გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----------------
საქმე №3--------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს--–--------–---
მოპასუხე - კ-------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეს - კ-------------ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 5638 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საიჯარო ქირის დავალიანება 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ქონების დაუბრუნებლობის გამო მისი ღირებულების (საპრივატიზებო საფასურის) ანაზღაურება 36 058,94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, სულ 41 697,94 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარიში.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მასარჩელე მხარის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ს--------–---–- (ამჟამად რეგისტრირებულია კ-------------ს სახელითა და გვარით) შორის 2007 წლის 26 ივნისს დადებული N2- ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 68 083 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 (ორი) ტრაქტორი და 5 (ხუთი) სხვა დანარჩენი მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2014 წლის 21 ივნისისა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის №4------ წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: 28.03.2016 წლიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა); ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო; ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე; გათავისუფლებული იქნა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან; ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. შესაბამისად, ამავე წერილით მხარეს ეცნობა, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მხარეს განესაზღვრა ვალდებულება გადაეხადა საპრივატიზებო თანხა, საიჯარო ქირა და ასევე პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით: საპრივატიზებო საფასური - 32 032,3 აშშ დოლარი, საიჯარო ქირის დავალიანება 1 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო საპრივატიზებო ღირებულებისათვის 2 819 აშშ დოლარი და სხვა ვალდებულებებისათვის 2 819 აშშ დოლარი. ამავე წერილით მოპასუხეს მიეცა ვადა შესაბამისი თანხების გადახდისათვის.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის მიერ არ შესრულდა საპრივატიზებო ღირებულების, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიჩნეული იქნა შეწყვეტილად, რაც მხარეს ეცნობა წერილობით, რის შემდგომაც უნდა განხორციელებულიყო მოძრავი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნებაც.
2.2. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხე - კ-------------ს წერილობითი ფორმით შესაგებელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 26 ივნისს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ს--------–---–- (ამჟამად რეგისტრირებულია კ-------------ს სახელითა და გვარით) შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება №2-, რომლის საფუძველზე მოპასუხეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 68 083 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 (ორი) ტრაქტორი და 5 (ხუთი) სხვა მოწყობილობა. საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 7 წლით, 2007 წლის 26 ივნისიდან 2014 წლის 26 ივნისის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ,,მოიჯარემ“ იკისრა ვალდებულება იჯარა-გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაეცვა საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარედგინა ,,მეიჯარისთვის“, ხოლო 5.3. პუნქტის თანახმად, საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში ,,მოიჯარე“ მიიღეებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების აუცილებელი ვადა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დაჯარიმდებოდა დარჩენილი საიჯარო ქონების ღირებულების და/ან გადასახდელი ქირის 0,1%-ით. ასევე ამავე ხელშეკრულების 5.4. პუნქტის გათვალისწინებით საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში და დაწესებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა განიხილებოდა საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად ,,მეიჯარის’’ მიერ. ,,მოიჯარეს’’ არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 26 ივნისს ხელშეკრულება №2- (ს.ფ. 17-20, ტომი 01).
3.1.2. 2007 წლის 26 ივნისს ერთის მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მეორეს მხრივ ს--------–---–- (ამჟამად რეგისტრირებულია კ-------------ს სახელითა და გვარით) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც პირველმა მხარემ გასცა, ხოლო მეორე მხარემ მიიღო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2007 წლის 26 ივნის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 21-22).
3.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის №4------ წერილით კ-------------ს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად:
- 28.03.2016 წლიდან გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან (გარდა საპრივატიზებო თანხის გადახდა);
- ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე;
- გათავისუფლებული იქნა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან;
- ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
აღნიშნული წერილით მხარეს ასევე ეცნობა, რომ მოპასუხის მიერ დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულება 32 032.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და საიჯარო ქირის დავალიანება 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრამდე.
ამავე წერილის თანახმად, საპრივატიზებო საფასურის გადახდისა და იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების 5.1 მუხლით ნაკისრი, ყოველ 6 (ექვსი) თვეში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მეიჯარისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების 5.3. მუხლი, თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ითვალისწინებს შესაბამის პირგასამტეხლოს. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა საიჯარო ქირის შემთხვევაში, ზრდადია 01.01.2016 წლიდან ყოველდღიურად, საიჯარო ქირის დავალიანების სრულად გადახდამდე, ხოლო, საპრივატიზებო ღირებულების გადახდის ვალდებულებისა და ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლო იანგარიშება 01.01.2016 წლიდან - 28.03.2016 წლის ჩათვლით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აგრეთვე მოპასუხეს განესაზღვრა საპრივატიზებო ღირებულების, საიჯარო ქირის დავალიანების და დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გადახდა არაუგვიანეს 31.12.2016 წლისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის №4------ წერილი (ს.ფ. 23-24).
3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის №4------ წერილით კ-------------ს ეცნობა, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განესაზღვრა საპრივატიზებო თანხის, საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს სრულად გადახდის საბოლოო ვადა შემდეგი ოდენობით: საპრივატიზებო საფასური - 32 032.3 აშშ დოლარისა და საიჯარო ქირის დავალიანება - 1 აშშ დოლარის ოდენობით.
პირგასამტეხლო: საპრივატიზებო ღირებულებისათვის - 2819 აშშ დოლარი, ხოლო- სხვა ვალდებულებებისათვის - 2 819 აშშ დოლარი.
შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა არაუგვიანეს 15.03.2017 წლისათვის უზრუნველყო დაკისრებული პირგასამტეხლოსა (5 638 აშშ დოლარი) და საიჯარო ქირის (1აშშ დოლარი) სრულად გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 3 აპრილის №4------ წერილი (ს.ფ. 2--26).
3.1.5 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ნოემბრის N1------- წერილით კ-------------ს ეცნობა, რომ 2007 წლის 26 ივნისს დადებული N2- ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნეოდა შეწყვეტილად. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მოძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ექვემდებარებოდა დაბრუნებას. შესაბამისად მოპასუხეს წერილის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყო აღნიშნული მოძრავი ქონების განთავსება გორის რაიონში, სოფელ ხ---------ში, ყოფილ პროფსასწავლებლის ტერიტორიაზე (ს/კ N6-----------) მისი დათვალიერებისა და შემდგომი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 2 ნოემბრის N1------- წერილი (ს.ფ. 27).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 2-.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ხანდაზმულია ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა პირგასამტელოს მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა იქნეს მიჩნეული.
ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობა უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო მოიხმობს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენი (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათავისუფლდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო და საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდეს 2017 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი გათავისუფლდეს 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან და ეპატიოს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში 2007 წლის 26 ივნისის იჯარის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მოიჯარის მიერ პირველი წლის ღირებულება გადახდილია 2007 წლის 2- მაისს (ბე ჩაივალა პირველი წილის საპრივატიზაციო ღირებულებად), ხოლო დარჩენილი საპრივატიზაციო საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო პერიოდულად, კერძოდ: პირველი წელი (2008წ.): 2-% (2-%-(მინუს) გადახდილი ,,ბე’’-ს ოდენობა) – 6520,7 აშშ დოლარი;
მეორე წელი (2009წ.): 21% 14297,3 აშშ დოლარი;
მესამე წელი (2010წ.): 18% 122-5,0 აშშ დოლარი;
მეოთხე წელი (2011წ.): 14% 9532,0 აშშ დოლარი;
მეხუთე წელი (2012წ.): 11% 7489,0 აშშ დოლარი;
მეექვსე წელი (2013წ.): 7% 4766,0 აშშ დოლარი;
მეშვიდე წელი (2014წ.): 4% 2723,0 აშშ დოლარი;
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება კრედიტორის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელისათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეული პერიოდისათვის დაიწყო ცალ-ცალკე და ამოიწურა 3 წლის გასვლის შემდეგ, რის გამოც სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის (20.03.2018წ) ამოწურული იყო 2007 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპრივატიზაციო თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რაც ასევე გავრცელებული უნდა იქნეს ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, რომელიც შეეხება იჯარა-გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაციის წარდგენას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ასევე ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტიდანაც (2014 წლის 26 ივნისი (ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება წყდება თუ გავიდა იჯარის ვადა)) სარჩელის წარმოდგენის თარიღამდე გასულია დაახლოებით 3 წელი და 9 თვე, რაც ცალსახად ადასტურედბს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის (20.03.2019წ.) ამოწურული იყო 2007 წლის 26 ივნისის N2- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები, რის გამოც არ არსებობს არც საიჯარო ქირისა და არც ქონების დაუბრუნებლობის გამო მისი ღირებულების (საპრივატიზებო საფასურის) 36 058,94 აშშ დოლარის ეკვივალენტური ლარის ოდენობით ანაზღაურების საფუძველი.
ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ გასულია 2007 წლის 26 ივნისის, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნისათვის კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულიბის ვადები, მოსარჩელის მოთხოვნა - პირგასამტეხლოს სახით 5638 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში (როგორც აქცესორული უფლების), საიჯარო ქირის დავალიანების 1 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, ქონების დაუბრუნებლობის გამო მისი ღირებულების 36 058,94 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში (მეორადი მოთხოვნის) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი