განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2019
საქმის ნომერი
330100119002855375
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- გ-------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი----- კ---------ის ძე წ-----ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1---------რს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- თ----- მ--- მ/რ-ნი, I---------ლი, კორპ.#--- ბინა #3--–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ----- მ--- მ/რ-ნი, I---------ლი, კორპ.#--- ბინა #--

 

ადვოკატი- ს------- ჯ---------

 

თარჯიმანი- მ------ კ--–----ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ი----- წ-----ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----, რომლითაც ი----- წ-----ეს აეკრძალა ყოფილი მეუღლის - დ---- წ-----ის სახლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დ---- წ-----ე შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე აეკრძალა დ---- წ-----ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ი----- წ-----ემ 2019 წლის 12 და 15 იანვარს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ, თ---–--–-- თ----- მ--- მ/რაიონის 1----------–ის მ---- კორპუსის #---–- მდებარე ბინაში მყოფ დ---- წ-----ეს ტელეფონის ნომერზე: 5----------- მისი კუთვნილი ტელეფონიდან, რომლის ნომერია 5----------- მიწერა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ი----- წ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მიერ ბრალის დადასტურებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ დ---- წ-----ის, მოწმეების: თ----- წ-----ის, ი----- წ-----ის გამოკითხვის ოქმებს, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაბეჭედებს, ამოღების ოქმს, #0----- შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი----- წ-----ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- წ-----ემ დაარღვია 2018 წლის 17 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები და ორდერის მოქმედების ვადაში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით 2019 წლის 12 და 15 იანვარს დ---- წ-----ესთან დაამყარა ორდერით აკრძალული კომუნიკაცია, კერძოდ, მიწერა სხვადასხვა შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნული ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.4. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი----- წ-----ის ბრალეულობა.

 

3.5. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი----- წ-----ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი----- წ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს: დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასამართლოს მიერ ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ჩადენილი დანაშაულის შედარებით მცირედი მასშტაბი, მართალია, 2019 წლის 12 და 15 იანვარს ი----- წ-----ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, თუმცა დარღვევა გამოიხატა დაზარალებულთან მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით, რომელიც შეეხებოდა ყოფით საკითხებს (საკვების და ბრალდებულის პასპორტის გადაცემის თემას) და ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის სიტყვიერ კონფლიქტს, შეურაცხყოფასა და დებოშს. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ი----- წ-----ემ უდავოდ გახადა მტკიცებულებები და აღნიშნულით მაქსიმალურად დაზოგა მართლმსაჯულების რესურსი. დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ი----- წ-----ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მკაცრი სასჯელის დანიშვნის სამართლებრივი წინაპირობა.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ი----- წ-----ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების და სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ი----- წ-----ეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- წ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით ი----- წ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი----- წ-----ეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა