გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/30317-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე - სა---------–----–-----------------------------
წარმომადგენელი - მა---–-–--–-–---–-
მოპასუხე - შპს „გ-------–-“
წარმომადგენელი - ნი-----------–---–-, ივ---------–---
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „გ-------–-სათვის“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 5 643 ლარის გადახდის დაკისრება. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „გ-------–-ს“ შორის 2018 წლის 05 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ-------------------------------თვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების მიწოდების ვადა, კერძოდ, საქონლის ხორცის კონსერვი, ნაცვლად 2018 წლის 21 ივნისისა - მიწოდებულ იქნა 2018 წლის 25 ივნისს, ოთხი კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხე მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 940 500 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც გადაცილებული პერიოდის გათვალისწინებით, შეადგენს - 5 643 ლარს. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „გ-------–-მ“ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ პროდუქცია მიწოდებულ იქნა მათ მიერ 2018 წლის 21 ივნისს, საღამოს, თუმცა ვერ მოასწრეს დაცლა. 22 ივნისს მოსარჩელის მიზეზების გამო ვერ მოხდა დაცლა, შემდეგ კი დაემთხვა შაბათ-კვირა და არ მუშაობდნენ. აღნიშნული მიზეზების გამო, პროდუქციის მიწოდება მოხდა ორშაბათს - 25 ივნისს.
მოპასუხე მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილება მათი მიზეზით მოხდა 1 დღით და არა 4 დღით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს მისაწოდებელი საქონლის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „გ-------–-ს“ შორის 2018 წლის 05 თებერვალს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შ-------------------------------თვის მიეწოდებინა საქონლის ხორცის კონსერვი.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის 2.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 940 500 ლარით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად).
ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია მიწოდების გრაფიკი და მიწოდების ვადები, რომლის თანახმად, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხდება შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების დანართი N1.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სა---------–----–-----------------------------მ 2018 წლის 01 ივნისის წერილით, მოსთხოვა მოპასუხეს 15 000 კილოგრამი საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდება 22 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2018 წლის 1 ივნისის წერილი.
3.1.3. 2018 წლის 20 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, დადასტურებულია 6000 კგ. საქონლის ხორცის კონსერვის მიწოდების ფაქტი. 2018 წლის 22 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4224კგ. საქონლის მიწოდების ფაქტი და 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით - 4776 კგ. საქონლის მიწოდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. მოპასუხე შპს „გ-------–-ს“ მიერ დარღვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადები და პროდუქციის მიწოდება მოხდა 4 დღის დაგვიანებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მოპასუხე სადავოდ ხდის მისი ბრალით საქონლის მიწოდების ვადის 3 დღით გადაცილების ფაქტს და განმარტავს, რომ მან მიწოდების ვადა გადააცილა მხოლოდ ერთი დღით, 22 ივნისს მოსარჩელის მიზეზების გამო ვერ მოხდა დაცლა, შემდეგ კი დაემთხვა შაბათ-კვირა და არ მუშაობდნენ. აღნიშნული მიზეზების გამო, პროდუქციის მიწოდება მოხდა ორშაბათს - 25 ივნისს.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებიდან დგინდება, რომ 2018 წლის 22 ივნისს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 4224 კგ. საქონლის ხორცის კონსერვი ღირებულებით - 44 140.8 ლარი, რომლის მიღება დაფიქსირებულია იმავე დღეს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.
რაც შეეხება სადავო 4776კგ. საქონლის მიწოდების დროს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ორი სასაქონლო ზედნადები, ერთი გამოწერილია 22 ივნისს, იმავე საქონლის მიწოდების თაობაზე 25 ივნისს არის შედგენილი სასაქონლო ზედნადები. ამ ოდენობის საქონლის მიწოდებაზე საქონლის მიღება მყიდველის მიერ დადასტურებულია 25 ივნისს. ამდენად, ცალსახად დადგენილია, რომ 22 ივნისს მიტანილი საქონელი მყიდველს არ ჩაუბარებია, მხოლოდ მოპასუხის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიზეზით არ მოხდა ამ დღეს საქონლის მიღება, სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული.
დადგენილია, რომ მოპასუხემ პროდუქცია მიაწოდა 2018 წლის 25 ივნისს - 4 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან- 2018 წლის 21 ივნისიდან -25 ივნისამდე პერიოდი წარმოადგენს შპს „გ-------–-ს“ მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
2018 წლის 05 თებერვალს სა---------–----–-----------------------------სა (შემსყიდველი) და შპს „გ-------–-ს“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა - საქონლის (ძროხის) ხორცის კონსერვის შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 940 500 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდება განეხორციელებინა 2018 წლის 22 ივნისამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვან შესრულებად.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
დადგენილია, რომ შპს „გ-------–-მ“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–-----------------------------ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, საქონელი მიაწოდა ვადაგადაცილებით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
2018 წლის 05 თებერვალს სა---------–----–-----------------------------სა და შპს „გ-------–-ს“ შორის გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.3. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. შპს „გ-------–-ს“ მიერ პროდუქცია მიწოდებულ იქნა 2018 წლის 25 ივნისს, 4 დღის დაგვიანებით, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით - სულ 5 643 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, თუკი მიმწოდებლის მხრიდან დაირღვეოდა საქონლის მიწოდების ვადები. მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ასევე მისი ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ: „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალგანაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 5 643 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება განახორციელა ვადის დარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა საქონლის მიწოდების ვადის თითოეული დარღვევიდან გამომდინარე შემცირდეს 10-ჯერ და დასაკისრებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 5 643 ლარისა განისაზღვროს - 564.3 ლარით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე - სა---------–----–----------------------------- განთავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 16.92 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი შპს „გ-------–-ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „გ-------–-ს“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 564.3 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „გ-------–-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 16.92 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია