განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5---
(გამოძიების #0----------4)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ--------------ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ----------–------ი (დაბადებული - 1----–-–-----------------------------–----------–----------------–-----------------------------–-------------------–-------------–---------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენით, ნ----------–------ი მსჯავრდებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინისა“ და „მეტაფტამინის“ უკანონო მოხმარებისთვის. მიუხედავად ამისა, 2018 წლის 28 თებერვალს, თბილისში ნ----------–------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - „ამფეტამინის“, „მეტამფეტამინის“ და „ბუპრენორფინის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ნ----------–------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ----------------–--ის, ლ-–------–--------ას გამოკითხვის ოქმებს, ადმინისტრაციული დაკავების ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექპერტიზის #7----- დასკვნასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნ----------–------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი.
3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ნ----------–------ს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს განაჩენით ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ უკანონოდ მოხმარებისათვის 2018 წლის 28 თებერვალს ლაბორატორიულად კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების ,,ამფეტამინის’’, ,,მეტამფეტამინისა’’ და ,,ბუპრენორფინის’’ უკანონოდ მოხმარების ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ----------–------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 273-ე მუხლი, რომლითაც ნ----------–------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნ----------–------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ნ----------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის წარსული ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც საფრთხის შემცველია მხოლოდ ბრალდებულის ჯანმრთელობისათვის), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ნ----------–------მა უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალებები -,,ამფეტამინი’’, ,,მეტამფეტამინი’’ და ,,ბუპრენორფინი“), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი), ნ-----------------ეს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
4.6. ამდენად, განაჩენის 4.4.-4.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნ----------–------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნ----------–------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
4.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ნ----------–------მა ახალი დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განაჩენის გამოტანამდე, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად უნდა შთანთქოს ამ განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით და ნ----------–------ს საბოლოოდ სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი.
4.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ----------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს - 2019 წლის 22 აპრილიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 21 აპრილის ჩათვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3, ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად შთანთქოს ამ განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით და ნ----------–------ს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი.
3. ნ----------–------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. ნ----------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 22 აპრილიდან. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ----------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 21 აპრილის ჩათვლით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი