გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
330210017002046569
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21413-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე: ჟ--–----------------ი

წარმომადგენლები: ა-–--------------–-----–ი

მოპასუხე: ი------------–---–ი

წარმომადგენლები: ლ------------–-–---–ი

დავის საგანი: პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი------------–---–ს დაევალოს მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან: ,,მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონის სამეფო ოჯახის (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) წარმომადგენლებს ასახელებდნენ“ - დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის ბოლოს საზოგადოება "ბაგრატოვანთა სახლმა” გამოსცა: ი------------–---–ის წიგნი "ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები". ს------------–---–ი ავრცელებს ჟ--–----------------ის დიდი ბაბუის და იმ-------------------------------------------------ის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს.

 

მოსარჩელის მითითებით, ვ--------------------მა თავი შესწირა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებისათვის ბრძოლას. მე–8 საუკუნეში იგი არაერთ აჯანყებას ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და იმერეთის სამეფოს დ-------------- იყო, ი------------–---–ი კი აცხადებს, რომ მე-XIX საუკუნეში პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის წარმომადგენლებს ასახელებდნენ“ - ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, ვინაიდან ვ--------------------ი არც ერეკლე II-ის და არც გიორგი XII-ს სამეფო ოჯახს არ მიეკუთვნებოდა. არადა, იგი დასახელებული იყო მეფობის კანდიდატად აჯანყების ორგანიზატორების მიერ, მეტიც, მოგვიანებით დ--------------დ აღიარეს კიდეც. ი------------–---–ის განცხადება კი არის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. პიროვნებამ მთელი ცხოვრება სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შესწირა, წარმოადგენდა მის ლიდერს და იმერეთის სამეფოს დ--------------ს, ი------------–---–ის განცხადება კი მის ღვაწლს სრულიად უგულებელყოფს, თითქოს მხოლოდ ერეკლე მეორეს და გიორგი მეთორმეტეს სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ აჯანყების ორგანიზატორთა რჩეულები.

 

მოსარჩელე, ჟ--–----------------ი (ქორწინებამდელი გვარი ნ-–-----ე) წარმოადგენს ვ----------------–---–ისა და მისი ძმის, ტ------–---------–-ილის პირდაპირ შთამომავალს და გააჩნია წინაპრის ღირსების დაცვის ინტერესი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ჟ--–----------------ის მიერ სადავოდ გამხდარი, მის წიგნში არსებული წინადადება: „მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) წარმომადგენლებს ასახელებდნენ“, არ შეურაცხყოფს მოსარჩელის ერთ-ერთი წინაპრის, ვ-----------------------------------ნის ღირსებას: მე-XIX საუკუნის I მეოთხედი მოიცავს წლებს 1801-დან 1825 წლამდე. შესაბამისად, ისტორიის ამ კონკრეტულ პერიოდში, საქართველოში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყებების დროს (1802 წლის კახეთის აჯანყება; 1804 წლის აჯანყება ქართლის მთიანეთში; 1812 წლის აჯანყება კახეთში; 1819-1820 წლების აჯანყება იმერეთში) მეფობის კანდიდატებად ასახელებდნენ ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის ოჯახების წარმომადგენლებს. კერძოდ:

 

1802 წელს ქართველი აჯანყებულების მიერ მეფობის კანდიდატად დასახელებული იყო ერეკლე II-ის ვაჟი, იულონ ბატონიშვილი: „1802 წ. ივლისში კახეთის თავად-აზნაურობის 69 წარმომადგენელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იმპერატორის ერთგულებას აღიარებდნენ, მაგრამ საქართველოს მთავრობის სათავეში იულონის დაყენებას მოითხოვდნენ“.

 

1804 წელს კვლავ იულონ ბატონიშვილი სახელდება მეფობის კანდიდატად: „აჯანყება სწრაფად გაფართოვდა. მთიულებს მიემხრნენ გუდამაყრის, ჭართლის, ხანდოს ხეობათა მცხოვრებნი, ასევე ფშავ ხევსურები და თრუსოს ხეობის ოსები. აჯანყებულებმა მოციქულები გაგზავნეს იმერეთს და იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს მოუწოდეს. ახალი რეჟიმის შედეგად გაწამებულმა გლეხობამ მხარი დაუჭირა საქართველოს სამეფო ხელისუფლების აღდგენას“.

 

1812 წელს აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს გიორგი XII-ის შვილიშვილი, ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი, რომლის დატყვევებისა და გადასახლების შემდეგ, აჯანყებულებმა უკვე ერეკლე II ის ვაჟი - ალექსანდრე ბატონიშვილი დაასახელეს: „ამბოხების მეთაურებმა გრიგოლი მეფედ რომ გამოაცხადეს, კახეთი სიხარულით ფეხზე აღარ იყო. ბატონიშვილი გრიგოლი მალე შეეჩვია ახალ თანამდებობას და კარგად შეითვისა მეფობა. ახლად არჩეული მეფე გრიგოლი მხნედ შეუდგა მეფობას“.

 

1819-1820 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება მოხდა იმერეთში და მეფობის კანდიდატებად აჯანყების სულისჩამდგმელი ადგილობრივი დიდგვაროვნები (კერძოდ სოლომონ I-ის შვილიშვილი - ივანე აბაშიძე და სოლომონ I-ის ძმისშვილი - დავით ბაგრატის ძე ბაგრატიონი) სახელდებოდნენ, აჯანყებულთა უმრავლესობა მაინც ერეკლე II-ის შვილის, ალექსანდრე ბატონიშვილის გამეფებას მოითხოვდა: „უმრავლესობა კი მოითხოვდა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ შეუპოვარი მეომრის, ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონის გამეფებას - ირანში კიდევ გაიგზავნა დელეგაცია უფლისწულთან მოსალაპარაკებლად“. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია ჟ--–----------------ი რა საფუძვლით ედავება მას.

 

მოსარჩელე ჟ--–----------------ს მეორე მიზეზად მოყავს იმავე წიგნში 31-ე გვერდზე გამოყენებული ერთ-ერთი ისტორიული დოკუმენტის შემდეგი ამონარიდი: „ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამეფო თუ სამთავრო გვარეულობის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ საქართველოს სამეფოს აღდგენას. მათი გადაწყვეტილებით მეფე გიორგი XII-ის შვილები დავით (XII) ბატონიშვილი უნდა გამეფებულიყო ქართლ-კახეთში, ხოლო იოანე ბატონიშვილი - იმერეთში“. წარმოდგენილი ისტორიული ამონარიდი, სარჩელში მიზანმიმართულად მოყვანილია წყაროს მითითების გარეშე, თითქოსდა ეს წინადადება მიეკუთვნოდეს მოპასუხეს- ი------------–---–ს და არა საქართველოს მთავარმმართველს, გენერალ-ლეიტენანტ ნ.ფ. რ---–--ს. შესაბამისად, თუკი მოსარჩელეს გააჩნია პრეტენზია გენერალ რ---–---ს პატაკის ტექსტთან, მაშინ მოპასუხის მიმართ პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან ისტორიული დოკუმენტების გამოყენების უფლება აქვს ნებისმიერ მკვლევარს.

 

ასევე ბუნდოვანია, თუ რაში გამოიხატებოდა ჟ--–----------------ის წინაპრის ვ-----------------------------------ნის ,,პატივისა და ღირსების“ შელახვა, მაშინ როცა სადავო წინადადება შეეხებოდა მე-XIX საუკუნის I მეოთხედს.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებისას იყო აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ისევე როგორც იმერეთის თავად-აზნაურთა სხვა მრავალი წევრი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ო-–---------–--ს სიტყვებით „ვა-------ც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებაში“.

 

მ----- ხ-------კს თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს იმის შესახებ, რასაც მოსარჩელე მიუთითებს, მაგრამ მის გარდა არც ერთ ისტორიკოს ამგვარი გარემოება არ დაუდგენია და შესაბამისად, მ----- ხ-------კის მოსაზრების გაზიარება ან არგაზიარების უფლება ყველას გააჩნია, მოპასუხის ჩათვლით.

 

რაც შეეხება ვ-----------------------------------ნის „იმერეთის დ--------------დ“ მოსაზრებას, არც თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის და არც თანამედროვე თურქული ისტორიოგრაფიის მიერ მიღებული არ არის, გარდა ერთი ქართველი მკვლევარის, ქ-ნ მ----- ხ-------კისა.

 

2012 წელს, საქართველოში გამოცემულ ფუნდამენტალურ 4 ტომეულში - „საქართველოს ისტორია“, რომლის რედაქტორები არიან საქართველოს ისტორიის კვლევის წამყვანი მეცნიერები - ა----------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------–-–---–-------------------------------------–-------–--------–----–-------–----------------------------------------------------–--------------------–---–--------------–----------------–---–---------------------–---------–---, სადაც მოყვანილია ცნობები საქართველოს ისტორიის მე-XIX საუკუნის შესახებ. ამ აკადემიურ გამოცემაში, მკვლევარ, ქ-ნ მ----- ხ-------კის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვ-----------------------------------ნი არის „დ------------------------ე“ გაზიარებული არ არის. მეტიც, ამ ბოლო აკადემიურ გამოცემაში ვ-----------------------------------ნი საერთოდ არ არის ნახსენები.

 

ზემოთხსენებული ფუნდამენტალური ნაშრომის რედაქტორები და ავტორები, როდესაც ეხებიან 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას, აღნიშნავენ შემდეგს, რომ „უმრავლესობა კი მოითხოვდა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ შეუპოვარი მეომრის, ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონის მეფე ერეკლე II-ის ვაჟის გამეფებას - ირანში კიდევ გაიგზავნა დელეგაცია უფლისწულთან მოსალაპარაკებლად“.

 

2012 წელს სტამბულში გამოიცა თურქი ისტორიკოსის მ-------------ის ნაშრომი „ოსმალეთის ქართველები“, სადაც მოყვანილია ცნობები ქართველების შესახებ, რომლებიც XVI-XX საუკუნეებში მოღვაწეობდნენ თურქეთში. ამ ნაშრომშიც, ვ-----------------------------------ნი, არათუ „იმერეთის დ--------------დ“, არამედ საერთოდ არ არის ნახსენები.

 

მოსარჩელე აღნიშნავს: „ვ--------------------მა თავი შესწირა საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. მე-19 საუკუნეში იგი არაერთ აჯანყებას ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ...“. გაუგებარია რას ნიშნავს “იგი არაერთ აჯანყებას ხელმძღვანელობდა“, როდესაც ისტორიული საბუთებიდან ნათლად ჩანს, რომ ვ-----------------------------------ნმა, მხოლოდ 1819-1820 წლების აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ჟ--–----------------ი სასარჩელო მოთხოვნაში და მისი სამართლებრივ საფუძვლებში აღნიშნავს: „ბ-ნი ს------------–---–ი განზრახ ამცირებს ვ------- და ტ------–---------–-ილებს. საერთოდ არ ახსენებს ვ--------------------ს, რომელიც ისტორიული პიროვნებაა. მოპასუხის განმარტებით ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ვინაიდან, მის ორტომეულის მეორე ნაწილი - „ი------------–---–ი. ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტიის და მისი განშტოებების გენეალოგია. თბ., 2016”, გვერდებზე - 314, 324, 325 და ასევე, თანდართულ Nო19 გენეალოგიურ ტაბულაში მოსარჩელე, მისი გაცნობისას აღმოაჩენდა ისტორიულ წყაროებს და სამეცნიერო ლიტერატურას ვ------- და ტ------–--------------ბის შესახებ. ასევე გაუგებარია მოსარჩელის ბრალდება ვ------- რ-------------ს, როგორც “დ-------------ის”“ისტორიისათვის დაკარგვის თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ჟ--–----------------ი (ქორწინებამდელი გვარი ნ-–-----ე) წარმოადგენს ვ----------------–---–ისა და მისი ძმის, ტ------–---------–-ილის პირდაპირ შთამომავალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გენეოლოგია, მოწმობები (ს.ფ. 33-41)

 

3.1.2. ი------------–---–ის ავტორობით 2016 წელს გამოცემული წიგნის სახელწოდებით ,,ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები“ 30-ე გვერდზე მითითებულია შემდეგი: ,,მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონის სამეფო ოჯახის (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) წარმომადგენლებს ასახელებდნენ“. (სარჩელით სადავო განცხადება)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონარიდი წიგნიდან საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები (ს.ფ.20-30);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი------------–---–ის ავტორობით 2016 წელს გამოცემული წიგნის სახელწოდებით ,,ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები“ 30-ე გვერდზე მითითებული ინფორმაცია ,,მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონის სამეფო ოჯახის (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) წარმომადგენლებს ასახელებდნენ“ - არ არის წარმოადგენს მოსარჩელის - ჟ--–----------------ის წინაპრის, ვ--------------------ის პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლურ, მის შესახებ ფაქტის (არსებითად მცდარი) შემცველ ცნობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10 , § 62, 16 February 2016).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.

 

გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მრავალ საქმეში. სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. ამ გადაწყვეტილებებში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია. აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს.

 

ამიტომ, გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია(17.1. -17.2.-მუხლი). ამავე მუხლის მე-5 პუნქტით ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად („სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი).

 

სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით („სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3.1. მუხლი).

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6.1. მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით.

 

ამავე კანონის 4.1.-ე მუხლით კი გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე - ჟ--–----------------მა სარჩელი აღძრა გარდაცვლილი წინაპრის - დიდი ბაბუის, ვ--------------------ის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობების უარყოფის მოთხოვნით.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ამ კანონის 1-ლი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განცხადება არის - ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო.

 

ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისმე-3 ქვეპუნქტით ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.

 

დადგენილია, რომ 2016 წელს საზოგადოება "ბაგრატოვანთა სახლმა” გამოსცა ი------------–---–ის წიგნი "ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები". ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული წიგნის 30-ე გვერდზე მითითებულია შემდეგი: ,,მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონის სამეფო ოჯახის (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) წარმომადგენლებს ასახელებდნენ („ბაგრატოვანთა სახლი’’, ი. ბიჭიკაშვილი, ბაგრატიონები. საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები, თბ., 2016, გვ. 30). მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, ვინაიდან ვ--------------------ი არც ერეკლე II-ის და არც გიორგი XII-ს სამეფო ოჯახს არ მიეკუთვნებოდა, თუმცა იგი დასახელებული იყო მეფობის კანდიდატად აჯანყების ორგანიზატორების მიერ, ხოლო მოგვიანებით დ--------------დ აღიარეს. მისივე განმარტებით, ი------------–---–ის განცხადება არის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. პიროვნებამ მთელი ცხოვრება სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შესწირა, წარმოადგენდა მის ლიდერს და იმერეთის სამეფოს დ--------------ს, ი------------–---–ის განცხადება კი მის ღვაწლს სრულიად უგულებელყოფს, თითქოს მხოლოდ ერეკლე მეორეს და გიორგი მეთორმეტეს სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ აჯანყების ორგანიზატორთა რჩეულები.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ კვლევის შედეგად ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ო-–---------–--ს სიტყვებით „ვა-------ც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებაში“. რაც შეეხება ვ-----------------------------------ნის „იმერეთის დ--------------დ“ მოსაზრებას, არც თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის და არც თანამედროვე თურქული ისტორიოგრაფიის მიერ მიღებული არ არის, გარდა ერთი ქართველი მკვლევარის, მ----- ხ-------კისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ისტორიას – (ბერძ. ჰისტორია - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე) შეიძლება ჰქონდეს ორი ძირითადი განსაზღვრება: 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ. 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა. თვითონ ისტორიული მეცნიერება არის ისტორიოგრაფიის შესწავლის საგანი. ამ დისციპლინის ტერმინოლოგიით ისტორია არის მხოლოდ ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ამგვარად, ისტორიული მეცნიერება იწყება იმ დროიდან, როცა გამოჩნდა წერილობითი ინფორმაცია.

 

ყურადსაღების ის გარემოება, რომ აღნიშნული წიგნი წარმოადგენს ისტორიული კვლევის შედეგს, გამოცემულია წიგნის სახით, სადაც მითითებულია ისტორიული წყაროები. წიგნის სადავო მონაკვეთში არ არის აღწერილი ვ-----------------------------------ნის მოღვაწეობა. წიგნის ავტორმა ისტორიული წყაროებზე დაყრდონით, მისი ანალიზისა და განსჯის, გადმოცემის ფორმების გათვალისწინებით, თავად განსაზღვრა მისი კვლევის ფარგლები, ნაშრომის საგანი, თემატიკა, შინაარსი, რომლის მიხედვითაც სადავო განცხადება შეეხებოდა კონკრეტულ პერიოდში - მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში - კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, საქართველოში მომხდარ რამდენიმე აჯანყებას, რომელთა მიზნად ავტორი, საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენასა და მეფობის კანდიდატებად ერეკლე II-ისა და გიორგი XII -ის წარმომადგენლების დასახელებას მიიჩნევს.

 

სადავო განცხადება საერთოდ არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას ვ-----------------------------------ნის შესახებ, რაც გამორიცხავს მის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას - ცილისწამებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხის განცხადება არის ვ-----------------------------------ნის, როგორც ისტორიული ფიგურის - ქართველი მკვლევარის, მ. ხ-------კის კვლევებით, „იმერეთის დ-------------ის“ - დაკნინება, მისი ღვაწლის დაკარგვა, ღირსების და პატივის შელახვა და აშშ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოვლენების გადმოცემა, ან თუნდაც ნაშრომში ისტორიული მოვლენის არასრულად ასახვა, ვერ გახდება სასამართლო კონტროლის საგანი და კვლევის აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევა ვერ განხორციელდება.

 

საქმეზე ჯუღაშვილი რუსეთის წინააღმდეგ Dzhugashvili v. Russia (განჩინება), N41123/10, ECHR 2014, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად გამოაცხადა ევგენი იაკობის ძე ჯუღაშვილის, იოსებ სტალინის შვილიშვილის, საჩივარი, რომლითაც მომჩივანი გაზეთ ნოვაია გაზეტა-ს ედავებოდა მისი პაპის შეურაცხმყოფელი სტატიის გამოქვეყნების გამო.

 

საქმის გარემოებების მიხედვით, 2009 წლის 22 აპრილს ნოვაია გაზეტა-მ, ოპოზიციური გაზეთი, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დამნაშავედ გამოცხადდა ბერია“, რომელიც შეეხებოდა პოლონელი პატიმრების დახვრეტას კატინში 1940 წელს. სტატიის ავტორი იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი, რომელიც ჩართული იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესში. სტატია შეიცავდა ბრალდებებს ყოფილი სსრკ-ს მთავრობის მიმართ. სტატია ასევე შეიცავდა ავტორის მოსაზრებას სსრკ-ს და სსრკ-ს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს როლის შესახებ იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებში, რაც მომჩივნის შეხედულებით იყო მცდარი, არარეალური და სრულიად დაუსაბუთებელი.

 

ევროპულმა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა: იმის გათვალისწინებით, რომ იმგვარი საქმეები, როგორიც ესაა, მოითხოვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დაბალანსებას გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული, გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია, მიაგნოს ისტორიულ სიმართლეს. სასამართლოსთვის დამახასიათებელი არ არის შეაფასოს ისტორიულ მოვლენები, რაც წარმოადგენს ისტორიკოსებს შორის განრძობადი დებატების საგანს (იხ. შოვი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ (Chauvy and Others v. France), N 64915/01, § 69, ECHR 2004 VI). საწინააღმდეგო დასკვნა კარს გაუღებდა სასამართლოს ჩარევას ისტორიულ დებატებში და შესაბამისი ისტორიული დისკუსიის გადატანას საჯარო ფორუმიდან სასამართლო დარბაზებში.

 

კვლევის აკადემიური თავისუფლება ასევე აღიარებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიურ თავისუფლებას. მოყვანილი მუხლის ანალიზით კიდევ ეთხელ დასტურდება ის გარემოება, რომ კვლევის აკადემიური, შემოქმედებითი თავისუფლება დაცული და გარანტირებულია.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:1.არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება უშუალოდ პირის მიმართ; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3.განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ი------------–---–ის წიგნის "ბაგრატიონები - საქართველოს სამეფო დინასტია და მისი განშტოებები" 30-ე გვერდზე მითითებული ინფორმაცია მასზედ, რომ ,,მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. ყველა ამ აჯანყების ორგანიზატორები, რომლებიც მიზნად საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ისახავდნენ, მეფობის კანდიდატებად ყოველთვის ბაგრატიონის სამეფო ოჯახის (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის) წარმომადგენლებს ასახელებდნენ - არ შეიცავს მითითებას ვ-----------------------------------ნის შესახებ. მოცემული აბზაცში გარკვევით არის აღნიშნული მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოში მომხდარი რამდენიმე აჯანყების შესახებ, სადაც არ არის დაკონკრეტებული იმერეთის სამეფო და იმერეთის სამეფო ტახტის შესახებ ცნობები. შესაბამისად, ვ-----------------------------------ნი, როგორც ისტორიული ფიგურა იდენტიფიცირებული არ არის. აღნიშნული მოცემულობით, არ იკვეთება პირი - ვის მიმართაც ადგილი ჰქონდა არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელებას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის ცილისწამებლურ ხასიათს. ამდენად, არ არსებობს გავრცელებული განცხადებისათვის პირის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტი - არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება უშუალოდ მოსარჩელის (მისი წინაპრის) მიმართ. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო არ მსჯელობს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე და იგი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. ჟ--–----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან კუჭავა