განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
020100118002729740
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002729740

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/598-18 12 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორ: ა-----------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული რ-----------------–-----–-----------------–-------–-–------------–--------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-----------------------------------–----------------------------------------------–------–---------–----------------------------------------------–---------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები

ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.

 

2.2. ადვოკატი თ------–-------–------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 1--------------ს, ღამის საათებში ქ. ზუგდიდში, თავის საცხოვრებელ სახლში რ------–-----–---მ ოჯახური კონფლიქტის დროს არასრულწლოვანი შვილების: თ----- და გ--------–-----–------ს თანდასწრებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ხ---------------ს მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, ხოლო ოთახიდან გასვლისას მას თავი მიარტყმევინა კედელზე. სიტუაციის განმუხტვა სცადა აღნიშნულის შემსწრე ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თ----- შ-----–---მ, რა დროსაც რ------–-----–---მ, წინასწარი შეცნობით, არასრუწლოვან შვილს - თ----- შ-----–---ს არასრულწლოვანი გ------- შ-----–--ის თანდასწრებით მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში. რ----- შ-----–--ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ხ---------------მ და არასრულწლოვანმა თ----- შ-----–---მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ხოლო ხ---------------მ მიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ძალადობა

 

ბრალდების მხარე ბრალდებას აყრდნობს მოწმეების: თ----- მ-----ს, თ-----------–---------ს, ბ---------------–--ს, ს--------–----ს, ხ---------------ს, გ------------ს ჩვენებებს, დაბადების სააქტო ჩანაწერს, ექსპერტიზის დასკვნებს.

მოწმე თ----- მ-----ს ჩვენების თანახმად, ხ--------------- მივიდა ატირებული და ფსიქოლოგმა გაუწია კონსულტაცია. ბავშვიც მოყვებოდა. ხ---------------სგან იცის, რომ მეუღლე ძალადობდა მასზე, სხეულზე აჩვენა ჩაწითლებები, თავში მირტყამდა, იძალადაო მეუღლემ. ბავშვების მიმართ ძალადობა არ ყოფილა. დაზარალებულისვე მონაყოლით, უმიზეზოდ ხშირად ცემს მეუღლე, ღამე ხშირად გარეთ დარჩენილა, თუ სახლი არ არის მოწესრიგებული, საჭმელი არ არის მომზადებული და სხვა. მისგანვე იცის, რომ მეუღლე ოჯახის მარჩენალია, მაგრამ ხშირად იღებს ალკოჰოლს. დაზიანება წინა საღამოს მომაყენაო, უთხრა დაზარალებულმა. ხელზე ჰქონდა ჩაწითლებები. ბავშვი ნერვიულობდა, ეხვეწებოდა დედას, არ იტიროო.

მოწმე თ-----------–---------ს ჩვენების თანახმად, 19 ოქტომბერს 12 საათზე მივიდა ხ--------------- მის შვილ გ-------სთან ერთად, ტიროდა, თქვა, რომ მეუღლე დიდი ხანია მასზე ძალადობს ფიზიკურად და ფსიქიკურად, შეურაცხყოფას აყენებს, თავში ურტყამს. მეზობლის სახლში გაუთევია ღამე ამის გამო, ხელზე ჰქონდა სიწითლე, მიუთითებდა თავში დაზაინებაზე.

მოწმე ბ---------------–--ს ჩვენების თანახმად, მივიდა გამოძახებით, მე-3 სართულზე ავიდა. ინიციატორი იყო თ----- მ-----. ხ--------------მ თქვა, რომ 1--------------ს მეუღლემ ოთახში დაარტყა მუშტი მასაც და თ----- შ-----–---საც. გ------- შ-----–---ც ესწრებოდა ამ ინფრომაციის მოწოდებას. ხ-------ს ხელებზე ჰქონდა სიწითლეები და სილურჯე.

მოწმე ს--------–-----ს ჩვენების თანახმად, ღამე იყო, შემოესმა ხმაური. ავიდა მე-4 სართულზე. ხ--------------- იდგა ბავშვებთან ერთად ანერვიულებული. შეიყვანა მასთან, დააწვინა, დააბინავა. ავიდა ბრალდებულთან. ბრალდებული არის შვილების მიმართ ყურადღებიანი, მეოჯახე. ბრალდებულს ჰკითხა, რა ხდებაო. ნუ ერევიო შენ, მიიღ პასუხად. სახლში ჩხუბის კვალი არ იყო. ჩამოვიდა, ხ---------------მ უთხრა, რომ ბრალდებული ნასვამი იყო და კონფლიქტი მოუვიდათ. დილით ხ------- წავიდა ბავშვებიანად ფსიქოლოგთან. ხ-------მ უთხრა, ბრალდებულმა მკრაო ხელი კამათისას, ნერვიულობისგან აწითლებული იყო. ბრალდებული სვამდა. დაზარალებულს არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.

მოწმე ხ---------------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მივიდა გვიან. საჭმელი არ იყო გამზადებული. ბავშვები სახლში იყვნენ. ცოტა შეკამათება მოუვიდათ, გარეთ გავიდა. სიტყვიერი შეკამათება იყო და თავი აარიდა ბრალდებულს, ს-------–-----სთან ჩავიდა. გამოსვლის დროს კარს გაარტყა სხეული და ამიტომ ჰქონდა დაზიანებები. ბრალდებულს ბავშვი არ უცემია, დაუჯიკავა მკლავზე. ბავშვი წაბარბაცდა. შემდეგ მან გაამძაფრა ვითარება და რეალურზე უფრო მძიმედ წარმოაჩინა, რათა ევნო ბრალდებულისთვის, რადგან განერვიულებული იყო.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ზ-----------------, გ--------------–--, პ-----------------, გ------------, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ სხვადასხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ჩატარება (მოწმეების გამოკითხვა, ბრალდებულის დაკავება, ნიმუშების აღება). არც ერთი მათგანს უშუალოდ არ უნახავს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა - ისინი არ არიან ქმედების შემსწრე პირდაპირი მოწმეები. ასევე დაიკითხნენ მოწმეები: თ----- მ-----, ბ---------------–--, თ-----------–--------- და ს--------–-----, რომლებიც გადმოსცემენ დაზარალებულ ხ---------------ს მიერ მათთვის მოყოლილ ინფრომაციას - ისინი არიან დაზარალებულ ხ---------------ს ემოციური მდგომარეობის პირდაპირი შემსწრე მოწმეები, ხოლო ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების - ირიბი მოწმეები. მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღნიშნული მოწმე ეყრდნობა დაზარალებულ ხ---------------ს ნათქვამს, რომელმაც სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მოწმეების მიერ მოყოლილი, სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა და ისიც ახსნა, თუ რატომ მოუყვა სხვებს არასწორი ინფორმაცია.

სასამართლო სხდომაზე დაიკთხა ქმედების უაშუალოდ შემწერე პირდაპირი მოწმე - ხ---------------, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულსა და მას შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება, ბრალდებულს არ დაიურტყამს არც მისთვის და არც შვილებისთვის ხელი.

ამდენად, თ----- მ-----, ბ---------------–--, თ-----------–--------- და ს--------–----- წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, რომელთა ჩვენებების შინაარსი არც ერთი სხვა ისეთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება, რადგან თავად ხ--------------- უარყოფს ბრალდებულის მხრიდან როდისმე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწმეები ინფორმაციის წყაროდ უთითებენ ხ---------------ს, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მან აღნიშნული იმიტომ თქვა და იმიტომ გაამძაფრა სიტუაცია, რომ იყო ბრალდებულზე გაბრაზებული და უნოდა მისი დასჯა.

ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ან თუნდაც რამდენიმე ირიბი მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად ან თუნდაც ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებასთან ერთად არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თავად ირიბი მოწმეების მიერ მითითებულმა ინფრომაციის წყარომ სასამართლოს მიაწოდა ფაქტთან დაკავიშრებით განსხვავებული პოზიცია, რის გამოც აღნიშნული მოწმის ჩვენება ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული.

მართალია, საქმეში მოიპოვება ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც უთითებენ ხ---------------სა და თ----- შ-----–--ის სხეულზე დაზიანებების არსებობაზე, თუმცა თავად დასკვნაშივეა მითითებული, რომ თ----- შ-----–--ის განმარტებით, ისინი მიიღო დაცემის შედეგად რამდენიმე დღის წინ, უშუალოდ თ----- შ-----–---მ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის განაცხადა. ხ---------------მ კი განმარტა, რომ დაზიანებები მიიღო კარზე დაჯახების შედეგად. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა არ მიუთითებს ბრალდებულის მონაწილეობაზე დაზიანებების მიღებაში.

ამდენად სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა ბრალად წარდგენილი ქმედების ბრალდებულის მიერ ჩადენაზე.

 

3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, შედეგთან მიზეზობრივი კავშირის დადგენა მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.

 

3.3 წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, მაკვალიფიცირებელი გარემოების გარკვევა არარელევანტურია.

 

3.4 ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, მაკვალიფიცირებელი გარემოების გარკვევა არარელევანტურია.

 

3.4 ჩადენილი ორი პირის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება ორი პირის მიმართ.

იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, მაკვალიფიცირებელი გარემოების გარკვევა არარელევანტურია.

 

4.სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------–-----–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

რ----- შ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გამართლებულ რ------–-----–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია