გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.12.2018
საქმის ნომერი
330310017001780116
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/624-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - თ----- ფ-----–--;

წარმომადგენელი - გ------- ვ--------;

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - მ------ ბ------–-–---–-;

 

მესამე პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს უფლებამონაცვლე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური;

წარმომადგენელი - მ------ ბ------–-–---–-;

 

მესამე პირები - გ------- ხ---–---, ა-----– გ------–---,წარმომადგენლები - გ------- ქ----–---–-; ი------ ა-----------;

 

მესამე პირი - ი----- თ----------–---;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, თბილისში, კ-------------------ღმართზე N- სახლში მოსაზღვრე უძრავი ნივთის მესაკუთრე არის თ----- ფ-----–--, რომლის სახლის გვერდით შენდება ა-----– გ------–--ისა და გ------- ხ---–---ს შენობა, რომლის გაზრდილი სამშენებლო კოეფიციენტის პარამეტრები პირდაპირ აზიანებს თ----- ფ-----–--ს ინტერესებს. მესამე პირების შენობის აშენების შემთხვევაში, ვეღარ მოხდება მოსარჩელის სახლში სათანადო მზის ენერგიისა და სინათლის შეღწევა, დააბნელებს სახლს და ამასთან ცუდად შეღწევადი იქნება ჰაერის ნაკადიც. აღნიშნული შენობა შენდება პირდაპირ საზღვარზე, ყოველგვარი დაშორების გარეშე. ამ ისტორიულ ზონაში ასეთი გაზრდილი კოეფიციენტით მშენებლობა დაუშვებელია. თ----- ფ-----–-- არ დაიბარეს ზეპირ მოსმენაზე, როდესაც იხილებოდა მესამე პირების კოეფიციენტის გაზრდის საკითხი და ისე მიიღეს გადაწყვეტილება, რითაც პირდაპირ დააზარალეს მოსარჩელე და არ იქნა გათვალისწინებული მისი კანონიერი ინტერესები, კერძოდ: ხ---–---სა და გ------–--ის მიერ კოეფიციენტის გაზრდა, როგორც მათ მიერ კორექტირებული პროექტიდან ჩანს, მიზნად ისახავს დამტკიცებული მრავალბინიანი სახლის კიდევ 1 მეტრით სიმაღლეში მომატებას რაც არა მარტო კონტექსტიდან ამოგლეჯილი იქნება თ----- ფ-----–--ს სახლთან შედარებით, არამედ ის კიდევ უფრო დაჩრდილავს მის სახლს, ტერასას, ეზოს და მისი ფასი კიდევ უფრო დაეცემა. ვინაიდან კ1=0,4 კ2=1,5 სიმაღლე ნიშნულის ზევით 9,9 მეტრი სიმაღლის შემთხვევაში სახლის ღირებულება აუდიტორული დასკვნით 366 367.30 ლარით დაეცემოდა და კიდევ უფრო მაღალი შენობა კ1=0,7 კ2=1,8 მრავალსართულიანი შენობის სიმაღლე ნიშნულის ზევით 10,9 კიდევ უფრო მეტად დაჩრდილავს და დააზარალებს მოსარჩელის სახლს და ეზოს. ხ---–--- და გ------–--- მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ ისტორიული განაშენიანების სახელმწიფო ზონაში, სადაც ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელის შეცვლა, გაფართოვება, ნიშნულების ამაღლება დაწევა ან სხვა ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი და მეცნიერული დასაბუთების საუძველზე, ისტორიულ იერსახესთან მაქსიმალურად მიახლოებით (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, 37-ე მუხლი). ამასთან, აქ განაშენიანება წარმოადგენს ისტორიულ ბირთვს - სახელმწიფო დაცვის ზონას, ქალაქის უძველეს გარემოს. ამ ტერიტორიაზე სამშენებლო განვითარება და სამართლებრივი ასახვა "უფლებრივი ზონირების" მოთხოვნების მიხედვით ხდება შესაბამისი დეტალურ სავალდებულო რუკაში (მიწათსარგებლობის გენ-გეგმა 2014წ. 30 დეკ. #2-----, მუხლი 3 დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა 3 (ს. 3) პუნქტი 6.გ. ქართულ ქალაქგეგმარებით პრაქტიკაში საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ინტერესის მატარებელ ობიექტებსა და არეალზე ხედების დასაცავად დამკვიდრდა სივრცითი შეზღუდვების გამოყენება. სივრცითი შეზღუდვა აწესებს რეგლამენტს იმ მშენებლობის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მნიშვნელოვანი ხედის აღქმადობას. სივრცითი შეზღუდვების მეთოდებად გამოიყენება ზღვრული სიმაღლეები (მათ შორის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი), დაცვითი პერსპექტივები და პანორამები. თ----- ფ-----–--ს სახლის მდგრადობას მისი კედლის დანგრევის გამო საფრთხე ექმნება, შესაძლოა კოეფიციენტის მომატებით აშენებულმა შენობამ თ----- ფ-----–--ს სახლის ნგრევა გამოიწვიოს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირების - გ------- ხ---–---სა და ა-----– გ------–--ის წარმომადგენლებს წერილობითი პოზიცია სასამართლოში არ წარმოუდგენიათ, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მესამე პირს - ი----- თ----------–---ს (რომლესაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით) წერილობითი პოზიცია სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2015 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით, დადებითი შეფასება მიეცა გ------- ხ---–---ს განცხადებას ქ. თბილისში, კ-------------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე.

 

ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 თებერვლის N- სხდომის ოქმის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ თანხმობა მიეცა განმცხადებლს ბრძანებით ქ. თბილისში, კ---------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს.კ. 0---------------) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე. არსებული ტერიტორიის განაშენიანების კოეფიციენტი და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ1=0,7, კ2=1,8.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანებით ქ. თბილისში, კ---------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს.კ. 0---------------) განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ1=0,7, კ2=1,8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 თებერვლის N- სხდომის ოქმი (ს.ფ. 131-134, ტ. I);

- თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 27.02. 2015 წლის N---- ბრძანება (ს.ფ. 45, ტ. I);

-ზონალური საბჭოს გადაწყვეტილება, დოკუმენტი N------- (ს.ფ. 48-49, ტ. I);

 

3.1.2. საპროექტო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის თანახმად, კ------------------------------ის ტერიტორია მდებარეობს ახლანდელი პ---–----------------- ქუჩის შუა მონაკვეთში. საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს რთული კონფიგურაციის მიწის ნაკვეთს რთული რელიეფით. მასზე მდებარე შენობებს არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ნივთის სტატუსი. საპროექტო ტერიტორიაზე შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, მაგრამ, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პირობები: აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება თბილისის ისტორიულ ზონას და თბილისის ერთ-ერთი ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის - მ---–------- შემადგენელი ნაწილია. მ---–------- განაშენიანება მთასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს თბილისის ცენტრის არქიტექტურულ-მხატვრული სახის ფორმირებაში. ეს გარემოება განაპირობებს ახალი ნაგებობის ორგანულად ,,ჩაწერის’’ სირთულეს მთის კალთებზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ განაშენიანების სტრუქტურაში და მასშტაბში. მთლიანობაში შენარჩუნებული უნდა იყოს ამ უბნის დაგეგმარების სტრუქტურა ბუნებრივი ლანდშაფტის გათვალისწინებით, არქიტექტურულ-სივრცობრივი გარემო, ურბანული ტერიტორიის ისტორიული ხასიათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საპროექტო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა. (ს.ფ. 78-88, ტ. I);

 

3.1.3. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 მარტის N------- წერილით განმცხადებელ გ------- ხ---–---ს ეცნობა, რომ 02.02.2015 წლის განცხადებაში დასმული საკითხი განხილულ იქნა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 თებერვლის N- სხდომაზე. ,,ზონალური’’ საბჭოს დასკვნის საფუძველზე საკითხმა მიიღო დადებითი შეფასება - მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ2) განისაზღვრა 1.8-ით, ხოლო განაშენიანების კოეფიციენტი (კ1) 0.7-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 10.03. 2015წ. N------- წერილი. (ს.ფ.46-47. ტ. I)

 

3.1.4. სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის N---------- წერილით გ------- ვ--------ს ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნააკვეთთან (ს.კ. N----------------- მისასვლელი გზა ამ ეტაპზე კ-------------------ღმართის მხრიდან არ ფიქსირდება, რადგან აღნიშნული სივრცე წარმოადგენს კერძო საკუთრების (ს.კ N0---------------) ნაწილს. თუმცა, მოქალაქე თ----- ფ-----–--ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტს ნუმერაცია მინიჭებული აქვს კ-------------------ღმართის მხრიდან, ასევე განმცხადებლის მიერ დანართის სახით წარდგენილ 01.03.2000წ. საკადასტრო რუკის მიხედვით აღნიშნულ უძრავ ობიექტთან მისასვლელი გზა ფიქსირდებოდა კ-------------------ღმართის მხრიდან. ამასთან, განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობით საავტომობილო გზა/ქუჩა წარმოადგენს ხაზობრივ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც შესაძლებელია, როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ისე სხვა სახის საკუთრების მიწის ნაკვეთზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. აქედან გამომდინარე, თუ მისასვლელი გზის მშენებლობა (მოწყობა) განხორციელდა ქალაქის ტერიტორიაზე (ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე), ის წარმოადგენს საზოგადოებრივ ტერიტორიას/სივრცეს. ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ თანახმად, არსებული და საპროექტო გზები/ქუჩები მოქცეულია: სატრანსპორტო ზონა 1-ში (ტზ-1). დედაქალაქის ტერიტორიაზე, ფუნქციური ზონების გამოყოფის და მათი საზღვრების დადგენის წესის შესაბამისად, ყველა ქუჩასა და ძირითად გზას ფარავს ხსენებული ზონა - ტზ-1. რაც შეეხება, სხვა სახის სამანქანო, თუ ქვეითთა გასასვლელებს, ბილიკებს და მსგავს, ისინი შეიძლება მოქცეული იყვნენ ყველა სხვა ფუნქციურ ზონაში, როგორც ზონის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხაზობრივი და დამხმარე ნაგებობა. ხსენებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმის მიხედვით, განმცხადებლის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე 2009 წლის 05 ივნისიდან დღემდე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 15 ივნისის N---------- წერილი (ს.ფ. 104-105 ტ. I);

 

3.1.5. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2015 წლის 10 სექტემბრის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ქ. თბილისში, კ-------------------------------ში ს.კ. 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და 0--------------------------------------------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვრის (ღობის) ნაწილი სიგრძით 21.97 მეტრი მოქცეულია 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი სიგრძით 6.81 მეტრი მოქცეულია მის ფარგლებს გარეთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაგებელი (ს.ფ. 173-188, ტ. I);

 

3.1.6. ქ. თბილისი, კ------------------------------ში განთავსებულ 293 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0---------------) ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ. თბილისი, კ--------------- აღმართი N--ში განთავსებული 377კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-------------------------------------------------------------) მიჯნით, პ---–----------------- ქუჩის მხრიდან მარჯვენა მხარეს. ასევე, ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არის ქ. თბილისი, კ--------------- აღმართი N--ში განთავსებული 377 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-------------------------------------------------------------) განთავსებულ საცხოვრებელ შენობა-ნაგებობაზე ორი სართულით მაღალი. ამდენად, ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი კედელი ებჯინება კ--------------- აღმართი N--ში განთავსებული საცხოვრებელი სახლის ერთ კედელს, ხოლო მისი სიმაღლე ორი სართულით მაღალია. შედეგად: 1. საცხოვრებელი სახლის იმ მხარეს, საიდანაც შენდება კორპუსი, იგმანება ფანჯრები და ოთახები რჩება ბუნებრივი განათებისა და ხედის გარეშე. 2. ეზღუდება ხედი ბ-------------------სა და მ---–------- პარკის მხარეს. 3. დაიჩრდილება ტერასა და ეზოს ნაწილი. 4. ეზო, ტერასა და მთლიანად სახლი ხვდება მშენებარე კორპუსის ზედა სართულების ვიზუალური ხედვის/დაკვირვების ზონაში, რაც ქმნის სახლში მცხოვრებთათვის არსებით უხერხულობას და თავისუფალი სივრცის შეზღუდვას. სულ მისაყენებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 417 742,30 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,ბ-----------------’’ N-------- დასკვნა, 2016 წ. (ს.ფ. 52-75, ტ. I);

 

3.1.7. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, კ--------------- აღმართი N- / ქ. თბილისი, პ---–----------------- ქ. N--- ს.კ. 0---------------- 2018 წლის 23 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია თ----- ფ-----–--სა და ი----- თ----------–---- სახელზე. კერძოდ, თ----- ფ-----–--ს საკუთრებაშია შენობა-ნაგებობა N--–- საერთო ფართი 254,77 კვ.მ, მათ შორის I სართული 124,66 კვ.მ, I-----------–- 130,11 კვ.მ და შ---------- ხოლო ი----- თ----------–---- საკუთრებაშია შენობა-ნაგებობა N--–- მე-3 სართული, საერთო ფართით 108,03 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 23.04.2018 წ. (ს.ფ. 301, ტ. I);

 

3.1.8. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 15 მარტის N--------- დასკვნის თანახმად, 2000 წლის 01 მარტს მომზადებული N---------------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე ასახული 377 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების ნაწილი გადის უშუალოდ ღობეზე, მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ღობე მდებარეობს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით. აღნიშნული ღობე საკადასტრო რუკაზე ასახულია მწვანე ფერის ხაზით. 2005 წლის 24 ნოემბერს მომზადებული N---------------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე ასახული 377 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების ნაწილი გადის უშუალოდ ღობეზე, მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ღობე მდებარეობს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით. აღნიშნული ღობე საკადასტრო რუკაზე ასახულია მწვანე ფერის ხაზით. 2005 წლის 24 ნოემბერს მომზადებული N---------------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ საკადასტრო რუკაზე ასახული 377 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით სრულად განთავსებულია შენობა N-- რომლის სამხრეთ ნაწილსი არსებულ გარე კედელზე გადის რეგისტრირებული საზღვარი. 2016 წლის 17 ნოემბერს შპს ,,ჯ----–------" მიერ მომზადებულ სიტუაციურ გეგმაზე ასახული ფაქტობრივი საზღვრის (ღობის) ნაწილი, რომელიც დანართ N--ზეა ნაჩვენები, ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს შენობის გარე კედელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 15 მარტის N--------- დასკვნა (ს.ფ. 326-329, ტ. I);

 

3.1.9. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 08 სექტემბრის N--------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, კ-------------------------------ში N0--------------- მიწის ნაკვეთსა და 0---------------- 0--------------------------------- მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივი საზღვარი არ შეესაბამება საჯარო რეესტრში N0--------------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს. 2014 წლის 01 სექტემბერს თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ N------- ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში და 2015 წლის 10 მარტს ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ დასაბუთების ალბომში (ბრძანება N-------) არსებული საპროექტო შენობის აშენების შემთხვევაში საჭირო გახდება N0--------------- მიწის ნაკვეთსა და N0---------------- N----------------- N0--------------- მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ფაქტობრივად არსებული ბლოკისა და რკინაბეტონის ღობის ნაწილის დემონტაჟი და ასევე საჭირო იქნება N0--------------- მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული სამ სართულიანი შენობის სამხრეთ ნაწილში არსებული შენობის ნაწილის დემონტაჟი. კერძოდ, ღობისა და შენობის იმ ნაწილების დემონტაჟი იქნება საჭირო, რომელიც ექცევა N0--------------- მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2017 წლის 08 სექტემბრის N--------- დასკვნა (ს.ფ. 330-337, ტ. I);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც თ----- ფ-----–--ს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები..

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანება ,,ქ.თბილისში, კ------------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს.კ. 0---------------) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ’’ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა („თანაბარი შესაძლებლობების სივრცე)“.

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაშენიანების რეგულირების წესებით“ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება „განაშენიანების ძირითადი დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.3. ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 18.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად (ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფილ ერთ-ერთი კონკრეტული ფუნქციურ ზონას წარმოადგენს საცხოვრებელი ზონა 3(სზ-3).

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, კ------------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0---------------) მდებარეობს საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3). ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) არის დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. ამასთან, საცხოვრებელი ზონა 3-ში მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 1,5, ხოლო მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,2;

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური ზონალური შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსიურობის (კ-2) კოეფიციენტების მაჩვენებლების გაზრდას, აგრეთვე გამოყენების ისეთი სახეობის დაშვებას, რომელნიც ამ წესების მოთხოვნებით საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე. ხოლო, მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის ნებისმიერ სტადიაზე.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაშენიანების კოეფიციენტისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლები გადამეტებულ შეიძლება იყოს განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების საფუძველზე, თუ: ა) ამას მოითხოვს დედაქალაქის ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)გადამეტება წონასწორდება ან კომპენსირდება გარკვეული ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას; გ)ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო ნაგებობის მშენებლობა გამართლებულია დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებულ მიზეზებთან (სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით), დასაშვებია კოეფიციენტის (ტერიტორიის განაშენიანებისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი პროექტის, მშენებლობის ნებართვის გამცემის შესაბამისი სამსახურის და ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე, რომელსაც განკარგულებით ამტკიცებს ქ.თბილისის მერი.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი) 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბჭოს კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს: . თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებში რეგულარული მოხსენებების მომზადება და კონსულტაციების გაწევა და ალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების მომზადება.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 05 დეკემბრის N 16-32 დადგენილებას (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ'', რომლის თანახმადაც განსაზღვრულია და დამტკიცებული საბჭოს სტრუქტურა და კომპეტენციები. საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, რომლებიც შეისწავლიან და ამზადებენ რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიენების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონების შეთანხმების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გაუშენებელი ტერიტორიების განაშენიანების საკითხებზე შესაბამის დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალების გაცემისათის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება. საბჭო თავის მხრივ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს კანონისა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ'' და სხვათა შესაბამისად. მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს სხდომის ოქმით დადებითი შეფასების შემთხვევაში, ქალაქის მერი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს დადგენილების პროექტს და შესაბამისად ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება ძირითად აქტში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 თებერვლის N- სხდომის ოქმით, ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის მიერ თანხმობა მიეცა განმცხადებელს ქ. თბილისში, კ---------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს.კ. 0---------------) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე. არსებული ტერიტორიის განაშენიანების კოეფიციენტი და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ1=0,7, კ2=1,8.

 

ამასთან, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანებით ქ. თბილისში, კ---------------------------ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის (ს.კ. 0---------------) განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ1=0,7, კ2=1,8.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილი ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც მას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის” 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადასტურებისას: ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა - ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესაბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მესამე პირის მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა, მათ შორის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის წლის N57 დადგენილების 35-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების უგულებელყოფა, წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობის დაკისრების და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

 

სასამართლო კოეფიციენტის გადამეტების კანონიერებაზე მსჯელობის თვალსაზრისით მიუთითებს, რომ პრაქტიუკულად ადგილი აქვს ნორმატიულად განსაზღვრული კოეფიციენტის გადამეტებას მხოლოდ 0,3 რაც უმნიშვნელოა და უარყოფით გავლენას ვერ ახდენს ვერც აქტის კანონიერებაზე და ვერც მოსარჩელის უფლებებზე.

 

საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესამე პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (სადავო ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მშენებლობა), სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე უდავოდ არ დასტურდება, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- ფ-----–--ს სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 27 თებერვლის N---- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან თ----- ფ-----–--ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- ფ-----–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. 2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. 3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი