გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
130210019002943712
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002943712

2-280-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - მ---------------ლი

წარმომადგენელი - ვ-----------–-შვილი

მოსარჩელე - ნ-------------ლი

კანონონიერი წარმომადგენელი - ნ--------ძე

მოპასუხე - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ--------------------------------------------''

წარმომადგენლები - ო-–---------–---------------------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 17 763 ლარის და 24 თეთრის გადახდა.

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელეთა საკუთრებაშია უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–-, სადაც მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ი'' აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება;

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 მაისის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანია 17 763 ლარი და 24 თეთრი - ინდივიდუალური მეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ი'' სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით: - მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნიდან. მას საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ---- და მ---------------ლების საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--–----–- მდებარე უძრავ ნივთზე - 703.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.47-48);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეთა კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.16-33), რომლის თანახმად, ნ---- და მ---------------ლების საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I-II (მსუბუქი-საშუალო დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. სახლის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო-მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლოთებით. დაზიანება, ძირითადად, გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, უხარისხო მშენებლობით და ასაკობრივი ცვეთით;

მოპასუხე მხარემ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;

3.2.2. მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 17 763 ლარი და 24 თეთრი;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა სახლის აღდგენისათვის საჭიროა 2 416 ლარი და 6 თეთრი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილია მოპასუხე მხარის ნაწილობრივი ბრალეულობა მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანში. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების ღირებულების ურთიერთშედარების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, - მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, დაეკისროს 7 000 ლარის გადახდა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მიზეზით.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 17 763 ლარი და 24 თეთრი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I-II (მსუბუქი-საშუალო დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. სახლის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო-მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლოთებით. დაზიანება, ძირითადად, გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, უხარისხო მშენებლობით და ასაკობრივი ცვეთით;

მოპასუხემ, ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ექსორიქსის" და შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნები. ,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად;

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებულმა ზიანმა შეადგინა 17 763 ლარი და 24 თეთრი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების სარეაბილიტაციოდ საჭიროა 2 416 ლარი და 6 თეთრი;

,,ექსორიქსის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს. მის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი და შესაბამისად, სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად;

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ექსორიქსის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 მაისის დასკვნა კი შედგენილია 2018 წლის 20 აპრილის ვიზუალური შესწავლის შედეგად;

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მშენებლობის ნორმების დარღვევით, ტექნიკური მოუვლელობით, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით და ნაწილობრივ - სეისმური მოვლენების შედეგად.

,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნიდან ჩანს, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას და ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის ექსპლუატაციისათვის საჭირო აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების აღწერას;

,,აუდიტ-სერვის-ცენტრის" დასკვნაში, აღნიშნულია, რომ სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, რაც წინააღმდეგობაშია დასკვნის სარეზოლუციო ნაწილთან, სადაც, უძრავი ნივთის დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად სეისმური მოვლენებიც არის მითითებული, რადგან, აფეთქების შედეგად წარმოშობილი სეისმური ტალღებიც სეისმური მოვლენაა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის შესახებ, - დაზიანება, ძირითადად, გამოწვეულია სოფელ ქ--–----–- რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი ფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, უხარისხო მშენებლობით და ასაკობრივი ცვეთით - მიუთითებს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმად, სახლზე არსებული დაზიანებები ნაწილობრივ მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად არის გამოწვეული. მას ნაწილობრივ ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანისათვის. მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისროს 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება,, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან,55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. გადახდილი აქვთ: ექსპერტიზის ხარჯი - 500 ლარი (ს.ფ.53); საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის - 500 ლარი (ს.ფ.54-56); მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრებას;

ხარჯების განაწილებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე მხარე მოითხოვდა მოპასუხისათვის 17 763.24 ლარის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს'' უნდა დაეკისროს პროცესის ხარჯები: - სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის თანხა - 210 ლარი, მოსარჩელეთა სასარგებლოდ - ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 197 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 197 ლარი;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' მ------ და ნ-------------ლების სასარგებლოდ გადახდეს 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ჩ------------------------------------------ს'' გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ 210 (ორას ათი) ლარი სახელმწიფო სახელმწიფო ბაჟის თანხა, მ------ და ნ-------------ლების სასარგებლოდ - ექსპერტიზის ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 197 ლარი, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ნაწილი - 197 ლარი;

3. გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება შეიძლება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში - ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, ვალდებულია გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი