გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2967932-3/069-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
განმცხადებელი - სს „ს----------–---------–-–--------–----------------“
წარმომადგენლები - თ----------------------
მოწინააღმდეგე მხარე - ზ-------------–---–-, ნ-----------------–---–-, პ---–----------–---–-
განმცხადებლის მოთხოვნა - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
1.1. - სს „ს----------–---------–-–--------–----------------“-ს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ზ-------------–---–-ს, ნ-----------------–---–-ს და პ---–----------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებაზე, საკადასტრო კოდი 6-----------, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ფართი: 35 კვ/მ. მის: ა-------- რაიონი, სოფელი ბ------ (დ-----–-–------).
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, სს „ს----------–---------–-–--------–----------------" აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ენერგეტიკის განვითარების პროექტებს რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის N2574 განკარგულებით მოწონებულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1-1/579 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში 500/400/2202 კვ-იანი „ახალციხისა“ და 220/110/35/10 კვ-იანი „ბათუმის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის (შემდგომში: „ახალციხე-ბათუმი“-ს 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი) მშენებლობა, რათა მოხდეს რეგიონებში ახალი ჰესების (,შუახევის” და „კორომხეთის” ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. გარდა ამისა, რეგიონში ახალი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. პროექტს გააჩნია სახელმწიფოებრივი და სოციალური დატვირთვა და მის წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ენერგოსისტემის პერსპექტიული განვითარებისთვის; მათ შორის, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, პარალელურად მიმდინარე პროექტების სრულყოფილად შესრულების კუთხით.
„ახალციხე-ბათუმი“-ს 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის I სეგმენტის I სექციის (კმ 0 – 30.8 კმ) მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას აუცილებელი გახდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის N70 ანძისა და მისი პოლიგონის განთავსების არეალის ქვეშ მოქცეული, ა-------- რაიონის სოფ. ბ------–- (დ-----–-–------ში) მდებარე ზ-------------–---–-ს (პ/ნ 0----------), ნ-----------------–---–-ს (პ/ნ 0---------) პ---–----------–---–-ს (პნ 0----------) თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით: 6----------- ნაწილის - 35 კვ.მ-ის (საერთო ფართი: 2000კვ.მ.-ის) გამოსყიდვა საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რომელიც განსახლების სამოქმედო გეგმისა და ქონების მდებარეობისა და მოცულობის დეტალური აღწერის თაობაზე შედგენილი ინვენტარიზაციის ფორმის თანახმად, შეადგენს 84 ლარს (აქედან მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს - 70 ლარს, ხოლო მასზე არსებული ნარგავების ღირებულება შეადგენს - 14 ლარს).
ზემოაღნიშნული საჭიროებიდან გამომდინარე, ს---ს მიერ თანამესაკუთრეების მიმართ გატარებული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, კერძოდ: ს---ს ხარჯებით შეფასდა უძრავი ქონება, რის შემდეგაც გაიმართა მოლაპარაკება უძრავი ქონების თანამესაკუთრეებთან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუმველზე, უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ამასთან, თანამესაკუთრეებს წერილობით მიეცათ წინადადება, სადაც განმარტებული იყო როგორც კომპენსაციის ოდენობა, ასევე ქონების შეძენისა და კომპენსაციის გაცემის წესი. თანამესაკუთრეების მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების გამოსყიდვაზე არ იქნა გაცხადებული თანხმობა, რის გამოც, ს---მ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ ქვეპუნქტში ასახული საფუძველით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოებს ზემოხსენებული თანამესაკუთრეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებასთან დაკავშირებით ს---სთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საკითხის გამოკვლევის შედეგად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანოწის შესაბამისად, გამოცემული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 3 აპრილის N1-1/156 ბრძანება, რომლითაც, „ახალციხე-ბათუმი“-ს 2202 კვ. ორჯაქვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, განისზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის საკითხი და ექსპროპრიაციის განმახორციელებელი სუბიექტად ცნობილი იქნა - ს--.
უზრუნველყოფილი იქნა თანამესაკუთრეების ინფორმირება პრესაში შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
2.1. ზ-------------–---–- და ნ-----------------–---–- დაეთანხმნენ განცხადებას.
2.2. პ---–----------–---–ს წერილობითი პოზოცია სასამართლოში არ წარმოუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განმცხადებელი სს „ს----------–---------–-–--------–----------------" საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს ენერგეტიკის განვითარების პროექტებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის N2574 განკარგულებით მოწონებულ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1-1/579 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ შემადგენელ ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცმხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.04.2019წ. N1-1/156 ბრძანება (იხ. ს.ფ. 27-29).
3.1.2. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში 500/400/2202 კვ-იანი „ახალციხისა“ და 220/110/35/10 კვ-იანი „ბათუმის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის (შემდგომში: „ახალციხე-ბათუმი“-ს 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზი) მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცმხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.04.2019წ. N1-1/156 ბრძანება (იხ. ს.ფ. 27-29).
3.1.3. ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ფარგლებში მოექცა ზ-------------–---–-ს, ნ-----------------–---–-ს და პ---–----------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N6-----------) ნაწილი, მდებარე ა-------- რაიონი, სოფელი ბ------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 6-7).;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.04.2019წ. N1-1/156 ბრძანება (იხ. ს.ფ. 27-29).
3.1.4. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ზ-------------–---–ს, ნ-----------------–---–ს და პ---–----------–---–ს 2019 წლის 26 თებერვლის წერილობით შესთავაზა განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის მიღება. ამავე წერილით, მესაკუთრე ინფორმირებული იყო, რომ უარის შემთხვევაში სს ,,ს----------–---------–-–--------–----------------“ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართავდა სასამართლოს ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცმხადებლის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;.
- სს ,,ს----------–---------–-–--------–----------------ს“ წერილი უძრავი ქონების მესაკუთრეების მიმართ (იხ. ს.ფ.21-22).
3.1.5. მხარეთა შორის გაიმართა მოლაპარაკება უძრავი ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. თანამესაკუთრეებს წერილობით მიეცათ წინადადება სადაც, განმარტებული იყო როგორც კომპენსაციის ოდენობა, ასევე ქონების შეძენისა და კომპენსაციის გაცემის წესი. თანამესაკუთრეების მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების გამოსყიდვაზე არ იქნა გაცხადებული თანხმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.;
- მოლაპარაკების ოქმი (იხ. ს.ფ.18-20).
3.1.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 03 აპრილის N1-1/156 ბრძანებით, ,,ახალციხე-ბათუმის“ 220კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზ-------------–---–-ს, ნ-----------------–---–-ს და პ---–----------–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სს „ს----------–---------–-–--------–----------------ს“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება.
დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით გაზეთ ,,ს----------------’’-ში გამოქვეყნებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 03 აპრილის N1-1/156 ბრძანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.04.2019წ. N1-1/156 ბრძანება (იხ. ს.ფ. 27-29).
- გაზეთი ,,ს----------------“ (იხ. ს.ფ. 30-31).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, განცხადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან განცხადება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონს, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი;
- „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.
საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში. ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულიად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განსაზღვრულ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
6.2. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრება არის ყოვლისმომცველი სანივთო უფლება საგანზე. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება ვრცელდება ცალკეულ ფიზიკურ, მოძრავ ან უძრავ ნივთებზე, ხოლო საკუთრების საჯარო-სამართლებრივი ცნება და მისი ძირითადი უფლებრივი გარანტი მოიცავს აგრეთვე მოთხოვნებსა და უფლებებს, აგრეთვე, ქონებრივ, საჯაროსამართლებრივ პოზიციებს, რომელთა განსაზღვრული პირობებით შეზღუდვაც შესაძლებელია. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი ნება, როგორც წესი, წარმოადგენს შეუზღუდავ ბატონობას ნივთზე და უფლებას აძლევს მესაკუთრეს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, მაგრამ საკუთრება არ მოიცავს უსაზღვრო ბატონობას ნივთზე.
საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და, ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც–პრეამბულაში მოცემული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ამ უფლების უპირველესი გარანტიებია. მოიაზრება იგი აგრეთვე კონსტიტუციის მე–7 მუხლით აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა შორის, რომლებსაც სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ. კონსტიტუციის მე-19 მუხლი კი ასახავს საკუთრების უფლების უშუალო კონსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს და, ამავდროულად, როგორც პიროვნულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებები – უზრუნველყოს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის დაცვა, ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების შეუფერხებელი მოხმარება (პოზიტიური ვალდებულება) და, ამავდროულად, არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს. ასეთი მიდგომა კი, თავის მხრივ, პიროვნული თავისუფლების გამოვლინებაა. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი უფლება – შეზღუდვა მისთვის, როგორც ინსტიტუტისათვის, დამახასიათებელი თვისებაა და განუყოფელია მისი სუბსტანციისაგან. საკუთრების სოციალური ფუნქცია მასში ვალდებულებებსაც მოიაზრებს. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უფლებამოსილია, განახორციელოს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. ევროპული კონვენცია აძლევს შესაძლებლობას სახელმწიფოებს, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, განახორციელონ ქონების ჩამორთმევა ან გააკონტროლონ საკუთრებით სარგებლობა. საქართველოს კონსტიტუციაც, თავის მხრივ, იცნობს საკუთრების უფლებაში ჩარევის ორ სახეს – საკუთრების შეზღუდვასა და ჩამორთმევას. როგორც მე-19 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას – როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით. კანონი ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” ამომწურავად მიუთითებს იმ ლეგიტიმურ მიზნებზე, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ექსპროპრიაცია.
ამგვარად, კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი, საკუთრების სოციალური ფუნქციიდან გამომდინარე, განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. ასევე ადგენს, რომ შეზღუდვის საფუძველი პირდაპირ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ამასთან, დაცული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესი და რაც მთავარია, შეზღუდვით არ უნდა დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ დანაწესის შემდგომ მე-3 პუნქტი ითვალისწინებს ასევე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
ამდენად, კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს. ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული წინაპირობების დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით. შესაბამისად, როგორც მუხლის შინაარსიდან ჩანს და როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. კონსტიტუციის მე-19 მუხლის შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის შესაძლებელი. ეს არის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით მკაცრად გაწერილი ფორმალური და მატერიალური ზღვარი. კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელი უშვებს ამ მუხლის დაცული სფეროს შეზღუდვას. ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი საკუთრებას უქვემდებარებს ჩამორთმევას. კანონმდებელი მკაცრად და ძალიან ნათლად ადგენს შეზღუდვისა და ჩამორთმევის კრიტერიუმებს. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება გამომდინარეობს ამ უფლების სოციალური დატვირთვიდან. საკუთრების უფლების შეზღუდვაა ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების დადგენა, ამ მხრივ კონკრეტული რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული შემთხვევა უნდა გავაანალიზოთ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კუთხით ან საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევის სახით, დასაბუთებული კრიტერიუმებით, რომელიც არ განსხვავდება შინაარსობრივად. ორივე, ჩარევამ ქონების მშვიდობიან გამოყენებაში და მოქმედებისგან თავის შეკავებამ, უნდა დაიცვას სწორი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, სამართლიანი ბალანსი გამოირიცხება, თუ პირს ეკისრება ”ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ [მას] ექნებოდა, ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება”. ამდენად, ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.
ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ საკუთრებაში ჩარევის შეფასებისას სასამართლო ცდილობს დაადგინოს ბალანსი პირის უფლებასა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რაც მოითხოვს იმის შეფასებას, განმცხადებელს მოუხდა თუ არა „არაპროპორციული ტვირთის“ ტარება. უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობის ურთიერთქმედება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესი განმარტა როგორც ,,აუცილებლად ფართო მომცველობის'', კერძოდ კი, საკუთრების ჩამორთმევის შესახებ კანონის აღსრულების გადაწყვეტილება,ზოგადად, უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რაზედაც მოსაზრებები შეიძლება მკვეთრად განსხვავებული იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლო, ბუნებრივად მიიჩნევს რა, რომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების ფარგლები უნდა იყოს ფართო, პატივს სცემს კანონმდებლის გადაწყვეტილებას „საზოგადოებრივი ინტერესის“ განსაზღვრის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა. დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ: “...წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისთვის, ან გადასახადების თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად “.
პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 წინადადება ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებში საკუთრების ჩამორთმევისა და ქონებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ,,სპორონგისა და ლონროთის'' საქმეში სასამართლო იხილავდა საკუთრებით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდის ვალდებულების საკითხს და მიიჩნია, რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი და კერძო პირის ინტერესების დაცვას შორის საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის.
მნიშვნელოვანია ქონების ექსპროპრიაციის საკითხი ,,საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“. საქმეში ,,ჯეიმსი და სხვები'' განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათი ქონების გადაცემა სხვა კერძო პირებისათვის (კანონით გათვალისწინებული გამოსყიდვის ფორმა) არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს ამ სიტყვის სრული გაგებით და, შესაბამისად, არღვევდა მათ საკუთრების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში განმარტა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, ერთი პირის საკუთრების იძულებითი გადაცემა მეორე კერძო პირისათვის ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელების კანონიერ მიზნებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქონების შეძენა, კანონიერი სოციალ-ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკის განსახორციელებლად, შეიძლება განხორციელდეს „საზოგადოებრივ ინტერესებში“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად საზოგადოება არ გამოიყენებს და არ მიიღებს რაიმე სარგებელს ამ ქონებიდან.
საქმეში „ლინგოუ და სხვები'“, ისე როგორც საქმეში „ჯეიმსი და სხვები“ სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების ჩამორთმევა, მის ღირებულებასთან შედარებით გონივრული ანაზღაურების გადახდის გარეშე, როგორც წესი, წარმოადგენს ქონებით სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნას პირველი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად. ამასთან ერთად, აღნიშნული მუხლი არ იცავს სრული კომპენსაციის მიღების უფლებას, ვინაიდან „საზოგადოებრივი ინტერესების“ დაცვა შესაძლოა მოითხოვდეს სრულ ღირებულებაზე ნაკლების გადახდას.
ევროპული სასამართლოც თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო შეხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
6.4. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში განმარტებულია ექსპროპრიაციის უფლება, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპეტენციით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპეტენციით. ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონით გათვალისწინებული წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება თანხის გადახდით ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემით. ამავე კანონის მეორე მუხლის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპროპრიაციის განხორციელების მიზანია ახალციხე-ბათუმის 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რაც წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს. უდავოა, რომ სს ს----------–---------–-–--------–---------------ის მიერ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ვინაიდან იგი წარმოადგენს ქვეყნის ენერგორესუსრის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ირკვევა, რომ „ახალციხე-ბათუმის“ 220 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის I სეგმენტის I სექციის (კმ 0- 30.8 კმ) მონაკვეთზე მშენებლობის ფარგლებში აუცილებელი გახდა ზ-------------–---–-ს, პ---–----------–---–-ს და ნ-----------------–---–-ს კერძო თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რამეთუ შეთანხმება მათ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა, რადგანაც ქონების მესაკუთრეებმა შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნიეს და უარი განაცხადეს მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე.
სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აამაღლებს რეგიონის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას, რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–---------–-–--------–---------------ის“ განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მას უნდა მიენიჭოს ექსპრორპრეციის უფლება ზ-------------–---–-ს, ნ-----------------–---–-ს და პ---–----------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე, საკადასტრო კოდი 6-----------, მიწის ნაკვეთის 2000კვ.მ. ნაწილზე - 35 კვ.მ. მის. ა-------- რაიონი, სოფელი ბ------ (დ-----–-–------).
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 242-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–---------–-–--------–---------------ის" განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. სს „ს----------–---------–-–--------–----------------“-ს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ზ-------------–---–-ს (პ/ნ0----------), ნ-----------------–---–-ს (პ/ნ0---------6) და პ---–----------–---–-ს (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებული ა-------- რაიონის სოფელი ბ------–- (დ-----–-–------) მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 6-----------) 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებულ 35 კვ.მ-ზე.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ.რობაქიძის 7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოში (მდებარე ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ლუიზა თოდუა