გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.06.2019
საქმის ნომერი
210310018002593816
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310018002593816

საქმე №3/74-18 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.06.2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე

 

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: ნო------------–---–ი;

წარმომადგენელი: თე--–------ე;

მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამავე სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონალური ოფისი;

წარმომადგენელი: თინათინ გულხადარაშვილი;

მესამე პირი - კახეთის სააღსრულებო ბიურო;

წარმომადგენელი: ხათუნა ნანობაშვილი;

 

დავის საგანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა; ახალი აქტის გამოცემის დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული, უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882017497418-15 (12.04.2018) და №882017497321-17 (12.04.2018) გადაწყვეტილებები.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №303341, 10/07/2018 წლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3. 2001 წლის 22 ნოემბრის განკარგულება (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) ცნობილი იქნეს უფლების დამდგენ დოკუმენტად.

 

1.4. დაევალოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულების მიხედვით განახორციელოს უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: საგარეჯო, სოფელი პ-----------–- (ყოფილი უ-----------------------).

 

სარჩელის დასაბუთება

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2001 წლის 22 ნოემბერს ჩატარებულ აუქციონზე პრივატიზირებული იქნა უდაბნოს სამხედრო-სანაშენე ექსპერიმენტული მეურნეობის კუთვნილი საცხვარე და მწყემსების ოთახი, სოფელ ახალშენში. ქონება შეძენილი იქნა ნო------------–---–ის მიერ. 2001 წლის 22 ნოემბერს გაიცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ. 2017 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია აუქციონზე შეძენილ ქონებაზე და განცხადებას დაურთო 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლი განმარტავს, რომ მოსარჩელეს შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და მოეთხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო შემდგომ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა აღმასრულებლის მიერ გამოწერილი ქვითარი, რომლის მიხედვით მას 2001 წლის 22 ნოემბერს გადახდილი აქვს აუქციონზე შეძენილი საგნის საფასური 765 ლარი. მან განმარტა, რომ ეს ქვითარი გადასცა აღმასრულებელმა სხდომის დაწყებამდე და ამის გამო ვერ წარადგინა იგი ადმინისტრაციულ ორგანოში. წარმოდგენილი გადახდის ქვითარი დაერთო საქმეს მტკიცებულებად.

 

ამ გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილმა შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

მოწმის მიერ წარმოდგენილ თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს დოკუმენტი წარდგენილი არ ყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში და მოსარჩელემ იგი მოიპოვა დღევანდელ სხდომაზე და შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოში მოსარჩელის განცხადების განხილვის დროს წარმოდგენილი ქრ ყოფილა და სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

 

მესამე პირი - კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა ხათუნა ნანობაშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან, სააღსრულებო საქმეში არ მოიპოვებოდა გადახდის ქვითრის არც დედანი და არც ასლი, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტი.

 

მოწმე - ლალი სტეფანიშვილმა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ 2001 წლის 2001 წლის ნოემბერში იგი მუშაობდა აღმასრულებლის თანამდებობაზე, 22 ნოემბერს ჩატარებულ აუქციონზე პრივატიზირებული იქნა უძრავ ქონება, მდებარე: საგარეჯო, სოფელი პ-----------–- (ყოფილი უ-----------------------), და მის მიერ გაცემული იქნა აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ განკარგულება. მოწმემ განმარტა, რომ მოსარჩელემ ნაღდი ანგარიშსწორებით იმავე დრეს გადაიხადა სრული თანხა 765 ლარი, რის თაობაზეც მან გამოწერა ქვითარი, რომელიც მან მოიძია და სხდომის დაწყებამდე გადასცა მოსარჩელეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2001 წლის 22 ნოემბერს ჩატარებულ აუქციონზე პრივატიზირებული იქნა უდაბნოს სამხედრო-სანაშენე ექსპერიმენტული მეურნეობის კუთვნილი საცხვარე და მწყემსების ოთახი, სოფელ ახალშენში. ქონება შეძენილი იქნა ნო------------–---–ის მიერ. 2001 წლის 22 ნოემბერს გაიცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ, რომლის თანახმად „ განკარგულება ძალაშია მისი განხორციელებისთანავე და მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად წარმოადგენს ძირითად საფუძველს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-2001 წლის 22 ნოემბრის განკარგულება;

 

3.2. 2017 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთის მდებარე: საგარეჯო, სოფელი პ-----------–- (ყოფილი უ-----------------------). მოსარჩელემ განცხადებას დაურთო 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულება და აზომვითი ნახაზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-2017 წლის 12 ივნისის განცხადება;

3.3. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის პასუხად სააგენტოს ეცნობა, რომ არ იძებნებოდა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა 22.11.2001 წლის განკარგულებით გათვალისწინებული თანხის გადახდას და ამის გამო არ დასტურდებოდა თანხის გადახდის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-კახეთის სააღსრულებო ბიუროს წერილი;

 

3.4. მითითებული მიზეზით, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა და დაინტერესებულ პირს მიეცა წინადადება წარედგინა საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციის შესახებ განცხადებაზე დართული 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულება, რომელსაც ერ ერთვოდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო ორგანომ არ მიიჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად, რის შედეგადაც მიიღო №882017497418-15 და №882017497321-17 გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის10 ივლისის №303341 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-№882017497418-15 ; №882017497321-17; №303341 - გადაწყვეტილებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული, უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882017497418-15 (12.04.2018) და №882017497321-17 (12.04.2018) გადაწყვეტილებები, ასევე ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონთან შესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის - ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „ მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნო------------–---–მა 2017 წლის 12 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთის მდებარე: საგარეჯო, სოფელი პ-----------–- (ყოფილი უ-----------------------). მოსარჩელემ განცხადებას დაურთო 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულება და აზომვითი ნახაზი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურმა არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები - 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულება შეიცავს ჩანაწერს, რომ ქონება შეძენილი იქნა ნო------------–---–ის მიერ და მის მიერ აუქციონზე გადახდილია მთლიანი თანხა. ასევე სრულყოფილად არ იქნა მოძიებული ინფორმაცია სააღსრულებო ბიუროდან თანხის გადახდის ფაქტის დასადგენად. მოწმის სახით დაკითხულმა ყოფილმა აღმასრულებელმა სასამართლოზე წარმოადგინა თანხის გადახდის ქვითარი, რომლის მიხედვით დადასტურდა თანხის შეტანის ფაქტი აუქციონის დასრულებისთანავე. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს და არსებობს მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-12, 22, 32-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით, ’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნო------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის კახეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული, უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №882017497418-15 (12.04.2018) და №882017497321-17 (12.04.2018) გადაწყვეტილებები.

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №303341, 10/07/2018 წლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.3 2001 წლის 22 ნოემბრის განკარგულება, გაცემული ნოდარი გიუნაშვილის სახელზე (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) ცნობილი იქნეს უფლების დამდგენ დოკუმენტად.

 

1.4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2001 წლის 22 ნოემბრის (აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ) განკარგულების საფუძველზე განახორციელოს უფლების რეგისტრაცია, უძრავ ნივთზე, მდებარე: საგარეჯო, სოფელი პ-----------–- (ყოფილი უ-----------------------).

 

2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელე ნო------------–---–ის სასარგებლოდ სახელწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე