განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119002852233
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/629-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივნისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ნ----- ქ--------–-–---–-

ადვოკატი: ო---- მ--------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: გ------- კ--------

მამის სახელი: დ------

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ----------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0----------–- (საბოლოო 1----------–-)

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილები

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 07.01.2019 წ. 1752 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ------- კ--------ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ გ------- კ--------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და გასაღება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

გ------- კ--------მ დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, რომელსაც თბილისში, გ-----------------------ში მდებარე კუთვნილ სარდაფში უკანონოდ ინახავდა, კერძოდ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იქნა ,-------- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ. კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუშები ,----. ორივე ცეცხლსასროლი იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო 24 ცალი 7,62 მმ. კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ასევე, ვარგისია გამოსაყენებლად.

გარდა ამისა, გ------- კ--------მ გამოძიებით დაუდგენელი პირის მეშვეობით გადასცა და გაასაღა ცეცხლსასროლი იარაღები - ,-------- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ. კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,,----- და საბრძოლო მასალა, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნა 2019 წლის 7 იანვარს თბილისში, ძ------------–-–---–-------------------------ში, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ბ----- გ-------მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ტ------–---–მა განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ჩაატარა გ------- კ--------ს საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკა, ასევე, დააკავა გ------- კ-------- და გამოკითხა ბრალდებულის სახით. გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ამოიღო გ------- კ--------ს ტანსაცმელი, აუღო ნერწყვის და ანაწმენდის ნიმუშები ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით და გააცნო ბრალი. სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი. გ------- კ--------მ განმარტა, რომ იარაღები ეკუთვნოდა მას და მან თავად შეინახა სარდაფში, ამის შესახებ შენიშვნა გაკეთდა ჩხრეკის ოქმში, რომელსაც ხელი მოაწერა ბრალდებულმა და მისმა მშობლებმა. მოწმემ განმარტა, რომ გ------- კ--------ს თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობები, რომლებიც შეხვეული ქონდა ბინტით, ასევე დაზიანება ქონდა ხელზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----- ყ------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, გ------------------------ში. საერთო ეზოში მდებარე სარდაფით, რომელშიც გამოძიების ფარგლებში იპოვეს იარაღი და რის გამოც დაიჭირეს გ------- კ--------, სარგებლობდა 4 ოჯახი, კერძოდ მისი, კ-----------, მ----------ების და გ--–-----ეების ოჯახის წევრები. მოწმემ განმარტა, რომ სარდაფი არ იკეტება, კარიც მხოლოდ მიხურული იყო. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლო შესვლა. მეზობლები თვეში ერთხელ კი მორიგეობით ალაგებდნენ. მოწმე აღნიშნულ სარდაფში ინახავდა ბოცებს და სხვადასხვა ნივთებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- გ--–-----ემ განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, გ------------------------ში მდებარე იტალიური ეზოს ერთ-ერთ ბინაში. სამეზობლოს ეზოში აქვს 5 დახურული და 1 ღია სარდაფი, რომელიც არის საერთო სარგებლობის და მიხურულია ფიცრით, კარი არ იკეტება. მოწმემ განმარტა, რომ მე-2 სართულზე ცხოვრობს 4 ოჯახი, განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს კ----------- ოჯახთან. 2019 წლის 7 იანვარს, შობის ღამეს, დაახლოებით 0030 საათზე სწორედ მათთან იმყოფებოდა სტუმრად, რა დროსაც ერთ-ერთ ოთახში, კერძოდ კაბინეტში, კომპიუტერთან იჯდა გ------- კ--------. სახლში დაბრუნებისას დაახლოებით 0130 საათზე, ბრალდებული კვლავ კაბინეტში ნახა. 2019 წლის 8 იანვარს, შუადღეს აივანზე ნახა გ------- კ--------, იმავდროულად კიბეებზე ავიდა 3 ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო სამართალდამცავები, თუმცა მათ ფორმა არ ეცვათ, ისინი შევიდნენ კორძაიებს ბინაში. საღამოს გაიგო, რომ გ------- კ-------- დააკავეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- ბ-----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 6 იანვარს, 2000-2100 საათისთვის იმყოფებოდა სახლში და შვილებთან და სტუმრებთან - გ------- ბ-----ესთან და მის ორი მეგობართან ერთად, ემზადებოდა შობის დღესასწაულის აღსანიშნავად. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ სხვა სტუმრებიც, კერძოდ: მისი მეგობარი გ------- ს-----------ე და გ------- ბ-----ის მეგობრები: თ----, ჯ---, დ---, გ-------, ძმები - ბ--- და დ--- გ-------ები. ძმებს, რომლებიც ცხოვრობდნენ მეზობლად, სუფრასთან შელაპარაკება მოუვიდათ ვიღაცასთან, საუბრობდნენ ხმამაღლა და უცენზურო სიტყვებით. მოწმემ განმარტა, რომ სუფრის ყველა წევრი შელაპარაკდა, თუმცა ჩხუბი არ ყოფილა, გ------- ბ-----ე და მოწმე სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. ყველა დამშვიდდა და გააგრძელეს ქეიფი, თუმცა მალევე გ------- ბ-----ეს მიაკითხა მეგობრის მეგობარმა მ-------- და წავიდნენ სტუმრად, ასევე წავიდნენ სუფრის სხვა წევრებიც. სახლში დარჩა მხოლოდ ხ---- ბ---–----. მოწმემ განმარტა, რომ სუფრასთან დასხდნენ დაახლოებით 2200 საათზე და დაიშალნენ დაახლოებით 0100 საათზე. პირველი წავიდნენ გ------- ს-----------ე და გ------- კ--------, სავარაუდოდ შელაპარაკების დაწყებამდე. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს სროლის ხმა არ გაუგია. ნ------- გ--–-----ე საერთოდ არ უნახავს. მისივე განმარტებით, გ------- კ-------- მათ შეუერთდა დაახლოებით 2200-2300 საათზე, შეხვდა შობას და დაახლოებით პირველის წუთებზე წავიდა, მას სუფრის არც ერთ წევრთან კონფლიქტი არ ქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ------ ლ------ განმარტა, რომ არის საქართველოს შ--------------------------–-----------------------–-------------- ექსპერტი. 2019 წლის 7 იანვარს, დაახლოებით დილის 7 საათზე, შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე კ--- დ----------- ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ასევე დახვდნენ გამომძიებლები და კინოლოგები. იტალიური ეზოს მსგავს ტერიტორიას იცავდნენ პოლიციელები, კ------- დ------- გადაიღო ფოტოები, ასევე ამოიღეს და დალუქეს ნივთები, მათ შორის - 13 ცალი მასრა, 2 ცალი ტყვიის გულა, 4 ცალი ლითონის დეფორმირებული საგანი, ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვავები, ჭიქები, დანა და სხვა ნივთები. დაათვალიერეს ჯერ სახლი და შემდეგ ეზო. მასრები ამოიღეს როგორც სახლიდან, ისე ეზოდან, ხოლო ტყვიის გულები და დეფორმირებული საგნები ეზოდან.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ექსპერტმა კ------- დ------- და დამატებით განმარტა, რომ გამომძიებლის განმარტების თანახმად გამოძიება დაწყებული იყო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- დ-------- დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 8 იანვარს გაცემული N7-- დასკვნა, რომლის თანახმადაც:

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 5(ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი იმავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,--------------------------------------------- ავტომატებისათვის, (მათ შორის წარმოდგენილი ,----- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის) ,-------------------------------------- ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ასევე ,------------------------------------------------“ მოდელის სანადირო კარაბინებისათვის და სხვა. აღნიშნული მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია გამოკვლეულ ,----- მოდელის, 7.62 კალიბრის კალაშნიკოვის კონტრუქციის ავტომატში.

8(რვა) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,----, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,---- (მათ შორის ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტებისათვის) და სხვა. აღნიშნული მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია გამოკვლეულ მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტში.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 2(ორი) ცალი ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილ 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტის ლულიდან.

3(სამი) ცალი ლითონის ფრაგმენტიდან ერთი ცალი არის 1951 წლის ნიმუშის 99 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი ტყვიის-გარსის ფრაგმენტი, რომელიც ძლიერ დეფორმირებულია რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანთან კონტაქტის გამო და მასზე განადგურებულია ჭდეულის ველები, რის გამოც იგი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.

მეორე ლითონის ფრაგმენტი არის 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი ტყვიის-გარსის ფრაგმენტი, რომელიც ძლიერ დეფორმირებულია რაიმე მკვრივ, ბლაგ საგანთან კონტაქტის გამო და მასზე განადგურებულია ჭდეულის ველები, რის გამოც იგი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.

მესამე ლითონის ფრაგმენტი წარმოადგენს 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს - ტყვიის გარსს, რომლის სათავო ნაწილიც რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანთან კონტაქტის გამო დეფორმირებულია, ხოლო უკანა ნაწილზე ასახულია ცეცხლსასროლი იარაღის კუთხვილიან ლულაში გავლის კვლები და იგი ვარგისია კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად და გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტიდან.

1 ცალი ობიექტი არის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვიის გულა, იგი ძლიერ დეფორმირებულია რაიმე მკვრივ, ბლაგვ საგანთან კონტაქტის გამო და მასზე არ აისახება საიდენტიფიკაციო ნიშნები, რის გამოც იგი უვარგისია იდენტიფიკაციისათვის.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ტყვიებზე და მასრებზე ვერ იქნა აღმოჩენილი სათანადო რაოდენობა ინდივიდუალური კერძო ნიშნებისა, რომელთა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, შეადგენდა თუ არა გასროლამდე ერთ მთელს.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებზე არსებული დაზიანებების მიხედვით დადგენა იმისა, განიცადა თუ არა გამოსაკვლევმა ტყვიამ ასხლეტა - შეუძლებელია.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ,----- მოდელის, 7.62 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, რომლის სასხლეტ დამცავ მექანიზმში შეტანილი ცვლილებების გამო გაუმართავია, ვარგისია სროლისათვის, მხოლოდ ცალმაგ რეჟიმში. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ავტომატის ჩარჩოზე, ჩამკეტის გარსაცმზე და ჩამკეტზე ნომერი არ იკითხება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24 ცალი ვაზნიდან 6 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ. კალიბრის სამხედრო ვაზნის 1993 წლის სანადირო მოდიფიკაციის ვაზნას, განკუთვნილს იმავე კალიბრის ,----- კარაბინებისათვის, ,-------------------------------------------------------------------- (მათ შორის წარმოდგენილი ,----- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის) და სხვა მოდელის სანადირო კარაბინებისათვის, ხოლო 18 ცალი ვაზნა კი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს იმავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,--------------------------------------------- ავტომატებისათვის, (მათ შორის წარმოდგენილი ,----- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის) ,-------------------------------------- ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ასევე ,------------------------------------------------“ მოდელის სანადირო კარაბინებისათვის, არ წარმოადგენს სამხედრო სპეციალური დანიშნულების (მგეზავ-მანათობელ, ჯავშანმხვრეტ, აალებად) ვაზნას. აღნიშნული 24 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,----. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. პისტოლეტის ჩარჩოზე და ჩამკეტის გარსაცმზე ნომერი არ იკითხება.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თბილისში, ძ------------–-–---–-------------------------ში მდებარე სახლში სულ აღმოჩენილი იქნა 8 დაზიანება, მათ შორის ხის იატაკზე, დივნის სახელურზე, დაზიანებები მიყენებულია შესასვლელიდან საძინებლის მიმართულებით, რა დროსაც იარაღები დახრილი იყო ზემოდან ქვემოთ. სახლში მოხდა სულ 7 გასროლა, ხოლო ერთ-ერთმა გასროლამ აისხლიტა იატაკიდან და გამოიწვია მე-8 დაზიანება. ექსპერტიზაზე წარდგენილი მასრები გასროლილი იყო ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღებიდან.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- კ--------მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 7 იანვარს დაახლოებით 1230 საათზე ფანჯრიდან დაინახა, რომ მისი სარდაფის კარი იყო საეჭვოდ ღია, კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ კარი არ იკეტებოდა, ფიცრებით ხურავდა ყველა ის პირი, ვინც სარგებლობდა, მან კი დაინახა, რომ კარი იყო ღია და არ ქონდა ფიცარი მიყუდებული. შესაბამისად, დაახლოებით დღის 2 საათისთვის ჩავიდა სარდაფში და აღმოაჩინა ორი იარაღი, აიღო ხელში და დარწმუნდა, რომ ისინი ნამდვილი იყო, სახლიდან ჩაიტანა მაისური, გაახვია და დადო სარდაფში ისეთ ადგილას, რომ შემსვლელს თვალში არ მოხვედროდა. აღნიშნულის შემდეგ გადაწყვიტა სახლში ოჯახის წევრებთან და შემდეგ მეზობლებთან გაერკვია საიდან და როგორ აღმოჩნდა სარდაფში იარაღები და ამის შემდგომ აპირებდა პოლიციისთვის შეტყობინებას, თუმცა კიბეზე დაუძახეს უცნობმა პირებმა, რომლებიც შემდგომ სამართალდამცავები აღმოჩნდნენ. კითხეს გვარი და უთხრეს, რომ ქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მას სახლში ან სარდაფში უნდა ქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არასდროს ქონია იარაღებთან შეხება, დათანმხდა ჩხრეკის ჩატარებას და დაიბრალა, რომ იარაღები იყო მისი, რადგან არ უნდოდა ბიძამისს, ან მამამის შექმნოდა პრობლემები. ამასთან, მასთან მისული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს არ უთხრა, რომ სარდაფში იპოვა იარაღები. ბრალდებულმა განმარტა, რომ სარდაფით სხვა მეზობლებიც სარგებლობდნენ და შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.

ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 6 იანვარს, ღამის საათებში, იყო თავის მეგობარ გ------- ბ-----ესთან სტუმრად, ზ-----–-–---–---- ქუჩაზე, სადაც სუფრასთან მოხდა შელაპარაკება, თუმცა შემოიფარგლა ხმამაღალი საუბრით და განვითარება არ მოყოლია. შელაპარაკება ვის შორის დაიწყო, არ იცის, თუმცა შელაპარაკებიდან დაახლოებით 5 წუთში რამდენიმე პირი წავიდა, მათ შორის გ------- ს-----------ე, დ--- და ბ--- გ-------ები, ჯ--- მ--–----, დანარჩენები კი დარჩნენ სუფრასთან, თავად ბრალდებული შეხვდა შობას და დაახლოებით პირველი საათის დაწყებისას, შელაპარაკებიდან დაახლოებით 40 წუთში, წავიდა სახლში და მუშაობდა კომპიუტერთან, რა დროსაც მათთან მივიდა მეზობელი მ---- გ--–-----ე. მოგვიანებით გაირკვა, რომ სარდაფიდან ამოღებული იარაღები გამოყენებულ იყო ძმები გ-------ების საცხოვრებელ ბინაში სროლისას, თუმცა მისთვის უცნობია, როგორ მოხვდა აღნიშნულის შემდეგ იარაღები მის სარდაფში. 2019 წლის 6 იანვარს გ------- ბ-----ის საცხოვრებლ ბინაში, სუფრაზე მყოფი პირები იყვნენ გ------- კ--------ს მეგობრები და თითქმის ყველა მათგანმა იცოდა გ------- კ--------ს მისამართი და მასთან სახლშიც იყვნენ ნამყოფები, გარდა ერთისა.

 

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე, გარდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებისა, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გ------- კ--------მ ჩაიდინა - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბრალდებულის სასარგებლოდ შეფასდეს არა დაცვის მხარის მიერ გამოთქმული ნებისმიერი ეჭვი ან ბრალდების მხარის საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით (როგორც ეს დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეჭვის დაფიქსირებაა საკმარისი ბრალდებულის სასარგებლოდ მის გადასაწყვეტად), არამედ მხოლოდ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ობიექტური ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ------- კ--------მ დაუდგენელ დროს და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თბილისში, გ-----------------------ში მდებარე კუთვნილ სარდაფში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღებსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ - ,-------- მოდელის, 7.62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს, 1951 წლის ნიმუშის ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის 9 მმ. კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუშ ,------ და 24 ცალ 7,62 მმ. კალიბრის ვაზნას, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 7 იანვარს.

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, თუმცა სასამართლო საკუთარ მსჯელობაში დეტალურად შეეხება როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზოგადად ქმედების სამართლებრივ განმარტებას, ასევე, ყველა იმ სადავო შეფასებას, რაც დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე იქნა გაჟღერებული.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, გარდა - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა, რაც ცხადია, თავისი შინაარსით და სამართლებრივი ბუნებით მომეტებული სოციალური საშიშროების შემცველია.

დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გულისხმობს პირის მიერ საბრძოლო მასალის შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი. შენახვა გულისხმობს წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, რა თქმა უნდა, ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა საჯაროდ.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდებულ გ------- კ--------ს არ ჩაუდენია სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული დანაშაული და საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა. აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და ემსახურება ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას, კერძოდ:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე დ----- ტ------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გ------- კ-------- საცხოვრებელ ბინაში ან სარდაფში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი, რა დროსაც გ------- კ--------მ განმარტა, რომ იარაღები ეკუთვნოდა მას და მან თავად შეინახა სარდაფში. მანვე, ამის შესახებ ჩხრეკის ოქმში გააკეთა შენიშვნა და მოაწერა ხელი.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი - 2019 წლის 7 იანვრის სარდაფის ჩხრეკის ოქმის თანახმად - თბილისში, გ-----------------------–- მდებარე გ------- კ--------ს კუთვნილი სარდაფიდან ამოღებული იქნა: 1. ყვითელი ფერის გრძელმკლავიანი მაისურში გახვეული ცეცხლსასროლი ავტომატი, მასზე დამაგრებული მჭიდით, რომელშიც მოთავსებულია 23 ვაზნა, ხოლო ავტომატის ლულაში 1 ცალი ვაზნა, 2. თეთრი ფერის ნაჭერში გახვეული პისტოლეტი, მჭიდით. გ------- კ--------ს განმარტებით, ამოღებული იარაღები არის მისი. აღნიშნული ოქმი დაადასტურა ასევე გ------- კ--------ს მშობელმა ხელმოწერით.

დაცვის მხარის მიერ ასევე უდავოდ იქნა ცნობილი 2019 წლის 13 თებერვლის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–---------------------------------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც: ავტომატიდან და პისტოლეტიდან („ავტომატის კორპუსიდან, პისტოლეტის სახელურიდან და პისტოლეტის ჩარჩოდან) აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის სწორედ გ------- კ--------ს.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა პ----- დ-------- დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 8 იანვარს გაცემული N7-- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 24 ცალი ვაზნიდან - 6 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ. კალიბრის სამხედრო ვაზნის 1993 წლის სანადირო მოდიფიკაციის ვაზნას, განკუთვნილს იმავე კალიბრის ,----- კარაბინებისათვის, ,-------------------------------------------------------------------- (მათ შორის წარმოდგენილი ,----- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის) და სხვა მოდელის სანადირო კარაბინებისათვის, ხოლო 18 ცალი ვაზნა კი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს იმავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,--------------------------------------------- ავტომატებისათვის, (მათ შორის წარმოდგენილი ,----- მოდელის, 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის) ,-------------------------------------- ხელის ტყვიამფრქვევებისათვის. ასევე ,------------------------------------------------“ მოდელის სანადირო კარაბინებისათვის, არ წარმოადგენს სამხედრო სპეციალური დანიშნულების (მგეზავ-მანათობელ, ჯავშანმხვრეტ, აალებად) ვაზნას. აღნიშნული 24 ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული ,----- მოდელის, 7.62 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, რომლის სასხლეტ დამცავ მექანიზმში შეტანილი ცვლილებების გამო გაუმართავია, ვარგისია სროლისათვის, მხოლოდ ცალმაგ რეჟიმში. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ავტომატის ჩარჩოზე, ჩამკეტის გარსაცმზე და ჩამკეტზე ნომერი არ იკითხება.

3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში ,----. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციულად გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. პისტოლეტის ჩარჩოზე და ჩამკეტის გარსაცმზე ნომერი არ იკითხება.

 

აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ------- კ--------ს უდანაშაულობის შესახებ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ 1. სარდაფი, სადაც აღმოჩენილი იქნა სადავო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა არის ეზოში და ღია მდგომარეობაში, სადაც ნებისმიერ პირს, ნებისმიერ დროს შეუძლია შესვლა, რაც ცხადია არადამაჯერებელია იმ პირობებში, როდესაც მოწმეების - რ----- ყ------–---–ისა და მ---- გ--–-----ის ჩვენებების თანახმად, აღნიშნული სარდაფით სარგებლობდა რამდენიმე ოჯახი და იქ ინახავდნენ მათთვის ღირებულ ნივთებს, რაც გარკვეულწილად, გამორიცხავს მითითებას იმის შესახებ, რომ სარდაფი მუდმივად იყო ღია მდგომარეობაში და უმეთვალყურეოდ. 2. ბრალდებულის განმარტებით, გ------- კ--------მ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა იპოვა მის სარდაფში, საგამოძიებო ორგანოს მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ განუცხადებია მასთან მისული პოლიციელებისათვის, რადგან შეეშინდა, პრობლემები არ შექმნოდა ბიძას და მამას. ბრალდებულმა განმარტა, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთები შეახვია მის მაისურში და შეეცადა, იმდაგვარად მოეთავსებინა სარდაფში, რომ შემსვლელთათვის არ ყოფილიყო ადვილად შესამჩნევი. ალოგიკურია ბრალდებულის განმარტება, რომ მას შემდეგ, რაც დაინახა საეჭვოდ ღია სარდაფი (როგორც წესი მიყუდებული ფიცრის გარეშე), შევიდა შიგნით და აღმოაჩინა ცეცხლსასროლი იარაღები, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოსათვის, ან როგორც მინიმუმ ეკითხა სარდაფით მოსარგებლეთათვის, ეკუთვნოდა, თუ არა მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ,,საეჭვოდ’’ ღია სარდაფში აღმოჩენილი ნივთები აიღო ხელში, დარწმუნდა მათ ნამდვილობაში, გაახვია მისსავე მაისურში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა, ეკითხა მისი ოჯახის წევრებისათვის მათი წარმომავლობისა და კუთვნილების შესახებ, თუმცა ამ დროს კიბეზე შეხვდნენ პოლიციელები და შესაბამისად, ვეღარ მოახერხა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ აღნიშნულის შესახებ ბრალდებულს არც სახლის ჩხრეკის მიმდინარეობისას განუცხადებია პოლიციელებისათვის, რაც დროის ინტერვალით, გაცილებით წინ უსწრებდა სარდაფის ჩხრეკას. ამასთან, ბრალდებული აცხადებს, რომ დაახლოებით დღის პირველი - ორი საათების შუალედში ჩავიდა სარდაფში და აღმოაჩინა იარაღები, ამოსვლისას კი რამდენიმე წუთში მოვიდნენ პოლიციელები და მალევე დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რაც აშკარად განსხვავდება ბინის ჩხრეკის ოქმში მითითებული დროისაგან, რაც თავის მხრივ, ასევე უდავო მტკიცებულებად მიიჩნია დაცვის მხარემ. საგულისხმოა, რომ არც ბრალდებულის მამას, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა სარდაფის ჩხრეკის ოქმის სიზუსტე, არ დაუფიქსირებია რაიმე სახის შენიშვნა, რომ თუნდაც სარდაფი, რომელშიც ჩატარდა ჩხრეკა, ან ნანახი და ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, არ წარმოადგენდა ბრალდებულის საკუთრებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ჩხრეკის ოქმში პირდაპირაა მითითებული, რომ სარდაფი წარმოადგენდა კ----------- საკუთრებას, ხოლო ამოღებული ნივთები, ბრალდებულისვე განმარტებით, ეკუთვნოდა მას. ცხადია, ბრალდებული არ არის გულწრფელი სასამართლოს წინაშე და ცდილობს ფაქტობრივი გარემოებების საკუთარი ინტერპრეტაციით, შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო. მოვლენების ამგვარი განვითარება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა სადავო იარაღების ჯერ შეძენას, შემდეგ კი შენახვას. ამასთან, იარაღებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა თავისთავად არ ადასტურებს მის შეძენა-შენახვას, რადგან ბრალდებულის განმარტებით, მან იარაღები შეახვია მის მაისურში და სწორედ ამით აიხსნება მათზე აღმოჩენილი მისი ბიოლოგიური მასალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთის შენახვა ავტომატურად მოიცავს მის შეძენას, თუნდაც ამის უშუალო დამადასტურებელი მტკიცებულება (პოვნის, ყიდვის, დასაჩუქრების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება) არ არსებობდეს, რადგან შენახვა, როგორც აღინიშნა, გულისხმობს - მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას, რაც ცხადია, შეუძლებელია მისი მოპოვების გარეშე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კანონსაწინააღმდეგო ნივთის მოპოვება და შემდგომ შენახვა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა საჯაროდ, რომ ვინმე ,,სახალხოდ’’ ათეულობით მოწმის თანდასწრებით აპირებს დანაშაულის ჩადენას.

რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას იარაღზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის კვალის არსებობასთან (მის წარმომავლობასთან) დაკავშირებით, სასამართლოსთვის არასარწმუნოა დაცვის მხარის ვერსია, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც ,,საეჭვოდ ღია სარდაფში’’ კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოაჩინა, შემდეგ აღნიშნული ნივთები გაახვია მისსავე მაისურში, რომ მამისა და ბიძისათვის რაღაც გაურკვეველი ,,პრობლემები’’ თავიდან აერიდებინა.

შესაბამისად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- კ--------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.

რაც შეეხება გ------- კ--------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით: წარდგენილ ბრალდებას - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულთან მიმართებაში ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 7 იანვრის სარდაფის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, სამართალდამცავთა მიერ ამოღებამდე, გამოყენებული იქნა თბილისში, ძ------------–-–---–----------------------------–- მომხდარ დაპირისპირებაში, უტყუარად ვერ ადასტურებს გ------- კ--------ს მიერ მათ გასაღებას, რაც გულისხმობს ნებისმიერი საშუალებით და ფორმით გასხვისებას, სხვა პირისთვის გადაცემას. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თუნდაც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ------- კ--------ს მიერ, მისი სარდაფიდან ამოღებული, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული იარაღების თხოვებას, ანუ დროებით სარგებლობაში გადაცემას, მაშინ როცა ბრალდების მხარის ვერსიით სწორედ გ------- კ--------მ გადასცა დაუდგენელ პირს, ან პირებს მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელთა დაბრუნებამდეც ჩადენილი იქნა სხვა დანაშაული.

სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარე მოცემულ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებაში თავის ვარაუდს ამყარებს იმ გარემოებით, რომ გ------- კ--------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო მასალით განხორციელდა გასროლები, რა დროსაც დაზიანებები მიიღო ბ----- გ-------მა, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები აღნიშნულთან მიმართებაში ვერ ადასტურებს გ------- კ--------ს მიერ იარაღების გასაღებას - ვინმესთვის თხოვებას, გადაცემას და ა.შ. სასამართლო სხდომაზე ვერ მოხდა სადავო ფაქტის დამაჯერებელი კონკრეტიზაცია და დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული იარაღებით კონკრეტულ ადგილას მოხდა გასროლები, რის შემდეგაც ეს იარაღები და საბრძოლო მასალა აღმოჩენილი და ამოღებული იქნა გ------- კ--------ს სარდაფიდან, მასზე არსებული გ------- კ--------ს ბიოლოგიური მასალით.

შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია გ------- კ--------ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, გ------- კ-------- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში უნდა გამართლდეს.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- კ--------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-6 წლამდე ვადით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლოსLOმიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------- კ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოსLOთვლის, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მაღალი სოციალური საშიშროებისა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------- კ--------ს გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გ------- კ--------ს მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ------- კ-------- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამართლდეს.

გ------- კ-------- (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- კ--------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 07 იანვრის 17 საათი და 52 წუთიდან.

გ------- კ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე