გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
080210116001644949
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210116001644949

№ 2/3056-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე – დ-------- ზ-----–---–ი;

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა, დ----- ბ------ე;

მოპასუხე – კ--- ბ----ე;

წარმომადგანელი – ა-–---------ე თ-----–-–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. კ--- ბ----ეს დ-------- ზ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 11330 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 10300 აშშ დოლარის არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 1030 აშშ დოლარი ერთი თვის სარგებელი.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ასესხა 10300 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით, სარგებლის 10% დარიცხვის პირობით. მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და არ დაუბრუნებია მისთვის ვალი.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მას და მოსარჩელეს შორის ნამდვილად არსებობდა სასესხო ურთიერთობა, მაგრამ უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელწერილშია მითითებული, კერძოდ, 2012 წელს და მან ის ვალი გადაიხდა. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ თანხებს, (ხელწერილის მიხედვით 3300 აშშ დოლარს), მოსარჩელისაგან არასოდეს უსესხებია, მითუმეტეს ვალი არ აუღია უცხოურ ვალუტაში. ამასთან, ხელწერილზე მითითებული თარიღი არასწორია და სავარაუდოდ მიწერილია სხვა პირის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც, დ-------- ზ-----–---–ის სარჩელი არის ხანდაზმული.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ხელწერილის დედანი, სადაც მითითებულია შედგენის თარიღი - 17.04.2014, ხელწერილის შინაარსი კი ასეთია: „მე კ--- ბ----ემ მცხოვრები ქ----------–------–--–---–------ პ.ნ.5---------- დ-------- ზ-----–---–ისაგან ვისესხე 5,500$ და კიდევ 3,300$ და კიდევ 1,500$ ეს თანხა ვისესხე 10%ში რომელიც უნდა დავაბრუნო ძაან მალე მაისში“. ხელწერილზე შესრულებულია ხელმოწერა, რომლის ნამდვილობა კ--- ბ----ეს სადავოდ არ გაუხდია.

სსიპ „ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ტექნიკური და ხელწერილის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, 1. გამოსაკვლევად წარდგენილ 2014 წლის 17 აპრილის ხელწერილში განთავსებული ნიშნები „$“ არის აშშ დოლარის სიმბოლო. 2. 2041 წლის 17 აპრილის ხელწერილში, ჩანაწერებში „5,500$“ და „1,500$“ მომხდარია ცვლილება, კერძოდ, ჩანაწერებში „5,500$“, პირველი ციფრი „5“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო) და ჩანაწერში „1,500$“, პირველი ციფრი „1“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო) მიწერილია შემდგომში. 2014 წლის 17 აპრილის ხელწერილში ჩანაწერების „5,500$“ და „1,500$“ ადგილებზე, თავდაპირველად იყო „500“ და „500“. შეკითხვაზე, ჩანაწერებში „5,500$“ და „1,500$“, დოლარის ნიშანი, პირველი ციფრები და სასვენი ნიშანი შესრულებული თუ არა კ--- ბ----ის მიერ, ექსპერტიზამ პასუხი ვერ გასცა, გამოსაკვლევი ჩანაწერის მოკლე, მარტივი აგებულების და არაინფორმაციულობის გამო. ამავე დროს, ვარაუდის დონეზე დასკვნაში მითითებულია, რომ აშშ დოლარის ნიშანი შესრულებულია არა კ--- ბ----ის, არამედ სხვა პირის მიერ, კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, გამოსაკვლევი ჩანაწერის და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

დასმული კითხვის გადასაწყვეტად ჩატარდა მიკროსკოპული გამოკვლევა დახრილ, გამჭოლ სხივებში, კვლევა ულტრაიისფერ, პორალიზებულ, კოაქსიალურ და ინფრაწითელ სხივებში, დანადგარზე VSC6000HS, ასევე გამოყენებული იქნა კომპიუტერული პროგრამა Adobe photoshop”.

ამავე დასკვნით, ჩანაწერში „5,500$“ პირველი ციფრი „5“ სიმაღლით, დახრილობით და კონფიგურაციით განსხვავდება გვერდით მდგომი ციფრის „5“-საგან. კოაქსიალურ სხივებში „integracion“ პროგრამის გამოყენებით კვლევისას დადგინდა, რომ 2014 წლის 17 აპრილის ხელწერილში, ჩანაწერში „5,500$“, პირველი ციფრი „5“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო) მკვეთრად ჩანს, ხოლო მეორე ციფრი „5“, ციფრები „0“, „0“ სუსტად ხილულია, ინფრაწითელ ამრეკლ სხივებში, „integracion“ პროგრამის გამოყენებით კვლევისას დადგინდა, რომ წარმოდგენილ ხელწერილში „5,500$“, პირველი ციფრი „5“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო), საღებავი ნივთიერების შეფერილობით განსხვავდებიან „5“, „0“, „0“ ციფრებისგან. პორალიზებულ და ინფრაწითელ ამრეკლ სხივებში „integracion“ პროგრამის გამოყენებით კვლევისას დადგინდა, რომ 2014 წლის 17 აპრილის ხელწერილში ჩანაწერში „1500$“, პირველი ციფრი „1“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო),, საღებავი ნივთიერების შეფერილობით განსხვავდებიან „5“, „0“, „0“ ციფრებისგან.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც შესრულებულია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ (ექსპერტის დასკვნა N-----), 2014 წლის 17 აპრილის ხელწერილში ტექსტობრივი და ციფრობრივი ჩანაწერები, გარდა პირველი ციფრის „5“-ის, რიცხვში „5,500“, შესრულებულია კ--- ბ----ის მიერ. მასში გადასწორებულია მხოლოდ პირველი ციფრი „5“. პასუხის გაცემა კითხვაზე, შესრულებულია თუ არა აშშ-ს დოლარის სიმბოლოს ჩანაწერები კ--- ბ----ის მიერ, შეუძლებელია.

ამდენად, სსიპ „ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით, ჩანაწერში „5,500$“, პირველი ციფრი „5“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო) და ჩანაწერში „1,500$“, პირველი ციფრი „1“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე), ნიშანი „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო) მიწერილია შემდგომში. იმის გათვალისწინებით, რომ რიცხვის, სასვენი ნიშნის და აშშ დოლარის ნიშანის მიწერა შესაძლებელია განხორციელებულიყო მაშინვე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხს, ვინ განახორციელა მიწერა. სსიპ „ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ თავის დასკვნაში ვერ გასცა ზუსტი პასუხი კითხვაზე, ციფრების და სიმბოლოების მიწერა განახორციელა თუ არა კ--- ბ----ემ. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნით კი, ტექსტი დაწერილია მთლიანად კ--- ბ----ის მიერ, გარდა ჩანაწერში „5,500$“ მითითებული პირველი ციფრისა -„5“. შესაბამისად, ის გარემოება, რომ კ--- ბ----ემ მიაწერა ხელწერილში გარკვეული სიმბოლოები, კერძოდ, ჩანაწერში „1,500$“, პირველი ციფრი „1“, სასვენი ნიშანი „,“ (მძიმე) არაფერს არ ცვლის. რაც შეეხება ნიშანს „$“ (აშშ დოლარის სიმბოლო), მართალია ვერ დადგინდა ზუსტად ვის მიერ არის მიწერილი ეს სიმბოლო, მაგრამ სიტყვებს შორის დაშორების და იმის გათვალისწინებით, რომ ლარის ან სხვა ვალუტის ნიშანი ციფრების შემდეგ არ წერია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები სწორედ აშშ დოლარის გადახდაზე შეთანხმდნენ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გადასახდელია, სესხის ძირითადი თანხაა 5500 აშშ დოლარი (500 აშშ დოლარი, 3300 აშშ დოლარი და 1500 აშშ დოლარი) და ერთი თვის სარგებელი 10%, რაც შეადგენს 550 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 86);

- სსიპ „ლევან სამხარულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა“ (ს.ფ. 99-115 );

- სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნა (ს.ფ.180-184)

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელწერილით გათვალისწინებული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია, რადგან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე, მეტიც, მოპასუხე საერთოდ არ ადასტურებს მოსარჩელისაგან ხელწერილში მითითებული თანხის მიღებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე, როგორც წესი, სადავოა სესხის ხელშეკრულების დადების, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის მსესხებლისათვის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურების შესახებ და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადსტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო გახადა სესხის ხელწერილი, რომელიც წარმოადგინა მოსარჩელემ და განმარტა, რომ მას ასეთი სახის ხელწერილი საერთოდ არ დაუწერია, თუმცა მხარეებს შორის ადრე იყო სასესხო ურთიერთობა და მაშინ მან ვალი მთლიანად გადაიხადა. ამავე დროს, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელწერილის ბოლოს განთავსებული მისი ხელმოწერა, მხოლოდ რამდენიმე სიმბოლოს თაობაზე განაცხადა, რომ იგი მას არ დაუწერია (რიცხვები, სასვენი ნიშნები და აშშ დოლარის ნიშანი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დ-------- ზ-----–---–ს წარმოეშვა სესხის ნამდვილობის მტკიცების ვალდებულება, მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა კიდეც, რომ მთლიანად ტექსტი გარდა ციფრი „5“-ისა, დაწერილი იყო კ--- ბ----ის მიერ, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მათ შორის არ წარმოუდგენია მტკიცებულება 2012 წელს მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის და მისი შესრულების თაობაზე, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ თარიღი სადავო ხელწერილზე მოსარჩელის მიერ შემდგომში იყო მიწერილი, კ--- ბ----ისაგან სესხის თანხის კიდევ ერთხელ მიღების მიზნით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის, მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ-------- ზ-----–---–მა 2014 წლის 17 აპრილს კ--- ბ----ეს ასესხა 5500 აშშ დოლარი (500 აშშ დოლარი, 3300 აშშ დოლარი და 1500 აშშ დოლარი), მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით, სარგებლის 10% დარიცხვის პირობით, რაც შეადგენს 550 აშშ დოლარს, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეზე 6050 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

მოპასუხე კ--- ბ----ის განმარტებით სარჩელი ხანდაზმულია, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მოპასუხეს სესხის უნდა დაებრუნებინა 2014 წლის მაისში, რაც არ შეასრულა, შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2016 წელს, ამდენად, მოთხოვნა ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოპასუხეს, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 490.05 ლარი (კურსი - 1 აშშ დოლარი 2.70 ლარი), ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის განსაზღვრული ბაჟი 50 ლარი.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები, ადვოკატის მომსახურებისათვის 1000 ლარი, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის 4% - 653.4 ლარი.

7. სარჩელის უზრუნველყოფა.

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან დ-------- ზ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე კ--- ბ----ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ--------------------------------------------------–-------------–---------------–------------------------–------- (ს.კ. 0--------0--), უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დ-------- ზ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. კ--- ბ----ეს დ-------- ზ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 6050 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5500 აშშ დოლარი და სარგებელი 550 აშშ დოლარი.

2. კ--- ბ----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 540.05 ლარის გადახდა.

3. კ--- ბ----ეს დ-------- ზ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურების ხარჯი 653.4 ლარი.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე