გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
010210017001873329
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001873329

2-1086/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12/06/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ა“

წარმომადგენელი - რ--------------------------------–--------------------------

მოპასუხე - შპს ‘’ვ----–ა’’

წარმომადგენელი - ლ--------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ა“ (შემდგომში ,,ს--------- ა--------“) სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,ვ----–ას“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 20 056,10 ლარის გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენლები სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმნტებით:

2016 წლის 29 თებერვალს, ,,ს--------- ა--------სა“ და შპს ,,ვ----–ას“ შორის, პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შედეგების შესაბამისად, დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ,,ს--------- ა--------მ“, შპს ,,ვ----–ას“ იჯარით გადასცა 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ბათუმი გ------------ის ქ.№1 /რ---------–ის ქ. №53-ში. შპს ,,ვ----–ას“ იჯარის ქირის სახით უნდა გადაეხადა თვეში 2118,84 ლარი. 2016 წლის 1 ივნისს შპს ,,ვ----–ამ“ იჯარით აღებული ფართი ,,ს--------- ა--------სთან“ შეთანხმებით, 2016 წლის 30 სექტემბრამდე ვადით ქვეიჯარით გადასცა ინდ. მეწარმე ე-–----- ბ---–----ეს. ,,ს--------- ა--------სა“ და შპს ,,ვ----–ას“ შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 6 აპრილს. შპს ,,ვ----–ამ“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სახელშეკრულებო პერიოდის ქირის თანხა სრულად არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 20 056,10 ლარი.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. შპს ,,ვ----–ა“ სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. მისი წარმომადგენელი იჯარის ხელშეკრულების დადებასა და შეთანხმებულ პირობებს სადაოდ არ ხდის. ამტკიცებს, რომ გარიგების დადების შემდეგ შპს ,,ვ----–ას“ ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც დირექტორმა რამოდენიმეჯერ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად, განცხადება დააწერინა ფართის ქვეიჯარით გადაცემაზე. მიიჩნევს, რომ ქვეიჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ, ის აღარაა მოიჯარე. შესაბამისად იჯარის ქირის მოთხოვნა უსაფუძვლოა. ქვეიჯარის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, მას ქირის სახით გადასახდელი ჰქონდა ერთი თვის ქირა, რაშიც სარჩელს ცნობს. დანარჩენ ნაწილში სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ქ. ბათუმი გ------------ის ქ.№1/რ---------–ის ქ. №53-ში მდებარე 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის უზურფრუქტუარს წარმოადგენს ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ა“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 23-24

 

3.1.2. ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ამ“ 2016 წლის 25 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება უზუფრუქტით მიღებულ 126 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართში, მდებარე ქ. ბათუმი გ------------ის ქ.№1 /რ---------–ის ქ. №53-ში, მოეწყო კვების ობიექტი და ამ მიზნით მისი იჯარით გასაცემის მიზნით, ჩატარდეს პირობიანი ელექტრონული აუქციონი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.ს.ფ. 17-18

2016 წლის 11 თებერვლის ბრძანება ს.ფ. 21-22.

 

3.1.3. პირობიან ელექტრონული აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ვ----–ა“. აუქციონის შედეგების მიხედვით კვების ობიექტის მოწყობისა და ფუნქციონირების მიზნით, 2016 წლის 29 თებერვალს, ,,ს--------- ა--------სა“ და შპს ,,ვ----–ას“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ,,ს--------- ა--------მ“, შპს ,,ვ----–ას“ იჯარით გადასცა 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ.ბათუმი გ------------ის ქ.№1 /რ---------–ის ქ. №53-ში. იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით ვადით. შპს ,,ვ----–ას“ იჯარის ქირის სახით უნდა გადაეხადა თვეში 2118,84 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 26 თებერვლის ბრძანება ს.ფ. 25-26.

იჯარის ხელშეკრულება. ს.ფ. 36-38

 

3.1.4. ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მოპასუხემ წინასწარ გადაიხადა 2110,5 ლარი, რაც მხარეთა შეთანხმებით წარმოადგენს ქირის თანხას და გათვალისწინებული იქნება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იჯარის ხელშეკრულება. ს.ფ. 36-38

 

3.1.5. ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. კერძოდ ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება დავალიანების 0.1 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იჯარის ხელშეკრულება. ს.ფ. 36-38

 

3.1.6. 2016 წლის 1 ივნისს, შპს ,,ვ----–ასა“ და ინდ. მეწარმე ე-–----- ბ---–----ეს შორის დაიდო ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინდ. მეწარმე ე-–----- ბ---–----ემ შპს ,,ვ----–ასაგან“ 2016 წლის 30 სექტემბრამდე ვადით, ქვეიჯარით მიიღო ს--------- აკადემიის 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქვეიჯარის ხელშეკრულება. ს.ფ. 101-103

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადო ფაქტობრივი გარემოებებია:

- სახელშეკრულებო პერიოდი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სახელშეკრულებო პერიოდია 2016 წლის 29 თებერვლიდან 2017 წლის 6 აპრილამდე პერიოდი. მოპასუხე კი ამტკიცებს, რომ მათ შორის სახელშეკრულებო პერიოდი 2016 წლის 1 ივნისს, ქვეიჯარის ხელშეკრულების დადების მომენტში შეწყდა.

- გადახდილი და გადასახდელი იჯარის ქირის თანხის ოდენობა;

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის, დასახელებული ორი ფაქტის დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის მტკიცება მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო პერიოდია 2016 წლის 29 თებერვლიდან 2017 წლის 6 აპრილამდე პერიოდი, მაშინ მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეს. ანალოგიური პრინციპია მოპასუხეზეც. თუ ის მიიჩნევს, რომ გარიგება შეწყდა 2016 წლის 1 ივნისს, მაშინ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისს შეწყდა. შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის მტკიცების ტვირთი ორივე მხარეს უნდა დაეკისროს.

 

3.2.4. გადასახდელი ქირის ოდენობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და არგუმენტების გაბათილებას. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ფაქტობრივი გარემოებაა. ხელშეკრულება სამ თვეს მოქმდებდა, ხუთ თვეს, თუ ერთ წელს, ეს ფაქტი უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მხარეები, ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. როგორც წესი ხელშეკრულების ვადა დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. წერილობით დადებულ გარიგებაში კონკრეტულად უნდა იყოს ასახული ხელშეკრულების მოქმედების ვადა. მხარეთა შორის 2016 წლის 29 თებერვალს დადებული ხელშეკრულება ასეთ დათქმას შეიცავს. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით. შესაბამისად მხარეთა შორის სახელშეკრულებო ვადა განსაზღვრულია და იგი საწყის ეტაპზე მოიცავდა 2016 წლის 29 თებერვლიდან, 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდს.

 

3.2.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადით სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ დარჩენილან. მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა ვადაზე ადრე. სადაოა რა თარიღით შეწყდა ხელშეკრულება - 2016 წლის 1 ივნისს, თუ 2017 წლის 6 აპრილს.

3.2.8. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ვ----–ას“ 2016 წლის 3 მაისის წერილი, რომლითაც შპს ,,ვ----–ა“ ,,ს--------- ა--------ს“ აცნობებს, რომ აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნულის გამო ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ს--------- ა--------ს სთხოვს, ნება დართოს იჯარის ფართი გასცეს ქვეიჯარით. შპს ,,ვ----–ას“ მოთხოვნაზე ს--------- ა--------მ თანხმობა განაცხადა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ 2016 წლის 1 ივნისს, შპს ,,ვ----–ასა“ და ინდ. მეწარმე ე-–----- ბ---–----ეს შორის დაიდო ქვეიჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ინდ. მეწარმე ე-–----- ბ---–----ემ შპს ,,ვ----–ასაგან“ 2016 წლის 30 სექტემბრამდე ვადით, ქვეიჯარით მიიღო ,,ს--------- აკადემიის“ 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული მიმოწერა და ქვეიჯარით ფართის გადაცემა სადაო არ არის, მაგრამ რატომღაც ქვეიჯარის ხელშეკრულებას მოპასუხე აიგივებს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან. სასამართლო განმარტავს, რომ ქვეიჯარა არ წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას. მოიჯარეს უფლება აქვს მეიჯარის თანხმობით იჯარის საგანი გასცეს ქვეიჯარით. ასეთ შემთხვევაში მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე ყველა იმ ვალდებულებაზე, რაც იჯარის ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ქვეიჯარის ხელშეკრულება არ ნიშნავს მას, რომ ქვემოიჯარე მოიჯარეს ჩაენაცვლა საიჯარო ურთიერთობაში. ქვემოიჯარის ურთიერთობა მოიჯარესთან ცალკე ურთიერთობაა და იგი ზეგავლენას ვერ იქონიებს იჯარის ხელშეკრულებაზე. აქედან გამომდინარე 2016 წლის 1 ივნისს იჯარის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. ფაქტობრივად მოიჯარემ იჯარის საგანი ქვეიჯარით გადასცა ე-–----- ბ---–----ეს, მაგრამ ს--------- ა--------სთან საიჯარო ურთიერთობა გაგრძელდა და 2016 წლის 29 თებერვლის ხელშეკრულების მხარეს კვლავინდებურად წარმოადგენს შპს ,,ვ----–ა“. შესაბამისად მათ შორის იჯარის ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისს არ შეწყვეტილა. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მას, რომ 2016 წლის 6 აპრილამდე რომელიმე მხარემ ხელშეკრულება შეწყვიტა. საქმეში წარმოდგენილია ს--------- აკადემიის 2016 წლის 24 ნოემბრის მიმართვა, რომლითაც მოსარჩელე შპს ,,ვ----–ას“ სთხოვს გადაიხადოს ქირის დავალიანება. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოსარჩელე 2016 წლის ნოემბრის თვეში სახელშეკრულებო ურთიერთობაშია. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მოითხოვს 2017 წლის 6 აპრილამდე ქირის გადახდას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხესაც არ აქვს ამ ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტის მტკიცებულება, სასამართლომ დადგენილად უნდა მიიჩნიოს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 6 აპრილამდე.

იხ. 2016 წლის 24 ნოემბრის მიმართვა. ს.ფ.29-30

იხ. შპს ,,ვ----–ას“ 2016 წლის 3 მაისის წერილი. ს.ფ. 27.

იხ. ,,ს--------- აკადემიის“ 2016 წლის 23 მაისის მიმართვა.ს.ფ. 28.

 

3.2.9. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას გადასახდელი აქვს მხოლოდ ერთი თვის ქირა. სასამართლო განმარტავს, რომ ქირის გადახდა უნდა დგინდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ასეთი მტკიცებულებაა სალაროს გასავლის ან შემოსავლის ორდერი, ხელწერილი, ბანკის მეშვეობით თანხის ჩარიცხვის კონკრეტული მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება უნდა ჰქონდეს შპს ,,ვ----–ას“. სწორედ მას ავალებს კანონი, ჰქონდეს თანხის გადახდის მტკიცებულება. რა თანხის გადახდის მტკიცებულება მას აქვს, იგივე თანხის გადახდას მოსარჩელეც ადასტურებს და მას სადაოდ არ ხდის.

3.2.10. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ვ----–ას“ ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. მასში მოცემულია ყველა ის თანხები, რაც შპს ,,ვ----–ას“ იჯარის ქირის სახით აქვს გადახდილი.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტი. ს.ფ. 36-38

3.2.11. 2016 წლის მარტის და აპრილის თვეში მოპასუხეს ქირის თანხა გადახდილი არ აქვს. ქირის პირველი გადახდა ფიქსირდება 2016 წლის 31 მაისს. მოპასუხემ ამ დროს გადაიხადა 4246,51 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილით დაიფარა ქირის დავალიანება, ნაწილი კი მიქცეული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში.

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.12. ქირის შემდეგი გადასახადი მოპასუხემ გადაიხადა 2016 წლის 18 ივლისს - 2251 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილით დაიფარა ქირის დავალიანება, ნაწილი კი მიქცეული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიში.

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.13. ქირის ბოლო გადახდა ფიქსირდება 2016 წლის 5 ოქტომბერს - 1615 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილით დაიფარა ქირის დავალიანება, ნაწილი კი მიქცეული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიში.

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.14. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა შეადგენს 13 თვეს და 6 დღეს. ამ ვადაში მოპასუხეს ქირის სახით უნდა გადაეხადა 27 968,68 ლარი.

3.2.15. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის გათვალისწინებით, მოპასუხეს ქირის პირველი გადახდა უნდა გადაეხადა 2016 წლის 10 აპრილს. მან 10 აპრილს ქირა არ გადაიხდა. შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მას ერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი 2118,84 ლარის 0,1 %, ანუ დღეში 2,11 ლარი, რაც 30 დღეზე შეადგენს 63,56 ლარს.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

3.2.16. შემდეგი გადახდის თარიღი იყო 2016 წლის 10 მაისი. მოპასუხეს ამ ვადაში უნდა გადაეხადა 10 აპრილს გადასახდელი ქირა 2118,84 ლარი და 10 მაისს გადასახდელი 2118,84 ლარი, სულ 4237,68 ლარი (ასევე დარიცხული პირგასამტეხლო 63,56 ლარი). მოპასუხემ ქირის გადასახადი არ გადაიხადა, რის გამოც 2016 წლის 10 მაისიდან პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს 4237,68 ლარის 0.1 %-დან, რაც შეადგენს დღეში 4,23 ლარს. შემდგომი 20 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოდ დაერიცხა 84,75 ლარი, აპრილის თვის პირგასამტეხლოს ერთად კი შეადგენს 148,31 ლარს.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.17. მოპასუხემ 2016 წლის 31 მაისს გადაიხადა 4246,51 ლარი. ამ დროისათვის მას გადასახდელი ჰქონდა 10 აპრილს და 10 მაისს გადასახდელი ქირა და პირგასამტეხლო 148,31 ლარი. გადახდილი თანხიდან პირგასამტეხლოს თანხის, 148,31 ლარის დაქვითვის შემდეგ დარჩება 4098,2 ლარი. მოცემულ თანხაზე10 აპრილს გადასახდელი ქირის გაკლების შემდეგ დარჩება 1979,36 ლარი. ამ გზით აპრილის თვის ანგარიში სწორდება, მაგრამ დარჩენილი თანხა აღარაა საკმარისი 10 მაისის ქირის გადასახდელად. მაისის თვის ქირას აკლია 139,48 ლარი. შესაბამისად 2016 წლის 1 ივნისიდან შპს ,,ვ----–ას“ უნდა დაერიცხოს 139,48 ლარის 0.1 %, რაც შეადგენს 0,13 ლარს.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.18. შემდეგი გადახდა მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2016 წლის 10 ივნისს. მას უნდა გადაეხადა 10 დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო და კუთვნილი ქირის თანხა, ამასთან ერთად ქირის დარჩენილი დავალიანება 139,48 ლარი. ე.ი. ქირის სახით გადასახდელი იქნება 2258,32 ლარი, პირგასამტეხლოს სახით კი 1,3 ლარი.

3.2.19. 2018 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაერიცხოს ქირის დავალიანების - 2258,32 ლარის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 2,25 ლარს. 30 დღეზე მისი ოდენობა შეადგენს 67,5 ლარს. ამას უნდა დაემატოს 10 ივნისამდე გადასახდელი პირგასამტეხლო 1,3 ლარი, რაც ერთად შეადგენს 68,8 ლარს.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.20. 2016 წლის 10 ივლისს მოპასუხეს უნდა გადაეხადა ქირის მორიგი გადასახადი 2118,84 ლარი. მოპასუხემ ქირა არ გადაიხადა. შესაბამისად 2016 წლის 10 ივლისს მოპასუხეს ქირის სახით გადასახდელი აქვს 4377,16 ლარი და პირგასამტეხლო 68,8 ლარი.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.21. 2018 წლის 10 ივლისიდან მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაერიცხოს გადასახდელი ქირის 4377,16 ლარის 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 4,37 ლარს.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.22. ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხემ 2016 წლის 18 ივლისს გადაიხადა 2249 ლარი.

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.23. საერთო ჯამში 2016 წლის 18 ივლისისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს ქირის თანხა - 4377,16 ლარი და 18 ივლისამდე პერიოდის პირგასამტეხლო 103,81 ლარი.

იხ. იჯარის ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტი. ს.ფ. 36-38

იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან. ს.ფ. 125-142

3.2.24. 18 ივლისს გადახდილი 2249 ლარიდან პირველ რიგში უნდა გაიქვითოს პირგასამტეხლოს დავალიანება 103,81 ლარი, რის შემდეგაც დარჩება 2145,19 ლარი.

3.2.25. ქირის დავალიანებას, 4377,16 ლარს თუ გავაკლებთ დარჩენილ 2145,19 ლარს, მივიღებთ 2231,97 ლარს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ 2016 წლის 18 ივლისიდან ქირის დავალიანება შეადგენს 2231,97 ლარს, რასაც ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაერიცხოს 2,23 ლარი.

3.2.26. მოპასუხეს 2016 წლის 10 აგვისტომდე გადასახდელი აქვს 22 დღის პირგასამტეხლო 49,10 ლარი.

3.2.27. 2016 წლის 10 აგვისტოს მოპასუხემ არც ძველი და არც ახალი ქირის გადასახადი არ გადაიხადა. აღნიშნულის შემდეგ ქირის დავალიანება გახდა 4350,81 ლარი.

3.2.28. 2016 წლის 10 აგვისტოდან 4350,81 ლარს, პირგასამტეხლოდ დაერიცხება 0.1 %, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 4.35 ლარს. 2016 წლის 10 სექტემბრამდე პირგასამტეხლო შეადგენს 130,5 ლარს, ძველი დავალიანების ერთად კი 179,6 ლარი.

3.2.29. მოპასუხემ 2016 წლის 10 სექტემბერს ქირის სახით გადასახდელი 2118,84 ლარი არ გადაიხადა. შესაბამისად ამ ვადაში მას გადასახდელად დაუგროვდა ქირის დავალიანება 6469,65 ლარი და პირგასამტეხლო179,6 ლარი.

3.2.30. 2016 წლის 10 სექტემბრიდან 6469,65 ლარს პირგასამტეხლოდ დაერიცხება 0.1 %, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 6,46 ლარს. 2016 წლის 5 ოქტომბრამდე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 96,9 ლარი, ძველი დავალიანების ერთად კი 276,5 ლარი.

3.2.31. მოპასუხემ 2016 წლის 5 ოქტომბერს გადაიხადა 1613 ლარი. აქედან 276,5 ლარი მიმართული უნდა იქნას პირგასამტეხლოს ანგარიშში. დარჩენილი 1336,5 ლარით კი უნდა დაიფაროს დავალიანების ნაწილი. შესაბამისად 2016 წლის 5 ოქტომბერს მოპასუხეს ქირის დავალიანება შემცირდა და გახდა 5133,15 ლარი.

3.2.32 მოპასუხემ, 2016 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ ქირა არ გადაიხადა. ანუ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მან არ გადაიხადა 6 თვის და 26 დღის ქირა, რაც შეადგენს 14 549,36 ლარს. ამას უნდა დაემატოს 2016 წლის 10 ოქტომბრამდე დარჩენილი ქირის დავალიანება 5133,15 ლარი. მათი შეკრებით მივიღებთ 19 682,51 ლარს.

3.2.33. 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობაა (5133,15X0,1% :100=5,13X5 დღეზე) 25,65 ლარი.

3.2.34. 2106 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს (7251,99X0,1% :100=7,25X30) 217,5 ლარს.

3.2.35. 2106 წლის 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დღეში 9,37 ლარს, სულ 281,1 ლარი.

3.2.36. 2106 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დღეში 11,48 ლარს, სულ 344,4 ლარი.

3.2.37. 2017 წლის 10 იანვრიდან 10 თებერვლამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დღეში 13,60 ლარს, სულ 408 ლარი.

3.2.38. 2017 წლის 10 თებერვლიდან 10 მარტამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დღეში 15,72 ლარს, სულ 440,16 ლარი.

3.2.39. 2017 წლის 10 მარტიდან 6 აპრილამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დღეში 17,56 ლარს, სულ 456,56 ლარი.

3.2.40. ამდენად პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეადგენს 2173,37 ლარს.

3.2.41. საერთო ჯამში მოპასუხეს ქირის სახით გადასახდელი აქვს 19 682,51 ლარი. პირგასამტეხლოს სახით 2173,37 ლარი. გარდა ამისა ამ თანხებს უნდა გააკლდეს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი 2110,5 ლარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ქირა სრულად არ აქვს გადახდილი. მას გადასახდელი აქვს 6 თვის ქირა, რის გამოც სარჩელი ქირის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია. სარჩელი ასევე საფუძვლიანია პირგასამტეხლოს ნაწილშიც.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა ქირის გადახდის ვალდებულება. მას გადასახდელი 2017 წლის 6 აპრილამდე პერიოდის ქირა 20056,10 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელისაგან იჯარით აღებული აქვს ფართი და არ უხდის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ქირის თანხას, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, როგორც ქირის, ისე პირგასამტეხლოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. ,,ს--------- ა--------სა“ და შპს ,,ვ----–ას“ შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილი არეგულირებს იჯარის წესებს, რომლის მიხედვითაც იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

დადგენილია, რომ ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ა“ უზუფრუქტის წესით მფლობდა და სარგებლობდა ქ. ბათუმი გ------------ის ქ.№1/რ---------–ის ქ. №53-ში მდებარე 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართს. მისი სურვილი იყო უზუფრუქტით მიღებულ ფართში მოეწყო კვების ობიექტი. აღნიშნულზე 2016 წლის 25 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება პირობიანი აუქციონის ჩატარების შესახებ. თავის მხრივ შპს ,,ვ----–ას“ სურვილი ჰქონდა მოეწყო კვების ობიექტი და მისი სამეწარმეო საქმიანობით მიეღო მოგება. მან მიიღო აუქციონში მონაწილეობა და გაიმარჯვა, რასაც შედეგად მოყვა 2016 წლის 29 თებერვალს იჯარის ხელშეკრულების დადება. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ,,ს--------- ა--------“, შპს ,,ვ----–ას“ იჯარით გადასცემდა 126 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართს, ხოლო შპს ,,ვ----–ას“ იჯარის ქირის სახით უნდა გადაიხდიდა თვეში 2118,84 ლარს. იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით ვადით. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა არასაცხოვრებელი ფართი და მათ შორის დაიწყო საიჯარო ურთიერთობა.

 

6.3. გარიგების დადების შემდეგ, მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოიჯარე იძენს მოთხოვნის უფლებას - მოითხოვოს იჯარის ფართის მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემა. იჯარის საგნის გადაცემის შემდეგ მეიჯარე იძენს მოთხოვნის უფლებას მოიჯარეს მოსთხოვოს ქონების სარგებლობისათვის გადაიხადოს ქირა. იჯარის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მეიჯარეს აქვს მოთხოვნის უფლება - მოიჯარეს მოსთხოვოს შეასრულოს ქირის გადახდის ვალდებულება. თავის მხრივ შპს ,,ვ----–ა“ მოვალე იყო ქირის გადახდის ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის გადაეხადა ქირა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა და მოსარჩელეს სრულად არ გადაუხადა კუთვნილი ქირის თანხა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხემ 2016 წლის 5 ოქტომბრამდე ნაწილობრივად გადაიხადა ქირის თანხა. 2016 წლის 5 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 აპრილამდე ქირის თანხა საერთოდ არ გადაიხადა. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,ვ----–ა“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კუთვნილი ქირის თანხა, რაც საერთო ჯამში შეადგენს 19 682,51 ლარს.

 

6.4. მოპასუხეს 2110,5 ლარი წინასწარ აქვს გადახდილი. ხელშეკრულების 2.3. პუნქტით დასახელებული თანხა სარგებლობის საფასურში ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. სასამართლომ ცალკე უნდა დაითვალოს პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი ოდენობის გათვალისწინებით გადაწყვიტოს წინასწარ გადადხდილი თანხიდან რა თანხა დააკლდეს ქირის ძირითად გადასახდელს. შესაბამისად შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ გადახდის ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო დავალიანების 0.1 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ვ----–ამ“ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან 2016 წლის 10 აპრილიდან დაიწყო ქირის დაფარვის დარღვევა და შესაბამისად მას ამ პერიოდიდან ერიცხება პირგასამტეხლო. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2173,37 ლარს.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.1 % ეწინააღმდეგება გონივრულობას. მოპასუხე ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. იგი კიდევ უნდა შემცირდეს ხუთჯერ. შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლო იქნება 434,67 ლარი.

 

6.7. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს ქირის სახით გადასახდელი აქვს 19 682,51 ლარი. პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს 434,67 ლარი. საერთო ჯამში მას გადასახდელი აქვს 20 117,18 ლარი. სასამართლო ხელმძღვანელობს საიჯარო ხელშეკრულების 2.3 პუნქტით და აუცილებლობად მიიჩნევს დასახელებულ თანხას დააკლდეს მოპასუხის მიერ წინასწარ გადახდილი 2110,5 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხეს გადასახდელი დარჩება 18006,68 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისი მიხედვით გაანგარიშებით შეადგენს 601,68 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 286 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი იქნა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საკითხი. დასახელებული ნორმის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. სარჩელი დაკმაყოფილდა 89,78 %, უარყოფილი იქნა 10,22 %. შესაბამისად ბაჟი უნდა განაწილდეს შესაბამისი პროპორციის მიხედვით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. შპს ,,ვ----–ას“, ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 006,68 ლარის გადახდა.

3. სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.

4. შპს ,,ვ----–ას“, ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის, 224,48 ლარის ანაზღაურება.

5. შპს ,,ვ----–ას“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დამატებით დაეკისროს 316 ლარის გადახდა.

6. ს---------–---–-------------------------------------–-–-------------------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 61,52 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე