გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26067-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ა-–-------ი
წარმომადგენელი - დ------------–---–--------------–-–---–-
მოპასუხეები - მ---------–--ე, ა---------------ე
მოპასუხე ა---------------ის წარმომადგენლები - ბ--------------–---–--------------------
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 17 ნოემბერს ა-–-------სა და მ---------–--ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, დ----------–---–-----–----–- მეურნეობა, ფართობით 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი N----------------;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 30 ნოემბერს მ---------–--ესა და ა---------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, დ----------–---–-----–----–- მეურნეობა, ფართობით 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი N----------------;
1.3. სადავო უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისში, დ----------–---–-----–----–- მეურნეობა, ფართობით 1000 კვ.მ. საკადასტრო კოდი N---------------- - აღდგენილ იქნას ა-–-------ის საკუთრების უფლება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2012 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ შეიძინა თბილისში, დ----------–---–-----–----– მეურნეობაში 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, თუმცა ჯერ მშენებლობა არ დაუწყია.
2017 წლის 19 ოქტომბერს, მ---------–--ემ მოითხოვა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ამონაწერის განახლება, ხოლო 2017 წლის 15 ნოემბერს მ---------–--ემ მიმართა რეესტრს და მოახდინა მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. გარიგება დარეგისტრირდა დაჩქარებული წესით და როგორც რეგისტრაციის მასალებიდან ირკვევა, მესაკუთრეს უკრაინაში, 2017 წლის 2 ოქტომბერს გაკეთებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ვინმე ვ--–------------–--.
მოგვიანებით, 2017 წლის 25 ნოემბერს, მ---------–--ე ახდენს ამავე ქონების იპოთეკით დატვირთვას, რაც სრულდება 30 ნოემბერს. ამავე დღესვე, დაჩქარებული წესით უქმდება იპოთეკა და ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების მესაკუთრე ხდება ა---------------ე. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით, კეთილსინდისიერი შემძენის იმიჯის შესაქმნელად.
მოსარჩელე უკრაინაში ნამყოფია მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს და მას და მის ოჯახს საქართველოში 2015 წლიდან გააჩნიათ მუდმივი ბინადრობის ნებართვა და მსგავსი ტიპის მინდობილობაზე ხელი არ მოუწერია. აღნიშნულზე პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სადავო უძრავ ქონებაზე 2019 წლის 4 სექტემბერს, რეესტრში წარდგენილი იქნა ხელშეკრულება, პ---------------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა ყადაღის გამო უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ---------–--ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, მას საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ ეცნობა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით.
2.2. მოპასუხე ა---------------ემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია და ამიტომ არ არსებობს სარჩელი დაკმაყოფილების საფუძველი. მისი განმარტებით, ნაკვეთი შეიძინა სახლის ასაშენებლად, ნაკვეთი უყიდა მამამ მ-----–-----------ემ, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეძებდა ნაკვეთს მასზე მშენებლობის განსახორციელებლად. ნაკვეთის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა გ----------------ის საშუალებით, რომელმაც შეახვედრა მესაკუთრეს. შეხვედრისას შეთანხმდნენ ფასზე, კვ.მ 120 აშშ დოლარი. ვინაიდან ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, გასტუმრებული იქნა იპოთეკარი და მ---------–--ეს გადაეცა ნასყიდობის საფასური. ძნელი წარმოსადგენია, მოჩვენებითი გარიგების დროს ნასყიდობის საფასურისთვის ამხელა თანხის გადახდა ან საერთოდ იპოთეკარის დაკმაყოფილება.
საჯარო რეესტრში 2019 წლის 4 სექტემბერს მართლაც წარადგინეს განცხადება მიწის ნაკვეთის ნათესავის - პ---------------ის სახელზე გადაფორმებისთვის. აღნიშნული საჭირო გახდა იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული ფართის ლეგალიზაციის მიზნით კომისიამ მოითხოვა ბოლო მესაკუთრის თანხმობა. ვინაიდან ვერ მოხერხდა ბოლო მესაკუთრესთან - მ---------–--ესთან დაკავშირება, ბოლო მესაკუთრის შექმნის მიზნით გადაწყდა ნაკვეთის პ---------------ის სახელზე გადაფორმება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 28 დეკემბერიდან ა-–-------ი წარმოადგენდა თბილისში, დ----------–---–-----–----– მეურნეობაში მდებარე 1000 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N----------------.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. 2017 წლის 15 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მ---------–--ესა და ვ--–------------–--ს წარმომადგენლობით, ა-–-------ს შორის გაფორმდა თბილისში, დ----------–---–-----–----– მეურნეობაში მდებარე 1000 კვ.მ. ფართობის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მიეთითა 100000 აშშ დოლარი. წარმომადგენლობაში წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემებში არსებული უზუსტობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რის საფუძველზეც 2017 წლის 17 ნოემბერს საჯარო რეესტრში დამატებით წარდგენილი იქნა ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება და ახალი მინდობილობა. მ---------–--ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა დაჩქარებული წესით, 2017 წლის 17 ნოემბერსვე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15.11.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- 17.11.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- 02.10.2017 წლის მინდობილობა;
- 16.11.2017 წლის მინდობილობა;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება.
3.1.3. ამავე უძრავ ქონებაზე, მ---------–--ესა და ნ-----–-----–-–---–ს შორის 25.11.2017 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 30 ნოემბერს ნ-----–-----–-–---–ის სასარგებლოდ დარეგისტრირდა იპოთეკა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.4. 2017 წლის 30 ნოემბერსვე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მ---------–--ესა და ა---------------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. რეგისტრაცია იმავე რიცხვში დასრულდა და სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ა---------------ის სახელზე. ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ღირებულებად მიეთითა 90000 აშშ დოლარი.
ამავე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დარეგისტრირების მიზნით, საჯარო რეესტრს წარედგინა პ---------------ის განცხადება. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული შეზღუდვის (ყადაღის) გამო საკუთრების უფლების ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაცია ვერ განხორციელდა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადების მიღების ბარათი;
- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. დავის სასამართლოში განხილვის დროისთვის სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია ა---------------ის სახელზე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.6. სადავო უძრავი ქონების მომიჯნავედ, თავისუფალი 105 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 16 იანვარს წარედგინა ა---------------ის წარმომადგენლის განცხადება. განცხადებასთან დაკავშირებით 2018 წლის 13 აგვისტოს გამართულ სხდომაზე განმცხადებელს დაევალა მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრის და მომიჯნავე მეზობლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები.
105 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის დაკანონებასთან დაკავშირებით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მეზობლებმა თანხმობა გასცეს 2018 წლის 4 იანვარს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი;
- თანხმობები;
- კომისიის სხდომის ოქმი და წერილი.
3.1.7. ა-–-------ის კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში 2018 წლის 24 სექტემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საქმეზე საბოლოო შედეგი არ არის დამდგარი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის 2017 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის დადებული მოჩვენებით და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება რეალურად მიზნად ისახავდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ამავდროულად, ა---------------ე წარმოადგენს კეთილსინდისიერ მხარეს (კეთილსინდისიერ შემძენს).
მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს ( სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი, 2018 წელი).
მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის მოტყუებაა. სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის მოტყუება. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა, მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა.
ამასთან, მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი გარიგება ანუ, მას ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით დადებული გარიგებაა, სადაც გამსხვისებელს ქონება შეძენილი ჰქონდა ყალბი მინდობილობის საფუძველზე და არც შემძენს ა---------------ეს სურდა რეალურად ქონების შეძენა. ნასყიდობა გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ პირველი, 2017 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ბათილობის შემთხვევაში ქონება მის რეალურ მესაკუთრეს (მოსარჩელეს) არ დაბრუნებოდა. აღნიშნული მსჯელობის დასაბუთების მიზნით მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნასყიდობა დაჩქარებული წესით გაფორმდა, მის გაფორმებას წინ უძღოდა ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება, რომელიც თავის მხრივ მხოლოდ 5 დღის განმავლობაში იყო რეგისტრირებული. მოსარჩელის განმარტებით, არ დასტურდებოდა ა---------------ის მიერ არც ნასყიდობის საფასურის და არც იპოთეკარისთვის თანხის გადახდა. გარდა ამისა, ა---------------ეს ქონების შეძენის სურვილი რომ არ გააჩნდა ამას ისიც ადასტურებდა, რომ შეძენამდე მას არ ჰქონდა გამოკვლეული უძრავი ქონების სამშენებლო პოტენციალი, მაშინ როცა შეძენა მასზე სახლის აშენების მიზნით განხორციელდა. გარდა ამისა, ა---------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა მესამე პირზე უძრავი ქონების გაყიდვას.
ვინაიდან მოჩვენებით დადებული გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს, უნდა დადგინდეს, მოპასუხეების მხრიდან ჰქონდა თუ არა სადავო გარიგების დადების დროს შეთანხმებულად მოქმედებას.
მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 30 ნოემბერს და უძრავი ქონება საკუთრების უფლება დაჩქარებული წესით აღირიცხა ა---------------ის სახელზე. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პარალელურად გაუქმდა მასზე არსებული ჩანაწერი იპოთეკის შესახებ. მოწმის სახით დაკითხული იქნა იპოთეკარი ნ-----–-----–-–---–ი, ასევე მოწმე გ-------–--------ე ადასტურებენ იპოთეკარისთვის თანხის გადაცემას, რაც საჯარო რეესტრშივე განხორციელდა, რეესტრში არსებული ბანკის ფილიალის საშუალებით.
უძრავი ქონების შეძენიდან რამოდენიმე თვის შემდგომ, 2018 წლის 16 იანვარს, ა---------------ის სახელით წარმომადგენელი მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. მიმართვის მიზანს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მომიჯნავედ არსებული 105 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რისთვისაც მოიპოვა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობა. ხოლო თავად კომისიამ საკითხის გადასაწყვეტად დამატებით მოითხოვა სადავო უძრავი ქონების წინა მესაკუთრის თანხმობა. ვინაიდან ბოლო მესაკუთრეს მ---------–--ე წარმოადგენს, რომელთან დაკავშირებაც მხარემ ვერ მოახერხა, თანხმობის მოპოვების მიზნით ა---------------ემ დადო ნასყიდობის ხელშეკრულება ოჯახის ახლობელთან პ---------------ესთან.
სასამართლო განმარტავს, რომ თუკი გაზიარებული იქნა მოსარჩელის პოზიცია, უძრავ ქონებაზე ფიქტიური გარიგებების შექმნის შესახებ, მაშინ ადგილი არ უნდა ჰქონოდა ა---------------ის მხრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მისი გასხვისების ან თუნდაც იპოთეკით დატვირთვის გარიგების გარდა სხვა ქმედებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ა---------------ე შეუდგა სადავო უძრავი ქონების ფლობას და სადავო გარიგების დადებიდან რამოდენიმე თვეში ა---------------ემ მიმართა აღიარების კომისიას მომიჯნავე ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით.
გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ა---------------ისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მ---------–--ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო მინდობილობის საფუძველზე განხორციელდა. მან არაფერი იცოდა სხვა სავარაუდო სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, ა---------------ის მხრიდან გარიგების დადება არ მომხდარა იმ მიზნით, რომ მას და მ---------–--ეს თავიდან აერიდებინათ მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულება.
რაც შეეხება ნასყიდობის საფასურს, მართალია საფასურის გადახდის პირდაპირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ ა---------------ეს ნაკვეთის შეძენა სურდა პირადი მიზნებისთვის, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლო ნასყიდობის საფასურს გადახდილად მიიჩნევს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს, მხარეები შესაბამისი იურიდიული შედეგების მიღწევის გარეშე დებენ გარიგებას, მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულება არ წარმოშობს რეალურ სამართლებრივ შედეგებს. მოჩვენებითი გარიგება, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.
სარჩელში მოსარჩელე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტზე, თუ რაში მდგომარეობს მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების მოჩვენებითობა. შესაბამისად, სახეზე არ არის მოსარჩელის პოზიციის გაზიარების და 2017 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ბათილობის საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
2017 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით, კერძოდ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სასამართლო აღნიშნული მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი.
რამდენადაც საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული 2017 წლის 30 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი და ბათილი გარიგება და გამოხატავს შემძენის ნამდვილ ნებას, გახდეს უძრავი ქონების მესაკუთრე, ამდენად, ნამდვილი გარიგების არსებობის პირობებში 2017 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით ვერ აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება სავადო უძრავ ქონებაზე.
ამდენად, არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სადავო ქონებაზე მისი მესაკუთრედ აღიარების მიმართ, რის გამოც მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 3000 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სავარაუდო მოპასუხე ა---------------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, დ----------–---–-----–----–- მეურნეობა, ს.კ 0---------------;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე