განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002900135
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე N1/120-19 14 ივნისი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031120319001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გურანდა ქურდოვანიძე
ბრალდებული: ჯ------ ჯ---------ი
მამის სახელი: ხ------
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------------------------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ჯ------ ჯ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ჯ------ ჯ---------მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 2,8395 გრაამს, რა ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2019 წლის 12 მარტს 21:40 საათზე ქ.მარნეულში სამედ ვურღუნის ქუჩა N49 მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დიტო გიგანი. მან განმარტა, რომ საქმეზე დაწერა ინფორმაციული პატაკი. კერძოდ, მიიღო ინფორმაცია რომ ჯ---------ი და კალაევი გადაადგილდებოდნენ მანქანით, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას. ინფორმაცია მიიღო პიროვნებისგან, რომლის სახელი მოწმეს არ დაუკონკრეტებია. დიტო გიგანმა ასევე დამატებით მიუთითა რომ მას ჯ------ ჯ---------ზე სხვა ინფორმაცია არ ჰქონია.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: 2019 წლის 12 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 12 მარტს 21:40-21:55 საათებში, ქ.მარნეული, სამედ ვურღუნის ქუჩა N49-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ჯ------ ჯ---------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მუქი ლურჯი ფერის სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ღია ნარინჯისფერ პოლიეთილენის პარკში შეფუთული მუქი ფერის ნივთიერება, რომელიც დაილუქა სათანადო წესით.
2019 წლის 13 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N1062/სქ-1215/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი - მოყავისფრო ნივთიერება წონით 5,8992 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით -2,8395 გრამს.
2019 წლის 13 მარტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702833 დასკვნის თანახმად ჯ------ ჯ---------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.
მოწმე ნაჯაფ კალაევის გამოკითხვის ოქმით დასტურდება რომ 2019 წლის 12 მარტს იმყოფებოდა მარნეულში მცხოვრებ ჯ------ ჯ---------თან ერთად თავისი კუთვნილი ავტომანქანით (ტაქსით), რა დროსაც სამედ ვურღუნის ქუჩაზე გადაადგილებისას პოლიციამ გააჩერა ისინი. პოლიციამ ჩაატარა მათი პირადი ჩხრეკა და ასევე ავტომანქანის ჩხრეკა. ნაჯაფ კალაევის განმარტებით, მან დაინახა რომ ჯ------ ჯ---------ს მუქი ფერის სპორტული შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა პოლიეთილენის ცელოფანში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. დანაშაული გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერი საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
2.2. ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლ მიუთითებს რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. 2019 წლის 13 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N1062/სქ-1215/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი - მოყავისფრო ნივთიერება წონით 5,8992 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით -2,8395 გრამს. აღნიშნული ოდენობა წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
საქმის არსებითი განხილვისას ჯ------ ჯ---------მა თავის სრულად სცნო დამანაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ (გარდა მოწმე დიტო გიგანის ჩვენებისა) და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ჯ------ ჯ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ჯ------ ჯ---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების დ--------------------------–--------------------–------------–-----–---- გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 12 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702833 დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის N1062/სქ-1215/ქრ დასკვნა.
სასამართლომ მოახდინა უდავოდ (გარდა მოწმე დიტო გიგანის ჩვენებისა) ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ჯ------ ჯ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ჯ------ ჯ---------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ჯ------ ჯ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. ჯ------ ჯ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ჯ------ ჯ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ოჯახურ მდგომარეობას (ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მშობლები, არის ოაჯხის ერთათადერთი მარჩენალი) და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯ------ ჯ---------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) წლის ვადით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ჯ------ ჯ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10(ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ------ ჯ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8(რვა) წლის ვადით.
ჯ------ ჯ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 მარტიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ჯ------ ჯ---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 10(ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ჯ------ ჯ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე