განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100118002460252
#1/144-18 (№------------)
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ე-–------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-------------–-–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ყ------–---------------------;
ბრალდებული - ლ-----------ე - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: რ-------------–------------------------;
ადვოკატი - ცირა ჯავახიშვილი, მინარი მურღვაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 2 ივნისს გ-------------–-–---–მა და ლ-----------ემ დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინეს დიდი ოდენობით ნედლი მარიხუანა, წონით 261,89 გრამი, რომელიც მოათავსეს და უკანონოდ ინახავდნენ ლ-----------ის მართვის ქვეშ მყოფ „მაზდას“, მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით A--------. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნანახი და ამოღებული იქნა 2017 წლის 2 ივნისს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 2 ივნისს გ-------------–-–---–მა დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნედლი მარიხუანა, წონით 261,89 გრამი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა „მაზდას“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით A--------.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზურაბ სიმონიშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართელოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 02 ივნისს მეწყვილესთან ერთად იმყოფებოდა სამსახურში და ახდენდა ახდენდა პატრულირებას. დაახლოებით დილის 05:00-06:00 საათების პერიოდში, გამთენიისას საგარეჯოს რაიონის სოფელ ბ---------ში, მანევრირების წესების დარღვევის გამო მათ მიერ გაჩერებული იქნა „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართვდა ლ-----------ე. მოწმის განმარტებით ავტომანქანასთან მისვლისას ავტომანქანის სალონიდან გამოდიოდა სპეციფიური სუნი, რაზეც ავტომანქანის მგზავრებმა უთხრეს, რომ ავტომანქანის საბარგულში ქონდათ მარიხუანა. ამის შემდეგ ავტომანქანის მძღოლმა ახადა საბარგული და მიანიშნა მარიხუანაზე. ამის შემდეგ შეატყობინა ხელმძღვანელობას, რაზეც დაიწყო გამოძიება და გამომძიებლის, ექსპერტის მისი და ლ-----------ის მონაწილეობით ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა მარიხუანა, რაც დალუქეს სათანადო წესით.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე კ------------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე დ--–---------–--–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად ლ-----------ესა და გ-------------–-–---–ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი.
მოწმე მ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: მომწვანო ფერის ნედლი მცენარეული მასა წონით 261,89 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას. მოწმემ ასევე დამატებით განმარტა, რომ დადგენა იმ საკითხისა თუ რომელი კატეგორიისა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, აღნიშნულს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყოველი მათგანი არის დასჯადი. მოწმემ ასევე დაატასტურა ლ-----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკაში მისი მონაწილეობა.
მოწმე გ----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N1 პაკეტში მოთავსებული იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის „STALKER 914-UK“ მოდელის N----------- აირის პისტოლეტი, არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N1 პაკეტში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნა არის, ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ-იანი ნომინალური კალიბრის ფუჭი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტისათვის, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N2 პაკეტში მოთავსებული იარაღი არის, ქარხნული წესით დამზადებული, „COLT“-ის მარკის N--------- პნევმატური პისტოლეტი, ვარგისია სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ-----–--------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 02 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ ბ---------ში შეაჩერა ავტომანქანა და შეატყობინა რომ აღნიშნულ ავტომანქანაში შესაძლოა ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის საბარგულში ნანახი იქნა მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, რაც ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ვ--------------ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ჩაატარა გ-------------–-–---–ის პირადი ჩხრეკა რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.
ვ----–-------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ავტომანქანა ,,მაზდა დემიო“ სახელმწიფო ნომრით A--------, რომლითაც გამოავლინეს მისი ძმა და გ-------------–-–---–ი, არის მისი საკუთრება, რომელიც ათხოვა ძმას ლ-----------ეს. მოწმის განმარტებით ავტომანქანის განათხოვრების დროს მასში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ყოფილა.
ლ-----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 01 ივნისს გ-------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა კახეთში ილიას ტბაზე კახეთში, საიდანაც 02 ივნისს გამთენიისას წამოვიდნენ თბილისის მიმართულებით. გზაში მოძრაობისას მან შეამჩნია მინდორში ამოსული მარიხუანა, გააცერა ავტომანქანა და გ-------------–-–---–თან ერთად დაკრიფა, რაც შემდეგ ერთად მოათავსეს ავტომანქანის საბარგულში. გზაში მოძრაობისას ისინი გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომელმაც ავტომანქანასთან მისვლისას იგრძნო სუნი, რაზეც კითხეს თუ რა ქონდათ ავტომანქანაში, ხოლო პასუხად უთხრეს, რომ ავტომანქანის საბარგულში ქონდათ მარიხუანა. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა სხვა ეკიპაჟებიც, ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა, საიდანაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად ნანახი და ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. მოწმის განმარტებით შემდეგ იგი და გ-------------–-–---–ი გადაყვანილები იქნენ პოლიციის შენობაში, შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე სადაც დაუდგინა მარიხუანის მოხმარების ფაქტი. მოწმის განმარტებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დადგენილი მარიხუანა მან და გ-------------–-–---–მა მოიხმარეს ილიას ტბაზე, ხოლო ის ნარკოტიუკული საშუალება ქონდა მანამდე, რასაც ასევე ინახავდა ავტომანქანაში.
გ-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 2 ივნისს ლ-----------ესთან ერთად ილიას ტბიდან ბრუნდებოდა თბილისში, რა დროსაც გზად შეამჩნია ალუჩის ხე. შემდეგ გააჩერეს ავტომანქანა და მან დაიწყო ალუჩის დაკრეფა, ხოლო ლ-----------ემ იქვე მინდორში არსებული მარიხუანის დაკრეფა, რაც შემდეგ შეინახა ავტომანქანის საბარგულში. შემდეგ განაგრძეს გზა და ბ---------თან გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა საიდანაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ხსენებული მარიხუანა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას მარიხუანა არ დაუკრეფია და არ შეუნახია და იგი ეკუთვნოდა მხოლოდ ლ-----------ეს.
N------ ექსპერტის დასკვნის მიხედვით ჩატარებული კვლევა არასრულყოფილი, არასარწმუნო, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია.
ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული მიკროსკოპული გამოკვლევით დადგენილია ბოტანიკურ-მორფოლოგიური კვლევის შედეგები, რაც არ შედის ექსპერტ-ქიმიკოსის კომპეტენციაში.
ბოტანიკურ-მორფოლოგიური კვლევით არ არის დადგენილი თუ რომელი სახეობის კანაფი იქნა წარდგენილი გამოსაკვლევად, ვინაიდან საქართველოში არსებობს კანაფის სამი სახეობა: ჩვეულებრივი კანაფი (Cannabis Sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი (kannabis Ruderalis). აღნიშნული მცენარეების გამოკვლევა და ერთმანეთისგან განსხვავება ხორციელდება კომპლექსურად ბოტანიკურ-მორფოლოგიური კვლევითა და ქიმიური გამოკვლევით.
ნარკოტიკული საშუალების ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრისათვის აუცილებელია ინსტრუმენტალური კვლევა, კერძოდ გაზური ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენება, რაც არ განხორციელებულა. ჩატარებული კვლევებით გაურკვეველია თუ როგორ, რა მეთოდით, რომელი მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა ექსპერტმა დასკვნით ნაწილში მითითებული ნარკოტიკული საშუალების კანაფი (მცენარე) სახეობა და ნედლი მარიხუანას ოდენობა.
დასკვნას არ ახლავს შესაბამისი თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული კვლევის დამადასტურებელი ქრომატოგრაფიული სურათი, რომლითაც დადასტურდებოდა ჩატარებული კვლევის სისწორე და შედეგი.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვას. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მარიხუანის უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. მარიხუანის უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული მარიხუანისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს ასევე წარმოადგენს იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ-------------–-–---–მა ლ-----------ესთან ერთად ჯგუფურად შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რაც ასევე შეინახა ლ-----------ესთან ერთად.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
გ-------------–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს გარდა ლ-----------ის განთქმითი ჩვენებისა, არ წარმოუდგენია არცერთი სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გ-------------–-–---–თან ერთად დაკრიფა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულება ნედლი მარიხუანა, რაც მასთან ერთად შეინახა ავტომანქანაში.
ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება ის გარემოება, რომ ლ-----------ის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ნედლი მარიხუანა, ხოლო ის, რომ ხსენებული მარიხიანა ლ-----------ემ დაკრიფა და შეინახა გ-------------–-–---–თან ერთად აღნიშნული იციან მხოლოდ ბრალდებულის გადმოცემით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე იმ ნაწილში, რომ ლ-----------ემ გ-------------–-–---–თან ერთად უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნედლი მარიხუანა არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) გ-------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
სასამართლო არ დავობს აღნიშნული ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“. კოდექსი ადგენს წყაროს დასახელების ვალდებულებას, მაგრამ არ ადგენს ირიბი ჩვენების სარწმუნოობის გადამოწმებისათვის დასახელებული პირველწყაროს გამოკვლევის ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები დასაშვებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ირიბი ჩვენები სხვა მტკიცებულებით დადასტურებით არ იცვლება ამ მტკიცებულების ბუნება, იცვლება მხოლოდ ამ სახის მტკიცებულებით დარწმუნების შესაძლებლობის ხარისხი.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14; 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის N561აპ-15 გადაწყვეტილება).
ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ-------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ხოლო ლ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მეოთხე ნაწილზე.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-----------ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნედლი მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არის ის, რომ იგი თავს არიდებს სასამართლოს.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 270-ე, 271-274-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ-------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ლ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილზე.
ლ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-----------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს, ხოლო აირის პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური პისტოლეტი, რეზინის ნიღაბი, რკინის საჭრელი ხერხი დამატებითი პირით, რკინის ძალაყინი, რეზინის ხელთათმანები, ნაჭრის ნიღაბი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი გ-------------–-–---–ის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულ ლ-----------ეს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ზვიად შარაძე