გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
130210019002854614
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2-100-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხ-–------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - ლ-----------------ე

წარმომადგენელი - ქეთევან გონგლაძე

მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,---------------------------------------------------------------------------------------

წარმომადგენლები - ოლეგ გრძელიძე, მარიამ რუსაძე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეს დაეკისროს ლ-----------------ის სასარგებლოდ 38 689 ლარის და 67 თეთრის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი - ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-- სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 38 689 ლარი და 67 თეთრი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელის სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. მას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე უძრავ ნივთზე - 1211.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.17);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.24-38), რომლის თანახმად, ლ-----------------ის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი, ღია აივანი და კიბის უჯრედი. შენობის ამ ნაწილების შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია;

მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;

3.2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 38 689 ლარი და 67 თეთრი;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მზია რაზმაძის სახლის აღდგენისათვის საჭიროა, საორიენტაციოდ, 16 987 ლარი და 51 თეთრი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა დადგენილია მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 28 000 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

6. სამართლებრივი შეფასება

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზით. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 38 689 ლარი და 67 თეთრი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით; ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, სარჩელში აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი, კიბის უჯრედი და ღია აივანი. შენობის ამ ნაწილების შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით, დაზიანებები, მე-3 ხარისხს მიეკუთვნება; მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 38 689 ლარი და 67 თეთრი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლის აღდგენისათვის საჭიროა, საორიენტაციოდ, 16 987 ლარი და 51 თეთრი; ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, ლ-----------------ის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს. მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად; მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის დასკვნის შედგენისას, როგორც მასშია აღნიშნული, გათვალისწინებულია თვითონ ,,ექსორიქსის“ დასკვნაში გამოყენებული და მოპასუხის მიერ მიწოდებული მონაცემები, საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შესაძლო გავლენა გამოსაკვლევ ობიექტზე; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სევის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნისაგან განსხვავებით, რომელიც უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე მიუთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილ დასკვნაში კატეგორიულად არის მითითებული სახლის დაზიანების მხოლოდ ერთ მიზეზზე - მოპასუხის მიერ გვირაბის მშენებლობისას წარმოებულ სამუშაოებზე; აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ; მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, შენობაზე დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად, ტექნიკური მოუვლელობით, მეწყრული მოვლენებით, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრებით და ნაწილობრივ - აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, მაგრამ იმის დადგენა, კერძოდ რომელი მოვლენის შედეგად დაზიანდა სახლი და რა პროცენტულობით, დღეის მდგომარეობით შეუძლებელია; ამდენად, ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას; სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. ამასთან, დასკვნაში აღწერილ დაზიანებებს ადარებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს, მიაჩნია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია სამუშაოების შესრულება ისეთი დაზიანებების გამოსასწორებლად, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტზის დასკვნაში არ არის აღნიშნული. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გადახდეს ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების გამოსასწორებლად საჭირო თანხა, რაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ 28 000 ლარია;

მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით;

მოპასუხე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნას, - მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცემს, ასეთ შემთხვევაში, დაავალდებულოს მოსარჩელე უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება - დეპოზიტზე განათავსოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით მიღებული თანხა; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, - გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, შემდეგი გარემოებების გამო: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შენობის ფასადის მხარეს მდებარე ნაწილი, ღია აივანი და კიბის უჯრედი. შენობის ამ ნაწილების შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. ევროპის მაკროსეისმური სკალის მიხედვით, დაზიანებები, მე-3 ხარისხს მიეკუთვნება. ასეთი გარემოების არსებობისას, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის გამომრიცხავი გარემოებები. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს დავის ფაქტობრივ გარემოებებს, - თვითონ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლის აღდგენისათვის საჭიროა, საორიენტაციოდ, 16 987 ლარი და 51 თეთრი, მიაჩნია, გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის მოთხოვნის აუცილებლობა არ არსებობს; 7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელეს გადახდილი აქვს: სახელმწიფო ბაჟი - 1161 ლარი (ს.ფ.16), ექსპერტიზის ხარჯი - 700 ლარი (ს.ფ.39); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 800 ლარი (ს.ფ.60); წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 300 ლარი (ს.ფ.61). მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრებას; ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 38 689.67 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ პროცესის ხარჯები: - სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 840 ლარი, ექსპერტიზის ხარჯის 700 ლარის ნაწილი - 500 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 800 ლარის ნაწილი - 570 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ნაწილი - 215 ლარი ;

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' ლ-------------------- სასარგებლოდ გადახდეს 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი;

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------'' გადახდეს ლ-----------------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 840 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯი - 570 ლარი, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 215 ლარი;

3. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ-------------------------------------------სათვის'' ლ-----------------ის სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში;

4. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი