გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3-------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ა---------–--------------
მოპასუხე - ი/მ ბ----------------–---–ი
დავის საგანი - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ი/მ ბ----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ნ--------–ის ქუჩაზე, #0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1-ზე, განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ) არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2015 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე ყოველთვიურად 231 ლარის, 2016 წლისთვის 852 ლარის, 2017 წლისთვის 924 ლარის, 2018 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 77 ლარის ოდენობით (იხ.: სასამართლო სხდომის ოქმი (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა), ს.ფ. 67-70).
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ბ----------------–---–ი არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის (რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს მოპასუხე) ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება, რაც ქ. თბილისში, ნ--------–ის ქუჩაზე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობა ნაგებობისათვის (განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ), 2015 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე შეადგენს 231 ლარს, 2016 წლისთვის - 852 ლარს, 2017 წლისთვის - 924 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან დღემდე - 77 ლარს.
კანონით გათვალისწინებული წესით, აღნიშნული თანხის გადასახდელად მოპასუხეს გაეგზავნა ქონების მმართველის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილობითი მოთხოვნა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებებისა, მოპასუხის მიერ თანხა არ არის გადახდილი. მოცემული კატეგორიის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელ ორ წინაპირობას ნორმის დანაწესიდან გამომდინარე წარმოადგენს: 1. მოპასუხის მიერ არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტის დადგენა და 2. საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ მოპასუხე ი/მ ბ----------------–---–ი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და ამ მიზნით არამართლზომიერად სარგებლობს ქონებით, რომლის საბაზრო ღირებულება დადგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ი/მ ბ----------------–---–ისგან ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, სამეწარმეო საქმიანობის მიზნით არამარლთზომიერი სარგებლობის საფასურის გადახდას.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ი/მ ბ----------------–---–ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე არ გამოცხადდა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით (იხ.: ს.ფ. 63)
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ნ--------–ი, საკადასტრო კოდი N0---------------, დაზუსტებული ფართობი 1781.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საკუთრების უფლებით არრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. #17).
3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის N5--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ--------–ის ქუჩაზე მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (საერთო ფართობი 51 კვ.მ) მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2015 წლის 6 ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მთლიან 51 კვ.მ-ზე საორიენტაციოდ შეადგენს 77 ლარს, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით -71 ლარს, 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით - 77 ლარს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან 14 ივნისამდე - 77 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 ივნისის N5--------- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 21-28)
3.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2----–-–----------------------------–-–--------------------------------–-–--------------------------- წერილებით, ი/მ ბ----------------–---–ს გაეგზავნა გაფრთხილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------------------------–-–--------------------------------–-–--------------------------- წერილები (ს.ფ. 39-43)
3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილი აქტის მიხედვით, ქ. თბილსში, ნ--------–ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ 0---------------) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს იურიდიული/ფიზიკური პირი ბ----------------–---–ის (პ/ნ 0----------). ამავე აქტზე, სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად მოსარგებლე პირის ხელმოწერა არ ფიქსირდება. აქტს ასევე ხელს აწერს - სხვა თანამშრომელი ბ. სიმონიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილი აქტი (ს.ფ. 33)
3.1.5. 2018 წლის 31 ივლისს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმის (მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--------–ის ქუჩა, საკადასტრო კოდი 0---------------) თანახმად, ობიექტი დაკავებულია კ-----------–-ს (პ/ნ 0----------) და მ----------------ის (პ/ნ 0----------) მიერ. ოქმში ასევე მითითებულია, რომ ობიექტზე არის უკანონო სარგებლობა. ი.მ კ-----------–- 0---------- სამრეცხაო; ი.მ მ----------------ე 0---------- (ჯართის და ფერადი ლითონის ჩამბარებელი პუნქტი) გადის ხაზოვანი ნაგებობები. აგრეთვე, ობიექტზე გაიკრა აბრა „მიმდინარეობს ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადება“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 31 ივლისს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 31-32)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ი/მ ბ----------------–---–ის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ნ--------–ის ქუჩაზე, #0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1-ზე, განაშენიანების ფართობი 51 კვ.მ) სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ი.მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების დასადასტურებლად უთითებს სადგილზე დათვალიერების ოქმზე და ფოტოსურათებზე, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მოპასუხის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი, რადგან 2018 წლის 31 ივლისს შედგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ნ--------–ის ქუჩა, საკადასტრო კოდი 0---------------) მითითებულია, რომ ობიექტი დაკავებულია კ-----------–-ს პ/ნ 0---------- (სამრეცხაო) და მ----------------ის პ/ნ 0---------- (ჯართის ჩამბარებელი პუნქტი), მაგრამ მასში არაფერია მითითებული ბ----------------–---–ზე. ამასთან, მართალია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ზ--–---–-----ის მიერ 2018 წლის 08 მაისს შედგენილ აქტში მითითებულია, რომ ქ. თბილსში, ნ--------–ის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (ს/კ 0---------------) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს ბ----------------–---–ი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დათვალიერების ოქმში მითითებული, რომ სამრეცხო ეკუთვნის კ-----------–ს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სამრეცხაოს ამუშდავებდა ი.მ. ბ----------------–---–ი, შეუძლებელია დადგინდეს ი.მ. ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკურებაში არსებული 0--------------- უძრავი ქონების სამეწარმეო სამიანობის მიზნით გამოყენების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ი.მ ბ----------------–---–ის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი ი/მ ბ----------------–---–ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენების ფაქტი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი) სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი