განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
010100119002958249
დავის ტიპი
238 (1) 1
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002958249

საქმე #1-313/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ლ---------------ის

ბრალდებულის - შ----- ჯ----ის

ადვოკატის _ ჯ----–-------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171190319004 საქმე :

 

ბრალდებულ შ----- ჯ----ის მიმართ

მამის სახელი: ა----

დაბადებული: 29.01.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: მქონე

განათლება: ს-–----–--

მისამართი: ქ. ბათუმი, ს-----–--–---–------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი - ნაკლებად მძიმე ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2010 წლის 14 მაისის განაჩენით, ნაკლებად მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი შ----- ჯ----ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას და საჯიგველს, რომლებიც 2019 წლის 09 მარტს, ქ. ბათუმში, ა. პუშკინისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში შ----- ჯ----ის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას ჩატარებული პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. ბრალდებულმა შ----- ჯ----მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- ჯ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. მოწმეების - თ----------–--ის, მ--------------ის და ა-----–---------–---–ის გამოკითხვის ოქმები; 2019 წლის 09 მარტით დათარიღებული N000057992 ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, შ----- ჯ----ის პირადი გასინჯვის შედეგად, ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის გვერდითა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა ცივი იარაღის მსგავსი საგანი (დანა), ხოლო შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილი იქნა შავი ფერის შეფერილობის მეტალის ე.წ. „კასტეტი“, 2019 წლის 09 მარტით დათარიღებული პირის ზედაპირული შემოწმების ოქმი; ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 14 მარტის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №ც.ი./57 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა არის მჩხლეტავ-მჭრელი, საჯიგველი მსხვრევად-დასარტყმელი და მიეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის განაჩენი შ----- ჯ----ის მიმართ; აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2019 წლის 25 მარტის N22680 წერილი.

 

6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შ----- ჯ----ის ბრალდების დადასტურება.

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2010 წლის 14 მაისის განაჩენით, ნაკლებად მძიმე ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი შ----- ჯ----ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას და საჯიგველს, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

19. შ----- ჯ----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

20. შ----- ჯ----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

23. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

25. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

26. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

27. სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით.

 

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შ----- ჯ----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

29. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ პირობებში სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

30. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - შ----- ჯ----ისგან ამოღებული დანა და საჯიგველი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: შ----- ა----ს ძე ჯ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ შ----- ჯ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცება - შ----- ჯ----ისგან ამოღებული დანა და საჯიგველი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი