განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1125-18 (N041091218002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27.05.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ზ-----------------ი
მამის სახელი: ვ--–------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ--------------–---------------------
მცხოვრები: წ---–--------------------------–-----------
ადვოკატი - პ---–---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზ-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 21:30 საათზე, წ---–--------------------------–---------–- მდებარე სახლში, ზ-----------------მა იძალადა მეუღლეზე - ფ--------------–ზე (ნაჯახის ტარი დაარტყა ბეჭის არეში). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 06 მაისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ-----------------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ზ-----------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ზ-----------------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ფ--------------–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე მ-----–--------ს გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ზ-----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ზ-----------------მა აღიარა და მოინანია დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას; ბრალდებული შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც ითხოვს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნას; საქმის მასალების თანახმად ოჯახურ ძალადობას რაიმე საფუძველი არ გააჩნია და მისი მიზეზია მხოლოდ ბრალდებულის ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რომელიც კარგად აქვს გაცნობიერებული ზ-----------------ს და მის აღმოსაფხვრელად ძალზედ მოტივირებულია, კერძოდ, მას და მის მეუღლეს გადაწყვეტილი აქვთ ალკოჰოლის საწინააღმდეგო მკურნალობის სპეციალური კურსის ჩატარება პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე.
ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ არსებობს;
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების ყველა წინაპირობა(ნასამართლობის არ მქონეა, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, რომელსაც სრულად აღიარებს) და ბრალდებულ ზ-----------------ის მიმართ, განაჩენში მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადის დაწესებით. პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებული 50 დღე იმყოფებოდა პატიმრობაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზ-----------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ზ-----------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 08 აპრილიდან 2019 წლის 27 მაისის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ზ-----------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
6.1. 2 CD-R რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხისტარიანი ცული განადგურდეს.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე