განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/60-19 (№041261218001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქეთევან უზნაძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კონსტანტინე სულაბერიძე
მამის სახელი: რამაზი
დაბადების თარიღი: 06.07.1984 წელი
პირადი ნომერი: 60901172184
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, შმიდტის პირველი შესახვევი N2ბ/29
მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის გამზ. N112/28
ადვოკატი - რიტა ზოსიშვილი
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 26 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზ. N100 ბ/102ა-ში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კონსტანტინე სულაბერიძე ყოფილ მეუღლეს - მარინე ღვიტიძეს შერიგების მოთხოვნით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მარინე ღვიტიძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზინა ხურცილავამ განმარტა, რომ მარინე ღვიტიძე არის მისი შვილი, ხოლო კონსტანტინე სულაბერიძე არის სიძე, თუმცა მეუღლეები ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ და ბოლო ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოწმის განმარტებით შემთხვევის დღეს ღამის საათებში, კონსტანტინე სულაბერიძე მათთან სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, მარინე ღვიტიძემ და კონსტანტინე სულაბერიძემ იკამათეს, თუმცა თავად ზინა ხურცილავა ამ კამათში არ ჩარეულა. მისი განმარტებით მარინე კონსტანტინეს სთხოვდა წასულიყო და ნუ მიდიოდა ნასვამ მდგომარეობაში. კონსტანტინე სულაბერიძე მეუღლეს თხოვდა შერიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის საყვარელს მოკლავდა, ამან მარინეს შეშინება გამოიწვია, სახეზე ფერი აღარ ედო. მარინე ძალიან გაღიზიანდა და რაღაც საგანი ესროლა ფანჯარას და ჩაამტვრია, შემდგომ პოლიცია მივიდა და მოწმის სახით გამოკითხეს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენების სისწორე.
დაზარალებულმა მარინე ღვიტიძემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
მოწმეებმა ირაკლი ღვიტიძემ და მონიკა ღვიტიძემ ასევე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მამა.
საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მოქალაქე მარინა ღვიტიძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების N3109708 თანახმად: 2018 წლის 26 დეკემბერს 03:57 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზ. N100ა/102-ში მარინე ღვიტიძეს, ყოფილმა მეუღლემ კონსტანტინე სულაბერიძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, კონსტანტინე რამაზის ძე სულაბერიძე დაკავებულ იქნა 2018 წლის 26 დეკემბერს 04:15 საათზე.
საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 26 დეკემბერს 07:30 საათიდან 07:50 საათამდე დროის მონაკვეთში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირი N100ა/102-ში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოწმე მარინე ღვიტიძემ მიუთითა ის ადგილი, სადაც მან ჩაამსხვრია სამზარეულოს ფანჯარა.
საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000223619 დასკვნის თანახმად: მარინე ღვიტიძის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ კონსტანტინე სულაბერიძის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და მარინე ღვიტიძის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა მის ტანჯვას.
საქმეში წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული შემაკავებელი ორდერით N003542 ირკვევა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მოძალადე კონსტანტინე სულაბერიძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა მსხვერპლს მარინე ღვიტიძეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრეთვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
3. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სავალდებულო არ არის მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მოცემულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა მარინე ღვიტიძემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და მუქარის განხორციელების შედეგად განცდილი რეალური შიშის შესახებ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობით სრულად დასტურდება კონსტანტინე სულაბერიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფაქტის შემსწრე, თვითმხილველმა მოწმე ზინა ხურცილავამ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ღამით მათთან მივიდა კოსნტანტინე სულაბერიძე ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც შერიგებას თხოვდა ყოფილ მეუღლეს მარინე ღვიტიძეს, ხოლო მარინე ღვიტიძე კოსნტანტინე სულაბერძეს წასვლას თხოვდა, რის გამოც კონსტანტინე გაღიზიანდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც მარინე ღვიტიძე ძალიან შეაშინა და სახეზე ფერი აღარ ედო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მარინე ღვიტიძე იყო ძალიან გაღიზიანებული, რის გამოც ჩაამტვრია სამზარეულოს ფანჯარა და მანვე გამოიძახა პოლიცია. საქმეში ასევე წარმოდგენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელიც შესაბამისობაშია მოწმის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მარინე ღვიტიძემ მიუთითა სწორედ იმ ფანჯარაზე, რომელიც ჩაამტვრია კონფლიქტის დროს. საქმეში ასევე წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს 03:57 საათზე 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზ. N100ა/102-ში მარინე ღვიტიძეს, ყოფილმა მეუღლემ კონსტანტინე სულაბერიძემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, საქმეში ასევე წარმოდგენილია შემაკავებელი ორდერი N003542, რომლის თანახმად 2018 წლის 26 დეკემბერს მოძალადე კონსტანტინე სულაბერიძემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა მსხვერპლს მარინე ღვიტიძეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგრეთვე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კონსტანტინე სულაბერიძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა მარინე ღვიტიძემ რეალურად აღიქვა კონსტანტინე სულაბერიძის მიერ განხორციელებული მუქარა, აღნიშნულს ადასტურებს, მოწმე ზინა ხურცილავას ჩვენება, რომელმაც გადმოსცა მარინე ღვიტიძის ემოციური მდგომარეობა და განმარტა, რომ სწორედ ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის გამო მარინემ რაღაც საგანი ესროლა ფანჯარას, ამასთან მეუღლის მხრიდან მუქარის გამო იყო შეშინებული და სახეზე ფერი აღარ ედო.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ და უდავოდ მიჩნეულ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, სადაც ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევისას მარინე ღვიტიძე დეტალურად გადმოსცემს ფაქტობრივ გარემოებებს და უთითებს, რომ შემთხვევის დღეს კონსტანტინე სულაბერიძე მივიდა მასთან მოულოდნელად სახლში ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც დაემუქრა, რომ თუ მასთან არ იცხოვრებდა მოკლავდა, მან მუქარის განხორციელების შიშით და ასევე კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით თხოვა წასულიყო და თავი დაენებებინა მისთვის, ითხოვა დახმარება პოლიციაში და ასევე შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ კონსტანტინე სულაბერიძე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებული მარინე ღვიტიძე არის ბრალდებულ კონსტანტინე სულაბერიძის ყოფილი მეუღლე.
შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კონსტანტინე სულაბერიძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად კონსტანტინე სულაბერიძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საპატიმრო სასჯელი, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კონტანტინე სულაბერიძემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრების მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის თანახმად გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - კონტანტინე სულაბერიძე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტანტინე სულაბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საპატიმრო სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კონსტანტინე სულაბერიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
კონსტანტინე სულაბერიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
კონსტანტინე სულაბერიძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 26 დეკემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური