გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002593641
საქმე N2-3456/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „ბა--------------------------–------–--------ნა”
წარმომადგენელი - ეკ-------------------აძე
მოპასუხე - ქედ--------–----–-------------ია
წარმომადგენელი-სუ-–-----------ძე
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს ქედ--------–----–-------------იას შპს „ბ---------------------------–------–--------ის” სასარგებლოდ დავალიანება 4847.91 ლარის ოდენობით.
2. მხარეთა პოზიცია
მოსარჩელის პოზიცია:
შპს „ბა--------------------------–------–--------ნა“ და ქ----- მუნციპალიტეტის მერია ხელშეკრულების ფარგლებში 1998 წლიდან თანამშრომლობენ. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელე მოპასუხეს აწოდებდა ნავთობპროდუქტებს. ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ქრხნის ტერიტორია. სხვადასხვა დროს მიწოდებული იქნა საწვავი. მოპასუხის მიერ დაფარული იქნა მხოლოდ თანხის ნაწილი და დავალიანების ოდენობა შეადგენს 4847.91 ლარს. ფინანსური ვალდებულების არსებობას ადასტურებს გაფორმებული ანგარიშ-ფაქტურები, 2000 წლის იანვრის მდგომარეობით გაცემული ცნობა ქარხნის დებიტორული დავალიანების შესახებ და სასაწყობო ფორმა მ27.
მოპასუხეს 2017 წლის 14 დეკემბერს ეცნობა ფინანსური ვალდებულების შესახებ, თუმცა მოპასუხემ არ მოახდინა რეაგირება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებული დავალიანება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის არასოდეს ყოფილა სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძველს. მოპასუხე სადავოდ ხდის წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმომავლობას და განმარტავს, რომ მათ საფუძველზე არ შეიძლება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა დადასტურდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018წ.გვ.9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიაწოდა საწვავი, მოპასუხე უარყოფს აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ყოფილა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის ხელშეკრულების გაფორმების დამტკიცება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა.
სასამართლო, სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:
3.2.2. მოსარჩელე უთითებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საწვავს აწოდებდა ქედ--------–----–-------------იას. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა გარკვეული მტკიცებულებები, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილია ქ----- რაიონის გამგებლის მიმართვა ბ---------------------------–------–--------ის დირექტორის მიმართ, რომელშიც მითითებულია გამოყოფილი საწვავის გატანაზე, შესაბამისი ანაზღაურების პირობით. აღსანიშნავია, რომ წერილი წარმოდგენილია ასლის სახით, რომელიც სრულყოფილად არ იკითხება. მასში არ არის მითითებული არც ნასყიდობის საგნის რაოდენობა და არც მის ღირებულებაზე. ასევე, საქმეში წარმოდგენილია ე.წ. ფორმა N27. დოკუმენტი მართალია შევსებულია ქართულ ენაზე, თუმცა, მტკიცებულების მნიშვნელობა მას ვერ მიენიჭება, ვინაიდან, გაურკვეველია, რა შინაარსის მატარებელია ეს დოკუმენტი. მტკიცებულება, ასევე, წარმოდგენილია ასლის სახით და ცუდად იკითხება. არაქართულ ენაზეა წარმოდგენილი შემდეგი ორი დოკუმენტი ე.წ. უწყისები, მინაწერით „მინ. საბჭოს“. წარმოდგენილ საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურაზე არ იკითხება არც თარიღი, არც დასაბეგრი ოპერაციის მხარეები, დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე მაიდენტიფიცირებელ მონაცემს, გაურკვეველია რა დასაბეგრ ოპერაციას ადასტურებს მატარებელია. ასევე, ხელშეკრულების არსებობის ფაქტს ვერ დაადასტურებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ. ვინაიდან, ის მხოლოდ ცალმხრივადაა ხელმოწერილი და არ შეიცავს მყიდველის ნების გამოვლენას ვალის აღიარებაზე.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დავის არსებობისას ხელშეკრულების გაფორმების მტკიცების ტვირთის მატარებელია კრედიტორი. მისი ვალდებულებაა წარმოუდგინოს სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. საქმეში წარმოდგენილია გარკვეული დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე მხარე ამტკიცებს, რომ მოპასუხესთან გაფორმებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულება საწვავის მიწოდებაზე და მოპასუხეს მიაწოდა ნასყიდობის საგანი. ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია ასლის სახით, ცუდად იკითხება და მათი შინაარსი ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია.
როგორც აღინიშნა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. სასამართლო ადგენს, რომ ვერც ერთი წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის ნასყიდობით-სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელ და შესაბამისად, ვალდებულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რის გამოც სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ბა--------------------------–------–--------ნასა” და ქედ--------–----–-------------იას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ----- რაიონის გამგებლის წერილი (ს.ფ. 18)
- ფორმა N27 (ს.ფ. 19-21)
-უწყისები(ს.ფ. 22-23)
-საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 23-25)
-ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 27-29)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ბ---------------------------–------–--------ის” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს მიაწოდა საწვავი, ხოლო საპასუხო შესრულება არ მიუღია. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამ ნორმიდან გამომდინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის საგანზე, რომელსაც გამყიდველი გადასცემს მყიდველს და ფასზე, რომელსაც იხდის მყიდველი. სადავოობისას ნასყიდობის ხელშეკრულების და ნასყიდობის საგნის მიწოდების მტკიცების ტვირთი აკისრია გამყიდველის, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის მტკიცების ტვირთი-მყიდველს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის არ მომხდარა შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და შეთანხმება გათვალისწინებულ მის არსებით პირობებზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება შპს „ბ---------------------------–------–--------ის” მიერ ქ----- მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საწვავის მიწოდების ფაქტი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 145.43 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ბ---------------------------–------–--------ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე