყურადღება არ მიაქცია ად--– ბრ-----ის გამოკითხვის ოქმის იმ ნაწილს, სადაც იგი გამომძიებლისავე კითხვაზე უთითებს, რომ „აღნიშნულ ფაქტს“, ანუ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტს შეესწრნენ მისი ოჯახის წევრები, თუმცა, გამოძიება არ დაინტერესებულა ფაქტის თვითმხილველ პირთაგან ინფორმაციის მიღებით.
4.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
4.19. ზემოაღნიშნულის გათვალისინებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ვლ-------- ამ-------ის მიერ ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4.20. სწორედ ამიტომ, ვლ-------- ამ-------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და იგი უნდა იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გამართლებულ ვლ-------- ამ-------ს, კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვლ-------- ამ-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პ------–- ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს ვლ-------- ამ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2--- წლის 11 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. გამართლებულ - ვლ-------- ამ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: - ამოღებული დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------ნ----–-----ის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გამართლებულ ვლ-------- ამ-------ს, კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე