განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/920-17 (№041121117003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გუ-----ნ ტა--–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ზ---- ცე--–---ე
მამის სახელი: ი-----
დაბადებული: 1--11.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ზ. ჭა-------ს ქუჩა N1-----
ადვოკატი - ლი--- ედ-–----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 12 ნოემბერს ზ. ჭა-------ს ქუჩა N1-----ში მისსავე საცხოვრებელ ბინაში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ზ---- ცე--–---ემ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე - გუ------ა ჩა-----–-----ე, კერძოდ მოქაჩა თმებში, რამდენჯერმე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, ასევე ხელი დაარტყა სახეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ზ---- ცე--–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---- ცე--–---ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის გუ------ა ჩა-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მასსა და მის მეუღლეს ზ---- ცე--–---ეს შორის დაქორწინებიდან მალევე დაიწყო კონფლიქტური სიტუაცია, ძირითადად მათი კონფლიქტის მიზეზი იყო ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი დედამთილის და მამამთილის, აგრეთვე ახლობლების ჩარევა მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, რაზეც ზ---- ცე--–---ე რეაგირებდა მყისიერად და იწყებოდა უთანხმოება. ისინი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდნენ და როგორც დაზარალებულმა განმარტა ის ზ---- ცე--–---ის ოჯახში 2014 წლიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე არ მისულა, რაც შეეხება 2017 წლის 12 ნოემბრის ფაქტს, აღნიშნულის შესახებ დაზარალებულმა განმარტა, რომ მივიდა ზ---- ცე--–---ის საცხოვრებელ სახლში, რათა ეთხოვა საცხოვრებელი ფართის გამოყოფა მისთვის და მისი შვილისათვის, რადგან ბავშვი არის აუტისტური სპექტრის და სჭირდება სპეციალურ სკოლაში სწავლება, აღნიშნულ სკოლაში ბავშვის ტარება დაზარალებულს თავისი სახლიდან უჭირს, რადგან დაახლოებით სამი ტრანსპორტის გამოცვლა უწევს და ამიტომ გადაწყვიტა ზ---- ცე--–---ისათვის ეთხოვა დახმარებოდა მის შვილს, თუმცა მას შელაპარაკება მოუვიდა ყოფილ დედამთილთან, რომელმაც მას უთხრა, რომ არანაირ ბინას არ მისცემდნენ და ღია ცის ქვეშ დატოვებდნენ და ამის შემდგომ იგი სახლიდან გააგდეს, თუმცა როგორც დაზარალებულმა განმარტა მას იქ დარჩა მობილური რის გამოც მიბრუნდა უკან და სწორედ მაშინ ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, მოქაჩა თმაში და გაარტყა სახეში, შემდეგ გონება დაკარგა ტკივილისაგან, ცემის ფაქტს როგორც მოწმე განმარტავს ესწრებოდა მათი მეზობელი. კონფლიქტისას ჩაიმსხვრა სარკე და გატყდა რაღაც ნივთები, რის შემდეგ მოვიდა პოლიცია. დაზარალებულის განმარტებით არ სურს ზ---- ცე--–---ის ციხეში გაშვება, რადგან მათ ყავთ აუტისტური სპექტრის საერთო შვილი, რომელსაც სჭირდება დიდი ყურადღება და მშობლების გვერდით დგომა, შესაბამისად მას არ აქვს მოთხოვნა ზ---- ცე--–---ის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებისა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----- ცე--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ზ---- ცე--–---ე არის მისი შვილი, ხოლო გუ------ა ჩა-----–---ი მისი ყოფილი რძალი 2017 წლის 12 ნოემბრის ფაქტის შესახებ განმარტა, რომ იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, შვილთან ზ---- ცე--–---ესთან ერთად, ხოლო მისი მეუღლე გასული იყო მეზობელთან, მათთან სახლში მივიდა ყოფილი რძალი გუ------ა ჩა-----–---ი, რომელიც ითხოვდა მატერიალურ დახმარებას და ბინას, ამასობაში სახლში მივიდა მისი მეუღლეც რა დროსაც რძალსა და დედამთილს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდათ, ამაზე გაბრაზებულმა გუ------ა ჩა-----–---მა აიღო ვაზა და ესროლა სარკეს, რა დროსაც დაიმსხვრა სარკეც და ვაზაც. აღნიშნულის შემდეგ ზ---- ცე--–---ემ გუ------ა ჩა-----–---ი ,,ჯიკავ-ჯიკავით’’ გაიყვანა გარეთ. თუმცა ის არ წყნარდებოდა და ითხოვდა ბინას, ილანძღებოდა, კიოდა და არ ჩერდებოდა, რის გამოც მისმა მეუღლემ დარეკა 112-ში, ამის შემდგომ მოვიდა პოლიცია და დააკავეს ზ---- ცე--–---ე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მა---- ცე--–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ზ---- ცე--–---ე არის მისი შვილი, 2017 წლის 12 ნოემბრის ფაქტის ირგვლივ განმარტა, რომ მოცემულ დღეს იმყოფებოდა მეზობელთან და როცა სახლში დაბრუნდა დახვდა მისი ყოფილი რძალი გუ------ა ჩა-----–---ი, მისივე შვილიშვილთან ერთად. გუ------ა ჩა-----–---ი სამ წელიწად ნახევარია, რაც მათი ოჯახიდან წავიდა და პირველი შემთხვევა იყო, როცა მივიდა, თუმცა ხშირად ურეკავდა ტელეფონზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოწმის განმარტებით მისი დანახვა არ ესიამოვნა და უსაყვედურა კიდეც, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება, რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა, ამ დროს მისი შვილი - ზ---- ცე--–---ე იმყოფებოდა თავის საძინებელ ოთახში. ყოფილი რძალი ლანძღავდა მათ და კატეგორიულად ითხოვდა ეყიდათ მისთვის ბინა, რადგან ბავშვს სოფლიდან ვერ ატარებდა. კონფლიქტის დროს გუ------ა ჩა-----–---მა დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები, კერძოდ ჩაამსხვრია კარადის მინა, რის შემდეგაც მოწმემ გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციამ დააკავა მისი შვილი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლი--- ხა------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულ ზ---- ცე--–---ის მეზობელი. 2017 წლის 12 ნოემბრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ იყო სახლში და მასთან იმყოფებოდა მა---- ცე--–---ე. შემდგომ მა---- გავიდა სახლში და თავადაც გაყვა, გუ------ა ჩა-----–---ი იყო მათთან სახლში მისული, რომელიც ილანძღებოდა და ითხოვდა ბინას, განერვიულებულმა გუ------ა ჩა-----–---მა ჩაამსხვრია მინა, რაზეც ზ---- ცე--–---ემ უთხრა გარეთ გასულიყო და ცდილობდა მის გაყვანას. მოწმეს სხვა არაფერი დაუნახავს ვინაიდან ხალიჩას წამოკრა ფეხი და წაიქცა, ამასობაში მა---- ცე--–---ის შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ზ---- ცე--–---ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თა----- გო-–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 12 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე თავის მეწყვილესთან და---- ედ------------ნ ერთად გამოცხადდა ზ.ჭა-------ს ქუჩაზე, ზ---- ცე--–---ის საცხოვრებელ მისამართზე სადაც იმყოფებოდა ბრალდებული, მისი ოჯახის წევრები და ყოფილი მეუღლე - გუ------ა ჩა-----–---ი. ამ უკანასკნელმა მათ განუმარტა, რომ ზ---- ცე--–---ემ იძალადა მასზე, სახეზეც აღენიშნებოდა მცირე დაზიანება, ნაკაწრის სახით. გუ------ა ჩა-----–---ის განცხადების საფუძველზე დაკავებულ იქნა ზ---- ცე--–---ე და შედგა დაკავების ოქმი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა და---- ედ--------მ ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ავ-------ლ გუ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შს საპატრულო პოლიციაში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე, 2017 წლის 12 ნოემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.ქუთაისში ზ------ ჭა-------ს ქუჩაზე, სადაც ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, როგორც ოჯახის წევრებმა განმარტეს მათთან სახლში მივიდა გუ------ა ჩა-----–---ი - ბრალდებულ ზ---- ცე--–---ის ყოფილი მეუღლე და დაიწყო აღნიშნულის შემდეგ კონფლიქტი. მის მიერ შეტყობინება გადაეცა კრიმინალურ პოლიციას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-–----------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - გამოძიება დაიწყო 2017 წლის 12 ნოემბერს ქ. ქუთაისში, ზ.ჭა-------ს ქუჩა N1-----ში 1981 წელს დაბადებულ გუ------ა ჩა-----–---ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვნის თანდასწრებით მიაყენა მისმა ყოფილმა მეუღლემ ზ---- ცე--–---ემ.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2728898 თანახმად - 2017 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში შევიდა მოქალაქე მა---- ცე--–---ის შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ ზ------ ჭა-------ს ქუჩაზე, მათ საცხოვრებელ სახლში მისულია მათი ნათესავი ქალბატონი და აქვთ კონფლიქტი.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2017 წლის 12 ნოემბერს 13:30 საათზე ქუთაისში, ზ.ჭა-------ს N1-----ში მისსავე საცხოვრებელ სახლში, ზ---- ცე--–---ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - დათვალიერება ჩატარდა 2017 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ი-–----------ს მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ზ. ჭა-------ს ქუჩა N1-----ში, ცხრა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სადარბაზოს, მეორე სართულზე. ხუთ ოთახიან ბინაში, სადაც დათვალიერების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა ბინის მფლობელმა ი----- ცე--–---ემ. ბინის დათვალიერებისას ოთახებში რაიმე არეულობის კვლები არ აღინიშნება, გარდა მისაღები ოთახისა, სადაც შესვლისას მარცხენა მხარეს, ოთახის კუთხეში განთავსებულია ე.წ „დესაუ“ რომელსაც ზემოდან აქვს სარკე, რომელიც მთლიანად არის დამსხვრეული, ხოლო მინის ნამსხვრევები დაყრილია ე.წ „დესაუ“-ზე ზემოდან და ასევე მის წინ იატაკზე. „დესაუ“-ზე ასევე დევს ფაიფურის ლარნაკი, რომელიც არის გატეხილი და მისი ფრაგმენტები დაყრილია იატაკზე. ი----- ცე--–---ემ მისაღებ ოთახში მიუთითა გატეხილ სარკეზე და ლარნაკზე და განმარტა, რომ მასთან სტუმრად მოსულმა გუ------ა ჩა-----–---მა აიღო ხელში ფაიფურის ლარნაკი და ესროლა „დესაუ“-ს სარკეს, რის შედეგადაც სარკე ჩაიმსხვრა, ხოლო ლარნაკი გატყდა რამდენიმე ნაწილად. ექსპერტების მიერ „დესაუ“-ს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა სარკის ნამსხვრევები, რომლებიც დალუქულ იქნა პოლიეთილენის პაკეტში, ერთ პაკეტად, პაკეტი N FC1405055, ექსპერტების მიერ ასევე ამოღებულ იქნა ფაიფურის ლარნაკის ფრაგმენტები, რომლებიც დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში, ერთ პაკეტად, პაკეტი N FCD861758.
2017 წლის 13 ნოემბერს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N006664317 დასკვნით: თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N1881-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გუ------ა ჩა-----–---ს გაეწია სამედიცინო დახმარება 2017 წლის 12 ნოემბერს და დაესვა დიაგნოზი: ჰიპოტენზია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას აღენიშნებოდა ნაკაწრები სახეზე. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გუ------ა ჩა-----–---ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი--------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ბრალდების ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზ---- ცე--–---ის მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ი----- ცე--–---ის, მა---- ცე--–---ისა და ლი--- ხა------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ---- ცე--–---ე იმ დროს როდესაც გუ------ა ჩა-----–---ი ზ---- ცე--–---ის ოჯახში მივიდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს, კონფლიქტში არ ჩარეულა და იყო სხვა ოთახში, მას შემდეგ რაც გუ------ა ჩა-----–---მა სახლში დაამტვრია გარკვეული ნივთები, ზ---- ცე--–---ე ცდილობდა მის გაყვანას სახლიდან. მოწმეები ერთმნიშველოვნად და ცალსახად განმარტავენ, რომ ზ---- ცე--–---ე მოუწოდებდა გუ------ა ჩა-----–---ს დაეტოვებინა მისი ბინა, მოკიდა ხელი და ,,ჯიკავ-ჯიკავით’’ ცდილობდა მის გაყვანას სახლიდან.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დადგენილია, რომ გუ------ა ჩა-----–---ს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცელ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები დაზარალებულმა გუ------ა ჩა-----–---მა მიიღო სწორედ ზ---- ცე--–---ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ვინაიდან საქმეში დაკითხული არცერთი მოწმე, მათ შორის ფაქტის შემსწრე ი----- ცე--–---ე, მა---- ცე--–---ე და ლი--- ხა------ე არ ადასტურებს, რომ ზ---- ცე--–---ემ გუ------ა ჩა-----–---ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ მოქაჩა თმებში, რამდენჯერმე ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, ასევე ხელი დაარტყა სახეში. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ზ---- ცე--–---ე ცდილობდა მის სახლიდან გაყვანას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ არის გამორიცხული გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ დაზიანებები გუ------ა ჩა-----–---მა მიიღო სწორედ ზ---- ცე--–---ის მიერ საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაყვანის დროს. თავად დაზარალებული უთითებს, რომ პირველ შემთხვევაში სახლიდან ,,გააძევეს’’, რის შემდეგ კვლავ მიბრუნდა ტელეფონის წამოსაღებად და ამის შემდეგ გამწვავდა კონფლიქტი. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის შესაბამისობაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ დაზიანებათა ლოკალიზაციასთან.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შეტყობინება 112-ზე განახორციელა ზ---- ცე--–---ის დედამ მა---- ცე--–---ემ, რომელმაც განმარტა, რომ მათთან სახლში მისული იყო ნათესავი ქალბატონი და ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.
სასამართლო უთითებს, რომ რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმეების - ავ-------ლ გუ-----ს, თა----- გო-–-------ს, და---- ედ---------ა და ი-–----------ს ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ---- ცე--–---ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს, რის გამოც ზ---- ცე--–---ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---- ცე--–---ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ზ---- ცე--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ ზ---- ცე--–---ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური