გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.07.2019
საქმის ნომერი
140310019002888616
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019002888616

საქმე № 3/45-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი

 

მოსარჩელე: გ------- ხ----–---–ი

წარმომადგენელი: დ----- ტ---------–---–ი და ზ---- მ-----–---–-

 

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-

 

მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): ქ-----, მ-----, მ---------, მ----- ხ----–---–ები

წარმომადგენელი (მ--------- ხ----–---–ის): მ----- ხ----–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1314 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--0--1--5--- საკადასტრო კოდით 2003 წლის 16 ივნისის სისტემური რეგისტრაცის ბათილად ცნობა მ----- (პირ. № 5----------), ნ--- (მ---------, პირ. № 5----------) და მ----- (პირ. № 5----------) ხ----–---–ების ნაწილში.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1263 მ2 მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის № 6--4--1--4-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--1--5---) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 15 იანვრის № 892018973881-16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში.

 

1.3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1404 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--4--1--2-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--1--0---) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018973965-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში.

 

1.4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2615 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--4--1--4-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--1--0--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018974041-09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში.

 

1.5. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4102 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--4--0--2-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--0--2--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018974087-10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში.

 

1.6. მითითებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ გ------- (პირ. № 5----------) და ქ----- (პირ. № 5----------) ხ----–---–ების სახელზე დარეგისტრირების მოპასუხისათვის დავალდებულება.

 

სარჩელის თანახმად, გ------- ხ----–---–ი ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში. მისი ოჯახი განეკუთვნებოდა მუშა-მოსამსახურის საზოგადოებრივ ჯგუფს. ოჯახში, მასთან ერთად, ჩაწერილები იყვნენ მეუღლე ქ----- და შვილები: მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ები. 1992 წლიდან ამოქმედებული კანონმდებლობით, ოჯახის წევრთა საერთო ქონებად ჩაითვალა საკოლმეურნეო კომლის და არა მუშა-მოსამსახურის კომლის ქონება; აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ შვილები ჩაწერილები იყვნენ მასთან, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და სახლი, ასევე რეფორმის პერიოდში მიღებული მიწები წარმოადგენდა მხოლოდ გ------- ხ----–---–ისა და მისი მეუღლის საკუთრებას. საჯარო რეესტრის სამსახურმა კი ოჯახში რეგისტრირებული ყველა პირი თანამესაკუთრეებად აღრიცხა თანაბარ 1/5 - 1/5 წილში.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკომლო წიგნის ჩანაწერების (ასევე სხვა დოკუმენტების) საფუძველზე; სადავო ქონება წარმოადგენდა ოჯახში რეგისტრირებული პირების თანასაკუთრებას. რეფორმის პერიოდში მიწაზე საკუთრება გამოცხადდა ოჯახის ყველა წევრზე და არა მის ცალკეულ პირებზე. მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ები ჩვეულებრივ მონაწილებას იღებდნენ ოჯახის საქმიანობაში და თავისი წვლილი შეჰქონდათ მის განვითარებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ------- და ქ----- ხ----–---–ები რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდნენ 1968 წელს;

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 28).

 

3.2.2. გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის 1986-1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია გ------- ხ----–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ----- (ცოლი), მ---------, მ----- და მ----- (შვილები) ხ----–---–ები.

 

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 100 მ2 საცხოვრებელი სახლი, აგებული 1963 წელს, და 1986-1990 წლებში - 0,40 ჰა მიწის ფართობი, საზოგადოებრივი ჯგუფი - მუშა-მოსამსახურე;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 19 ნოემბრის № 27/150139 მიმართვა (ს. ფ. 21), საკომლო წიგნის ჩანაწერები (ს. ფ. 23-24).

 

3.2.3. გორის რაიონის სოფელ კ-----–---ის 1998-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია გ------- ხ----–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ----- (ცოლი), მ---------, მ----- და მ----- (შვილები) ხ----–---–ები.

 

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1998-2000 წლებში 1 ჰა მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება; საზოგადოებრივი ჯგუფი - მუშა-მოსამსახურე;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 19 ნოემბრის № 27/150139 მიმართვა (ს. ფ. 21), საკომლო წიგნის ჩანაწერები (ს. ფ. 25-26).

 

3.2.4. 1992-2011 წლების მიწის განაწილების სიებში გ------- ხ----–---–ის სახელზე ირიცხება 1 ჰა მიწის ფართობი, 1-ლი კატეგორია;

 

მტკიცებულება: გორის არქივის 2018 წლის 19 ნოემბრის № 27/150139 მიმართვა (ს. ფ. 21), მიწის განაწილების სია (ს. ფ. 27).

 

3.2.5. გ------- და ქ----- ხ----–---–ების შვილები დაბადებული არიან: მ---------ი - 1968 წელს, მ----- - 1972 წელს, მ-----ი - 1977 წელს;

 

მტკიცებულება: საკომლო წიგნის ჩანაწერები (ს. ფ. 23, 25), რწმუნებულება (ს. ფ. 275).

 

3.2.6. 2003 წლის 16 ივნისს გ------- (ჟ-----), ქ-----, მ--------- (ნ---), მ----- და მ----- ხ----–---–ების სახელზე სისტემური რეგისტრაციით, საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1314 მ2 მიწის ნაკვეთი № 6--0--1--5--- საკადასტრო კოდით;

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ს. ფ. 33-34, ს. ფ. 115).

 

3.2.7. იმავე დღეს გ------- (ჟ-----) ხ----–---–ის სახელზე სისტემური რეგისტრაციით, საკუთრების უფლებით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1404 მ2 მიწის ნაკვეთი № 6--0--1--0--- საკადასტრო კოდით, 2615 მ2 მიწის ნაკვეთი № 6--0--1--0-- საკადასტრო კოდით, 4102 მ2 მიწის ნაკვეთი № 6--0--0--2-- საკადასტრო კოდით;

 

მტკიცებულება: მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა (ს. ფ. 29-32, ს. ფ. 175-177, 201-205, 231-233).

 

3.2.8. გ------- ხ----–---–მა 2018 წლის 8 ნოემბერს 4 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია ამ მიწის ნაკვეთებზე;

 

მტკიცებულება: ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს. ფ. 118-120, 178-180, 206-208, 234-236).

 

3.2.9. საჯარო რეესტრის სამსახურმა გორის არქივიდან გამოითხოვა გ------- ხ----–---–ის კომლის შესახებ ინფორმაცია, ოთხივე მიწის ნაკვეთზე (ძველი საკადასტრო კოდები № 6--0--1--0---, № 6--0--1--0--, № 6--0--0--2--, № 6--0--1--5---) განახორციელა ცვლილების რეგისტრაცია და ეს უძრავი ქონებები თანასაკუთრების უფლებით აღრიცხა გ-------, ქ-----, მ---------, მ----- და მ----- ხ----–---–ების სახელზე;

 

მტკიცებულება: 2018 წლის 13 ნოემბრის № 471025 მიმართვა (ს. ფ. 127), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 15 იანვრის № 892018973881-16, 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018973965-09, № 892018974041-09, № 892018974087-10 გადაწყვეტილებები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 171-173, 197-199, 227-229, 253-255, ).

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ გ-------, ქ-----, მ---------, მ----- და მ----- ხ----–---–ები წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს და მიწის რეფორმის პერიოდში არა მხოლოდ ოჯახის უფროსი, არამედ ოჯახის ყველა წევრი იქნა მიჩნეული მოსახლეობისათვის გადასაცემ მიწებზე უფლებამოსილ პირებად.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილება, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის № 128 დადგენილება, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის № 39 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ დებულება", ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის № 503 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწების გამოყენებისა და აღრიცხვის შესახებ" 1995 წლის 16 ივნისის № 348 დადგენილება, ,,მიწის რეფორმის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორების,მიწის რეფორმის დაჩქარებისა და მიწათსარგებლობაში სათანადო წესრიგის დამყარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის № 166 ბრძანებულება, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილება, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის თანახმად, გ------- ხ----–---–ის ოჯახი განეკუთვნებოდა მუშა-მოსამსახურის კატეგორიას.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილებით და ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის № 29 დეკრეტით, ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლისას, კომლის წევრთა საერთო ქონებად ჩაითვალა საკოლმეურნეო კომლის და არა მუშა-მოსამსახურის კომლის ქონება.

 

მოსარჩელის მითითებით, მუშა-მოსამსახურის ოჯახში უძრავი ქონება ეკუთვნოდა მხოლოდ ოჯახის უფროსსა და მის რეგისტრირებულ მეუღლეს, თუ თანაცხოვრების პერიოდში იქნებოდა ეს ქონება შეძენილი. ამ ოჯახში თუნდაც შვილების რეგისტრაცია არ წარმოშობდა ამ ქონებაზე საკუთრების უფლებას ჩაწერილი პირებისათვის.

 

რეფორმის პერიოდშიც მიწები საკუთრებაში გადაეცათ ოჯახის უფროსებს და არა მათი ოჯახის წევრებს.

 

მოსარჩელის ეს მსჯელობა სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების მე-2, მე-3, მე-5, მე-8 პუნქტების მიხედვით, მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცათ საერთო საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ კერძო საკუთრებაში. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიწები გადაეცათ: სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეებს, სოფლად მუდმივად მცხოვრებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს, სოფლად მუდმივად მცხოვრებ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებული იყვნენ სოფლის მეურნეობაში; ქალაქად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად და საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწები გადაეცემოდათ დადგენილი ნორმის მიხედვით მას შემდეგ, როდესაც მოხდებოდა სოფლად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე მიწების გაცემა.

 

იმავე დადგენილების მე-11 და მე-14 პუნქტების თანახმად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს ერთი თვის ვადაში უნდა მოემზადებინათ საკანონმდებლო აქტები, მათ შორის ერთ კომლზე გასაცემი მიწის ზღვრული ნორმების შესახებ.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის № 128 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა. ერთშვილიანი კომლის შემთხვევაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ცალკე არ გამოიყოფა.

 

დასახელებული ნორმების შინაარსი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ კომლებს, ანუ ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს.

 

ამავე დროს, მითითებული ნორმატიული აქტები არ აკეთებდა დათქმას საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის კომლების განსხვავების შესახებ.

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის № 128 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საკარმიდამოდ გადაცემული მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოუყენებლობისა და აუთვისებლობის შემთხვევაში ნაკვეთი სასამართლო წესით ერთმეოდა კომლს და გადაეცემოდა სარეზერვო მიწის ფონდს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კომლი (საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის) საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მათთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქცია).

 

კანონმდებლობით დაწესებული იყო გარკვეული განსხვავებები საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის კომლებს შორის, კერძოდ: აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნოდა მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი).

 

საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1. მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2. ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3. კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას (125-ე მუხლი).

 

ამავე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ (იხ. სუს 2014 წლის 20 მაისის № ბს-521-503 (კ-13) და № ბს-475-463 (კ-13) განჩინებები).

 

საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 569-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით კი, საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კომლის ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნებოდა. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლში სხვა წევრები არ რჩებოდა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენებოდა მემკვიდრეობითი სამართლით დადგენილი ზოგადი წესები.

 

საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობის კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

 

„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949 დადგენილების, შესაბამისად, სახელმწიფო კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება თანაბარ წილში ამ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.

 

როგორც აღინიშნა, მიწის რეფორმის პერიოდში გამოცემული ნორმების შინაარსი ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული ნორმატიული აქტები არ აკეთებდა დათქმას საკოლმეურნეო და მუშა-მოსამსახურის კომლების განსხვავების შესახებ, და თანაბრად გავრცელდა მათზე მიწის საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა - მიწის ნაკვეთები, მათ შორის საკარმიდამო ფართები, საკუთრებაში გადაეცემოდათ კომლებს, ანუ ოჯახებს და არა ინდივიდუალურ პირებს - ოჯახის უფროსებს.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის № 39 დადგენილებაშიც აღინიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას დასაჩქარებელი იყო მიწების გამოყოფა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები ოჯახებისათვის.

 

,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ დებულების" (დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის № 148 დადგენილებით) მე-10 პუნქტის მიხედვით, ნაკვეთების ადგილზე გამიჯვნის შემდეგ თითოეულ პიროვნებაზე დგებოდა ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერდნენ სოფლის გამგეობის და მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი, აგრეთვე რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების უფროსი, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მიწის მიმღები პირი დადგენილი წესის მიხედვით; მიღება-ჩაბარების აქტის თითო ეგზემპლარი ეძლეოდათ მიწის მიმღებ მოქალაქეს, სოფლის გამგეობას (გამგებელს), მიწის გამომყოფი რაიონის გამგეობას, "საქქალაქაგროსერვისის" და საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.

 

იმავე ,,დებულების" მე-13 პუნქტის თანახმად კი, მიწის ნაკვეთს იღებდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი. მიწის ნაკვეთების მისაღებად მოქალაქეებს, განცხადებასთან ერთად, უნდა წარედგინათ: ა) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ფორმა № 1); ბ) ცნობა საბაღე ან სააგარაკო ნაკვეთის მფლობელობის შესახებ; გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან ოჯახში შემავალი ყველა სრულწლოვანი წევრისა, რომ არ იღებენ სხვა მიწის ნაკვეთს.

 

მითითებული ნორმების შინაარსი ასევე ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკარმიდამო და სხვა მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემოდათ ოჯახებს, და მიწის გადაცემის აქტებში ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის ფიქსაცია თუ ხელმოწერა არ უკარგავდა დანარჩენ წევრებს საკუთრების უფლებას.

 

ამ აქტებზე ხელმომწერი პირები, როგორც წესი, იყვნენ საკომლო წიგნებში ოჯახის (კომლის) უფროსად მითითებული პირები.

 

მიწის რეფორმის თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1992-1993 წლებში მიღებულ დადგენილებათა შესაბამისად, რესპუბლიკის მოქალაქეთათვის მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი საბუთად, ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის № 503 დადგენილებით, მიჩნეულ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ადმინისტრაციული ხელშეკრულება).

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის თაობაზე 1992-1994 წლებში მიღებულ დადგენილებათა მოთხოვნების განხორციელების საკითხზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწების გამოყენებისა და აღრიცხვის შესახებ" 1995 წლის 16 ივნისის № 348 დადგენილებაშიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რჩება მიწები საკარმიდამო შენობებით და ეზოებით; ამასთან, ადგილი აქვს კომლთა კატეგორიების აღრევასა და ნორმის დარღვევით ფართობების გაცემას.

 

,,მიწის რეფორმის ეგიდით განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორების,მიწის რეფორმის დაჩქარებისა და მიწათსარგებლობაში სათანადო წესრიგის დამყარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის № 166 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიღებულ იქნა ცნობად, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში ,,სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48, 1992 წლის 6 თებერვლის № 128, 1992 წლის 10 მარტის № 290, 1992 წლის 22 სექტემბრის № 949, 1993 წლის 16 იანვრის № 39, 1993 წლის 24 თებერვლის № 148, 1993 წლის 28 ივნისის № 503, 1994 წლის 29 ნოემბრის № 815, 1995 წლის 10 მარტის № 129, 1995 წლის 19 ივნისის № 363 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 28 ოქტომბრის № 29 დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის № 249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის № 45 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.

 

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილებით ასევე განიმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, მათ შორის 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები მიჩნეულ იქნა მათ კერძო საკუთრებად.

 

ამავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სოფლად მცხოვრებ მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები (ოჯახები) გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და დადგინდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათთვის მიწის ნაკვეთის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით გამოყოფა.

 

როგორც აღინიშნა, გ------- ხ----–---–ის ოჯახი წარმოადგენდა მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლს, რომელთანაც 1986-1995-2007 წლებში რეგისტრირებული იყვნენ ქ-----, მ---------, მ----- და მ----- ხ----–---–ები (ქ----- ხ----–---–ის თანამესაკუთრედ რეგისტრაციას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის);

 

ისინი მიწის რეფორმის პერიოდში წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს, და, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიწის რეფორმის პერიოდში არა მხოლოდ ოჯახის უფროსი, არამედ ოჯახის ყველა წევრი იქნა მიჩნეული მოსახლეობისათვის გადასაცემ, მათ შორის საკარმიდამო მიწებზე უფლებამოსილ პირებად.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის № 128 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ დავასთან მიმართებაში, ანუ მიწის საკუთრებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის მიზნებისათვის, მუშა-მოსამსახურის კომლში 1992 წლის 1 იანვრამდე რეგისტრაცია წარმოშობდა მიწის რეფორმის პერიოდში ამ კომლისათვის საკუთრებაში გადაცემულ მიწაზე მისი საკუთრების უფლებასაც.

 

მიწის რეფორმის პერიოდში მიწის საკუთრებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის კონტექსტში იმ საკითხის გარკვევას, საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა ესა თუ ის ოჯახი, თუ მუშა-მოსამსახურის კატეგორიის იყო, მნიშვნელობა ეკარგება: ორივე სახის კომლის წევრებს ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები და არა მხოლოდ კომლების უფროსებს.

 

1993 წლამდე საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალებით სამკვიდრო არ იხსნებოდა და მისი კუთვნილი წილი რჩებოდა კომლის საკუთრებად (საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექის 569-ე მუხლი);

 

საკოლმეურნეო კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში (იმავე კოდექის 128-ე მუხლი);

 

შესაძლებელი იყო საკოლმეურნეო კომლის გაყრა, გამოყოფა (იმავე კოდექსის 125-ე, 126-ე მუხლები).

 

აღსანიშნავია, რომ სოფლად კომლებისა და მათი წევრების აღრიცხვა ხდებოდა მხოლოდ საკომლო წიგნების მეშვეობით; ამ წიგნებითვე ირკვეოდა, რა ოდენობის მიწის ფართი და საცხოვრებელი შენობა ერიცხებოდა მათ და რომელ წლებში, რა ცვლილებები ხდებოდა კომლის შემადგენლობაში და ა. შ.

 

არც იმ დროისათვის მოქმედ საკანონმდებლო აქტებში და არც საკომლო წიგნებში იყო რაიმე აღნიშვნა, რომ მხოლოდ ოჯახის უფროსები იყვნენ მუშა-მოსამსახურის კატეგორიის კომლების ქონების მესაკუთრეები (იმ დროისათვის მიწაზე კერძო საკუთრება არც არსებობდა).

 

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა რა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, გულისხმობს იმას, რომ მიწა გადაეცათ კომლებს, ოჯახებს და რეფორმის პერიოდში იქ რეგისტრირებულ პირებს.

 

აქედან გამომდინარე, გ------- ხ----–---–ის მუშა-მოსამსახურის კომლმა მიიღო რა რეფორმის პერიოდში საკუთრებაში საკარმიდამო და სხვა მიწა, ეს ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური უფლება მიიღეს მისი კომლის წევრებმა, ვინც რეგისტრირებული იყვნენ იმ დროისათვის და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანებით) მე-11 მუხლის 1-ლი და მე-4 ქვეპუნქტების თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს № 153 ბრძანების მე-11 მუხლი არ აკეთებს განსხვავებას ,,კომლის” ცნებაში, კერძოდ რომელი კომლები მოიაზრება ამ სიტყვაში - საკოლმეურნეო, მუშა-მოსამსახურის თუ საადგილმამულო კომლი.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ------- ხ----–---–ის კომლს რაიმე ცვლილება 1986-1995-2007 წლებში (რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ), წევრების თვალსაზრისით, არ განუცდია, სადავო ქონებაზე 2007 წლის მდგომარეობით კომლის წევრების თანამესაკუთრედ რეგისტრაციის კანონიერებაზე დამატებითი კვლევა-მსჯელობა სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

საბოლოო ჯამში, დადგენილია, რომ გ------- ხ----–---–ის 1986-1995 წლებში რეგისტრირებული იყვნენ ქ-----, მ---------, მ----- და მ----- ხ----–---–ები, და ოჯახის წევრებმა მიწის რეფორმის პერიოდში თანაბრად მიიღეს მიწაზე საკუთრების უფლება; შესაბამისად, სადავო გამხდარი აქტები შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან სადავო რეგისტრაციების განხორციელებისას კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა; შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 400 ლარი (ს. ფ. 51, 58), ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის გაღებული აქვს 800 ლარი (ს. ფ. 18-20), და იგი ითხოვს ამ ხარჯების ანაზღაურებას (ს. ფ. 8), თუმცა იმის გამო, რომ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ეს ხარჯები ანაზღაურებული ვერ იქნება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1.1. გ------- ხ----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1314 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--0--1--5--- საკადასტრო კოდით 2003 წლის 16 ივნისის სისტემური რეგისტრაციის მ-----, ნ--- (მ---------) და მ----- ხ----–---–ების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. გ------- ხ----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1263 მ2 მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის № 6--4--1--4-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--1--5---) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2019 წლის 15 იანვრის № 892018973881-16 გადაწყვეტილების მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. გ------- ხ----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1404 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--4--1--2-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--1--0---) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018973965-09 გადაწყვეტილების მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4. გ------- ხ----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2615 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--4--1--4-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--1--0--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018974041-09 გადაწყვეტილების მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.5. გ------- ხ----–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4102 მ2 მიწის ნაკვეთის № 6--4--0--2-- საკადასტრო კოდით (წინა კოდი № 6--0--0--2--) რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 29 ნოემბრის № 892018974087-10 გადაწყვეტილების მ-----, მ--------- და მ----- ხ----–---–ების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.6. გ------- ხ----–---–ის სარჩელი მითითებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ გ------- და ქ----- ხ----–---–ების სახელზე დარეგისტრირების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გ------- ხ----–---–ის შუამდგომლობა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. დ-------- ბ-–---–---–ის მიერ 2019 წლის 7 მარტს და გ------- ხ----–---–ის მიერ 2019 წლის 24 აპრილს ამ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახდო დავალება № 0, რეფერენსი 2520387179) და 300 (სამასი) ლარი (საგადასახდო დავალება № 0, რეფერენსი 2605582153) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი