გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/36639-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მაკა ჭედია
სხდომის მდივანი - კახა კომლაძე
მოსარჩელე ნა----------–---–-
წარმომადგენელი ნი-------–-–---–-
მოპასუხე სს „ს--------------------------------“
წარმომადგენელი სა-–----------–-, თი--------------------
დავის საგანი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------------“-ისათვის მოსარჩელე ნა----------–---–-ს სასარგებლოდ 6666.6 ლარის გადახდის დაკისრება.
2017 წლის 21 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნა----------–---–- არის მეუღლის 2016 წლის 20 დეკემბერს გარდაცვლილი ჯ--–-----------–---–-ს კანონისმიერი მემკვიდრე. მემკვიდრეობა გაიხსნა ჯ--–-----------–---–-ს სადაზღვევო თანხაზე.
2016 წლის 27 იანვარს ს----------–-----------–-----------------სა და ს---------------------------------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N50, სადაზღვევო პერიოდი -01.02.2016-31.01.2017. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული იყო მოსარჩელის მეუღლე ჯ--–-----------–---–- და მასზე გაიცა სადაზღვევო პოლისი C------, რომელიც მუშაობდა ს----------–-----------–-----------------ს უწყებაში.
2016 წლის 4 ნოემბერს სამსახურში გახდა შეუძლოდ და სახლში მისული, ძლიერი სისხლღებინებით გადაყვანილ იქნა ი------------ კლინიკაში. 4 ნოემბრიდან -8 ნოემბრის ჩათვლით, სტაციონარში ჩაუტარდა კვლევა, დაესვა დიაგნოზი და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა სახლის პირობებში. 16 დეკემბერს, იმავე კლინიკაში გეგმიური საკონტროლო შემოწმებისას, მდგომარეობა აღმოჩნდა გართულებული. მიეცა ახალი დანიშნულება ისევ სახლის პირობებში. 19 დეკემბერს უფრო დამძიმებული მდგომარეობით, ისევ აღნიშნულ კლინიკაში გადაიყვანეს. იქვე, 20 დეკემბერს ჩაუტარდა კოლონოსკოპიური კვლევა და იმავე დღეს სახლში გადაყვანიდან 1.5 საათში, გარდაიცვალა სასწრაფოს ექიმის თანდასწრებით. პაციენტის ბარათში გარდაცვალების მიზეზად დაფიქსირდა „უცნობი მიზეზი“.
მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას მიმართა დაზღვევის ასანაზღაურებლად, მას შემდეგ, რაც 2017 წლის იანვარში კომპანიიდან ტელეფონით შეატყობინეს ანაზღაურებაზე უარი, მან წერილობითი განმარტება მოითხოვა. 2017 წლის 27 თებერვლის წერილით, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ თანხის ანაზღაურებას ეჭვქვეშ აყენებდა სასწრაფოს ექიმის ჩანაწერი - გარდაცვალების უცნობი მიზეზი და მოითხოვდნენ დამატებით მტკიცებულებას.
2018 წლის თებერვალში სადაზღვევო კომპანიას წარედგინა ი------------ კლინიკის ექიმ-გასტრო-ენტეროლოგების მიერ 08.11.2016 წელსა და 20.12.2016 წელს გაცემული ფორმები NIV-100/ა, ცნობა N5185 ჩატარებული ეზოფაგო-გასტროდუონოსკოპიის და სიგმოიდოსკოპიური გამოკვლევის შედეგები.
2018 წლის 26 თებერვლის წერილით, სადაზღვევო კომპანიისაგან კვლავ უარი მიიღო სადაზღვევო ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან არ დგინდება, დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება და არ აანაზღაურა დაზღვეულის გარდაცვალება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–-----------–-----------------ს და სს „ს--------------------------------“-ს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ჯ--–-----------–---–- დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------“-ში. გაიცა სადაზღვევო პოლისი, სადაზღვევო პერიოდი 01.02.2016-31.01.2017-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2016 წლის 27 იანვრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ.25-49).
3.1.2. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება სიცოცხლის დაზღვევა, ლიმიტის ოდენობა: 10 000 ლარი.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6. პუნქტის „მ“ პუნქტის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებს (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის დროს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებისას) დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვლებისას მემკვიდრისათვის პოლისში მითითებული ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პირობები.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების 2.7.10. პუნქტის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა: ითვალისწინებს დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში (რომელიც არ არის დაკავშირებული დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან) მემკვიდრისათვის პოლისში მითითებული ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.
ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, დაზღვეულის გარდაცვალებისას მოსარგებლე აცნობებს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ 72 საათის განმავლობაში და წარუდგენს ყველა აუცილებელ დოკუმენტაციას შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 30 დღისა(გარდა სამკვიდრო მოწმობისა). მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს დაზღვეულის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დამატებითი საბუთები ან/ და თავად ჩაატაროს დამატებითი კვლევები. დაზღვეულის გარდაცვალების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა - რომელშიც მითითებული იქნება დაზღვეულის ასაკი და დაბადების თარიღი; სამედიცინო ცნობა - რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და დაავადების განვითარების სტადიები. გარდაცვალების ეპიკრიზის (ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან) ასლი; დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ შედგენილი აქტი; ...
დაზღვევის პირობების გათვალისწინებით, მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, თუ დაზღვეულის გარდაცვალება წარმოადგენს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა უშუალო შედეგს:
დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზია შიდსი ან აივინფექცია.
დაზღვეული გარდაიცვლება ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად.
დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს თვითმკვლელობა.
დაზღვეული გარდაიცვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას.
დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზია ომში, სამოქალაქო ომში, აჯანყებასა და გაფიცვაში ნებაყოფლობითი მონაწილეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაზღვევის ხელშეკრულების პირობები.
3.1.4. 2016 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა ჯ--–-----------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობა. (ს.ფ. 21-22).
3.1.5.2017 წლის 21 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ნ-----------–---–მა, როგორც გარდაცვლილი ჯ--–-----------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრემ, მეუღლემ მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი სახელფასო დანარიცხისა და სადაზღვევო თანხის 2/3 ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 21-23).
3.1.6. შპს „მ-----–---------–-------------–---------–------- -ი------------ ს---------------------–----ის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა Niv-100/ა-ის მიხედვით, ჯ--–-----------–---–- კლინიკაში მოთავსდა და მკურნალობდა 2016 წლის 04 ნოემბრიდან 2016 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.
მოკლე ანამნეზის მიხედვით, ავადმყოფი კლინიკაში შესულია სდმ 112 ჩივილებით საერთო სისუსტე, ღებინება ყავის ნალექის მსგავსი მასებით. დეფეკაცია კუპრისებრი განავლით.
ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები სისხლის საერთო, შარდის საერთო, კოაგულოგრამა, ჯგუფი და რეზუსი, ელექტროლიტები, ეკგ, სასწრაფო ეზოფაგოგასტროდუოდენსკოპია, სისხლის გაჩერება.
პაციენტს ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდგინდა დიაგნოზი: კუჭის წყლული, გართულებული სისხლდენით K25.0 ჰემატომეზესი, მელენა.
იმავე კლინიკის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან დგინდება, რომ პაციენტმა მიმართა კლინიკას 2016 წლის 16 დეკემბერს. მოკლე ანამნეზის მიხედვით, უჩივის დიარეას, კუჭის მოქმედებას ვარდისფერი სისხლიანი გამონადენით. საერთო სისუსტეს. 19.12.2016 მოთავსდა კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში. დაენიშნა გეგმიური კოლონოსკოპია. პაციენტს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.
ცნობის თანახმად, პაციენტის დიაგნოზია: მწვავე გასტრო-დუოდენიტი. K29. რექტო-სიგმოიდიტი. დიარეა. K.52.9 ანუსის დახეთქი. K60.
2016 წლის 20 დეკემბერს პაციენტს ჩაუტარდა სიგმოიდოსკოპია, რომლის შედეგადაც დადგინდა მწვავე რექტო-სიგმოიდიტი.
სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, პაციენტის სამედიცინო ბარათიდან დგინდება, რომ პაციენტი ჯ--–-----------–---–- გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების თანდასწრებით.
2016 წლის 21 დეკემბერს გაცემული სამედიცინო ცნობის თანახმად, სიკვდილის მიზეზებში აღნიშნულია „უცნობი მიზეზი“.
ზემოაღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაცია სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით წარედგინა სადაზღვევო კომპანიას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
პაციენტის სამედიცინო ბართი (ს.ფ. 50).
სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ (ს.ფ.51).
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ცნობები (ს.ფ.52-54).
სიგმოიდოსკოპია. (ს.ფ.55).
3.1.7. სს „ს--------------------------------“-მა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების თაობაზე, იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს დაზღვევის ხელშეკრულების 2.7.10. პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო გარემოებების არსებობა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
წერილები. (ს.ფ.57-58-59).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე არ დგინდება დაზღვევის პირობების 2.7.10. პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო პირობის არსებობა, რაც გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას აანაზღაუროს დაზღვეულის სიცოცხლის დაზღვევა.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 2.7.10. პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვალებასთან დაკავშირებული დოკუმენტების (მათ შორის სამედიცინო დოკუმენტების) წარდგენის შესახებ, დამზღვევის მემკვიდრის ვალდებულება, უკავშირდება, სადაზღვევო კომპანიის მიერ ამავე პუნქტში გათვალისწინებული სადაზღვევო გამონაკლისებში არსებული გარემოებების დადგენას, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზს. ასეთ პირობებში არ გამორიცხავს ხელშეკრულების 2.7.10. პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო გარემოებების არსებობას.
მოპასუხე მიუთითებს, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის შინაარსზე, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულია „უცნობი მიზეზი“. ამ მტკიცებულებასთან ერთად, როგორც სასამართლოს მიერ 3.1.6. პუნქტით არის დადგენილი, მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა ამ პუნქტში მითითებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ გარდაცვალებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე ჯ--–-----------–---–ს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადების გამო არაერთხელ ჩაიტარა სხვადასხვა კვლევა, მკურნალობდა როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად. ბოლო გამოკვლევა ჯანმრთელობის ამ პრობლემიდან გამომდინარე, ჩაიტარა გარდაცვალების დღეს.
მოპასუხის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დაზღვეულის ჯანმრთელობის პრობლემა, რაც უკავშირდებოდა კუჭ-ნაწლავის დაავადებას, ზოგადად არ წარმოადგენს იმ დაავადებათა ჯგუფს, რომელიც დიდი ალბათობით იწვევს პაციენტის სიკვდილს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილი პაციენტის კუჭ-ნაწლავის დაავადებასა და მის გარდაცვალებას შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობას და მისი ეს მოსაზრება ეფუძნება დაზღვეულისათვის დასმულ დიაგნოზს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, თავად მზღვეველსაც გააჩნია უფლებამოსილება ჩაატაროს დამატებითი კვლევები დაზღვეულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, მას ეს უფლებამოსილება არ გამოუყენებია და მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ვერ დაადგინა კავშირი პაციენტის დიაგნოზსა და გარდაცვალებას შორის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დგინდება, გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, მისი მიმდინარეობა და განვითარება, ასეთ პირობებში, სადაზღვევო კომპანიის ზემოაღნიშნული განმარტება, წარმოადგენს მხოლოდ მზღვეველის ვარაუდს, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების 2.7.10. პუნქტში მითითებულ საგამონაკლისო გარემოებებზე.
საქმეზე დადგენილია, რომ ჯ--–-----------–---–მა გარდაცვალების დღეს კლინიკაში ჩაიტარა კვლევა, საიდანაც სახლში გადაიყვანეს და წოლით რეჟიმზე იმყოფებოდა, რასაც წინ უძღვოდა დაახლოებით ერთი თვით ადრე კუჭ-ნაწლავის დაავადების გართულების გამო, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა და არაერთი გამოკვლევა, პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა სიმპტომები: ღებინება, სისუსტე, სისხლდენა და ა.შ. რაც ცალსახად უკავშირდებოდა ამ დაავადებას. ამასთან, დგინდება, რომ გარდაცვალებამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა ავადმყოფთან.
ამდენად, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახად გამოირიცხება თვითმკვლელობა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას და ომში, სამოქალაქო ომში, აჯანყებასა და გაფიცვაში ნებაყოფლობითი მონაწილეობისას გარდაცვალება.
ერთ-ერთი საგამონაკლისო გარემოებაა დაზღვეულის გარდაცვალება შიდსით ან აივინფქციით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, რომ დაზღვეულს ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემები ჰქონდა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და ამ მიზეზით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება, გარდაცვალებამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, რომელიც გრძელდებოდა გარდაცვალებამდე პერიოდში. აღნიშნული გარემოებები, დიდი ალბათობით გამორიცხავს ასეთი ვარაუდის დაშვების შესაძლებლობას.
ერთ-ერთი საგამონაკლისო გარემოებაა, გარდაცვალება ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ამ შემთხვევაშიც, დაზღვეულის სიკვდილამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავება, რაც უკავშირდებოდა კუჭ-ნაწლავის დაავადებას, დიდი ალბათობით გამორიცხავს ასეთი საგამონაკლისო გარემოების არსებობას. ამ კუთხით, საყურადღებოა ასევე დაზღვეულის ასაკი და მის სამუშაო სტაჟი ს----------–-----------–-----------------ში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 361-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სადაზღვევო ურთიერთობიდან გამომდინარე მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, თავის მხრივ სადაზღვევო შემთხვევა "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია, როგორც მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აანაზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკის- გარდაცვალების და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოება (გამონაკლისი), რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა: მხარეთა შორის დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომა; ამდენად, საფუძვლიანია სარჩელი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის შეთანხმებული პირობების შესაბამისად ანაზღაურების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის გარდაცვალება, რაც დაზღვეულის მემკვიდრეს ნ-----------–---–ს უფლებამოსილებას ანიჭებს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება მიღებული სამკვიდროს ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დაზღვევის პირობების გათვალისწინებით დაზღვეულის სიცოცხლის დაზღვევის ასანაზღაურებლად, პოლისით გათვალისწინებული თანხის 10 000 ლარის 2/3 ნაწილი - 6666.6 ლარი, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სადაზღვევო თანხა მოთხოვნილი ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 199.99 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნა----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს „ს--------------------------------“-ს მოსარჩელე ნა----------–---–-ს სასარგებლოდ 6666.6 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე სს „ს--------------------------------“-ს მოსარჩელე ნა----------–---–-ს სასარგებლოდ 199.99 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია