გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2832910-2/052-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 მაისი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ს-------- ს--------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------- ს--------–---–ი, ე---------ა ა--–--ე
მოპასუხე - პ---–- თ--–--–---–ი
წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე პ---–- თ--–--–---–ს მოსარჩელე ს-------- ს--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის გაზაფხულზე მოპასუხე პ---–- თ--–--–---–ი მოსარჩელეს შეუთანხმდა, შემოდგომით - ოქტომბრის თვეში შეესრულებინა სამშენებლო სამუშაოები, ქ. ვ--–-ში მ-----–-–---–ის ქუჩაზე მდებარე, მოპასუხის ნათესავის საცხოვრებელ სახლში. შეთანხმების თანახმად, სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფდა მოპასუხე და სამუშაოს დასრულების შემდეგ აუნაზღაურებდა თანხას.
2018 წლის ოქტომბრის თვეში მოპასუხემ მოსარჩელეს მიუტანა სამშენებლო მასალები და მოსარჩელე შეუდგა საქმეს. ორი დღის შემდეგ მოსარჩელესთან მივიდა უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო როგორც სახლის პატრონის ნათესავი და უთხრა, რომ შეეწყვიტა სამუშაოები. აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელე დაუკავშირდა პ---–- თ--–--–---–ს და მოსთხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 260 ლარის ანაზღაურება. პ---–- თ--–--–---–მა უარი განუცხადა თანხის მიცემაზე და განუმარტა, რომ თანხა სახლის მეპატრონისათვის მოეთხოვა.
შემდგომი სამუშაოები მოსარჩელეს უნდა ჩაეტარებინა კ---- თ--–--–---–თან, რომელსაც შეუთანხმდა, რომ ორი დღით ადრე აცნობებდა სამუშაოების დაწყების შესახებ, რათა მას მოემარაგებინა სამშენებლო მასალები. მოსარჩელეს მოუწია შეეწყვიტა სამშენებლო სამუშაოები და იმის გამო, რომ კ---- თ--–--–---–ს არ ჰქონდა მომარაგებული მასალები, ორი დღე მოსარჩელე იყო საქმის გარეშე, რითაც მიიღო ქონებრივი ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე პ---–- თ--–--–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისმა ნათესავმა რ----- ა-----–---–მა მართლაც სთხოვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის მოეძებნა ხელოსანი. მოპასუხე დაუკავშირდა ს-------- ს--------–---–ს და შესთავაზა სამშენებლო სამუშაოები წარმოება, რაზეც მოსარჩელე დათანხმდა. ს-------- ს--------–---–ის ნომერი გადაუგზავნა სახლის მეპატრონეს და მისთვის უცნობია რა პირობებზე და თანხაზე შეთანხმდნენ ისინი. რ----- ა-----–---–ის თხოვნით, საჭირო სამშენებლო მასალებს თავად მიაწვდიდა და ანგარიშსწორებას შემდეგ მოახდენდნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს-------- ს--------–---–ი არის ხელოსანი და ეწევა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს.
3.1.2. 2018 წლის ოქტომბრის თვეში ს-------- ს--------–---–მა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩაატარა რ----- ა-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ა---––---- რაიონი, ქ. ვ--–- მ-----–-–---–ის ქუჩაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ს-------- ს--------–---–ს, რ----- ა-----–---–ის სახლში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაუკვეთა რ----- ა-----–---–მა.
3.2.2. ს-------- ს--------–---–ისათვის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება პ---–- თ--–--–---–ს არ უნდა აენაზღაურებინა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე ს-------- ს--------–---–ი ამტკიცებს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმება, რომ სარმენტო სამუშაოების საფასურს აუნაზღაურებდა პ---–- თ--–--–---–ი. მოპასუხე სადაოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას და უთითებს, რომ თანხის გადახდის ვალდებულება მას არ ჰქონია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ს-------- ს--------–---–მა რ----- ა-----–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ჩაატარა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები. სადავოა ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურების საკითხი, კერძოდ პ---–- თ--–--–---–ს უნდა აენაზღაურებინა თუ არა სამუშაოების საფასური.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ მოწმე რ----- ა-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წელს გადაწყვიტა სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა ქ. ვ--–-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. დაუკავშირდა ნათესავს პ---–- თ--–--–---–ს და სთხოვა კარგი ხელოსნის მოძებნა. პ---–- თ--–--–---–მა ურჩია ს-------- ს--------–---–ი. რ----- ა-----–---–ი დაუკავშირდა ს-------- ს--------–---–ს და შეუთანხმდა ჩასატარებელ სამუშაოებზე და ღირებულებაზე. ამასთან გააფრთხილა, რომ ნებისმიერი სამუშაო და ღირებულება რის ჩატარებაც იქნებოდა საჭირო მასთან შეეთანხმებინა, რადგან თანხა უნდა გადაეხადა რ----- ა-----–---–ს. ხოლო პ---–- თ--–--–---–ს სთხოვა, რომ სამშენებლო მასალებით მოემარაგებინა ს-------- ს--------–---–ი. იმის გამო, რომ ს-------- ს--------–---–ის მიერ ჩატარებული სამუშაოები არ იყო ხარისხიანი, სთხოვა სამუშაოები შეეწყვიტა. ს-------- ს--------–---–მა ჩატარებული სამუშაოებისათვის მოსთხოვა 260 ლარი. შემდეგ ისევ დაურეკა და მოითხოვა 160 ლარი. რ----- ა-----–---–მა უთხრა, რომ აჩუქებდა აღნიშნულ თანხას, ვინაიდან ჩატარებული სამუშაოების ხარისხი არ იყო მისთვის მოსაწონი, რაზეც ს-------- ს--------–---–მა უარი განუცხადა. რ----- ა-----–---–მა აღნიშნა, რომ არ არის თანახმა ს-------- ს--------–---–ს აუნაზღაუროს ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, სანამ ს-------- ს--------–---–ი მას არ აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს, რომელიც მიადგა ს--------ს მიერ არასწორი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებით. მოწმე თ----- ს--------–---–მა განმარტა, რომ მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ რ----- ა-----–---–თან, მის კუთვნილ სახლზე უნდა ჩაეტარებინათ სამშენებლო სამუშაოები. რ----- ა-----–---–მა განუმარტა, რომ თანხას პ---–-ს თ--–--–---–ი გადაუხდიდა.
სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება რომ სახლზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების საფასური უნდა აენაზღაურებინა რ----- ა-----–---–ს. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ს-------- ს--------–---–მა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩაატარა რ----- ა-----–---–ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მოწმე რ----- ა-----–---–ი ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამუშაოების ღირებულება ს-------- ს--------–---–ისათვის უნდა აენაზღაურებინა თავად. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე თ----- ს--------–---–ის მითითებას, რომ რ----- ა-----–---–ის განმარტებით თანხა პ---–- თ--–--–---–ს უნდა გადაეხადა, ვინაიდან თავად მოწმე აღნიშნავს, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარების საკითხებზე შესათანხმებლად მისულები იყვნენ რ----- ა-----–---–თან და სამუშაოები მის სახლში უნდა ჩაეტარებინათ. თავად ს-------- ს--------–---–ის განმარტებით კი ვინაიდან, მას ბანკში არ ქონდა ანგარიში, რ----- ა-----–---–ი კი არ ცხოვრობდა საქართველოში, შესაბამისად რ----- ა-----–---–ი პირადად მას ვერ გადმოურიცხავდა შესრულებული სამუშაოს თანხას და პ---–- თ--–--–---–ის საშუალებით მიცემდა თანხას. ამდენად დამკვეთს წარმოადგენდა რ----- ა-----–---–ი და არა პ---–- თ--–--–---–ი.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ ს-------- ს--------–---–ისათვის ჩატარებული სამუშაოების დამკვეთი არ ყოფილა პ---–- თ--–--–---–ის და შესაბამისად მისი ღირებულება პ---–- თ--–--–---–ს არ უნდა აენაზღაურებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------- ს--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ პ---–- თ--–--–---–ი წარმოადგენს იმ პირს რომელმაც უნდა აუნაზღაუროს მას ჩატარებული სამუშაოების ღირებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 629 -ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ, მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთ უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელე ს-------- ს--------–---–მა რ----- ა-----–---–ის დაკვეთით გარკვეული სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩაატარა რ----- ა-----–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მოწმე რ----- ა-----–---–მა ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ს-------- ს--------–---–ს თავად შეუთანხმდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე და სამუშაოების ღირებულება მისთვის უნდა აენაზღაურებინა მასვე. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს-------- ს--------–---–ი სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდა რ----- ა-----–---–თან და არა პ---–- თ--–--–---–თან. შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულება არსებობდა ს-------- ს--------–---–ს და რ----- ა-----–---–ს შორის. ამდენად, პ---–- თ--–--–---–ი არ წარმოადგენს შემკვეთს და მენარდისათვის ს-------- ს--------–---–ისათვის შეთანხმებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება მას არ აკისრია. კონკრეტულ შემთხვევაში პ---–- თ--–--–---–ის როლი გამოიხატა იმაში, რომ მისი რეკომენდაციით დაუკვეთა რ----- ა-----–---–მა ს-------- ს--------–---–ს მომსახურება და ასევე, რ----- ა-----–---–ის თხოვნით მიიტანა სამშენებლო მასალები ამ უკანასკნელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, თუკი არ არსებობს ვალდებულება. მოთხოვნის უფლების არსებობისათვის აუცილებელია მოსარჩელე ს-------- ს--------–---–ი ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხე პ---–- თ--–--–---–თან ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გავქვს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე პ---–- თ--–--–---–ი არ არის ის პირი, რომლმაც პასუხი უნდა აგოს მოსარჩელის წინაშე. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს-------- ს--------–---–ის სარჩელი თანხის დაკსირების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი