გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210019003022061
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12374-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „-----------–-------------

წარმომადგენელი - ნ-----–-------–--–-–---–ი

 

მოპასუხე - ზ-------–----–---–ი

წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ზ-------–----–---–ს მოსარჩელის შპს „-----------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4 684.37 ლარის გადახდა

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2014 წლის 13 იანვარს მოსარჩელე შპს „-----------–--------------სა და მოპასუხე ზ-------–----–---–ს შორის გაფორმდა დავალიანების გადახდის შესახებ შეთანხმება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე დავალიანება - 4 684.37 ლარის ოდენობით. 2017 წლის 13 იანვარს შპს „-----------–--------------მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოპასუხისათვის გამარტივებული წარმოების გზით ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. დღეის მდგომარეობით მოპასუხე მხარეს აღნიშნული დავალიანება არ გადაუხდია.

 

(მტკიცებულება: 12.10.2018 წლის სარჩელი, 30.05.2019 წლის და 06.06.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხებ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ვინაიდან, მოთხოვნა არის ხანდაზმული მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

(მტკიცებულება: 12.02.2019 წლის შესაგაბელი, 30.05.2019 წლის და 06.06.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „-----------–--------------სა და მოპასუხე ზ-------–----–---–ს შორის გაფორმდა დავალიანების გადახდის შესახებ შეთანხმება, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე დავალიანება - 4 684.37 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 13.01.2014 წლის შეთანხმება დავალიანების გადახდის შესახებ;

- 26.02.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (# 1-------).

 

3.1.2. 2017 წლის 13 იანვარს შპს „-----------–--------------მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოპასუხისათვის გამარტივებული წარმოების გზით ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე, რომელიც 2018 წლის 25 იანვარს გაიხმო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 13.01.2017 წლის განცხადება დავალიენების გადახდევინების შესახებ;

- 25.01.2018 წლის საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ვალის აღიარების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა.

 

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

მხარეთა შორის 2014 წლის 13 იანვარს დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება. მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა 2014 წლის 18 იანვრის ჩათვლით, ანუ ხანდაზმულობის ვადა გავიდოდა 2017 წლის 18 იანვარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 13 იანვარს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მოპასუხისათვის გამარტივებული წარმოების გზით ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე, რომელიც 2018 წლის 25 იანვარს გაიხმო. მოსარჩელემ სარჩელით უკვე სასამართლოს მომართა 2018 წლის 13 მარტს, რომელიც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელემ ხელახალა მომართა სასამართლოს უკვე 2018 წლის 12 ოქტომბერს.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მოსარჩელის მიერ 2017 წლის 13 იანვრის განცხადებაზე, მოპასუხისათვის გამარტივებული წარმოების გზით ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული განცხადების საფუძველზე შეწყდა ხანდაზმულობის ვადა (25.01.2018 წელს გაიხმო მოსარჩელემ აღნიშნული განცხადება). მოსარჩელემ სასამართლოს კვლავ სარჩელით მიმართა 2018 წლის 12 ოქტომბერს, წელიწადი და ერთი თვის შემდეგ და არა 6 თვის შემდეგ, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად არ ითვლება სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს „-----------–-----------ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 138-ე, 140-ე, 144-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი ვალის აღიარების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 138-ე, 140-ე, 144-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

შპს „-----------–-----------ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, ასევე მე-14 მუხლის თანახმად, მოსარჩელე შპს „-----------–--------------ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჯი - 25 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „-----------–-----------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „-----------–-----------ას“ მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 25 ლარი, რაც სს „საქართველოს ბანკი“-ს 09.10.2018 წლის №405 საგადასახდო დავალებით, ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 300773150

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე