გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
080210019002863600
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/338-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.05.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე

მოსარჩელე - ლ-- მ--–---

წარმომადგენელი - მ-----–- ბ--------

მოპასუხე - ზ------ ა-------–---

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ------ ა-------–---ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის გ------- ა-------–---- სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს ქორწინების პერიოდში 2----–-–---------–--- შეეძინათ ვაჟიშვილი, გ------- ა-------–---, რომელიც ამჟამად 11 წლისაა. მისი ასაკის გათვალისწინებით ბავშვი საჭიროებს მშობლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას, რათა ბავშვს ჰქონდეს ნორმალური განვითარებისა და აღზრდის შესაძლებლობა. მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით განმარტავს მშობლის უფლება-მოვალეობებს და მიუთითებს, რომ მშობლები მოვალენი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის.

 

როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, ზ------ ა-------–--- თავს არიდებს მისი შვილის, გ------- ა-------–---- მოვლა-პატრონობას. კერძოდ, ის მატერიალურ დახმარებას არ უწევს შვილს და არ მონაწილეობს მისი აღზრდისა და განათლებისათვის საჭირო ხარჯებში. ასევე მოსარჩელე განმარტავს, რომ ზ------ ა-------–--- დროებით მუშაობს სატვირთო ავტომობილ „კამაზზე“, აქვს ხელფასი, ასევე მიწის ნაკვეთები და სასოფლო მეურნეობა თერჯოლის რაიონი სოფ. ქ---------------–-. მოსარჩელის განმარტებით, ის იმყოფება მეორე ქორწინებაში, რომელთანაც შეეძინა ერთი შვილი. არის უმუშევარი და ძნელია მისთვის შემოსავლის გარეშე გაუმკლავდეს ყოველივეს. რის გამოც მან მომართა სასამართლოს და ითხოვა ზ------ ა-------–---ს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ალიმენტის გადახდა თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აქამდე ბავშვის აღზრდაში მოსარჩელეს ეხმარებოდა ბებია და ბაბუა. შემდეგ ოჯახს გაუჭირდა და დედა იძულებული გახდა მაისის თვეში წასულიყო საზღვარგარეთ. ამჟამად ის იმყოფება იტალიაში და არის უმუშევარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზ------ ა-------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ალიმენტის სახით გადაიხდის 80 ლარს, რადგან არის უმუშევარი, არანაირი შემოსავალი მას არ გააჩნია, ასევე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან.

 

მოპასუხის განმარტებით, ის თავს არ არიდებს შვილის რჩენას და სურს ბავშვი წაიყვანოს თავის სახლში და იქ გაუწიოს მოვლა-პატრონობა, მაგრამ 300 ლარის გადახდას ვერ შეძლებს. ამჟამად უმუშევარია და კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მას არ შეუძლია ფიზიკური შრომა, რადგან აწუხებს წნევები, აქვს ნევროზი. ასევე მას არ შეუძლია სატვირთო ავტომობილის მართვა, რადგან არ აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, ამასთან, მას ჰყავს სატვირთო მანქანა „ზილი“, რომელიც არ არის გამართულ მდგომარეობაში და ვერ გაიარა ტექდათვალიერება. სოფელში აქვს მცირეოდენი მიწა, სადაც მოჰყავს მხოლოდ სიმინდი.

 

მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ შეძლებს ალიმენტის გადახდას 100 ლარის ოდენობით. ამასთან მხარი დაუჭირა მის შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სოფელში აქვს ვენახის ,,ტარაველი“ და დამუშავებული ყანა 1500 მეტრამდე, ასევე ჰყავს ერთი მეწველი ძროხა. მამა გარდაცვლილია, დედა საზღვარგარეთაა, მაგრამ მასთან არა აქვს ურთიერთობა. ძმაც საზღვარგარეთაა, მაგრამ თავის ოჯახს არჩენს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში 2----–-–---------–--- შეეძინათ ვაჟიშვილი, გ------- ა-------–---, რომელიც ამჟამად იზრდება დედის - ლ-- მ--–---- მშობლებთან და არის მათ კმაყოფაზე.

 

3.1.2. მოსარჩელე ლ-- მ--–--- იმყოფება მეორე ქორწინებაში და ჰყავს ერთი წლის შვილი.

 

3.1.3. მოპასუხე ზ------ ა-------–--- იმყოფება მეორე ქორწინებაში და ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------–- მეუღლესთან ნ----- მ-------–---–---- და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გ------- ა-------–---- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 15);

- რ----- ა-------–---- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 29);

- ნ-----–---- ა-------–---- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 30);

- თ--------–--------–----–----------------------------------- ადმინისტრაციული ერთეულიდან გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 31);

- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა (იხ. ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ლ-- მ--–--- 2019 წლის მაისში წავიდა საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში და ამჟამად არის უმუშევარი.

 

3.2.2. მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ზ------ ა-------–---მ ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი და დამატებით განმარტა, რომ სოფელში აქვს ვენახის ,,ტარაველი“ და დამუშავებული ყანა 1500 მეტრამდე, ასევე ჰყავს ერთი მეწველი ძროხა. მამა გარდაცვლილია, დედა საზღვარგარეთაა, მაგრამ მასთან არა აქვს ურთიერთობა. ძმაც საზღვარგარეთაა, მაგრამ თავის ოჯახს არჩენს.

 

3.2.3. მოპასუხე ზ------ ა-------–---- განმარტებით, ის ამჟამად უმუშევარია და კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი განმარტებით, მას არ შეუძლია ფიზიკური შრომა, რადგან აწუხებს წნევები, აქვს ნევროზი, მაგრამ არ არის შშმ პირი და არც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არ არის რეგისტრირებული. მას ჰყავს სატვირთო მანქანა „ზილი“, რომელიც არ არის გამართულ მდგომარეობაში და ვერ გაიარა ტექდათვალიერება. მას აქვს მხოლოდ „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა, რის გამოც არ შეუძლია სატვირთო ავტომობილის მართვა.

 

3.2.4. მოპასუხის განმარტებით, მას გააჩნია ფულადი დავალიანება ბანკის წინაშე, რის გამოც იმყოფება ე.წ. „შავ სიაში“.

 

3.2.5. მოპასუხის განმარტებით, ბავშვი სოფელში ხშირად ვერ დაჰყავს. როცა მიჰყავს, ხანდახან ფულს ჩუქნის, ხან ტანსაცმელს ყიდულობს მისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილებისადმი არსებული თავისი კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლური გააზრების შემთხვევაში მამამ, მოპასუხე ზ------ ა-------–---მ უნდა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა ყველაზე ელემენტარულ დონეზე მაინც, ბავშვისათვის თუნდაც საარსებოდ აუცილებელი ყოველდღიური კვების ღირებულების ანაზღაურებით. შესაბამისად მისი საალიმენტო ვალდებულება შვილის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს 120 ლარით, რაც სასამართლოს აზრით, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩაითვალოს. ამასთან ერთად სასამართლო ითვალისწინებს მეორე მშობლის, მოსარჩელე ლ-- მ--–---- თანაბარ ვალდებულებასაც შვილის მიმართ, რომელსაც ასევე ძალუძს ნაწილობრივ საკუთარი მოწადინებით და შრომითაც მოუპოვოს არასრულწლოვან შვილს საარსებო საშუალებები.

 

6.2. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გ------- ა-------–--- იზრდება დედის მშობლებთან. მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა კანონით განსაზღვრული არ არის და იგი დამოკიდებულია მშობლის გადახდისუნარიანობაზე, ასევე არასრულწლოვნის საჭიროებებსა და უპირატეს ინტერესებზე, რომელთა რჩენის ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ამჟამად უმუშევარია, თუმცა მას გააჩნია ფიზიკური და ქონებრივი შესაძლებლობა იმისა, რომ არჩინოს და მზრუნველობა გაუწიოს მის არასრულწლოვან შვილს. გ------- ა-------–--- იზრდება ბებიასთან და ბაბუასთან და მოპასუხე ზ------ ა-------–--- საკმარის მატერიალური დახმარებას არ უწევს მის შვილს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (ალიმენტის დაკისრება) ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

ვინაიდან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხე ზ------ ა-------–---ს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით მისი შვილის გ------- ა-------–---- სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსკ-ის 46.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი). დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს, მიერ მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 18 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლ-- მ--–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ზ------ ა-------–---ს არასრულწლოვანი შვილის გ------- ა-------–---- (დაბ.: 2----–-–---------–---) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე ზ------ ა-------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 18 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ციცინო მოსიძე