განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
330100119002949954
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1687-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ც-------–---–----,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----–--------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ს---------------------------------–--–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ--–------------ა 2009 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და თანაცხოვრობდა გ----–--------ესთან. 2015 წელს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება რაც აღადგინეს 2017 წელს. თანაცხოვრების პერიოდში, გ----–--------ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს თ--–------------ას, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

ასევე, 2019 წლის 2 მარტს, დღისით, თბილისში, ვ---------–---------------------------------------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში გ----–--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ--–------------ას. მუქარის შედეგად თ--–------------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა გ----–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ----–--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების შ----------–-ას, თ---------–--ის, პ-------------ას, თ--–------------ას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გ----–--------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

ასევე კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ----–--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თ--–------------ა 2009 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და თანაცხოვრობდა გ----–--------ესთან. 2015 წელს მათ დროებით შეწყვიტეს თანაცხოვრება რაც აღადგინეს 2017 წელს. თანაცხოვრების პერიოდში, გ----–--------ე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს თ--–------------ას, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ტანჯვას. ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

ასევე, 2019 წლის 2 მარტს, დღისით, თბილისში, ვ---------–---------------------------------------------------ში მდებარე საერთო საცხოვრებელ სახლში გ----–--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ--–------------ას. მუქარის შედეგად თ--–------------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ----–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----–--------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე გ----–--------ემ ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სისცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გ----–--------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 120-იდან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ გ----–--------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულ გ----–--------ის დანაშაულებრივი ქმედება მიმართული იყო მისი მეუღლის, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ ის უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ხაზს უსვამს გ----–--------ის მხრიდან შესაძლო ამგვარი დანაშაულის სამომავლოდ ჩადენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, გ----–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შესაბამისად მას დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. გ----–--------ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

გ----–--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მუქარის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ----–--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ----–--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2 მარტიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე