განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002711351
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/586-18 19 ივნისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ზ---------------------------------------–-------–-–----------------–--------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-----------------------------------–-----------------------------------------------–------------–---------------------------------------------–--–---–-------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2018 წლის 1-----------ს, დღის საათებში ქ. ზუგდიდში, ზ--------------, გაბრაზებული იმით, რომ მ--------------ს მიერ შეკეთებული ავტომქნანა არ მუშაობდა გამართულად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ-------------ს და მის შვილს - ი-----–----------ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე რ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული მივიდა მის მეუღლესთან ავტომანქანით, რომელიც წყალს ადუღებდა. 400 ლარად შეაკეთა დაზარალებულმა. ბრალდებულმა გადაიხადა და წავიდა მანქანით. 1 თვის მერე დაურეკა დაზარალებულს, ფული არ მაქვს და „სალნიკები“ გამომიცვალეო. ამაზეც დათანხმდა და შეუცვალა ისინი, 1 კვირის მერე - ზეთი შემიცვალეო, თანხა არ მაქვსო. ზეთიც შეუცვალა. ბრალდებული მერე ისევ მივიდა, მოიკითხა, უთხრა, გამოდიო ქუჩაში ერთი წუთი. დაზარალებული გავიდა. ისინი წაკინკლავდნენ. ბრალდებული ეუბნებოდა, შენი შეკეთებული არ ვარგა, წყალს არ ადუღებს, მაგრამ რაღაც ჩხრიალებსო. დაზარალებულმა უთხრა, მე შენთვის მთელი ძრავი არ გამიკეთებიაო. ბრალდებული ექაჩებოდა, წამოდი და იქ დაგელაპარაკებიო. მისმა შვილმა უთხრა, არ წაყვეო. თვითონაც არ გაუშვა. ბრალდებულმა უთხრა, მე თქვენ გაჩვენებთო, ცოტა ხანში ისევ მოვიდა მანქანით, ბიჭები ჩამოვიდნენ და მის მეუღლესთან მიდიოდნენ თითო-თითოდ, ეუბნებოდნენ, ამას გაუკეთე ძრავი, თორემ გიჩვენებთო თქვენსას. მისი შვილი ეზოდან ჩაერთო. ისინი ამბობდნენ, ყელს გამოგჭრით, ჩაგისაფრებთ, შენს შვილს ასე ვუზამთო. ამის მერე კიდევ მოვიდნენ იმავე დღეს, ქურდული გარჩევა უნდოდათ, ემუქრებოდნენ, დედას გიტირებთო, რის გამოც შეეშინდა და უთხრა, პოლიციას დავურეკავო. ამის შემდეგ ბიჭებმა ბრალდებული წაიყვანეს. ბრალდებული ბიჭებთან იდგა და ბიჭები მოდიოდნენ მათკენ. ბრალდებულიც ამბობდა, სეირს გიჩვენებ, თუ არ შეაკეთებო. მისი მეუღლის მიმართ იყო მუქარა. მასაც შეაგინეს, მის შვილსაც დაემუქრნენ, დანით გამოგჭრითო ყელს. მის მეუღლეს შეეშინდა. ნისანის მარკის ავტომანქანის მეპარტონემ - იმ პირმა, რომელსაც დაზარალებულმა შეუკეთა ძრავი, დაიწყო ხმამაღალი საუბარი, დაზარალებულს უთხრა, შენ თუ ამ ავტომაქანას არ გამიკეთებ, მთელ ოჯახს ამოგიწყვეტ, გარეთ ხომ გამოხვალთ, სადმე ჩაგისაფრდებით და დანით დაგჭრით, წამოდი, თავს გადაგჭრი, სიცოცხლეს მოგისპობო. აღნიშნული რამდენიმეჯერ გაიმეორა ბრალდებულმა. ი-----–----------მ მას მოუწოდა, დამშვიდებულიყო, რა დროსაც ბრალდებული მასაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თავის მოჭრით, ხმამაღლა ამბობდა, სადმე ჩაგისაფრდები, ყელს გამოგჭრიო. აღნიშნული მან რამდენიმეჯერ გაიმეორა, რის გამოც ხმამაღლა თქვა, რომ დარეკავდა პოლიციაში, ამის თქმისთანავე ბრალდეული მასთან ერთად მყოფმა პირებმა ჩასვეს ავტომანქანაში და წავიდნენ. ხმაური გაგრძელდა დაახლოებით ერთი საათი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ი-----–----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული დაზარალებულთან მივიდა, ძრავის „პრაკლატკები“ გამოუცვალეს, წყალს ადუღებდა ძრავი. დაზარალებულმა ძრავი კარგად გააკეთა. მერე მოვიდა ბრალდებული, სხვა ნაწილი მაქვსო გასაკეთებელი. დაზარალებულმა ისევ შეუკეთა. მერე ისევ მოვიდა შესაკეთებლად. დაზარალებულმა უთხრა, ავტომანქანა დიაგნოსტიკურ შემოწმებაზე წაიყვანე და გაგიკეთებო. ბრალდებულმა უთხრა, დიაგნოსტიკის ფული არ მაქვს და გამიკეთეო. დაზარალებულმა უარი უთხრა, ეს დაზიანება ჩემი ბრალი არ არისო. ბრალდებულმა უთხრა, თუ არ არის, გიჩვენებ, ქურდულად გაგირჩევო, 1 საათში მოიყვანა ბიჭები, ექაჩებოდნენ მამამისს, წამოდიო, შეაგინეს, სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო მისი, დედის და მამამისის მიმართ, ქალაქში ხომ გამოხვალ, ყელს გამოგჭრიო. ბრალდებული ამბობდა ამას, რის გამოც შეეშინდა. ეს გაგრძელდა 1 საათი. შემოსვლა და ხელის გარტყმა უნდოდათ, ამის მცდელობა ჰქონდათ, დაძაბული საუბარი იყო. ნისანის მარკის ავტომანქანის მეპარტონემ - იმ პირმა, რომელსაც დაზარალებულმა შეუკეთა ძრავი, დაიწყო ხმამაღალი საუბარი, მამამისს უთხრა, შენ თუ ამ ავტომაქანას არ გამიკეთებ, მთელ ოჯახს ამოგიწყვეტო. გარეთ ხომ გამოხვალთ, სადმე ჩაგისაფრდებით და დანით დაგჭრით, მოგკლავთო; მ--------------ს უთხრა, წამოდი, თავს გადაგჭრი, სიცოცხლეს მოგისპობო. აღნიშნული რამდენიმეჯერ გაიმეორა. შეეპასუხა ბრალდებულს, რა დროსაც მასაც მოუბრუნდა და უთხრა, შენ ვინმე რამეს გეკითხება? სახლში შიგნით შედიო და მასაც დაუწყო მუქარა. კერძოდ, უთხრა, მამაშენი თუ ამ ავტომაქანას არ გამიკეთებს, მთელ ოჯახს ამოგიწყვეტ, გარეთ ქალაქში ხომ გამოხვალ, სადმე ჩაგისაფრდები და დანით დაგჭრი, მოგკლავ, ყელს გამოგრჭი, სიცოცხლეს მოგისპობო. ხმამაღალი საუბარი, სიტყვიერი მუქარა და შეურაცხყოფა იყო მისი და მამამისის მიმართ, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანა არ ეჭირათ, მაგრამ აგრესიულები იყვნენ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებული მივიდა მანქანის გასაკეთებლად, რაც გაუკეთა - წინა „სალნიკი“ შეუცვალა. 2 თვის მერე მოვიდა ბრალდებული, ძრავს ხმა აქვს, ფული არ მაქვს და გამიკეთეო, ბიჭები მოიყვანა. 30-50 წუთში მეორედ მოვიდა ბრალდებული. მერე რომ მოვიდნენ, არ უსმენდნენ, „ბლატაობდნენ“, ემუქრებოდნენ, მოგკლავთ, ქალაქში არ შეგიშვებთო. 8 კაცი რომ დაემუქრა დახვედრით, შეეშინდა. 20-30 წუთი იყვნენ მასთან. მას, მის მეუღლეს და მის შვილს ემუქრებოდნენ. ბრალდებულმა შემოაძახა მანქანიდან, გაჩვენებო შენსას, მეორე გადმოვიდა მანქანიდან და ჰკითხა, ქალაქში არ გამოხვალო? უნდოდათ ღობეზე გადმოხტომა. ნისანის მარკის ავტომანქანის მეპარტონემ, რომელსაც შეუკეთა ძრავი, დაიწყო ხმამაღალი საუბარი, უთხრა, შენ თუ ამ ავტომაქანას არ გამიკეთებ, მთელ ოჯახს ამოგიწყვეტ, გარეთ ხომ გამოხვალთ, სადმე ჩაგისაფრდებით და დანით დაგჭრით, მოგკლავთ, წამოდი, თავს გადაგჭრი, სიცოცხლეს მოგისპობო. სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან ბრალდებული სერიოზულად დაემუქრა თავის მოჭრით, სიცოცხლის მოსპობით და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური, საფუძვლიანი შიში, რომ ის მოკლავდა ან რაიმე სახის ფიზიკურ ზიანს მიაყენებდა როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს, ვინაიდან იგი მის მიმართ ძალიან აგრესიული იყო. როდესაც იგი ემუქრებოდა მას, გაესაუბრა ი-----–----------. ბრალდებული მასაც მიუბრუნდა და უთხრა, შენ ვინმე რამეს გეკითხება? სახლში შედიო და ირაკლისაც დაუწყო მუქარა. კერძოდ, მასაც უთხრა, მამაშენი თუ ამ ავტომაქანას არ გამიკეთებს, მთელს ოჯახს ამოგწყვეტთ, გარეთ ქალაქში ხომ გამოხვალ, სადმე ჩაგისაფრდები და დანით დაგჭრი, მოგკლავ, ყელს გამოგრჭი, სიცოცხლეს მოგისპობო, აგინებდა ბრალდებული.
პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, მ--------------მ, ი-----–----------მ და რ----------------მ ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, ნაკვთებით ცხვირით, აღნაგობით, სიმაღლით ამოიცნეს ზ--------------.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ბრალდებულ ზ--------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულს შეუთანხმდა, რომ შეეკეთებინა მანქანა. ხშირად დაურეკავს მისთვის. მანქანა ხშირად ფუჭდება და ურეკავდა მას. დაზარალებული დაჯდა მანქანაზე, რუსთაველის ქუჩაზე გაატარა და მიხვდა, რომ რაღაცა სჭირდა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულმა ჰკიხა, ხომ გაგიკეთე და რა გინდაო? უპასუხა, ხომ შევთანხმდით, რომ გახედავდი, თუ ისევ ის ჭირს, გააკეთებო შენ, თუ სხვა ჭირს, ვნახავთო. გამოვარდა დაზარალებულის მეუღლე, რომელიც ამბობდა, ხომ გაგიკეთა, წყალს ადუღებდა და ეხლა არ ადუღებსო. „შლიფოვკა“ ჰქონდა გასაკეთებელი. წყლის ადუღებაში 400 ლარს არ იხდიან. მერე შვილი გამოვარდა, ხომ გაგიკეთაო? მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დატოვა ისინი და წამოვიდა, რომ ისევ მისულიყო, რადგან 700 ლარი დაუჯდა სულ, რაც დიდი ფულია და არ უნდოდა დაეტოვებინა მანქანა შეუკეთებელი. დაზარალებულს დაუბარა, რომ ნახავდა ისევ. დაზარალებულმა მიაძახა, 5 საათზე მოდი, მომიყვანე და ვნახავო რისი ბრალია. იმავე დღეს მიბრუნდა უკან. სანამ მივიდოდა დაზარალებულთან, ისევ დახვდა მისი ცოლ-შვილი, გაიკითხა, თუ როგორი ადამიანები იყვნენ ისინი, იფიქრა, რომ ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ და თქვა, არც მანქანა მინდა, არც არაფერიო და წავიდა. ვალერი ლომაია მიყვებოდა მას. ის რომ მივიდა, ჩაჯდა მანქანაში და წაიყვანა. ის არ ჩარეულა. იმიტომ აბრალებენ დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები მუქარას, რომ შეეშინდათ, ფული უკან არ მოეთხოვა მათგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ი-----–----------ს, მ--------------ს, რ----------------ს ჩვენებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოცნობის ოქმებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--------------ს და ირაკლი სიჭიანვას.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულების სიცოცხლის მოსპობის მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულების შეშინება და მის მიერ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.
2.2. იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ი-----–----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ხმამაღალი საუბარი სიტყვიერი მუქარა და შეურაცყოფა იყო მისი და მამამისის მიმართ, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე მ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან ბრალდებული სერიოზულად დაემუქრა თავის მოჭრით, სიცოცხლის მოსპობით და გაუჩნდა რეალური, საფუძვლიანი შიში, რომ ის მოკლავდა ან რაიმე სახის ფიზიკურ ზიანს მიაყენებდა როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს, ვინაიდან იგი მის მიმართ ძალიან აგრესიული იყო.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე რ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მათთან სახლში იყვნენ მისული პირები, რომლებიც იყვნენ აგრესიულები.
სსკ-ის 151-ე მუხლი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
ის, რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული, ხამამაღალი მუქარით დაზარალებულებს შეექმნათ მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. მით უფრო, რომ ბრალდებულს თან ახლდა სხვა პირები, რომლებიც ასევე იყვნენ აგრესიულად განწყობილები დაზარალებულების მიმართ, იწევდნენ მათკენ. ამდენად, შექმნილი ვითარება იძლეოდა მუქარის განხორციელების შიშის შექმნის საფუძველს.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარა ჩადენილია განზრახ. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში, თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა.შ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ ამ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. ამით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რითიც არის კიდევ გამართლებული მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის ან კერძო საკუთრების განადგურებისკენ მიმართულ მუქარას, რითიც დაცულია უმაღლესი ღირებულებები. მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება, რაც არ გამორიცხავს ქმედების შემადგენლობის სრულად არსებობას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ--------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ-------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობებები, ქმედების გამომწვევი მიზეზი - ავტომანქანის გაუმართაობა მისი შეკეთების მიუხედავად.
ზ--------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია ქმედების განხორციელება ერთდროულად 2 პირის მიმართ, არაერთხელ გამეორებით, ყველაზე მაღალი ღირებულების - სიცოცხლის - მოსპობის მუქარა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (ავტომობილის უსასყიდლოდ შეკეთებაზე უარის მიღების გამო გაბრაზება) და მიზანს (დაზარალებულების შეშინება), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (დღისით ხმამაღლა, მიუღებელ ფორმებში არაერთხელ ყველაზე მაღალი ღირებულების - სიცოცხლის - მოსპობის მუქარა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (დაზარალებულებისთვის სიცოცხლის მოსპობის ვერბალური მუქარა, რასაც თან ახლდა გაბრაზების გამომხატველი ჟესტები და მიმიკები, დაზარალებულებისკენ გაწევის მცდელობები), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე ოჯახური და ეკონომიკური პირობები, გარდაეცვალა ძმა, არის ოჯახის მარჩენალი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს.
განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა, ვინაიდან ბრალდებულს არ გააჩნია სახარბიელო მატერიალური მდგომარეობა, რის გამოც ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში მისი აღსრულება შეუძლებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ვითარება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ქმედება, რაც მიზანშეუწონელს ხდის ერთჯერადად მოსახდელი სასჯელის სახის გამოყენებას და დღის წესრიგში აყენებს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის გამოყენების აუცილებლობას, რათა უკეთ მოხდეს ჩადენილი ქმედების გაანალიზება და მისი პრევენცია. ბრალდებული უმუშევარია, რის გამოც შეუძლებელია გამასწორებელი სამუშაოს გამოყენება. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის საკმარისია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება. ამასთან, ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით ის გამოყენებულ უნდა იქნეს მაქსიმუმთან მიახლოებული ზომით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 საათის დავდით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია