განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/3----17
(0-----------)
01 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---------------–--ე;
დაცვის მხარე:
ბრალდებული ხ------------ (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, რ-------------------ში,ადვოკატი - ს-------------–----ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი - ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 30 მარტს, თბილისში, რ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ------------ ჯანმრთელობის დაზიანებით, ცემით და დასახიჩრებით დაემუქრა მის დას - მ-----------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ხ-----------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ხ------------ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
მოწმეებმა: ლ-–---------–---მ და გ--------–-------მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ------–---------------------------–-------------–----------------ა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 30 მარტს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ რ----------------------------------–----------– სახლში, სადაც დაზარალებული მ----------- ოთახში ჩაკეტილი დახვდათ. როცა მ-----------ს წარუდგნენ, მან გახსნა ოთახის კარი და გამოვიდა მათთან. მ----------- იყო აგრესიული, შეშინებული, იგი კანკალებდა და ტიროდა. მან განაცხადა, რომ იქვე მყოფმა ძმამ - ხ------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა ცემით და სექსუალური ხასიათის ძალადობით. ხ------------ იმყოფებოდა იქვე, იგი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მათი თანდასწრებითაც გამოხატავდა აგრესიას მ----------ის მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის საფუძველზე ხ------------ მათ მიერ დაკავებული იქნა. ბრალდებულისა და დაზარალებულის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მათი ძმა - მ-----------ე, რომელმაც, გასაუბრებისას დაადასტურა მის და-ძმას შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი.
მოწმე დ----------------მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---------------------------–------------------------------–----------------–-ა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 30 მარტს, შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური კონფლიქტის დროს განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ხ-----------ის მიმართ. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულს, იქ დახვდა გამოძახების ინიციატორი - მ-----------, რომელიც იყო შეშინებული და აღელვებული. მ----------ის განმარტებით, ოჯახური კონფლიქტის დროს ძმამ, ხ------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ცემით, დასახიჩრებით და სექსუალური ძალადობით. იგი გაესაუბრა ადგილზე მყოფ მ-----------ესაც, ბრალდებულისა და დაზარალებულის ძმას, რომელმაც დაადასტურა და-ძმას შორის კონფლიქტის არსებობის და ხ-----------ის მიერ მ----------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. გამოძიებისას ასევე დადგინდა, რომ დაზარალებულ მ-----------ს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც დანიშნული იქნა შესაბამისი ექსპერტიზა.
სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, მ----------- დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით - არადიფერენცირებული შიზოფრენიით (კოდი - F20.3; დავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მ-----------ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
ექსპერტმა მ-------------–---–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაადასტურა ზემოაღნიშნული დასკვნის (ფსიქოლოგიური გამოკვლევის ნაწილში) სისწორე და განმარტა, რომ გამოსაკვლევი პირის - მ----------ის ფსიქიკური და სააზროვნო ფუნქციების კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ დაზარალებულის ავადმყოფობა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამახსოვრებას არ გამორიცხავს, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს გადმოცემული ინფორმაციის სანდოობას, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს მ----------ის ილუზორული წარმოდგენებით.
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია 2017 წლის 30 მარტს, შემთხვევის დღეს, შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ გ--------–------ის მიერ, ხ-----------ის მხრიდან მ----------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.
ბრალდებულმა ხ------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის ხ-----------ის მიერ მ----------ის მიმართ ოჯახური კონფლიქტისას მუქარის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს ვერბალური ფორმით გამოხატულ დანაშაულს და დაზარალებულის ანდა ფაქტის შემსწრე პირთა ჩვენებების და სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე ამ დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობა სასამართლოს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიციას ხ. ბ-----ის ბრალეულობის შესახებ ამგვარი მტკიცებულებები არ ამყარებს, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათაგან მუქარის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა მხოლოდ მოწმეთა - ლ-–---------–---ს, გ--------–------ის და დ---------------ის ჩვენებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მტკიცებულებები განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, რადგან მათში ასახული ინფორმაციის წყაროდ დაზარალებულ მ-----------ს მიუთითებენ, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულა, რადგან, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას, ფსიქიკური მდგომარეობის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს, აღიდგინოს და გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
ლ-–---------–---ს, გ--------–------ის და დ---------------ის ჩვენებათა შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პირები, ლ-–---------–---, გ--------–------- და დ---------------- უშუალოდ არ არიან ხ. ბ-----ის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის (მუქარის) შემსწრენი, ამასთან, მათ მიერ გაცხადებული, დაზარალებულისგან მიღებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე მტკიცებულებით, - სახეზე არ გვაქვს ხ. ბ-----ის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომლების ირიბ ჩვენებათა გამოყენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სავალდებულო წინაპირობა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესალებლობას მათ საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი მთავარი ფაქტობრივი გარემოება - ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების, ცემის და დასახიჩრების მუქარის განხორციელების ფაქტი.
სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხ-----------ის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტს უტყუარად ადასტურებს ლ-–---------–---ს, გ--------–------ის და დ---------------ის პირდაპირი ჩვენებები დაზარალებულის ფსიქოემოციური მდგომარეობის და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის აგრესიულობის შესახებ, რომლის თვითმხილველებიც ისინი გახდნენ. სასამართლო თვლის, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დაზარალებულის ემოციური მდგომარეობისა და მათი თანდასწრებით ხ-----------ის მიერ მ----------ის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ, ერთობლიობაში, მართლაც ქმნის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის გარკვეულ კონფლიქტს ადგილი მართლაც ჰქონდა; რაც შეეხება ხ. ბ-----ის მხრიდან დის მიმართ მუქარის განხორციელებას (რასაც ხ. ბ-----ეს ბრალდების მხარე ედავება), ამგვარი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ იძლევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ხ-----------ის მიერ მისი დის - მ----------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა. შესაბამისად, ხ. ბ-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილმა ბრალდებამ საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა.
სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ხ-----------ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ხ-----------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდეს ხ-----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ.
გამართლებულ ხ------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი