გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
330310019002879096
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1611-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

 

მოსარჩელე რ-----------------ი

 

მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

წარმომადგენელი ს--–---------–--–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ-----------------ის მოთხოვნა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №4-, №5- და №6- კითხვებზე ქულის მომატების შესახებ;

 

2. დაევალოს მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ-----------------ს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №4-, №5- და №6- კითხვებზე მოემატება 3 ქულა. (იხ. სარჩელი (ს.ფ. 2-13) და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა (ს.ფ. 28)).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ-----------------მა 2018 წლის 2 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. რ-----------------მა ტესტირების შედეგად 72 ქულა დააგროვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ. 14-17).

 

3.1.2. 2018 წლის 23 დეკემბერს რ-----------------მა ტესტირების შედეგები 5 ტესტური დავალების, მათ შორის №2-, №3-, №4-, №5- და №6- ტესტური დავალებების შეფასების ნაწილში სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში გაასაჩივრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი გამოცდებისა და შერჩევის მართვის სისტემიდან (ს.ფ. 4-);

- ამონაწერი აპლიკანტის პორტალიდან (ს.ფ.15-17);

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 28 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი (ს.ფ. 18-26).

 

3.1.3. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (№2 სხდომის ოქმი) რ-----------------ის საჩივარი დაკმაყოფილდა 1 ტესტური დავალების შეფასების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში, მათ შორის №3-, №4-, №5- და №6- ტესტური დავალებების შეფასების ნაწილში საპრეტენზიო განაცხადი არ დაკმაყოფილდა. რ-----------------ის საბოლოო შედეგი განისაზღვრა 73 ქულით და მან ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი (75 ქულა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება (№2 სხდომის ოქმი) (ს.ფ. 18-26).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება (№2 სხდომის ოქმი) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავო საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ამავე ნორმის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №4-, №5- და №6- ტესტური დავალებების შეფასებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული ტესტური დავალებები არ პასუხობს ტესტისთვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, ვინაიდან ტესტური დავალების შინაარსი, დასმული კითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს, ტესტური დავალებების შინაარსი არ იყო სრულყოფილი და გამართული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

სასამართლო აღნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტური დავალების (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების (დისტრაქტორების) არსებობის პირობებში.

 

განსახილველ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №4- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „აუქციონზე სპეციალისტის მეშვეობით კ---------ის ბინის რეალიზაცია დაინიშნა, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით. სპეციალისტი იყო კრედიტორი - სს ბანკი „დ-----ა“. ქონება პირველივე აუქციონზე გაიყიდა. კ---------ემ აუქციონის პროცედურა გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ კრედიტორი არ შეიძლება იმავდროულად აუქციონის სპეციალისტი ყოფილიყო, რადგან ეს არღვევდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგან არ იყო შეთანხმებული მასთან. მართებულია კ---------ის მოთხოვნა?“. ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „დ“ ვარიანტი - დიახ, რადგან კრედიტორის სპეციალისტად დანიშვნა შესაძლებელია მოვალესთან შეთანხმებით. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „გ“ ვარიანტი - დიახ, რადგან კრედიტორს უფლება არ აქვს, იყოს სპეციალისტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სპეციალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, მათ შორის, კრედიტორი, მოვალე ან მესაკუთრე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმების არსებობისას კრედიტორი შესაძლებელია იყოს სპეციალისტი.

 

განსახილველ შემთხვევაში №4- ტესტური დავალების დეფინიციით ცალსახად ირკვევა, რომ კრედიტორის სპეციალისტად დანიშვნის საკითხი მესაკუთრესთან არ იყო შეთანხმებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ ტესტური დავალების პირობის, მისი შინაარსობრივი წყობის და დასმული კითხვის გათვალისწინებით, აპლიკანტის შეფასების საგანს წარმოადგენდა მესაკუთრესთან შეთანხმების არარსებობისას მართებული იყო თუ არა კ---------ის მოთხოვნა. ამდენად, ვინაიდან ტესტური დავალებით დადგენილი იყო მხარეთა შეთანხმების არარსებობის ფაქტი, ხოლო სსკ-ის 302-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაუშვებელია კრედიტორი იყოს სპეციალისტი, სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში აპლიკანტის მიერ სწორ პასუხად მიჩნეული „გ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან კრედიტორს უფლება არ აქვს, იყოს სპეციალისტი“, №4- ტესტური დავალების არასწორ პასუხს არ წარმოადგენდა. ამრიგად, მოპასუხის მიერ ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეული „დ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან კრედიტორის სპეციალისტად დანიშვნა შესაძლებელია მოვალესთან შეთანხმებით“, ვერ იქნება მიჩნეული ერთადერთ სწორ პასუხად, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 302-ე მუხლი „მესაკუთრესთან“ შეთანხმების არსებობას ითვალისწინებს, ხოლო „დ“ ვარიანტი „მოვალესთან“ შეთანხმების არსებობაზე მიუთითებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №4- ტესტურ დავალებასთან მიმართებით საკითხი რ-----------------ის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №6- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „შეიძლება თუ არა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის გამოყენება“. ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „დ“ ვარიანტი - დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „გ“ ვარიანტი - „არა, რადგან შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსითა და სპეციალური კანონით“.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ პირველ მუხლს, რომლის თანახმადაც, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, №6- ტესტურ დავალებასთან მიმართებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებელი შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების სამოქალაქო კოდექსის ნორმებით რეგულირების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ აღნიშნული ურთიერთობა არ წესრიგდება არც შრომის კოდექსით და არც სხვა სპეციალური კანონით. ამდენად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხების სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგების წინაპირობას სწორედ ზემოაღნიშნული ორი პირობის ერთდროულად არსებობა წარმოადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტის (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების არსებობის პირობებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ №6- ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეული „დ“ ვარიანტი - „დიახ, როდესაც საკითხი არ წესრიგდება შრომის კოდექსით“ სრულყოფილად არ ასახავდა დასმული კითხვის პასუხს, რაც დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობაზე მიუთითებს. ამდენად, საკითხი სწორ პასუხში გამოსაცდელის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №5- ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „მუსიკოს ა-–----ს სასესხო ურთიერთობაში ბანკთან სოლიდარული თავდებია ქირურგი ბ-------ი. სესხის თანხა შეადგენდა 7000 ლარს, თვეში 2%-ის დარიცხვით. თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ა-–----მ თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ბანკმა მოითხოვა ა-–----სა და ბარდაგისათვის არსებული დავალიანების - სესხის 7000 ლარის და პროცენტის 2300 ლარის სოლიდარულად დაკისრება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ ა-–----ს ნაწილში. სწორია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბ-------ის მიმართ სარჩელის უარყოფის ნაწილში?“. ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „გ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ბ-------ის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განმსაზღვრელი მაქსიმალური თანხა.“ აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „ა“ ვარიანტი - „არა, რადგან ბ-------ი არის ა-–----ს სოლიდარული თავდები“.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

№5- ტესტური დავალებით აპლიკანტს მიეთითა, რომ თავდებობით უზრუნველყოფილი იყო ბანკის წინაშე წარმოშობილი ყველა დავალიანება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. სასამართლოს შეფასებით, მითითებული პირობა წარმოადგენდა თავდების პასუხისმგებლობის ფარგლების დამდგენ ზოგადი ხასიათის ჩანაწერს და აპლიკანტს გარკვევით აწვდიდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავდებობის დოკუმენტი (ხელშეკრულება) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას არ ითვალისწინებდა, რაც სსკ-ის 892-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით გამორიცხავდა თავდების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ №5- ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის პასუხი არასწორია და სწორ პასუხს შეიცავდა „გ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ბ-------ის პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განმსაზღვრელი მაქსიმალური თანხა.“

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ-----------------ის მოთხოვნა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №4- და №6- კითხვებზე ქულის მომატების შესახებ და უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ-----------------ს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №4- და №6- კითხვებზე მოემატება 2 ქულა. ამდენად, რ-----------------ის სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება №5- ტესტური დავალების ნაწილში გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიერ მითითებული პასუხის დადებით პასუხად მიჩნევის საფუძველი, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნების იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან რ-----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ვალდებულია რ-----------------ს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 5--ე, 244-ე, 24--ე, 249-ე, 2-7-ე, 36--ე, 3-7-ე, 3-9-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 1, 2, 8, 9, 15 და 16 დეკემბერს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 28 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ-----------------ის მოთხოვნა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №4- და №6- კითხვებზე ქულის მომატების შესახებ;

 

3. დაევალოს მოპასუხეს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც რ-----------------ს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირების №4- და №6- კითხვებზე მოემატება 2 ქულა;

 

4. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

6. მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაეკისროს მოსარჩელე რ-----------------ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია