გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4335-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ივნისი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი - სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - გ------- ჭ---------ა
წარმომადგენელი - მ--------------
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილება
წარმომადგენელი - დ-----------–---–-
დაინტერესებული პირი - მ------ ბ------–---–ი
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შსს ძველი თბილისის სამმართველოს II განყოფილების (გამომძიებელი - დ-----------–---–-) მიერ 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, იგი ეთანხმება წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელს. მისივე განმარტებით მ------ ბ------–---–ი და მისი მეუღლე - ო----- ც------–---–ი უმიზეზოდ ადანაშაულებენ ფსიქოლოგიურ ძალადობაში მის მარწმუნებელს. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, იგი თავად არის მსხვერპლი, რადგან სისტემატიურად მოიხსენებენ როგროც მამის მკვლელს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 11 მარტს, გ------- ჭ---------ას შემთხვევით გაუვარდა იარაღი, რასაც მისი მამის გარდაცვალება მოჰყვა, რის გამოც მას, ჩადენილი დანაშაულისთვის შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 4 ივნისს, არც მ------ ბ------–---–თან და არც მის მეუღლესთან მას შეხება არ ჰქონია. მითუმეტეს მათ მიმართ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ განუხორციელებია. გ------- ჭ---------ა მ------ ბ------–---–ის ცრუ ჩვენების გამო 8 თვე და 7 დღე იჯდა ციხეში, აღნიშნულ ბრალდებაში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით, გ------- ჭ---------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან. გ------- ჭ---------ა მიიჩნევს, რომ მ------ ბ------–---–ის და მისი მეუღლის - ო----- ც------–---–ის პროვოკაციული დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ ერთ-ერთ მეზობელს - გ-------------ას, ო----- ც------–---–ის წინააღმდეგ, მხარს უჭერს ადმინისტრაციულ დავაში.
2019 წლის 5 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი №0----- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან, მოსარჩელეს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არ დამუქრებია მ------ ბ------–---–ს, შესაბამისად არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების წარმომადგენელი, გამომძიებელი - დ-----------–---–-ს არ დაეთანხმა გ------- ჭ---------ას სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია გენდერული ნიშნით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დაინტერესებული მხარის - მ------ ბ------–---–ის მეუღლის - ო----- ც------–---–ის განცხადების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2.3. დაინტერესებული პირის პოზიცია:
დაინტერესებულმა პირმა - მ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ საქართველოს შიანაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი №0----- გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ უნდა იქნეს ბათილად ცნობილი. მ------ ბ------–---–ის განმარტებით, 2019 წლის 4 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე, მოსარჩელე - გ------- ჭ---------ა მივიდა მის საცხოვრებელ სახლთან და დაიწყო გინება, ასევე ხმამაღლა ამბობდა, რომ არ აპატიებდა პოლიციაში მისვლას, რის შემდეგაც გამოვიდა მეზობელი გ-------------ა, პირზე ააფარა ხელი და სახლისკენ წაიყვანა და გაარიდა იქურობას, რადგან იცოდა, რომ საპატრულო პოლიცია ყავდათ გამოძახებული და იქ თუ დახვდებოდა გ------- ჭ---------ა, მოხდებოდა შესაბამისი რეაგირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემულ იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი გ------- ჭ---------ას მიმართ, სადაც მსხვერპლად მითითებულია - მ------ ბ------–---–ი. შემაკავებელი ორდერის თანახმად, ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისნიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე აეკრძალა იარაღით (მათ შორის, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა და იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემულ იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით დგინდება, რომ მოსარჩელე - გ------- ჭ---------ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გ------- ჭ---------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოს სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენი.
3.1.3. 2019 წლის 21 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა მოსარჩელისა და დაინტერესებული პირის მეზობელი - ლ--–---------ა, რომელმაც განაცხადა, რომ 2019 წლის 4 ივნისს დილის 6 საათისთვის არანაირ ხმაურს, გინებას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მისი საძინებელი მდებარეობს ქუჩის მხარეს და რაიმე გაუგებრობა და ხმაური რომ ყოფილიყო აუცილებლად გაიგებდა. ასევე დაამატა, რომ მ------ ბ------–---–ის ოჯახი აუტანელ სიტუაციას უქმის მას და მის ოჯახსაც, გამუდმებით წერს საჩივრებს, იძახებს საპატრულო პოლიციას და უღებს ვიდეოებს, რაც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ.
სხდომაზე ასევე დაიკითხა გ-------------ა, რომლის განმარტებით 2019 წლის 4 ივნისს, დილით 6 საათისთვის შემოესმა ძაღლები ყეფა, გავიდა მოსარჩელის სახლში, თუმცა არ დახვდა, შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია. დაახლოვებით შუადღისთვის შეხვდა გ------- ჭ---------ა, რომელმაც განუმარტა, რომ დილით, ძაღლების გასეირნების დროს, ორი მეგობარი შეხვდა, რომლებსაც თეთრწყაროში ლეკვის წარმოსაყვანად გაჰყვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაიკითხნენ ზ----- ქ---------ე და დ----- მ---–--–---–ი. ზ----- ქ---------ის განმარტებით, 2019 წლის 4 ივნისს დილის 6 საათზე, 7-ის წუთებზე მოსარჩელე - გ------- ჭ---------ა შეხვდა მას და მის მეგობარს - დ----- მ---–--–---–ის, მათ უთხრეს, რომ თეთრწყაროში მიდიოდნენ ლეკვის სანახავად, როგორც ძაღლების მოყვარულმა გ------- ჭ---------ამ სურვილი გამოთქვა მათთან ერთად წასვლის და დაახლოვებით 7-ის 15 წუთისთვის წავიდნენ ერთად. იგივე განმარტა მოწმედ დაკითხულმა დ----- მ---–--–---–მა, რომ დილის 6 საათზე შეხვდა გ------- ჭ---------ა და მათთან ერთად წავიდა თეთრწყაროში, საიდანაც დაბრუნდნენ შუადღეს, დაახლოებით 12 საათისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს გ------- ჭ---------ას მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის მე-36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოძალადე - გ------- ჭ---------ას მიმართ, მსხვერპლი - მ------ ბ------–---–ი. შემაკავებელი ორდერის თანახმად ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. ორდერის შედგენის საფუძვლად მითითებულია - 2019 წლის 4 ივნისს გ------- ჭ---------ას მიერ, მ------ ბ------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარა.
ამასთან, შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისნიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე აეკრძალა იარაღით (მათ შორის, სამსახურეობრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა და იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქმის მასალების, სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ჭ---------ას მიერ მ------ ბ------–---–ის მიმართ ძალადობის, კერძოდ ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მ------ ბ------–---–ის მეუღლის - ო----- ც------–---–ის განცხადება, რომ მ------ ბ------–---–ის განმარტებით გ------- ჭ---------ამ, 2019 წლის 4 ივნისს დილის 6-ის ნახევარზე მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღსანიშნავია, რომ გარდა მითითებულისა, არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ------- ჭ---------ას მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელე - გ------- ჭ---------ა 2019 წლის 4 ივნისს მ------ ბ------–---–ის მიერ მითითებულ დროის მონაკვეთში წასული იყო თეთრწყაროში ორ მეგობართან ერთად, რასაც ადასტურებენ ზ----- ქ---------ე და დ----- მ---–--–---–ი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული პირი - მ------ ბ------–---–ი თავის ახსნა-განმარტებაში უთითებდა, თითქოს გ------- ჭ---------ას მიერ მის მიმართ მუქარის და გინების ფაქტს შეესწრო მოწმე - გ-------------ა, რომელმაც პირზე ხელი ააფარა მოსარჩელეს და სახლისკენ წაიყვანა. ამ ფაქტს უარყოფს სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული გ-------------ა და ამბობს, რომ 2019 წლის 4 ივნისს დაინტერესებული პირის - მ------ ბ------–---–ის მიერ მითითებული დროის მონაკვეთში გ------- ჭ---------ა არ უნახავს.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ როგორც დაინტერესებული მხარე, ასევე მოწმედ დაკითხული პირები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ------ ბ------–---–ის გამოძახების გამო, 2019 წლის 4 ივნისს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც მეზობლებთან და გამოძახების ინიციატორებთან გასაუბრების შემდეგ ისე დატოვეს ტერიტორია, რომ არანაირი რეაგირება ფაქტთან დაკავშირებით არ განუხორციელებიათ, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მ------ ბ------–---–ისთვის შეურაცხყოფის მიყენების და მუქარის ფაქტს იმ მომენტში ადგილი არ ქონია.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, მ------ ბ------–---–ის მუქარის ფაქტის თაობაზე გაკეთებული საჩივრის საფუძველზე, თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძებო სამმარველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რის შედეგადაც გ------- ჭ---------ა დაკავებული იქნა და პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვეზე მეტი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით მოსარჩელე - გ------- ჭ---------ა ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე დაუბრუნდა საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული 4 ცალი იარაღი, მოთავსებული შალითებში, 3 ცალი მჭიდი, 215 ვაზნა მოთავსებული ხელჩანთაში და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობები და მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების თაობაზე.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შემაკავებელი ორდერის კანონიერებას მოპასუხე - შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების წარმომადგენელი და დაინტერესებული პირი ასაბუთებენ მხოლოდ სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებებით და რაც არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, აქედან გამომდინარე არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2112-ე, 2114-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ჭ---------ას სარჩელი, მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის - დ-----------–---–-ს მიერ, 2019 წლის 5 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) .
მოსამართლე: ივ. ღლონტი