გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/29990-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: ლე--–----–-----ე, პ/ნ-----------
წარმომადგენლები: და-–----------ე, მე--------------ე
მოპასუხე: ნი------------ე, პ/ნ 0----------
წარმომადგენლები: ცი-------------ი, ნუ----------------ე
მოპასუხე: თო----------------ე, პ/ნ 6-----------, ავ--------–--------ე, პ/ნ 2----------
წარმომადგენელი: თა------------–-ძე
მოპასუხე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------“, თავმჯდომარე ლა-------------–-–---–ი
დავის საგანი: კრების ოქმის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 9-------ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------ს“ კრების ოქმი N-, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------ს“ 2/3-მა დაადასტურა 39.59 კვ.მ. სარდაფის ნი------------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში N----------------------- საკადასრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის 2017 წლის 5 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული ნი------------ესა და თო----------------ეს შორის.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრში N----------------------- საკადასრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის 2017 წლის 28 ივლისის და 31 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული თო----------------ესა და ავ--------–--------ეს შორის.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მოსარჩელე ამხანაგობის წევრი 2--- წელს, სადავო მისამართზე მდებარე ბინის შეძენის შედეგად გახდა. მოსარჩელესა და ბინის ყოფილ მესაკუთრეს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სარდაფის ფართი, რომელიც მოსარჩელის ბინის ქვეშ მდებარეობს, არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ის მოსარჩელეს ბინის ყიდვასთან ერთად ავტომატურად გადაეცემა მფლობელობაში. მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო სარდაფი მოსარჩელის კუთვნილი ბინის წინა მესაკუთრის სარგებლობაში იყო, მოსარჩელე კი, 2--- წლიდან, უვლის და ასუფთავებს საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს, მათ შორის - სადავო სარდაფის ჩასასვლელის ზედაპირს. სარდაფთან მისასვლელ ფართს კი, მოსარჩელე იყენებს საყოფაცხოვრებო ნივთების დასალაგებლად (ს.ფ. 3). სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელემ განუმარტა სასამართლოს, რომ სარდაფის ფართს მოსარჩელე არ იყენებს, მოსარჩელეს მხოლოდ სარდაფის ფასადზე აქვს მიყუდებული ფიცარი და ცოცხი.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებითაც სადავო სარდაფი გასხვისდა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან შემძენებისთვის ცნობილი იყო, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანზე სასამართლოში დავა იყო დაწყებული და, შესაბამისად, სადავო ხელშეკრულებების მიზანი არა სადავო ფართის გასხვისება, არამედ პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და სადავო ფართის უკანონოდ გასხვისება იყო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------ს“ წევრი გახდა 2--- წლის იანვარში, ხოლო სადავო ფართი გასხვისებამდე ყოველთვის მხოლოდ თ----------ის ოჯახის ინდივიდუალურ სარგებლობაში იყო. შესაბამისად, მოსარჩელე ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს სადავო ფართის 2007 წლის 1 აგვისტოსთვის თ----------ის ოჯახის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტს, ამხანაგობის წევრთა 2/3-მა კი თავისი ნება გამოხატა და, სადავო ფართის საჯარო რეესტრში თ----------ის სახელზე აღრიცხვის მიზნით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის სადავო ფართის თ----------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაადასტურა. მოპასუხეემბა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეს არა აქვს იურიდიული ინტერესი სარჩელის მიმართ, რადგან, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეს ამხანაგობისგან სადავო ფართი მაინც არ გადაეცემა - სადავო სარდაფს ყოველთვის თ----------ის ოჯახი ფლობდა და ამხანაგობის კანონიერი ნება იყო, რომ სარდაფი თ----------ს გადასცემოდათ. ნასყიდობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ სადავო ხელშერულებები დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მათი შინაარსი მხარეთა ნებას შეესაბამება და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 26 დეკემბერს ნა--------------ა და ნუ---------------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ნუ---------------–---–მა 25 000 აშშ დოლარად იყიდა ბინა N--, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, წ------- ქუჩა, კორპუსი 3-- 60.06 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ აღნიშნული ბინის მესაკუთრედ ნუ---------------–---–ი დარეგისტრირდა 2--- წლის 31 დეკემბერს (ს.ფ. 18-19, 24).
3.1.2. 2--- წლის 27 იანვარს ნუ---------------–---–სა და ლე--–----–-----ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ლე--–----–-----ემ 25 000 აშშ დოლარად იყიდა ბინა N--, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, წ------- ქუჩა, კორპუსი 3-- 60.06 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ აღნიშნული ბინის მესაკუთრედ ლე--–----–-----ე დარეგისტრირდა 2--- წლის 30 იანვარს (ს.ფ. 16-17, 20-21
3.1.3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელთა კრების ოქმითა და საერთო კრების ოქმით დადგენილია, რომ მისამართზე ქ. თბილისი, წ------- ქუჩა, კორპუსი N3--ში დაფუძნებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------“, რომლის თავმჯდომარეა ლა-------------–-–---–ი (ს.ფ. 31-44).
3.1.4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------ს“ 2--- წლის 9-------ს N- კრების ოქმით, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა დაადასტურა, რომ ამხანაგობის წევრი ნი------------ე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობდა შპს „ლილეოს“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ 39.59 კვ.მ. სარდაფს და რომ აღნიშნული ფართი ნი------------ის ინდივიდუალური საკუთრებაა. ამავე კრების ოქმით, ამხანაგობამ თანხმობა განაცხადა აღნიშნული ფართის ნი------------ეს საკუთრებაში რეგისტრაციაზე. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო სარდაფი საჯარო რეესტრში ნი------------ის საკუთრებად 2--- წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით N----------------------- (ს.ფ. 45-52).
3.1.5. 2017 წლის 5 მაისს, ნი------------ემ გაყიდა და თო----------------ემ იყიდა სადავო ფართი საკადასტრო კოდით N-----------------------. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ აღნიშნული ფართი თო----------------ის საკუთრებად დარეგისტრირდა 2017 წლის 11 მაისს (ს.ფ. 54-58).
3.1.6. 2017 წლის 28 ივლისს, თო----------------ემ გაყიდა და ავ--------–--------ემ იყიდა სადავო ფართი საკადასტრო კოდით N-----------------------. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ აღნიშნული ფართი ავ--------–--------ის საკუთრებად დარეგისტრირდა 2017 წლის 1 აგვისტოს და დღემდე რეგისტრირებულია ავ--------–--------ის საკუთრებად (ს.ფ. 59-66).
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, ლე--–----–-----ის სარჩელი მოპასუხეების თო----------------ის, ნი------------ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „----------ს“ მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად. აღიშნული განჩინებით დადგენილია, რომ ლე--–----–-----ემ სარჩელით სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისს მიმართა (ს.ფ. 74-75).
3.1.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, წ------- ქუჩა, კორპუსი N3--ში მდებარე, ავ--------–--------ის სახელზე რეგისტრირებული 39.59 კვ.მ. ფართი საკადასტრო კოდით N-------------------- განთავსებულია სადარბაზო N2-ში არსებული ერთ ოთახიანი ბინის სამხრეთ ფასადზე განხორციელებული მიშენების სარდაფის სართულზე. სარდაფს აქვს ორი შესასვლელი კარის ღიობი კორპუსი N3--ს სამხრეთით მდებარე ეზოს მხრიდან. ფართში მოხვედრა შეუძლებელია სადარბაზო N2-ის მხრიდან, ვინაიდან კორპუსის სარდაფის სართულსა და მიშენებული ნაწილის სარდაფს შორის არ არის მოწყობილი კარის ღიობი. ამავე დასკვნის მიხედვით, სარდაფის თავზე განთავსებულია კორპუსზე განხორციელებული მიშენების პირველი სართული, რომელიც თავის მხრივ გაერთიანებულია ბინა N---თან და წარმოადგენს ერთ მთლიან საცხოვრებელ ბინას. სარდაფს გააჩნია ეზოს მხრიდან მოწყობილი ორი კარის და ოთხი ფანჯრის ღიობი (ს.ფ. 188-196).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ სადავო სარდაფი არასოდეს ყოფილა მოსარჩელის სარგებლობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ სადავო სარდაფით სარგებლობის ფაქტს. სასამართლო განმარტავს, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა შეთანხმება ისეთ ფართზე, რომელიც არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და, შესაბამისად, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც მხარეთათვის უცნობია, ვერ გახდება ბინის შემძენისთვის სარდაფის ფართზე რაიმე უფლების წარმოშობის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ საქმის განხილვისას, საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ მოსარჩელეს მისი ბინის ყოფილი მესაკუთრის მოწმედ დაკითხვა შესთავაზა, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ფართის მოსარგებლე იყო, თუმცა, მოსარჩელეს აღნიშნული მოწმის ჩვენების წარმოდგენის შესაძლებლობით არ უსარგებლია, განმარტა რა, რომ ყოფილი მოსარგებლე საქართევლოდან წასულია და მას მოსარჩელე ვერ მიაგნებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2--- წლიდან სადავო სარდაფის ჩასასვლელის ზედაპირის მოვლა და დასუფთავება, ან სარდაფთან მისასვლელ ფართზე საყოფაცხოვრებო ნივთების დალაგება ვერ იქნება შეფასებული სადავო ფართის სარგებლობად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება არც მოსარჩელის ბინის ყოფილი მესაკუთრის მიერ და არც თავად მოსარჩელის მიერ სადავო სარდაფით სარგებლობის ფაქტი და შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ სადავო სარდაფი არასოდეს ყოფილა მოსარჩელის სარგებლობაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2--- წლის 9-------ს სადავო კრების ოქმი, რომელშიც აისახა ამხანაგობის გადაწყვეტილება სადავო ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, წარმოადგენს გარიგებას - ამხანაგობის წევრთა მრავალმხრივი ნების გამოვლენას, რომლის ბათილად ცნობის, როგორც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების, წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.
აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითადი წინაპირობაა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა – მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. აღიარებითი სარჩელით უნდა მიიღწეოდეს იმ სამართლებრივი სიკეთის (უფლების) აღდგენა, რაც კანონმდებლობის მიხედვით მინიჭებული აქვს მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ამხანაგობის წევრი 2--- წელს გახდა და სადავო სარდაფი არასოდეს ყოფილა მოსარჩელის სარგებლობაში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო კრების ოქმით ამხანაგობის კუთვნილი ფართი კანონდარღვევით განიკარგა და მიიჩნევს, რომ სადავო კრების ოქმისა და სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო ფართი კვლავ ამხანაგობის საკუთრებად უნდა აღირიცხოს, მისი ხელახლა განკარგვის მიზნით.
სასამართლო იზიარებს აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 3 აპრილს საქმეზე Nას-287-273-2016 მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას და განმარტავს, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ამხანაგობას უფლება აქვს იჯარით გასცეს, გააქირაოს ან გაასხვისოს ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების უკანონო განკარგვის გამო სარჩელის აღძვრის უფლება თავად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს თავისი სახელით („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 14.2). ასეთ ურთიერთობებში ამხანაგობას თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი წარმოადგენს („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 14.2), რომელსაც ასეთი უფლებამოსილება ამხანაგობის საერთო კრების მიერ უნდა ჰქონდეს მინიჭებული.
ამრიგად, თუ ამხანაგობის რომელიმე წევრს მიაჩნია, რომ მოხდა ამხანაგობის საერთო ქონების უკანონოდ განკარგვა, მან აღნიშნულ საკითხზე ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, უპირველეს ყოვლისა, ამხანაგობის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს თავად ამხანაგობის წევრმა („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 27.2). ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3, ხოლო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 28.5). ამავე დროს, ამხანაგობის იმ წევრებს, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელის შეტანასაც ეხება საკითხი, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 28.6).
მოცემულ შემთხვევაში, 2--- წლის 9-------ს სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უკანონოდ გადაცემული ქონების დაბრუნების თუ შესაბამისი ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის აღძვრა, თუ აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოხდა ამხანაგობის საერთო ქონების (და არა მოსარჩელის ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული ქონების) განკარგვა, თავად ამხანაგობის გადაწყვეტილებას საჭიროებს, ხოლო წევრს შეუძლია იმოქმედოს ამხანაგობის სახელით, თუ მას ამხანაგობის კრების მიერ მინიჭებული შესაბამისი უფლება აქვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელე სადავო ფართს ინდივიდუალურად არ ფლობდა, ამხანაგობის 2--- წლის 9-------ს სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შედეგად მისთვის შესაბამისი სამართლებრივი შედეგი - ქონების დაბრუნების ან ზიანის ანაზღაურების სახით - მიკუთვნებითი სარჩელის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ დადგება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი მოთხოვნა დაყენებული არ არის და შესაბამისად, მოსარჩელეს სადავო ოქმის ბათილად ცნობის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არა აქვს. რაც შეეხება ამხანაგობის საერთო ქონებისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლო მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნით სარჩელი შესაძლებელია მხოლოდ ამხანაგობის წევრთა კრების მიერ საამისოდ უფლებამოსილმა პირმა აღძრას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არა აქვს იურიდიული ინტერესი სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ, რის გამოც აღნიშნულ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვს იმ დასაბუთებით, რომ სადავო სარდაფის გასხვისება სასამართლოში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრით და არა ამ ფართის რეალურად გასხვისების სურვილით არის განპირობებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან შემძენებისთვის ცნობილი იყო სარდაფის სადავოობის შესახებ და, შესაბამისად, თო----------------ეც და ავ--------–--------ეც სადავო ფართის არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თო----------------ე და ავ--------–--------ე სადავო სარდაფის არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან, მოსარჩელემ წარმოადგინა ინფორმაცია გ-----------------ის “face book”-იდან, რომლითაც გ-----------------ისა და ავ--------–--------ის ნაცნობობის ფაქტი დასტურდება (ს.ფ. 220). სხვა რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მოსარჩელეს არ მიუთითებია არც ისეთ დამატებით ინფორმაციაზე, რომელიც სასამართლოს ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი შემძენის სუბიექტური დამოკიდებულების შეფასების შესაძლებლბას მისცემდა. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო სარდაფი მას შემდეგ გასხვისდა, რაც მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 9 ოტომბრის განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს პირველად 2017 წლის 7 ივლისს მიმართა, სადავო სარდაფი კი, 2017 წლის 5 მაისს უკვე გაყიდული იყო (ს.ფ. 54-58, 74-75).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას სადავო ნასყიდობის ხელშკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე როგორც დაუსაბუთებლობის, ასევე ამ მოთხოვნების მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ზევით განვითარებული მსჯელბის შესაბამისად, რადგან სადავო ნასყიდობის ხელშკრულებების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ რაიმე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დადგება. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან თო----------------ის მიერ სადავო სარდაფის შეძენის დროს, ნი------------ის საკუთრების უფლება ჯერ არ იყო სადავოდ გამხდარი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნი------------ე, როგორც სადავო ფართის მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო, თავისუფლად განეკარგა თავისი საკუთრება მისი ნებისმიერ პირზე - მათ შორის, მესაკუთრის სურვილის შემთხვევაში, ახლობელზე - გასხვისების გზით. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----------------ისა და ავ--------–--------ის მხოლოდ ნაცნობობის ფაქტი არ არის საკმარისი ავ--------–--------ის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისათვის. შემძენთა არაკეთილსინდისიერების დამადასტურებელ რაიმე სხვა გარემოებაზე კი, მოსარჩელეს არ მიუთითებია.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 300 ლარის ოდენობით (ს.ფ. 76-79). ვინაიდან სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, ლე--–----–-----ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ავ--------–--------ეს სადავო სარდაფის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა (ს.ფ. 82-84).
ვინაიდან სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე--–----–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე