განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
330100118002644528
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4------

(გამოძიების #0----------9

#0----------0)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ-------------–---ი (დაბადებული - 1-----–-–-----------------------–----------–----------------–-----------------------------–-------------------–----------–--------–----------),ადვოკატი - ზ---------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის თ-------------–---ს ადმინისტარციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ თ-------------–---ს 2018 წლის 29 აგვისტოს კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ,,ოპიუმის’’ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის თ-------------–---ს ადმინისტარციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ თ-------------–---ს 2018 წლის 30 ივლისს კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ,,ოპიუმის’’ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. თ-------------–---ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ-------------------ის, ლ------------–---–ისა და მ------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის №------- დასკვნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №------- დასკვნას, 2017 წლის 15 ნოემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებას ადმინიტრაციული სახდელის დადების შესახებ, თბილსის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბერის განაჩენს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ-------------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ თ-------------–---ს, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით ადმინისტრაციულსახდელ დადებული იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის 2018 წლის 30 ივლისსა და 29 აგვისტოს ლაბორატორიულად კვლავ დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ,,მეტადონის’’ მოხმარების ფაქტი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ორი დამოუკიდებელი ფაქტი ამ დანაშაულისათვის ადმისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 273-ე მუხლი, რომლითაც თ-------------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს თ-------------–---ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას თ-------------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაულები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც საფრთხის შემცველია მხოლოდ ბრალდებულის ჯანმრთელობისათვის), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (თ-------------–---მა - უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, არის დასაქმებული), თ-------------–---ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

4.6. ამდენად, განაჩენის 4.4.-4.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თ-------------–---ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და თ-------------–---ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.7. თ-------------–---ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - ჯარიმამ 2 000 ლარის ოდენობით უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2018 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

4.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

4.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თ-------------–---მა ახალი დანაშაულები ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ნოემბერის განაჩენის გამოტანამდე, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და თ-------------–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით თ-------------–---ს სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ 5 000 ლარის ოდენობით შთანთქოს ამ განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-------------–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

4. თ-------------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

5. თ-------------–---ს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი